უსამართლობას ვერ შევეგუებით - ასეთია ყველა იმ გამოსვლის, კომენტარისა თუ შეფასების მთავარი სათქმელი, რასაც ბოლო ათი დღეა „მწერალთა სახლისა“ და „წიგნის ეროვნული ცენტრის“ გაუქმებით უკმაყოფილო ადამიანები სხვადასხვა საშუალებით გვიზიარებენ.
მწერლების, გამომცემლებისა და ლიტერატორების უმრავლესობისთვის, ისევე როგორც ზოგადად ქართული ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის განვითარებით დაინტერესებულთათვის, მიუღებელი აღმოჩნდა გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც 2019 წლის 20 ივნისს გახდა ცნობილი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „მწერალთა სახლი“ და „წიგნის ეროვნული ცენტრი“, როგორც უწყების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ები, მათი მოდერნიზაციისა და მართვის გაუმჯობესების მიზეზით გააუქმა და „ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდში“ გააერთიანა.
ირმა რატიანის თქმით, ახლად შექმნილი ფონდის მიზანია: „ეროვნული ლიტერატურის, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიმართულებით მუშაობა, წიგნიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მსოფლიოში“.
სწორედ ამას ემსახურებოდა, თანაც წარმატებით, დღეს უკვე გაუქმებული ორივე ორგანიზაცია. მაშინ რატომ მიიღო სამინისტრომ ასეთი გადაწყვეტილება? ამ შეკითხვას პასუხი არაერთხელ გაეცა მწერალთა სახლში ბოლო დროს ორგანიზებულ პრესკონფერენციასა და შეხვედრებზე.
ნატაშა ლომოური, მწერალთა სახლის უკვე ყოფილი დირექტორი:
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ მოხდა ყველაფერი. ეს გაკეთდა ძალიან ჩუმად და მოტყუებით. ის დაპირება, რომელიც მიხეილ გიორგაძემ და ლევან ხარატიშვილმა დაახლოებით სამი თვის წინ მოგვცეს და ჩემი და დეა მეტრეველის ახალი სტრუქტურის შემუშავების პროცესში ჩართულობას ითვალისწინებდა, დაირღვა. მთელი ეს პერიოდი ველოდებოდით, რომ დაგვიძახებდნენ... საბოლოოდ, იმეილით მივიღეთ ინფორმაცია ახალი სტრუქტურის, სახელფასო განაკვეთის და ა.შ. შესახებ.
ყველაზე გულდასაწყვეტი არის ის, რომ არაფერი ჰკითხეს მწერლებს, ამ სფეროს მთავარ ბენეფიციარებს, და ეს მაშინ, როცა, როგორც „მწერალთა სახლის“, ისე „წიგნის ეროვნული ცენტრის“ შექმნას წინ უძღოდა ხანგრძლივი კონსულტაციები მწერლებთან და დარგის წარმომადგენლებთან... მათი გაუქმება კი ჩინოვნიკების კაბინეტებში გადაწყდა.
ამის მთავარ არგუმენტად იყენებენ ევროკავშირის ექსპერტის დასკვნას. არადა, ტერი სანდელი მწერალთა სახლში პირადად მე თვალით არ მინახავს... ის ერთხელაც არ მოსულა აქ, არ გაგვსაუბრებია, არ უნახავს დებულება, არაფერი იცის აქაურობის შესახებ; ამიტომაც არ ვიცი, რამდენად სანდოა ამ ადამიანის დასკვნა. სრულიად საწინააღმდეგოს შეიძლება ფიქრობდეს ექსპერტებიდან ათასი სხვა.
გამსხვილებისა და თავკომბალების წარმოქმნის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, მაგალითად, რუსეთში. ეჭვი არ მეპარება, რომ ასეთი გადაწყვეტილება „მწერალთა სახლისა“ და „წიგნის ეროვნული ცენტრის“ დასასუსტებლად არის მიღებული. აბა, რატომ უნდა გააუქმო ორი ორგანიზაცია, რომლებიც წარმატებით მუშაობს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე, დიდი ნდობით სარგებლობს მწერლებში, არ აქვს პრობლემა მენეჯმენტში და მისი კალენდარიც ერთი წლით ადრეა გაწერილი?!
დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმების გახსნა არის იმ ხედვის ნაწილი, რითაც გამოირჩეოდა „მწერალთა სახლი“. ამ დროს ეს ნახსენებიც კი არ არის ახალ დებულებაში. კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს ასევე რეზიდენციის საჭიროებაც. ყოველივე იმის მანიშნებელია, რომ დღეს არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება. ჩვენ სკამებისთვის არ ვიბრძვით. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მოტყუებით გააკეთეს ყველაფერი, ამიტომაც მოვითხოვ სტატუს-კვოს აღდგენას“.
ევროკავშირის ექსპერტის დასკვნას და სსიპ-ების გაერთიანებას რომ მივუბრუნდეთ, ქართულად თარგმნილ და გავრცელებულ ამონარიდებშიც იკითხება, რამდენად საფრთხილო, ნაადრევი, „ძირის გამომთხრელიც“ კი შეიძლება აღმოჩნდეს ცალკეულ და წარმატებულ ორგანიზაციათა გაერთიანება. ამიტომაც, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად, ვფიქრობ, მხოლოდ ტერი სანდელის რეკომენდაციის დასახელება არასაკმარისი და ნაკლებად დამაჯერებელია მომხდარის ასახსნელად.
(ევროკავშირის ექსპერტის დასკვნის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე )
ნატა ლომოურმა „მწერალთა სახლი“ 2011 წლიდან ჩაიბარა. მაშინ ეს იყო ადგილი, რომელსაც 2008 წლამდე ძირითადად საქართველოს მწერალთა კავშირის ოფისად მოიხსენიებდნენ. „მწერალთა სახლი“ ოფიციალურად 2008 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა და ცნობილი ქართველი მეწარმისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის მიერ 1905 წელს აშენებულ შენობაში, მაჩაბლის N13-ში განთავსდა. იმ დროიდან დაიწყო ჯერ ფიქრი, ხოლო 2011 წლიდან (სწორედ ნატა ლომოურისა და მისი გუნდის ძალისხმევით) უკვე ზრუნვა იმაზე, რომ „მწერალთა სახლი“ ქცეულიყო ღია სივრცედ „ქართული და მსოფლიო კულტურის ტრადიციებისა და მიმდინარე ლიტერატურული პროცესების წარმოსაჩენად“, ისეთ ადგილად, სადაც მწერლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები საკუთარ შემოქმედებას წარმოგვიდგენდნენ და აქტიურად ჩაერთვებოდნენ საერთაშორისო დონისა და მასშტაბის სალიტერატურო და სახელოვნებო პროცესებში.
ყველაფერი ის, რასაც „მწერალთა სახლი“ ისახავდა მიზნად, იქნებოდა ეს კულტურული მემკვიდრეობისა თუ ლიტერატურის პოპულარიზაცია, ლიტერატურული კონკურსებისა თუ პრემიების დაწესება, საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება-გაძლიერება და სხვა, ეტაპობრივად, ღიად, მხოლოდ პროფესიონალურ-თანამშრომლობითი მიდგომით, დამოკიდებულებითა და დაუღალავი შრომით განხორციელდა. ნატა ლომოური დღეს კიდევ უფრო მეტი სიამაყითა და მადლიერებით საუბრობს გუნდზე, რომლის თითოეული წევრის (ლელა შუბითიძე, ნანა ნიბლაძე, ნუკა ღამბაშიძე, თეკლა ქველაძე, თეკლე სულხანიშვილი, ნინო ბექიშვილი, ანა მახარაძე) დამსახურება „მწერალთა სახლის“ წარმატებით ფუნქციონირებაში განუზომელია.
ლიტერატურულ-კულტურულ თუ საერთაშორისო ურთიერთობათა განვითარების პარალელურად, „მწერალთა სახლში“ გაძლიერდა საგანმანათლებლო მიმართულება, რამაც კიდევ უფრო თვალშისაცემი გახადა მისი წარმატებული ფუნქციონირებით მიღებული შედეგები. მწერალთა სახლი არა მხოლოდ ქართველი და უცხოელი ლიტერატორებისთვის გახდა თავშეყრის გამორჩეულად საყვარელი და კულტურული ღონისძიებებით დატვირთული ადგილი, მან თავისი საგანმანათლებლო პროექტებით მიიზიდა და დააინტერესა ბავშვებიც. ახალი თაობის სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლებთან თანმიმდევრული მუშაობით, „მწერალთა სახლმა“ შეძლო ლიტერატურის დარგის პოპულარიზაცია. მათი ხმა „მწერალთა სახლის“ დახურვასთან დაკავშირებულ საპროტესტო გამოსვლებშიც ისმოდა.
