Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროპარლამენტის არჩევნები, მწვანეები, ნაციონალიზმი და ახალი ლიბერალიზმი

23 ივლისი 2019
2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ მიმდინარე პროცესების ფონზე ტრადიციული პარტიები პოპულარობას კარგავენ, ალტერნატიული პარტიები - ულტრამემარჯვენეები, „ახალი ლიბერალები“ და „მწვანეები“ იმხრობენ იმ ამომრჩევლებს, რომლებსაც ცვლილები სურთ. 

ევროპარლამენტის არჩევნები

2014 წლის ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ავროპაში მოვლენები საკმაოდ მძიმედ განვითარდა: ტერორისტული აქტები, გადაუჭრელი მიგრანტთა კრიზისი და ბრექსიტის გაჭიანურებული პროცესი. ამასთანავე, მედიის ყურადღება არაერთხელ მიიპყრო ნაციონალისტური ტალღის აღზევებამ და ევროსკეპტიკურად განწყობილ ლიდერთა პოპულისტურმა გამოსვლებმა. ნაციონალისტური დისკურსი, როგორც გაირკვა, არა მხოლოდ ულტრამემარჯვენეთა გაძლიერების საწინდარი გახდა, არამედ ინსტრუმენტადაც იქცა სხვა ლიდერებისთვის მოსალოდნელ საფრთხეზე უტრირებით საკუთარი საარჩევნო კამპანიის წარმართვისას. იდენტობის პოლიტიკა 2019 წლის წინასაარჩევნო პროცესის ცენტრში აღმოჩნდა: ქრისტიანი ერის „თავდაცვითი ევროპა“ თუ პოსტმოდერნული ევროპა, რომელსაც ლიბერალური მიდგომა აქვს მიგრაციისა და გლობალიზაციის საკითხების მიმართ. 

2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ მიმდინარე პროცესების ფონზე ტრადიციული პარტიები პოპულარობას კარგავენ, ალტერნატიული პარტიები - ულტრამემარჯვენეები, „ახალი ლიბერალები“ და „მწვანეები“ იმხრობენ იმ ამომრჩევლებს, რომლებსაც ცვლილები სურთ. 

სწორედ ამაზე მიუთითებს ორი ტრადიციული პარტიის - მემარჯვენე ცენტრისტების ევროპის სახალხო პარტია ( EPP) და მემარცხენე ცენტრისტების სოციალ-დემოკრატები ( S&D) - კოალიციური უმრავლესობის დაკარგვა ევროპარლამენტში. გასათვალისწინებელია, რომ 1979 წლიდან, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტს პირდაპირი არჩევნების წესით ირჩევენ, ეს ორი პარტია აკონტროლებდა ევროპარლამენტის დღის წესრიგს.

სტატისტიკურად, 751-ადგილიან ევროპარლამენტში 376 ხმა ქმნის უმრავლესობას. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სახალხო პარტია (EPP) ინარჩუნებს პირველ ადგილს 182 მანდატით, 2014 წლის არჩევნებთან შედარებით, მას 34 ადგილით ნაკლები აქვს. მსგავსი შემცირება აღინიშნება სოციალ-დემოკრატების პროგრესულ ალიანსში ( S&D), რომელმაც 2019 წლის არჩევნებში 31 მანდატით ნაკლები მოიპოვა, რაც 154 პარლამენტარს გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ უმრავლესობის მისაღებად 2019 წლის ევროპარლამენტს მოუწევს ახალი თანამშრობლობის პრინციპების შემუშავება. 

მედიისგან შექმნილი აჟიოტაჟის მიხედვით, ტრადიციულ პარტიებს ნაციონალისტური ულტრამემარჯვენეები უნდა მოჰყვებოდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეძლეს საფრანგეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში გამარჯვება, იტალიურ-ფრანგულმა კოალიციამ - „იდენტობა და დემოკრატია“ (ID) - მხოლოდ 73 მანდატი მოიპოვა, როდესაც „მწვანეებს“ 74 ადგილი ერგოთ. ტრადიციულ პარტიებს მოჰყვება „განაახლე ევროპა“ (RE) – 108 ადგილით. უკანასკნელი ახალი გაერთიანებაა, ინიციატივა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ეკუთვნის. 

