Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროპორციული საარჩევნო სისტემა ახალი პოლიტიკური პარტიების მოლოდინში

04 ივლისი 2019

24 ივნისს „ქართული ოცნების“ ოფისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას გააცნო ახალი პოლიტიკური ინიციატივა: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
რა გავლენა შეიძლება იქონიოს პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე?
 
„ლიბერალთან“ საუბრობს ლადო ბოჟაძე - „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის დირექტორი“.​

ბატონო ლადო, 1 ივლისს უმრავლესობამ პარლამენტში წარადგინა ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, საქართველო გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. რა პროცედურული საფეხურები უნდა გაიაროს ამ კანონპროექტმა და რა დაბრკოლებები შეიძლება შეხვდეს მის დამტკიცებას? 

პროექტი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას გულისხმობს. მოქმედი კონსტიტუციით, ეს საკითხი პარლამენტმა უნდა განიხილოს საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე და ორივე შემთხვევაში კანონპროექტის დასამტკიცებლად საჭიროა ხმების სამი მეოთხედის მოგროვება. თუმცა, შესაძლებელია ამ პროექტის მიღებას საფრთხე შეექმნას.

„ქართულ ოცნებას“ საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ აქვს და, თუ საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება, პროექტი, სამწუხაროდ, ჩავარდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში საპარლამენტო ოპოზიციის ჩართულობა და მათი პოზიციების გათვალისწინება.

თუ ამ პროცესს პარლამენტში მხარდაჭერა არ ექნება და ცვლილება კონსტიტუციაში არ შევა, მაშინ ჩვენ დაგვრჩება მოქმედი ნორმა - 2020 წელს არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება. 

ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯი გადადგა. დარწმუნებული ვარ, ამ კანონპროექტს ოპოზიციაც მხარს დაუჭერს და ჩვენ 2020 წლიდან რეალურად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ. თუმცა, შეგახსენებთ, რომ 2020 წლის შემდგომი არჩევნები ასევე პროპორციული სისტემით ჩატარდება, ოღონდ იქნება არა ნულოვანი, არამედ 5-პროცენტიანი ბარიერი. ახლა კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში წერია, რომ 2016 წლის შემდგომი არჩევნები უნდა ჩატარდეს 3-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერით და ერთჯერადად დაშვებულია ბლოკები. აი, ეს გარდამავალი დებულება უნდა შეიცვალოს საქართველოს კონსტიტუციაში, თორემ ძირითად დებულებებში ჩვენ უკვე გვიწერია, რომ იქნება 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი და აღარ იქნება ბლოკები. 

არის თუ არა მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროპორციული სისტემის საკვანძო მომენტები, მაგალითად, საკითხები ბლოკების შექმნის თუ პარტიების დაფინანსების შესახებ?

პროექტში, რომელიც უმრავლესობამ წარადგინა და რომელიც უპროცენტო, ანუ ბარიერის გარეშე პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითვალისწინებს, საარჩევნო ბლოკები აღარ იქნება. კლასიკული საპარლამენტო მოდელი სწორედ ამას გულისხმობს - ერთმანეთს ეჯიბრებიან პოლიტიკური პარტიები და არა საარჩევნო ბლოკები.

როცა ბუნებრივ ბარიერზე, 0,7 პროცენტზეა საუბარი, წარმოუდგენელია პარალელურად საარჩევნო ბლოკებზეც ვმსჯელობდეთ. თუ პოლიტიკური პარტია ასეთ მინიმალურ ზღვარსაც ვერ გადალახავს და ამომრჩევლის ასეთი მხარდაჭერაც არ აქვს, ის პარლამენტში არც დამოუკიდებლად და არც ვინმე სხვა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად არ უნდა იყოს წარმოდგენილი.

ჩვენს ქვეყანაში, ბლოკების არსებობის შემთხვევაში, დამოუკიდებელი პარტიისთვის განსხვავებული პროცენტი არსებობს: მაგალითად, დამოუკიდებელი პარტიისთვის შეიძლება იყოს 5 პროცენტი, ხოლო ბლოკებისთვის - 7 ან 10 პროცენტი. კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკებში დამკვიდრებულ პროპორციულ სისტემებში ბლოკები კანონით აკრძალულია, იმიტომ რომ კოალიციები უნდა შეიქმნას პარლამენტის შიგნით და არა პარლამენტის გარეთ. 