მხოლოდ ფოტოებიც საკმარისია იმის დასტურად, თუ როგორ დამშვენდა „მწერალთა სახლი“ 2011 წლიდან. იმ დროიდან მოყოლებული სარემონტო თუ სარესტავრაციო სამუშაოები იქ რამდენიმე წელს გაგრძელდა. თუმცა ამას მისი ფუნქციონირებისთვის ხელი არ შეუშლია. „მწერალთა სახლში“ ხშირად იმართებოდა შემოქმედებითი საღამოები, პრეზენტაციები, დისკუსიები, გამოფენები, კონფერენციები, ქართველი თუ მოწვეული მწერლებისა და ხელოვანების ლექციები, მასტერკლასები, სამუშაო შეხვედრები.
ცალკე აღნიშვნის ღირსია „თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი“, რომელიც 2019 წელს უკვე მეხუთედ გაიმართა და ტრადიციულად შემოგვთავაზა პოეზიის საღამოები, შეხვედრები ცალკეულ ავტორებთან, წიგნების პრეზენტაციები და პანელ-დისკუსიები როგორც ქართველი, ისე საქართველოში საგანგებოდ ამ ფესტივალში მონაწილეობისთვის ჩამოსული უცხოელი ავტორების მონაწილეობით. ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორები ყოველთვის სიამაყით ჩამოთვლიან იმ სტუმრების სახელებსა და გვარებს, რომლებიც უკვე ეწვივნენ ფესტივალს. ესენი არიან, მაგალითად: ჩარლზ ბერნსტაინი, ვიქტორ ეროფეევი, დიბისი პიესი, ეთგარ კერეთი, იბრაჰიმ ალ-ქუნი, სერგეი ჟადანი, ტომას ვენცლოვა, ტადეუშ დაბროვსკი, იულია ფიედორჩუკი, ნინო ხარატიშვილი, იური ანდრუხოვი, აიზეკ მერიონი, ვერა პავლოვა და კიდევ არაერთი ცნობილი მწერალი. „მწერალთა სახლის“ სახელით ხორციელდებოდა ისეთი პროექტები, როგორიცაა, მაგალითად, ლიტერატურული შეხვედრები რეგიონებში, საგანმანათლებლო პროგრამა შიდა ქართლის სკოლებისთვის და ინიციატივები ისტორიულ დიასპორებთან ურთიერთობის გაღრმავების ფორმატში თურქეთსა და ირანში.
თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი პროექტის უკან იდგნენ პროფესიონალები, რომლებიც არასოდეს გვხვდებოდნენ თვალში. წინა პლანზე ყოველთვის ჩანდა მათი ნახელავი თუ ნამოქმედარი. ამის დაუნახაობა შეუძლებელია. ამიტომაც სწყდებათ „მწერალთა სახლის“ წარმომადგენლებს გული.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, მათ იმედი აქვთ, რომ ჯერ კიდევ დაუმთავრებელ პროექტებს აუცილებლად მიიყვანენ ბოლომდე და არ დაუშვებენ ისეთი ინიციატივების ჩავარდნას, როგორიცაა დავით სარაჯიშვილის მემორიალური და რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმების გახსნა, ასევე, სარეზიდენციო სივრცის მუშაობა.
ხუთი სარეზიდენციო ოთახი იქ 2017 წლის 16 ივნისს გაიხსნა. „რეზიდენციების რეაბილიტაცია-აღდგენა სრულად დააფინანსა საქართველოს ბიზნესასოციაციამ. ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობის“, - აღნიშნულია „მწერალთა სახლის“ ვებგვერდზე.
რას აცხადებენ და აპირებენ სამინისტროს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ავტორები, მთარგმნელები და გამომცემლები?
დეა მეტრეველი, წიგნის ეროვნული სააგენტოს ყოფილი დირექტორი: „ჩვენ გვქონდა იმედი, რომ საქმე, რომელიც ერთად ვაშენეთ, ერთ დღეს არ ჩაგვეყრებოდა წყალში. ამის გარანტიებიც მივიღეთ როგორც მინისტრისგან, ისე მისი მოადგილისგან. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ დამიბარეს კანცელარიაში და მინისტრიც კი არ შემხვდა, რომ თუნდაც პირადად გადმოეცა გათავისუფლების ბრძანება. იმედს ვიტოვებ, რომ ქართველი მწერლები და გამომცემლები ბოლომდე დაიცავენ თავიანთ პოზიციებს. მათ ყველაზე უკეთ იციან, რა სჭირდება მათ სექტორს და მათ საქმიანობას“.
