Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიღმის ტყე-პარკი კვლავ დასაცავია!

13 ივლისი 2019
13-14 ივლისს დიღმის ტყე-პარკის დასაცავად აქცია იმართება. აქციის მიზანი დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილი, „ორანჟერეად“ გასაღებული რესტორნის მშენებლობის გაპროტესტებაა. ინტერვიუ „ახალგაზრდა მწვანეების" ერთ-ერთ ლიდერთან, გიორგი ფცქიალაძესთან.

13-14 ივლისს დიღმის ტყე-პარკის დასაცავად აქცია იმერთება. ვინ არიან აქციის ორგანიზატორები და რა პრობლემას ეხმიანებით?

აქციის მიზანია, წინ აღვუდგეთ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ, „ორანჟერეადგასაღებული რესტორნის მშენებლობას. აქციის ორგანიზატორები ვართახალგაზრდა მწვანეები“, ჩვენი მეგობრები და დიღმის მცხოვრებლები. ტერიტორიაზე, სადაც რესტორნის მშენებლობა იგეგმება, ამჟამადკია მოტორსისშენობა დგას. იგეგმება ამ შედარებით მცირე ზომის შენობის ჩანაცვლება ძალიან დიდი კომერციული ცენტრით, სადაც განთავსდება რესტორანი და საკონცერტო დარბაზი, რომლებიც ერთდროულად 2 000 კაცს მოემსახურება

სივრცე გათვლილია მაღალი სოციალური ფენის მომხმარებელზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ისარგებლებს ამ დაწესებულებით. 

რა ფართობზეა საუბარი? 

მთლიანი ტერიტორიის ფართობი 4900 კვ.მ-ია, ხოლო განაშენიანება 4053 კვადრატულ მეტრზე იგეგმება. ეს იქნება 4-სართულიანი შენობა. პროექტიც ვნახეთ და, არქიტექტურული კუთხით რომ შევაფასოთ, სრული გაურკვევლობაა - მინებიანი შენობა ქართული ელემენტებით, რომლის პირველ სართულზე, 1 600 კვადრატულ მეტრზე რესტორანი, ხოლო სარდაფში, 400 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე დარბაზი განთავსდება, მეოთხე სართული საოფისე ფართებს დაეთმობა. 

„ორანჟერეის“ სახელწოდების ქვეშ მშენებელი კომპანია მაღალ სოციალურ კლასზე გათვლილი კომერციული ცენტრის მშენებლობას "ამართლებს".

არ არის გამორიცხული, რომ არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში ცენტრის მომხმარებელთა გადაადგილებამ გამოიწვიოს სატრანსპორტო კოლაფსიც, რადგან აღმაშენებლის ხეივანი ასეთი დატვირთვისთვის არ არის გათვლილი. მშენებლობის დაწყების შემთხვევაში, ხმაური და მტვერი ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურ პრობლემას შეუქმის.

მთელი ტყე-პარკი, გარდა „კია მოტორსის“ ადგილისა, ახალი გეგმის მიხედვით ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონაშია. ის ნაწილი კი, სადაც „კია მოტორსის“ შენობაა, არ არის შეტანილი ამ სიაში და განსაზღვრულია როგორც საქმიანი ზონა 2 (რაც მაღალი ინტენსივობის განაშენიანების დაშვებას გულისხმობს). თუმცა, ამავდროულად, მთელი დიღმის ტერიტორია, მათ შორის ეს ადგილიც, გამწვანების სპეციალურ ზონაშია მოხვედრილი.

ტყე-პარკის რა ნაწილის ათვისება იგეგმება?

ეს ტერიტორია დიდ ნაწილს არ იკავებს, მაგრამ ტრაგედია, იცით, რა არის?! მთელი ტყე-პარკი გაყიდულია. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ინსტიტუციების მიმართ სრული ნდობა არ გაგვაჩნია. 53 იურიდიული და ფიზიკური პირი ფლობს ტყე-პარკის ტერიტორიას. არ ვიცით, ხვალ ვინ იქნება მერიაში, შეიძლება მოხდეს ზონის ცვლილებაც. ჯერ ერთი, პრობლემაა, რომ შენდება და, მეორეც, ტყე პრივატიზებულია. არ არის გამორიცხული, სხვაგანაც დაიწყოს მშენებლობები, ანუ მივიღოთ დომინოს პრინციპი.

როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების ალტერნატიური განვითარება? არსებობს ხედვა საჯარო სივრცის შენარჩუნებისთვის? ეკოლოგიასთან ერთად ეს პრობლემა თემსაც ეხება. რამდენად ითვალისწინებს მერია მის აზრს და რა პოლიტიკურ თუ სამართლებრივ ბერკეტებს შეიძლება მიმართოს მოსახლეობამ?