ოპოზიციური პარტიებისთვის ბლოკების შექმნა ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია, რადგან პირდაპირ უკავშირდება მათ შორის ფინანსების განაწილებას. კანონის მიხედვით, დაფინანსების მისაღებად პოლიტიკურ პარტიას სამ პროცენტზე მეტი სჭირდება. განიხილება ამ კანონის ცვლილება, თუმცა მოცემულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან ამას პირდაპირი კავშირი არ აქვს. პოლიტიკური პარტიებიდან შეიძლება ბევრს არ გაუჭირდეს 0,7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა, მოიპოვონ ერთი ან ორი მანდატი, მაგრამ გაუჭირდეთ 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა და დარჩნენ დაფინანსების გარეშე. ამიტომ ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბლოკების საკითხი, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ მანდატებისთვის ბრძოლას, არამედ მათ შორის დაფინანსების მიღებას, იმიტომ რომ დაფინანსების გარეშე პარტიებს საქმიანობა გაუჭირდებათ. 

ამ პრობლემის გადასაჭრელად მე ასეთი გამოსავალი წარმომიდგენია: თუ ჩვენი ამომრჩევლების რაოდენობაა, ვთქვათ, 2 მილიონი და ერთ ხმაზე იქნება 10 ან 15 ლარი, მაშინ 20-30 მილიონზეა საუბარი. ეს დაახლოებით ის თანხაა, რომელსაც სახელმწიფო ისედაც ხარჯავს ბიუჯეტიდან, პარტიების დასაფინანსებლად. პრინციპი იგივეა, ჩემს ხმას ექნება ფასი როგორც მანდატის მიღების, ისე პარტიის დაფინანსების თვალსაზრისითაც, და რაც ყველაზე მთავარია, იქნება ძალიან სამართლიანიც - რა დონის მხარდაჭერასაც მოიპოვებს პარტია ამომრჩევლისგან, ზუსტად იმდენი მანდატი და დაფინანსება ექნება მას. გინდა მეტი მანდატი? გინდა მეტი დაფინანსება? მაშინ მოიპოვე მეტი მხარდაჭერა.

თქვენი აზრით, როგორ შეცვლის პროპორციული არჩევნები როგორც პარტიულ ცხოვრებას, ისე საარჩევნო კამპანიების სტრატეგიებს? ზოგადად, გააჯანსაღებს თუ არა ეს მთლიანად პოლიტიკურ პროცესს?

იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტებში პოლიტიკური პარტიების შესახებ დაახლოებით 250-მდე ჩანაწერია. საარჩევნო სისტემა ბარიერის გარეშე ბევრ პარტიას გაუჩენს საარჩევნო კამპანიაში ჩართვის სურვილს; როგორც უკვე აღვნიშნე, ბიულეტენში შეტანილი ყველა პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებს მანდატს, რადგან მათ მოუწევთ ბუნებრივი ბარიერის გადალახვა.

ამ კონსტიტუციურმა ცვლილებამ უნდა გააძლიეროს საქართველოში პოლიტიკური პარტიები. მცირე და საშუალო ზომის პარტიები, რომლებსაც ასეთი მაღალი საარჩევნო ბარიერის პირობებში, ფაქტობრივად, პარლამენტში მოხვედრის შანსი არ ჰქონდათ, ერთიანდებოდნენ რომელიმე პარტიასთან ყოველგვარი იდეოლოგიისა და სხვა თანამშრომლობის გამოცდილების გარეშე. ახლა ასეთი ამოცანა, ფაქტობრივად, არცერთ პოლიტიკურ პარტიას აღარ აქვს. ყველას შეუძლია დამოუკიდებლად იბრძოლოს მანდატის მოსაპოვებლად, მოხვდეს პარლამენტში და მერე გადაწყვიტოს, ვისთან იქნება შეკრული, უმრავლესობასთან თუ უმცირესობასთან. ამ ცვლილებებმა პარტიული ცხოვრება უნდა გამოაცოცხლოს, გააჯანსაღოს და ჩვენ ნამდვილად გვექნება მრავალპარტიური პარლამენტი.

ვვარაუდობ, რომ მინიმუმ 10-12 პარტია იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში და, რა თქმა უნდა, ეს მრავალპარტიულობისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. არ ვიცი, შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ ახალი სახეების წარმოჩენას, განახლებული იდეებისა და რეფორმების წარდგენას ამომრჩევლის წინაშე. თუ მათ ეს მოახერხეს, ბუნებრივია, მათ შეეძლებათ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ პარტია. თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწიოს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება და, საქართველოს ისტორიაში პირველად, გვეყოლება მართლაც კლასიკურად კოალიციური მთავრობა. 

რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, ის ვეღარ იქნება ფრაგმენტირებული საარჩევნო ოლქების მიხედვით და ორიენტირებული კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე მაჟორიტარულ ოლქებში. ეს უნდა იყოს ერთიანი საარჩევნო კამპანია, ერთიანი პროგრამით, ერთიანი ლიდერებით და არსებული ტრადიცია - როცა პოლიტიკური პარტიები ძირითადად მაჟორიტარებზე იყვნენ აწყობილი და მაჟორიტარი იყო, ასე ვთქვათ, ხმების მომტანი - შეიცვლება. იმისათვის, რომ პარტიები წარმოდგენილნი იყვნენ პარლამენტში, მათ დასჭირდებათ მხარდაჭერა მთლიანად საქართველოს მასშტაბით: ნებისმიერ საარჩევნო ოლქში, ნებისმიერ საარჩევნო უბანში გარკვეული რაოდენობის ხმების მიღება.