ლაშა ბუღაძე: „სამი თვის განმავლობაში ვითხოვდით დალაპარაკებას, შეკითხვებზე პასუხების მიღებას, გვაინტერესებდა, რა ბედი ელოდა „წიგნის ეროვნულ ცენტრს“, „მწერალთა სახლს“, მთელ იმ შესაძლებლობებს, რაც გაუჩნდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ საქართველოს... და რას ვიღებთ პასუხად? რას და იმას, რომ დახურულ კაბინეტებში რაღაც გადაწყვეტილებას იღებენ, სრულიად არაკომპეტენტურად და აბსოლუტურად გაუაზრებლად... სინამდვილეში, ეს არ არის კომპეტენტურობის საკითხი, არამედ ეს არის პოლიტიკური საკითხი. ეს არის, არც მეტი, არც ნაკლები, მწერლების დასჯა და მწერლების მოთვინიერება. ჩვენ ვისჯებით ყველა იმ პროტესტისთვის, რომელსაც გამოვთქვამდით მაგალითად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მზადებისას, ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, როცა მოვითხოვდით იმ პოლიციელების დასჯას, რომლებიც უსამართლოდ გაუსწორდნენ მას და ა.შ. ამიტომაც ეს არის პოლიტიკური საკითხი და პირდაპირ კავშირშია მინისტრ გახარიასთან".
გვანცა ჯობავა: „ყველასთვის გაუგებარია, რატომ არ არის მათ მოდერნიზებულ ორგანიზაციაში „წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ ხელმძღვანელების ადგილი? როდესაც ასეთი წარმატებული პროექტების ხელმძღვანელებს ათავისუფლებ თანამდებობებიდან, სულ ცოტა, უნდა გვითხრა ერთი მიზეზი მაინც, რატომ, რისთვის და რა დგას ამ გადაწყვეტილების მიღმა... ჩვენ დღემდე არც ერთი მიზეზი არ მოგვისმენია... როგორ შეიძლება ამაზე კითხვები არ გაგვიჩნდეს?“
თეონა დოლენჯაშვილი: „ის, რაც დღეს ქუჩაში ხდება, ესეც იმის ნაწილია. როგორც ოკუპაცია არ უნდა იყოს საქართველოში, ისე არ უნდა მოხდეს სისტემის ოკუპაცია თავისუფლების კუნძულებზე“.
ლაშა თაბუკაშვილი: „აქ უამრავი წარმატებული მწერალი ზის, მაგრამ თვიდან თვემდე ვერ გააღწევს. აი, ამ დროს აღარც გეკითხებიან, თურმე რამდენიმე ოაზისი, რომელიც დაგვრჩა, დეას წყალობით თუ ნატას წყალობით, როგორი გვირჩევნია იყოს.
ჩვენ დეას და ნატას დასაცავად კი არ ვდგავართ. მათ თავიანთი საქმე შეასრულეს უზადოდ. ჩვენ ერთად ვართ, რათა გამოგიცხადოთ, რომ არსებობს რაღაც, რასაც ვაჭრის და პოლიტიკოსის ხელი ვერ შეეხება. სარაჯიშვილმა ეს სახლი აჩუქა მწერლებს, მწერლებმა ის მიანდეს ნატა ლომოურს... ჩვენ უამრავი მშვენიერი საღამო გვახსოვს აქ“.
ცირა ელისაშვილი: „ეს არის საქმე, რომლისთვისაც ღირს ბრძოლა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ - გადაწყვეტილება რა მარტივადაც მიიღეს, ისე მარტივად უნდა წაიღონ უკან. უნდა აღდგეს „მწერალთა სახლი“, უნდა აღდგეს „წიგნის ეროვნული ცენტრი“. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები იურისტებთან. ორი გზა არსებობს ბრძოლის, ერთი -სამართლებრივი და მეორე - საზოგადო, ანუ აქტიური პროტესტის... ჩვენ ყველა გზას გამოვიყენებთ“.