ევროპის მთავარი ლიბერალი, ნაციონალიზმი და მოულოდნელი ტალღა 

საერთაშორისო პრესამ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მალევე შერაცხა ევროპის მთავარ ლიბერალად, რომელიც ევროპას უფრო მჭიდრო ინტეგრაციას და გაძლიერებას ჰპირდება. თუ თვალს გადავავლებთ საფრანგეთის შიდა პოლიტიკას, გასაკვირი არ იქნება, თუ რატომ დაერქვა ევროპარლამენტის ლიბერალურ გაერთიანება ALDE-ს „განაახლე ევროპა“, მაკრონის პარტიის („წინ რესპუბლიკა!“) გაწევრიანების შემდეგ.

მაკრონის, როგორც ყველაზე პროევროპელი ლიდერის იმიჯი დაფუძნებულია განახლების სურვილსა და შესაბამის დაპირებებზე. თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში იგი საუბრობდა მემარცხენე-მემარჯვენე პოლიტიკის დასასრულზე, მსგავსი დაყოფის არქაულობიდან გამომდინარე. ამის ნაცვლად მაკრონის პოლიტიკამ შექმნა „ახალი“ დიქოტომია - „პროგრესული მოდერნისტები“ და „რეაქციონერი უსაქმურები“. ეს ვიწროპოლიტიკური დაყოფა ასულდგმულებს მაკრონის ნეოლიბერალურ პოლიტიკას, რომლის ერთადერთ ალტერნატივად მზარდი რეიტინგის მქონე მარი ლე პენის ნაციონალისტურ-პოპულისტური პარტია „ეროვნული ფრონტი“ საღდება. 

ცენტრისტული პოლიტიკის მიმდევარი მაკრონი, თავისი ახალი და პროგრესული პოლიტიკის წარმოსაჩენად, „მწვანეთა“ დისკურსის „გადაყლაპვას“ აქტიურად ცდილობდა. მისი არჩევიდან რამდენიმე თვეში, მაკრონმა ეკოლოგიის მინისტრად დანიშნა ნიკოლას ჰულოტი, რომელიც გარემოს დაცვის მოძრაობის წამყვანი ფიგურა იყო. ამავე საკითხთან დაკავშირებით კი, საერთაშორისო ყურადღება მაკრონმა ტვიტერზე მისი განაცხადით მიიპყრო. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომ ამერიკა არ მიიღებდა მონაწილეობას პარიზში კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში, მაკრონმა პოსტით უპასუხა - „კვლავ გავხადოთ ჩვენი პლანეტა დიადი“.

მაგრამ, როგორც ერთ-ერთმა მკვლევარმა შეაფასა, მაკრონის მცდელობა პლანეტის გადარჩენაზე უფრო მეტად ეკონომიკის აბსოლუტურ ლიბერალიზაციას მოიცავს, რაც, ბრექსიტის პროცესის დასრულების შემდეგ, საფრანგეთს საშუალებას მისცემს მოირგოს ბრიტანეთის ამპლუა და მიიღოს მსგავსი ფინანსური ბენეფიციები ევროკავშირიდან. შესაბამისად, მან მაკრონის პოლიტიკა შემდეგი ლოზუნგით შეაფასა: „გავხადოთ საფრანგეთი დიდი ბრიტანეთი“. 