ტერიტორია გასხვისდა ჩუმად. ისე იყიდა „ანაგმა“ და ისე აპირებს მშენებლობის დაწყებას, რომ დიღმის მოსახლეობამ არაფერი იცის. ჩვენი აქციის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ესაა, ვუთხრათ მოსახლეობას - აი ახლა რომ პარკში დადიხარ, შეიძლება ხვალ გაიღვიძო და იქ მტვერი და ხმაური დაგხვდეს, სამომავლოდ კი, შესაძლოა, პარკი რესტორნის უკანა ეზოდ გადაიქცეს. 

ეს არ არის ლოკალური პრობლემა, ეს უშუალოდ მეხება მეც, რადგან:

1. საფრთხე ექმნება თბილისში არსებულ უკანასკნელ ტყეს, რომელიც ჯერ კიდევ ხელუხლებლადაა შემორჩენილი და სწორედ ამით არის უნიკალური;
2. იმის გამო, რომ იგივე შეიძლება მოხდეს თბილისის ნებისმიერ უბანში, გვჭირდება მაგალითი, რომ წინ აღვუდგეთ იმ სახელმწიფო მექანიზმებს, რომლებიც შეზრდილია ბიზნესთან.

ვაკის პარკში ამის პრეცედენტი უკვე გვაქვს. ხალხის პროტესტმა შედეგი გამოიღო და მერიამ ადგილმონაცვლეობის პრინციპი გამოიყენა, ბიზნესს დაათმობინა ტერიტორია. იგივე უნდა მოხდეს ამ შემთხვევაშიც. თბილისელების პროტესტმა და მხარდაჭერამ უნდა გაგვამარჯვებინოს ბიზნესზე. ქვეყნისა და თბილისის განვითარება კონკრეტული ინდივიდების გამდიდრებაზე არ უნდა იყოს მორგებული.

სამართლებრივად როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და რა პოლიტიკური ბერკეტია გამოსაყენებელი თავის დასაცავად?

„ახალგაზრდა მწვანეები“ იმით განვსხვავდებით სხვა აქტივისტებისგან, რომ ჩვენ ამ ეკოლოგიურ პრობლემებში ვხედავთ პოლიტიკურ საკითხს და იდეოლოგიურ მიდგომას.

ის, რომ საჯარო სივრცე გახდა კერძო, ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიამ მოიტანა და დღემდე გრძელდება. ლისის ტბის ტერიტორია კერძოა, დედაენის ბაღი კერძოა.... მაგალითად, გლდანის ტბას, პარადოქსია, მაგრამ კონკრეტული სახელი და გვარი ფლობს. თუნდაც „ანაგი“ - ეს კომპანია თანამშრომლობდა ნაციონალურ მოძრაობასთან. მას რაბათის ციხის მშენებლობაში აქვს წვლილი შეტანილი. „ანაგი“ არის კომპანია, რომელსაც გადააქვს ბიძინას ხეები, ჩართული იყო „პანორამის“ მშენებლობაში. გამოდის, რომ ეს არის ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესის თამაში, რომელიც სრულიად უგულებელყოფს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესს.

დიღმის მცხოვრებლებისთვის არავის უკითხავს, უნდოდათ თუ არა მათ ტყეში რესტორნის მშენებლობა. არავის უფიქრია იმაზე, რომ ეს მათი ტერიტორია მათია, რომ ისინი იქ ცხოვრობენ. აი, ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ამ მიდგომის შეცვლას სჭირდება ძალიან სერიოზული სისტემური რეფორმა. პირველ რიგში, გამოსასყიდია ტერიტორიები, ტყე-პარკი უნდა დაბრუნდეს მუნიციპალურ მფლობელობაში და, რაც მთავარია, ხალხი უშუალო გავლენას უნდა ახდენდეს ამასთან დაკავშირებულ პროცესებზე. მოსახლეობა მუდმივად უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა ხდება იქ. აუცილებელია ამ პროცესების გამჭირვალობა.

რაც შეეხება აქციას: 13-ში, შაბათ საღამოს, „მწვანეები“ მივდივართ ტყე-პარკში კარვებით ღამის გასათევად და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს. ერთად გავათიოთ კარვებში ღამე და ასე დავიკავოთ საჯარო სივრცე.

ვინც კვირადღეს, 14-ში შემოგვიერთდება, მოვუწოდებთ, ჩვეულებრივ, გაასეირნონ ბავშვები, წაიკითხონ წიგნები და გაერთონ მეგობრებთან ერთად. გვექნება გამოსვლებიც, მათ შორის ადგილობრივებისა და მხარდამჭერების. სავარაუდოდ, იქნება ცოცხალი მუსიკაც. ამ აქციით ჩვენ ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ ვიღაცების ეკონომიკური ინტერესების გამო ასე მარტივად არ დავთმობთ ჩვენს უკანასკნელ საჯარო სივრცეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^