გიორგი მაისურაძე: „ძალიან დიდი ილუზია და სრული სიბრმავე იქნება, თუ ამაში პოლიტიკას ვერ დავინახავთ; ზუსტად იმ პოლიტიკას, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება. ეს არის ნაწილი ყველაფერ ამისა. შეუძლებელია თვალები დავხუჭოთ ამაზე და რეაქცია არ გვქონდეს. ჩვენში დამყარებულია შესაბამისი პოლიტიკური სისტემა და ამ სისტემას ჰქვია ოლიგარქია. და დახლიდარულ, სოვდაგრულ ტვინებამდე ვერ მივიდა ის, რომ კულტურით არ უნდა აკეთო ფული... ეს არ არის მარტო მწერლობის და წიგნის საქმე, მე მინდა ამას ხაზი გაესვას... ეს არის მთლიანად კულტურის ბედი სოვდაგრულ სახელმწიფოში...“
არჩილ ქიქოძე: „ჩვენი ხელობა ისეთია, რომ სახელმწიფო პრინციპში არაფერში გვჭირდება. ეს რაც არის, ეს ორი ორგანიზაცია, გვჭირდება ჩვენ და, წესით, უნდა სჭირდებოდეს სახელმწიფოსაც, იმიტომ, რომ ასეთი ორგანიზაციები ბევრი არ არის. ის, რომ ფრანკფურტში ჩვენ კარგად ვჩანდით, სინამდვილეში ჩვენ კი არ ვჩანდით კარგად, ქვეყანა ჩანდა, უბრალოდ ჩვენ უფრო სიმპათიურები ვიყავით, ვიდრე ჩვენი მთავრობა. რაც შეეხება აქაურობას, სანამ ნატა არ მოვიდა, აქ ნამყოფიც კი არ ვიყავი. გაიხსნა თუ არა ეს სივრცე, მაშინვე ყველასი გახდა და მადლობა უნდა ვუთხრათ ამ ორივე ორგანიზაციას მათი საქმიანობისთვის. აუცილებლად უნდა აღდგეს სტატუს-კვო! რაც შეეხება ახალ დირექტორს, რომელზეც კარგის მეტი არაფერი მსმენია, სულ ვფიქრობდი, ჯოხი ვისზე გადატყდება-მეთქი და მგონი, არ უნდა იყოს ახლა ის მთლად სასიამოვნო მდგომარეობაში. მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენ ამ ორ ადამიანს ვენდობით და გვინდა, რომ დარჩეს ისე, როგორც აქამდე იყო“.
ირმა რატიანი, რომელმაც ახლად შექმნილ „ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს“ უნდა უხელმძღვანელოს, მართლაც, რთულ პოზიციაშია. თუმცა ის ცდილობს, უპასუხოს იმ კითხვებს და კომენტარებს, რომლებსაც მწერლები და გამომცემლები საჯაროდ და ხმამაღლა გამოხატავენ.
რატომ გახდა საჭირო ამ ორი გამორჩეულად წარმატებული ორგანიზაციის - „მწერალთა სახლისა“ და „წიგნის ეროვნული ცენტრის“ გაუქმება და მათი ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლება?
ირმა რატიანი: „არაერთხელ ვთქვი, რომ არასწორად წარმართული კომუნიკაციის პროცესზე, რომელზეც მწერლები და ყოფილი სსიპ-ების ხელმძღვანელები საუბრობენ, პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებ და ვერც გიპასუხებთ. რაც შეეხება თავად ჩემს დაინტერესებას აღნიშნული ფონდით, შემომთავაზეს სრულიად ახალი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, რომელსაც აქვს განსხვავებული სტრუქტურა, გაზრდილი დაფინასება და გაფართოებული ფუნქციები, ორიენტირებულია იმაზე, რომ არ მოხდეს ფუნქციების დუბლირება და დაინერგოს ახალი პროექტები. ეს იყო ჩემი ინტერესი იმ ახალი ორგანიზაციისადმი, რომლის ხელმძღვანელობაც შემომთავაზეს.
რაც შეეხება აღნიშნული სსიპ-ების დაშლას, ეს მოხდა თითქმის ორი თვით ადრე, ვიდრე მე შევუდგებოდი მუშაობას და კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ასე, ვერ გავცემ პასუხს. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფომ, როგორც ჩანს, გარკვეული სტრატეგიიდან გამომდინარე. ამ სტრატეგიის შესახებ უფრო კონკრეტული და უფრო დასაბუთებული პასუხი აქვს სწორედ სახელმწიფო სტრუქტურას. ამიტომ, პირადად მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ვინმეს ადგილზე მოვედი.