მაკრონის ეკონომიკური რეფორმების ფონზე კი საფრანგეთის ყველა დიდ ქალაქში ყვითელჟილეტიანი მეამბოხეები გამოჩნდნენ. ზოგადად, ყვითელი ჟილეტების მთავარი დანიშნულებაა გახადოს ადამიანი მარტივად შესამჩნევი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გახადოს იგი აღქმადი. ამიტომაც მას ძირითადად იყენებენ მუშები საგზაო სამუშაოების შესრულებისას. ასევე, ზოგიერთ ქვეყანაში მძღოლები ვალდებული არიან გამოიყენონ მარტივად შესამჩნევი ყვითელი ჟილეტები საგანგებო ვითარების არსებობის შემთხვევაში.

საფრანგეთის მოქალაქეებმა ყვითელი ჟილეტების მორგება სპეციალურად პრეზიდენტ მაკრონისთვის ნოემბრიდან დაიწყეს. მათი თქმით, მიზანი უჩინარი კლასის გამოჩენა იყო, რომელიც ხშირად ელიტური პოლიტიკის მიღმა რჩება და შესაბამისად, მარტივად ხდება პოპულისტური დისკურსის მომხმარებელი. 

საპროტესტო ტალღის პირველ ეტაპზე ყვითელჟილეტიანი ფრანგები საწვავზე გადასახადების ზრდას ეწინააღმდეგებოდნენ. საწვავის გაძვირება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ფარგლებში, ემანუელ მაკრონის ეკო მეგობრული პროექტების მხარდაჭერიდან გამომდინარეობდა. პერიფერიებში მცხოვრები საშუალო კლასისთვის, მაკრონის ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვას ასახავდა, არამედ მისი ელიტისტური მართვის სტილს, რომელიც, მათი აზრით, არ ითვალისწინებს საშუალო და დაბალი კლასის შესაძლებლობებსა და მოთხოვნებს. შესაბამისად, აქციის მონაწილეების არაჰომოგენურ შემადგენლობას ეკონომიკური უთანასწორობისადმი პროტესტი აერთიანებდა. 

პროტესტების შესაჩერებლად მაკრონმა მალევე დაიწყო თავისი ქმედითობის დემონსტრირება. მან საზოგადოებას ტელევიზიით მიმართა ელისეს 365-ოთახიანი სასახლის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ოთახიდან. პრეზიდენტი ამ მიმართვით გაემიჯნა ძალადობას და საკმაოდ ბევრი რამის დათმობაც მოუწია. თუმცა მან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, სიმდიდრეზე გადასახადების აღდგენა, არ დააკმაყოფილა. 

ყვითელჟილეტიანების პროტესტის ჭრილში, მაკრონის მეორე გამოსვლა ევროპარლამენტის წინასაარჩევნო კამპანიას უფრო ჰგავდა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილების ფარგლებში არსებული პროექტების პრიორიტეტულობას და აღნიშნა, რომ სწორედ კლიმატის ცვლილება უნდა იყოს ქვაკუთხედი როგორც ნაციონალური, ისე ევროპული პროექტებისთვის. გასაკვირი არ არის, რომ ფრანგ ლიდერს არ უსაუბრია კლიმატის ცვლილების სახელით წარმოებულ წარუმატებელ პოლიტიკაზე, რომლის ფარგლებშიც ჯერ ეკოლოგიის მინისტრი გაექცა და შემდგომ „მდიდრების პრეზიდენტის“ სახელი ებოძა. 