ეს პოლიტიკური პარტიებისთვის თვისებრივად ახალი გამოწვევაა. 2020 წლამდე საკმარისი დროა დარჩენილი საიმისოდ, რომ მათ მოახერხონ ახალ რეალობაზე გადასვლა, საარჩევნო კამპანიის წარმართვა, დაგეგმვა და განხორციელება. 

თქვენ ახლა ისაუბრეთ პროპორციული არჩევნების დადებით მხარეებზე. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ჩრდილოვანი და სუსტი მხარეები აქვს პროპორციულ სისტემას და განსაკუთრებით ნულოვან ბარიერს? 

პირველ რიგში, ეს არის მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გამო რეგიონების წარმომადგენლობის შემცირება საქართველოს პარლამენტში. ეს უნდა დააბალანსონ დიდმა პარტიებმა, იმავე „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, რომლებსაც უფრო მეტი მხარდაჭერა აქვთ. მათ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ, მაგალითად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობა, რეგიონული ლიდერები, ადამიანები, რომლებიც მათი რეგიონებიდან პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებენ.

მცირერიცხოვანი პარტია, რომელსაც ორი სამი მანდატის აღების შანსი აქვს, ბუნებრივია, ვერ ასახავს ყველა წარმომადგენლობას, მსხვილმა პარტიებმა კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ არ მივიღოთ მხოლოდ თბილისელებისა და ბიზნესმენების პარლამენტი. მეორეც, ყველა ადამიანი, რომელიც პროპორციული სიით იქნება არჩეული, პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს მთელი საქართველოს წინაშე და არა რომელიმე კონკრეტული საარჩევნო ოლქის თუ რეგიონის მიმართ. 

ბუნებრივია, ბევრი პარტიის წარმომადგენლობამ შეიძლება თავ-თავისი მცირე მანდატით ვერ უზრუნველყოს მყარი მთავრობა, მყარი უმრავლესობა და შუალედში დადგეს კიდეც მთავრობის გადაყენების, კოალიციის შექმნის ან დატოვების თუ ახალი კონფიგურაციების ჩამოყალიბების საკითხები. ეს საფრთხე, ბუნებრივია, არსებობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან, სადაც ამ ტიპის სისტემებია დანერგილი. თუ სრულად გამოვლინდა ნაკლოვანებები, რაც ამ სისტემას ახასიათებს (და ამას ვნახავთ 2020 წელს), ეს იქნება კარგი გამოცდილება მომავალი, 2024 წლის არჩევნებისთვის. როგორც უკვე ითქვა, 2024-ში იქნება ისევ 5-პროცენტიანი ბარიერი და პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც ახლა ამ ნულოვანი ბარიერით მოხვდებიან საქართველოს პარლამენტში, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ მერე ასევე დამოუკიდებლად შეძლონ 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. თუ გვინდა, რომ მუდმივად გვყავდეს მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა, ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ბოლოს, საერთაშორისო გამოცდილებაზეც რომ ვისაუბროთ, რომელ ქვეყნებშია დამკვიდრებული არჩევნების პროპორციული სისტემა (ნულოვანი ბარიერით) და არის თუ არა რაიმე საინტერესო პარალელი, რომელიც შეგვიძლია სხვა ქვეყნებთან გავავლოთ? 

ნიდერლანდების სამეფო ასეთი სისტემის ყველაზე კარგი მაგალითია (სადაც მუშაობს ბუნებრივი, ანუ 0,7-პროცენტიანი ბარიერი) და პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმდენივეა, რამდენიც საქართველოში - 150. ეს სისტემა ამ ქვეყანაში დიდი ხანია წარმატებით მუშაობს და მინიმუმ 12-13 პარტია ყოველთვის ახერხებს ამ ბარიერის გადალახვას. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ჯგუფი, იქნება ეს ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესობა, ან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლები, პარლამენტში არიან წარმოდგენილნი. ჰოლანდიაში არსებობს კოალიციური მთავრობები. შესაძლებელია, დადგეს მთავრობის გადაყენების, ახალი კოალიციის თუ მთავრობის ჩამოყალიბების საკითხები, მაგრამ ეს მათთვის ტრადიციული საარჩევნო სისტემაა და მტკივნეულად არ აისახება ქვეყანაზე.

ჩვენს შემთხვევაში ეს არ არის საშიში, რადგან ეს მხოლოდ ერთჯერადად, ერთი საარჩევნო ციკლისთვის არის გათვალისწინებული. უნდა გავუძლოთ ამ სისტემას ყოველგვარი სერიოზული რყევების გარეშე, რადგან წინ გველოდება პროპორციული საარჩევნო სისტემა 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^