თბილისის ბალეტის მესამე საერთაშორისო ფესტივალი, რომლის დამფუძნებელი და სამხატვრი ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი, წელს გაცილებით მოკრძალებული, კლასიკური და, ასე ვთქვათ, „ვინტაჟური“ აღმოჩნდა. ამის მიზეზი, პირველ რიგში, რეპერტუარი, მოწვეული სტუმრების ნუსხა და საბალეტო დასების შემოქმედებითი პრინციპები და მიმართულებაა. თუ წინა წლები ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის ავანგარდული სპექტაკლებით დაგვამახსოვრდა (მარტო ალექსანდრ ეკმანის „კაქტუსები“ რად ღირს!), წლევანდელი პროგრამა გაცილებით აკადემიური იყო და „აღდგენილი ბალეტების პრემიერებით“ უფრო შეიძლება მოვიაზროთ. თუმცა ფესტივალი კორეული ნაციონალური ბალეტის „სანელებლებითაც“ იყო შეზავებული.
ოპერისა და ბალეტის სცენაზე ფრანგი კომპოზიტორის, დირიჟორისა და მუსიკოსის, ანდრე მესაჟეს ბალეტის - „ორი მტრედის“ (პრემიერა პარიზის „გრანდ ოპერაში“ 1886 წელს გაიმართა) წარმოდგენა ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, თუნდაც კლასიკური რეპერტუარის საზღვრების გაფართოების თვალსაზრისით.
მესაჟეს ბალეტს საფუძვლად უდევს ლაფონტენის იგავი ორი მტრედის შესახებ, რომლებიც სიყვარულსა და ჰარმონიაში ცხოვრობენ მანამდე, ვიდრე ერთ-ერთ მტრედს სამყაროს ხილვის სურვილი არ გაუჩნდება. მეგობრის ცრემლის მიუხედავად, მეორე სამოგზაუროდ მიდის, თუმცა უამრავი განსაცდელის შემდეგ უკან იმედგაცრუებული ბრუნდება. ამ იგავის მორალი მარტივია: უნდა დააფასო გვერდით მყოფის სიყვარული და ბედნიერება ცხრა მთას იქით არ ეძებო. აღსანიშნავია, რომ „ორი მტრედი“ საქართველოში პირველად 2006 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე დაიდგა და საკმაოდ წარმატებითაც. თუმცა რეპერტუარში რატომღაც ვერ დამკვიდრდა.
ცნობილი ბრიტანელი ნეოკლასიკოსი ქორეოგრაფის, ფრედერიკ ეშტონის ინტერპრეტაციით „ორი მტრედი“ შეყვარებული ბოჰემური წყვილის ისტორიაა, რომლებმაც პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში დაიდეს ბინა. ზუსტი და ოდნავ ირონიულ-პოეტური მინიშნება მანსარდაზე დაბუდებულ შეყვარებულ მტრედებზე ეშტონმა მშვენივრად გამოიყენა კლასიკური სასიყვარულო სამკუთხედის შესაქმნელად: მხატვარი, მისი შეყვარებული გოგონა და მხატვრის რეალობასა და წარმოსახვაში შემოჭრილი ბოშა ქალი.
თბილისურ ვერსიაში (დამდგმელი ბალეტმაისტერი - კრისტოფერ კარი, დირიჟორი - ზაზა კალმახელიძე) შენარჩუნებულია ეშტონის დახვეწილი ქორეოგრაფიული მონახაზი, თუმცა მეტი „დრაივისთვის“ გამძაფრებულია სასიყვარულო ვნება, ოდნავ დამატებულია ტემპერატურა და დრამატიზმი. გონივრულად არის განაწილებული როლებიც: მხატვარი - ფილიპ ფედულოვი (მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი), შეყვარებული გოგონა - ეკატერინე სურმავა და ბოშა ქალი - ნუცა ჩეკურიშვილი. შუა ნაწილის ტემპორიტმული ჩავარდნების ფონზე, შთამბეჭდავი გამოდგა ბოშა ქალისგან უარყოფილი და უკან, მანსარდაში დაბრუნებული მხატვრისა და მისი შეყვარებულის ფინალური ადაჟიო, რაც ტექნიკურადაც და ემოციურადაც ბალეტის კონცეფციას პასუხობდა.
ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო დანიელი კლასიკოსი ბალეტმაისტერის („დანიელი პეტიპას“ - როგორც მას ხშირად უწოდებენ), ავგუსტ ბურნონვილის მიერ მეცხრამეტე საუკუნის 50-იან წლებში დადგმული ბალეტი „კონსერვატორია ანუ ქორწინება რეკლამით“, რაც ასევე „აღდგენილი პრემიერების“ ჩარჩოში ჯდება. დირიჟორი - ირაკლი ჩოლოყაშვილი; სოლისტები - ანგელოს ანტონიუ, სტეფანი უოტკინსონი და მარი ელოშვილი. კლასიკურად გამრჯე მოცეკვავეები უფრო არსებული ფორმების შენარჩუნება-რესტავრაციას ცდილობდნენ, ვიდრე ცალკეული პოზებისა და მოძრაობების დივერსიფიკაციას. შედეგად, უფრო საამო სანახაობა გამოვიდა, ვიდრე ცვლილებასა და მსუბუქ ირონიაზე აქცენტირებული.
კლასიკური საღამოები გაგრძელდა ყოვლისშემძლე, მაგრამ საკმაოდ მოსაწყენი „ჟიზელით“ (უკრინელი სოლისტები - ოლგა გოლიცია, რომელიც ჟიზელის უბიწობა-პოეზიას უფრო წარმოაჩენდა, და იან ვანია, რომელიც ცდილობდა არაფერი ზედმეტი არ ჩაედინა). ამას დავუმატოთ „გედების ტბაც“, რომელშიც ოდეტა-ოდილიას პარტიას კოხტა და დახვეწილი ნინო სამადაშვილი ცეკვავდა, ხოლო პრინც ზიგფრიდს - კეთილად აღნაგი, მაგრამ არცთუ მსუბუქ-მოქნილი რუსლან სკვორცოვი (მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი).
"ჟიზელი"
"გედების ტბა"
ფესტივალის გადატვირთული კლასიკური პროგრამა ერთგვარად გაანეიტრალა სამხრეთკორეულმა საბალეტო დასმა სახელწოდებით K-Arts Dance Company. ორი საღამოს განმავლობაში მაყურებელმა კლასიკური, თანამედროვე და კორეული ნაციონალური ბალეტის ჭრელი და მრავალფეროვანი პროგრამა იხილა, რამაც სრულიად სხვა განწყობა შექმნა. მაგალითად, ქორეოგრაფ ჯუჰიონ ჯოს „მარგალიტი“ პლასტიკის შესაძლებლობების ძიებას უფრო ჰგავდა, ხოლო სანჰი კიმის „რას იტყვით კლასიკურ მოძრაობებზე?!“ - ეს იყო რეფლექსია და ცოტა ირონიაც თანამედროვე ბალეტზე. ასევე საინტრესოდ წარმოადგინეს ტრადიციული კორეული ნაციონალური ცეკვის ელემენტებით გაჯერებული „ჰალიანგმუ“ (ქორეოგრაფი - დაკი ანმი). მოკლედ, კორეული საბალეტო პინგ-პონგი პუბლიკამ ეგზოტიკური სანელებელივით მიიღო.
კორეული ნაციონალური ბალეტი
თბილისის ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი დაიხურა გალა-კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოცეკვავეები. „გააკეთე ის, რაც შეუძლებლად გეჩვენება და შედეგი თავად გაგაოცებს“ - იმედია, თბილისის ბალეტის ფესტივალის დამფუძნებლის, ნინო ანანიაშვილის ეს სიტყვები მომავალში კიდევ უფრო გაგვაოცებს... პირველ რიგში, ახალი, შთამბეჭდავი და ორიგინალური საბალეტო წარმოდგენებით.