გამოსვლა მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოიყენა „პროგრესული მოდერნისტის“ იმიჯის განსამტკიცებლად, და როგორც ცენტრისტმა, ამჯერად მემარჯვენე დისკურსის მორგება სცადა, ევროპარლამენტის არჩევნებამდე მემარჯვენე ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.  მაკრონი ულტრამემარჯვენეების მთავარი ინტერესის - უსაფრთხოებისა და მიგრაციის თემის უფრო ჰუმანურად წარმოჩენას შეეცადა, ისაუბრა საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმირების საჭიროებაზე. ამ ჭრილში, ყურადღება გაამახვილა დაცული საზღვრების მნიშვნელობაზე და შენგენის ზონის არაეფექტიანობაზე. კონკრეტულად, მაკრონმა გააკრიტიკა თავშესაფრის გაცემის არასამართლიანი პოლიტიკა;  აღნიშნა, რომ მზად არის გააგრძელოს შენგენის ხელშეკრულება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არა მხოლოდ თავისუფალი მიმოსვლით პოულობენ სარგებელს, არამედ მიგრაციით გამოწვეულ პრობლემებზე პასუხისმგებლობასაც იზიარებენ.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მაკრონი კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო გახსნილად, შეეცადა უკვე ნახსენები დიქოტომიის წარმოჩენას. ამომრჩევლისადმი მაკრონის ბოლო მიმართვა იყო „წერილი ხალხს“, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტი აფრთხილებს მოქალაქეებს ევროპის ფრაგმენტაციის საშიშროებაზე. მიზეზად მაკრონი დეზინფორმაციას ასახელებს, რომელსაც ძირითადად ნაციონალისტი ლიდერები ავრცელებენ. როგორც თავად აღნიშნავს: „ნაციონალისტი ლიდერები ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ ეროვნული იდენტობის გაძლიერებისთვის საჭიროა ევროკავშირის დატოვება. პირიქით, ევროპული ცივილიზაცია არის ის, რაც გვიცავს, გვათავისუფლებს და გვაერთიანებს“.

საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში ემანუელ მაკრონის პარტიამ ულტრამემარჯვე მარი ლე პენის პარტიასთან მინიმალური განსხვავებით წააგო. მარი ლე პენი არჩევნების შედეგების გამოცხადების მერე საფრანგეთში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გამოვიდა.

ლე პენთან მინიმალურ დამარცხებას მარკონის იმიჯზე გავლენა არ მოუხდენია. ის თავს კვლავ ახალგაზრდა, ჰუმანურ პოლიტიკოსად და ლიბერალური ფასეულობების შემნარჩუნებლად წარმოაჩენს, რომელსაც უნდა ისტორიაში დარჩეს როგორც დიდი რეფორმატორი და ევროპის ლიდერი. 

ევროპის მომავლის განსხვავებული ხედვა აქვს მაკრონის სრულ ანტიდოტად შექმნილ, ასევე იტალიის ახალგაზრდა შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის. იგი ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტი ლიდერია და მისი ძირითადი ნარატივი ეროვნული გაძლიერების გარშემო იგება. მაკრონსა და სალვინს შორის დაძაბული ურთიერთობა იტალიის ულტრამემარჯვენე კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთანავე შესამჩნევი გახდა. 

თავდაცვის საკითხს ნაციონალისტი ლიდერი მიგრაციის საკითხს უკავშირებს. ამის თავიდან ასარიდებლად, იგი ხმელთაშუა ზღვის დაცვას (ყველაზე მეტი მიგრანტი აფრიკიდან ხმელთაშუა ზღვას ადგება, ხოლო მათი განაწილება პრობლემური პროცესია) და ეროვნულობის გაძლიერების საჭიროებას უსვამს ხაზს. ეს ყველაფერი კი არაერთხელ გახდა მაკრონსა და სალვინს შორის დაპირისპირების საკითხი. მაკრონმა მწვავედ გააკრიტიკა მატეო სალვინის გადაწყვეტილება, არ შეეშვა ჰუმანიტარული გემები, რომლებსაც აფრიკიდან ემიგრანტები გადმოჰყავდათ. თავის მხრივ, სალვინიმ და ვიცე-პრემიერმა, ლუიჯი დი მაიომ, არაერთხელ დაადანაშაულეს მაკრონი საემიგრაციო კრიზისის გამოწვევაში. გამწვავებაში. მათი თქმით, საფრანგეთის „კოლონიური“ პოლიტიკა აფრიკაში, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, იწვევს აფრიკელი ემიგრანტების დიდი რაოდენობით შედინებას ევროპაში. 

