Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გვაქვს გრაფიკული ფორმითა...

11 ივლისი 2019
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს მხატვარ დავით მაჭავარიანისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პროექტს - „ვეფხისტყაოსნის გრაფიკული ვერსია“.

შეგიძლიათ უფრო გაბედულად შეაბიჯოთ ქართული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, სადაც 42 წლის მხატვრისა და არტისტის, დავით მაჭავარიანის გრაფიკულად შესრულებულ „ვეფხისტყაოსანსა“ და ილუსტრაციებს ხელახლა აღმოაჩენთ! გამოფენა სახელწოდებით - „ვეფხისტყაოსნის გრაფიკული ვერსია“ 10 ივლისს გაიხსნა და ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს ყველას: მათაც, ვისაც „რაიმე აქვს სახსოვარი“ ამ დიდი და არქეტიპული პოემისგან და მათაც, ვინც ავთანდილ-ტარიელ-ფრიდონის ამბებს მხოლოდ გრაფიკული კომიქსების შინაარსითა და ფორმით აღმოაჩენს.

ქაღალდზე ფანქრითა და ტუშით შესრულებული და საგამოფენო დარბაზის კედლებზე განთავსებული 16 გიგანტური ნამუშევარი კონტრასტულად ერითმება ასობით ჰორიზონტალურ და მცირე ზომის გრაფიკას. მათში მოზრდილი მაგიის ისეთი სული და სუნი ტრიალებს, რომ ნამუშევრების სიმცირეს ნამდვილად დაგავიწყებთ. სამაგიეროდ, ვერ დაივიწყებთ იმ ატმოსფეროს, რასაც მხატვრის ეს საოცარი, გრაფიკული ხელწერით გამორჩეული სამყარო თქვენ თვალწინ ქმნის.

„ვეფხისტყაოსანი“, რომელსაც მხატვარი დავით მაჭავარიანი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში გრაფიკულ კომიქსებად თუ ნამუშევრებად კინძავდა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ 222-გვერდიან წიგნად აქცია. გამოფენაზე მოსულებს ჰქონდათ საშუალება, ან არ ჰქონდათ (ასეთებიც ბევრნი იყვნენ), წიგნის პირველი და ლიმიტირებული გამოცემა შეეძინათ. თუმცა, დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია, „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული ვერსია განმეორდეს.

წიგნისთვის შექმნილი ესკიზების გარდა, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია დავით მაჭავარიანის ყველა ის ნამუშევარი, რომლებსაც ის ბოლო წლების განმავლობაში „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე ქმნიდა. მათ შორისაა ადრეული მშვენიერი ილუსტრაციებიც, რომლებიც თვალსაჩინოდ განსხვავდება უახლოეს პერიოდში შექმნილი გრაფიკული ნამუშევრებისგან.

2014 წელს დავით მაჭავარიანმა „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით ზარაფხანისთვის შექმნა სამკაულების კოლექცია, რომელიც ასევე გამოფენილია სახვითი ხელოვნების მუზეუმის დარბაზში. თანამედროვე გრაფიკული არტის, კომიქსისა და კლასიკური ილუსტრაციის სინთეზი ახლებურ სივრცეს და შესაძლებლობას ქმნის გრაფიკული რომანის განვითარებისთვის, რასაც დავით მაჭავარიანი წარსულთან გადაძახილითა და ახალი ფორმების ძიებით აღწევს.

კოლექციაში შესული სამკაულები არ წარმოადგენს სამეცნიერო ნამუშევრების ამ კვლევების მიხედვით შექმნილ ნამუშევრებს. ისინი მხოლოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფია და ყველა სამკაულს თავისი სახელი აქვს, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულად წარმოაჩენს ავტორის როლს, მის უფრო მჭიდრო და არქეტიპულ კავშირს პოემის გმირებთან.

აღსანიშნავია, რომ სამკაულები განკუთვნილია როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული ტექსტისა და მისი მოტივების მიხედვით შექმნილი სამკაულების მოულოდნელი და კომერციული რითმა მომავალში კიდევ უფრო საინტერესო იდეების ინსპირაციას გვპირდება. მაგალითად, „ამაზონზე“ მომხმარებელს შეეძლება მხატვრის მიერ შექმნილი მაისურის შეძენა, რომელსაც ამშვენებს ტარიელის მუზარადი და წარწერა პოემიდან - „ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია“.

გრაფიკული „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის ადაპტაციაზე მუშაობდა მწერალი სალომე ბენიძე, რომელმაც არა მხოლოდ აფორიზმები, არამედ რუსთაველის სტრიქონებიც შეინარჩუნა . თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თანამედროვე, გამარტივებული და კომიქსის ენაზე მორგებული ტექსტიც, რასაც ასევე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ბალანსი „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტსა და გრაფიკულ ილუსტრაციას შორის მაინც ამ უკანასკნელის მხარესაა. დაახლოებით ორი ათასამდე ნამუშევარი განთავსებული და გადანაწილებულია წიგნის ორას გვერდზე, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია.

ცხადია, „ვეფხისტაოსნის“ გრაფიკული ვერსია სკოლის მოსწავლეებზეცაა გათვლილი, რომლებიც პოემამდე რთულად მისასვლელ გზებს კომიქსით უკეთ შეძლებენ. წიგნი უკვე ითარგმნება ინგლისურ და რუსულ ენებზე და ახალ გამოცემებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა შემოდგომაზე შეძლებს.

ცოტა რამ დავით მაჭავარიანის ბიოგრაფიიდან: სწავლობდა სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, კერამიკის ფაკულტეტზე. შემდეგ გადავიდა კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში და სწავლა მულტიპლიკაციის ფაკულტეტზე განაგრძო. აკადემიის დასრულებისთანავე გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც თანამშრომლობდა Cinetic Theatre-თან. ფილადელფიაში გაიცნო DC Comics-ის რედაქტორი დენ რასპლერი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მხატვრის შემოქმედებითი გზის ჩამოყალიბებაზე.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დავით მაჭავარიანი მუშაობდა სხვადასხვა ჟანრში, როგორიცაა წიგნის ილუსტრაცია, კომიქსები, სპექტაკლები, კინო, ვიდეოთამაშები და სხვა. არის სერვანტესის სახლ-მუზეუმის პერმანენტული გამოფენის მონაწილე, „არტისტერიუმის“ გამოფენების მონაწილე, სხვადასხვა დამოუკიდებელი გამოფენის მონაწილე ამერიკაში, ავსტრიაში, ესპანეთში.

ვიდეო: თაკო კვაჭანტირაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^