ჩემი მხრიდან მინდა დავადასტურო ძალიან დიდი პატივისცემა თითოეული იმ ადამიანისადმი, ვინც გამოდის, ვინც მუშაობდა ამ სსიპ-ებში და ამდენი საქმე გააკეთა... მე ვარ ლიტერატორი, ლიტერატურათმცოდნე, თავად მივეკუთვნები ამ სივრცეს, ამ სფეროს და ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს წლები, ურთიერთობა, ერთმანეთისადმი პატივისცემა.
13 წელია ლიტერატურის ინსტიტუტს ვხელმძღვანელობ და ეს ინსტიტუტი დღეს ძალიან წარმატებული ორგანიზაციაა. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა შეუძლებელი შეძლო ამ წლების განმავლობაში. ვფიქრობ, შემიძლია კარგი საქმის გაკეთება ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ შევძლებ, თუ მექნება ამ სფეროში ჩართული ადამიანების მხარდაჭერა. ჩემი ერთადერთი მიზანია, ვაკეთო კარგი საქმე და ვაკეთო კარგად. მინდა, რომ ფონდმა იმუშაოს ყველასთვის.
უკვე არსებობს ვალდებულებები, რომლებიც დამხვდა; ძალიან კარგი, საინტერესო ვალდებულებებია. მინდა, რომ ახალი გეგმებიც დაისახოს, მინდა, დროულად შეიქმნას ექსპერტთა საბჭო. გადასადგმელია ნაბიჯები, რომლებიც ამ ფონდის მუშაობას გამჭვირვალეს გახდის თითოეული იმ ადამიანისთვის, ვისაც შეიძლება დღეს პრეტენზია ჰქონდეს ფონდის მიმართ. მინდა, რომ ეს პროცესები დალაგდეს სწორად და გამჭვირვალედ, ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ქართული მწერლობის პოპულარიზაციით, ინტერნაციონალიზაციით, გამოცემით და ა.შ.“
მწერლებისა და გამომცემლების ნაწილის პროტესტის ფონზე, გადაიდო ორშაბათს დაგეგმილი შეხვედრა ირმა რატიანსა და ავტორებს შორის.
„ამ დაძაბულობის ფონზე ვერ წარიმართებოდა ჩვენი შეხვედრა იმ რეჟიმში, როგორშიც უნდა წარმართულიყო. ამიტომ მე დავაგზავნე წერილები ავტორებთან შეხვედრის გადადების შესახებ. რაც შეეხება თვითონ პროცესს, მინდა დავადასტურო, რომ ვარ აბსოლუტურად მზად თითოეულ ადამიანთან ცალ-ცალკე თუ ერთად და ნებისმიერ ფორმატში შესახვედრად, რომ იმ კითხვებს, რომლებზეც მე შემიძლია პასუხი, ვუპასუხო მათთან ერთად და მათთან ერთად დავსახო თანამშრომლობის, შემდგომი მუშაობის გეგმები.
ძალიან კარგად მესმის, რომ ფონდმა და ამ საზოგადოებამ ერთად უნდა იმუშაოს. ეს ჩემთვის სრულიად ცხადია. იმედი მაქვს, რომ დიალოგის ფორმატში შევთანხმდებით თანამშრომლობის ფორმატზე; უარს არ მივიღებთ პროექტებზე, რომლებიც ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნისთვის. მათი არგანხორციელება და ვერგანხორციელება იქნება ქართული საქმის დაზიანება.
არის ვალდებულებები, რომლებიც „მწერალთა სახლს“ აქვს აღებული, მაგალითად, ივლისის თვეში; არის ვალდებულებები, რომლებიც „წიგნის ეროვნულ ცენტრსაც“ აქვს დასახული და მინდა, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს. საამისოდ, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვისაუბროთ. მე არ ვგრძნობ თავს სხვად, ამ წრეს ვეკუთვნი, ამ წრიდან მოვდივარ და მინდა, რომ ჩვენ ზუსტად ისევე მშვიდ ფორმატში გავაგრძელოთ საუბარი, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა“.
როგორ განვითარდება „წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ ბედი და რა შედეგები მოჰყვება „წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ გაუქმებას, ჯერჯერობით უცნობია. ავტორები, მთარგმნელები თუ გამომცემლები ურყევად აცხადებენ, რომ არ შეეგუებიან გადაწყვეტილებას, რომელიც სამინისტრომ ხელაღებით, არაპროფესიონალურად და მათთან კონსულტაციების გარეშე მიიღო.