აღსანიშნავია ევროპის ულტრამემარჯვენე პარტიების მოსამზადებელი პროცესი ევროპარლამენტის არჩევნებამდე. სალვინი ერთი თვით ადრე ულტრამემარჯვენე ალიანსის ლიდერებს მოუწოდებდა, შეექმნათ ალიანსი, რომლის მთავარი მიზანი ბრიუსელის „არალეგალური ოკუპაციისგან ევროკავშირის 28 ერის გათავისუფლება“ იქნებოდა. როგორც ეკონომისტმა შეაფასა, შემდეგი წელი იქნება „თეატრალიზებულ პირთა“ დაპირისპირებების წარმოდგენა. ერთ მხარეს - სალვინი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ხოლო მეორე ბანაკში - მაკრონი და გარკვეულწილად ანგელა მერკელი, რომელიც ტოვებს ასპარეზს. მაკრონი კი აღნიშნავს, რომ სალვინის და ორბანის დუო სწორად მიიჩნევენ მას ძირითად ოპონენტად. მაგრამ მთავარი ამ მოვლენებში არის ის, რომ ინტერესების დაყოფა ევროსკეპტიკურ და პროევროპულ ძალებად მოვლენების ზედმეტი გამარტივებაა და ალბათ ამ ჯგუფებისთვის მომგებიანი სტრატეგიის ნაწილია. 

პოპულისტებისა და „ახალი“ ლიბერალების დაპირისპირებისა და რეიტინგის ზრდის ფონზე (მიუხედავად იმისა, რომ მაკრონი ცდილობს თავი აარიდოს ამ ტერმინს, საფრანგეთში არსებული უგულო, ულტრაკაპიტალისტური კონოტაციის გამო) ევროპარლამენტის არჩევნებმა „მწვანეების“ გაძლიერებაც გვაუწყა. 

გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების მიხედვით, „მწვანეთა პარტიამ“ მეორე ადგილი დაიკავა, გაორმაგებული შედეგით. პირველი ადგილი კვლავ ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს ერგო, მაგრამ, თუ 2014 წლის არჩევნებში ხმების 35,3 პროცენტი მიიღო, წელს ეს მაჩვენებელი 28,9 პროცენტამდე შემცირდა. „მწვანეების“ აღზევებას გერმანიაში (ევროპის მასშტაბითაც) ახალგაზრდა ამომრჩეველთა გააქტიურებას უკავშირებენ. თუ მარი ლე პენი კლიმატის ცვლილების საფრთხეს „ფსიქოზად“ მოიხსენიებს, „მწვანეების“ შეფასებით, ეს საფრთხე ევროპის ახალ საერთო ფასეულობას უნდა იქცეს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საფრანგეთში „მწვანეებმა“ მესამე ადგილი დაიკავეს, 13 პროცენტზე მეტი ხმით. 

გერმანელი „მწვანეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბაერბოკმა განაცხადა, რომ, მიუხედავად მხარდამჭერების ზრდისა, თუ „მწვანეებს“ რეალურად სურთ გახდნენ პოლიტიკური ძალა, ამომრჩევლები უნდა დაარწმუნონ -კლიმატის პოლიტიკა არ არის ელიტური ფენომენი, ვინაიდან ის საერთო მიზანს ემსახურება: „საფრანგეთისგან მიიღეს გაკვეთილი, რომ კლიმატის გადარჩენა ვერ მოხერხდება სოციალური უსამართლობის ხარჯზე“. ტერმინი „მწვანე ტალღა“ სწორედ ფრანგული „მწვანეთა პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იანიკ ჟადომ გამოიყენა პირველად არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ. შესაბამისად, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ევროპარლამენტში ნაციონალიზმის ტალღას „მწვანეების“ მზარდი ტალღა უტოლდება.

-------------------

ეკატერინე ჭავჭანიძე - საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, ედინბურგის უნივერსიტეტი;
GIPA-ს მოწვეული ლექტორი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^