ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, მოპასუხეს სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინდა. სახელმწიფოს ოჯახისთვის, კომპენსაციის სახით, 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დრეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, სახელმწიფო გამტყუნდა როგორც მკვლელობის ნაწილში, ისე საქმის არაეფექტური და გაჭიანურებული გამოძიების გამო.
საქმე ეხება 2006 წლის მაისში, თბილისში ე.წ. კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა მანქანაში ჩახოცეს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. მათთან ერთად იმყოფებოდა მეგობარი - ბონდო ფუთურიძე, რომელმაც მძიმე დაზიანებები მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდა, სულ მცირე, პოლიციის 50 თანამშრომელი, რომლებმაც ავტომანქანას 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს.
გარდაცვლილ ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებმა იური ვაზაგაშვილმა და ციალა შანავამ 2007 წლის 20 ოქტომბერს ევროპულ სასამართლოს მიმართეს და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევის დადგენა მოითხოვეს.
როგორც იუსტიციის სამინისტროდან იტყობინებიან, საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის განახლდა, რომლის ფარგლებშიც განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით არაერთი ყოფილი და მოქმედი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე.
დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილების მიხედვით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებით და პროცედურულ დარღვევას. კერძოდ, სასამართლოს განცხადებით, 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა გამოიწვია, არც პროპორციული და არც აუცილებელი იყო.