Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბრიტანელ კონსერვატორთა კარის თამაშები

25 ივლისი 2019
ახლოვდება ბრექსიტისათვის განსაზღვრული უკანასკნელი ვადა - 31 ოქტომბერი. ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ, შიდაპარტიული კენჭისყრის საფუძველზე, ახალი ლიდერი აირჩია. პარტიის ახლად არჩეულმა პირველმა პირმა დიდი ბრიტანეტის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. კონსერვატიული პარტიისა და გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტის მართვის სადავეები ლონდონის ყოფილმა მერმა, ბორის ჯონსონმა ჩაიბარა. თუმცა, ეს პოლიტიკური განტოლების ამოხსნისთვის აუცილებელი პირველი ნაბიჯია. ახალი პრემიერის არჩევის შემდეგ უფრო რთული და მტკივნეული - კონტინენტურ ევროპასთან მოლაპარაკებების ეტაპი იქნება გადასალახი.

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრიტანეთის 17-მა მილიონმა მოქალაქემ ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი. ბრექსისტის მომხრეები თავის მოწინააღმდეგეებზე მილიონით მეტი აღმოჩნდნენ. აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით რეალურად იყო კონსერვატიული პარტიის ხარკი ძალაუფლებისათვის, რადგან 2015 წლის გენერალურ არჩევნებზე დევიდ ქემერონის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ სახალხო გამოკითხვის დანიშვნა იყო. თამამმა დაპირებამ „ტორების“ ლიდერს მემარჯვენე ევროსკეპტიკოსთა ხმებიც შესძინა, რეფერენდუმის იდეა მიმზიდველი სატყუარა აღმოჩნდა ევროპარლამენტის 2014 წლის არჩევნებში გამარჯვებული ნაიჯელ ფარაჯის მომხრეების კონსერვატიულ ბანაკში გადმობირებისათვის.

საბოლოოდ, რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებიდან 24 საათში ევროკავშირში დარჩენის მხარდამჭერ ქემერონს მოუწია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეტვირთა - 24 ივნისს ახალგაზრდა ლიდერმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. კონსერვატორთა პარტია კი არჩევანის წინაშე დადგა - მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა ე.წ. „ჰარდლაინერებსა“ და ევროკავშირიდან გამოსვლის ზომიერი სტრატეგიის მომხრეებს შორის. („ტორები“ დღესაც სწორედ ასეთი არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ). 2016 წელს ფსონი დაიდო ზომიერ და დაბალანსებულ კანდიდატ ტერეზა მეიზე, კონსერვატიული მთავრობის და პარტიის გამოცდილ წევრზე, რომელიც რეფერენდუმის პერიოდში ნეიტრალური პოზიციით გამოირჩეოდა - აკრიტიკებდა ევროპულ ინსტიტუციებს, მაგრამ ევროკავშირში დარჩენა ქვეყნისათვის უკეთეს ალტერნატივად მიაჩნდა. ბრიტანეთის ისტორიაში მეორე ქალმა პრემიერ-მინისტრმა ლიდერობა 13 ივლისს გადაიბარა და ევროპის უახლეს ისტორიაში ახალი „საგის“ გათამაშებაც დაიწყო.

სამართლებრივად, ევროკავშირის დატოვების საკითხი უშუალოდ უკავშირდება 2009 წელს ძალაში შესულ ლისაბონის ხელშეკრულებას. ხელშეკრულების 50-ე პუნქტით პირველად სცადა წევრმა სახელმწიფომ საკუთარი ინიციატივით ევროკავშირის დატოვების შესაძლებლობის ლეგალური მოწესრიგება. თანამეგობრობის დატოვების მსურველმა სახელმწიფომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ თავდაპირველად უნდა ამცნოს ევროპულ საბჭოს. შემდეგ გათვალისწინებულია ორწლიანი ვადა, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან კავშირის დატოვების პირობებზე შეთანხმებისათვის უნდა გამოიყენოს. დათქმული ვადა კონსენსუსის შემთხვევაში შეიძლება გახანგრძლივდეს კიდეც.

ბრიტანეთის მთავარი პრობლემაა ის, რომ მას ევროკავშირის წევრ თითოეულ სახელმწიფოსთან დამოუკიდებლად უწევს მოლაპარაკებების წარმოება, რასაც პროცესი პოლიტიკურ ჩიხში შეჰყავს. ბრიტანეთს ფრანგებმა სათევზაო წყლების დათმობა მოსთხოვეს, ესპანეთი გიბრალტარის სტატუსის საკითხზე უკან დახევას არ აპირებს, ჰოლანდიელები ეკოლოგიური ვალდებულებების პატივისცემას მოითხოვენ, პოლონეთსაც თავისი პირობები აქვს კუნძულზე მცხოვრებ შრომით მიგრანტებთან მიმართებით და ა.შ. საბოლოოდ კი გამოდის, რომ მეისა და ბრიტანეთს განსაკუთრებით მაღალი საფასურის გადახდა უწევთ ევროკავშირის დასატოვებლად.

შესაბამისად, ტერეზა მეის მიერ შეთანხმებული გასვლის გეგმა ჯერ 2019 წლის 15 იანვარს, შემდეგ 12 მარტს და ბოლოს 29 მარტს ჩავარდა თემთა პალატის სესიების მიმდინარეობის დროს. ბრიტანელმა პარლამენტმა დიდი უმრავლესობით უარყო მეის ყველა სტრატეგია. მრავალთვიანი კრიზისისა და შეუთანხმებლობის შემდეგ ტერეზა მეიმ გადაწყვიტა, დათმოს პრემიერ-მინისტრისა და „ტორების“ ლიდერის პოსტი და პასუხისმგებლობა თანაპარტიელთა მიერ არჩეულ ახალ პოლიტიკოსს გადასცეს.

ბრექსიტის ქარიშხალმა კონსერვატიული პარტია დაანაწევრა. დღეს, „ტორებს“ შორის რადიკალთა ხმა ყველაზე უკეთ ისმის. ისინი ქვეყნის „ღირსებით და დემოკრატიული არჩევანის პატივისცემით“ აპელირებენ, მათ რიგებში ირიცხება დედაქალაქის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი. ჯონსონმა აჯობა პარტიულ კონკურენტ ჯერემი ჰანტს და გაერთიანებული სამეფო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე პერიოდში ჩაიბარა. გამოკითხვების მიხედვით, კონსერვატორთა 160-ათასიანი აქტივის გამოკვეთილი უმრავლესობა სწორედ რადიკალთა ლიდერს ანიჭებდა უპირატესობას, რომლის გაპრემიერებაც, ფაქტობრივად, გარდაუვალი ჩანდა.

საკითხავი ის არის, თუ რომელი ვერსიის ბორის ჯონსონს მივიღებთ პოლიტიკური სისტემის სათავეში? - ლონდონის „სიტი ჰოლში“ საქმიანობის დროინდელ, ემიგრაციისადმი ლოიალურად განწყობილ თანამედროვე კონსერვატორს, სოციალური ლიბერალიზმის მიმდევარ ჯენტლმენს თუ მემარჯვენე პოპულისტს, რომელიც ბრექსიტის რეალიზაციის დაგვიანებას ხალხის წინააღმდეგ ელიტური ჯგუფების შეთქმულებას უწოდებს. პოლიტიკა უცნაური და წინააღმდეგობრივი ფენომენია, თუ ლონდონის მერობა გინდა, ტოლერანტი და მულტიკულტურალიზმის ღირებულებების ერთგული უნდა იყო, ხოლო თუ კონსერვატიული პარტიის ლიდერობას გადაწყვეტ, მემარჯვენე ნაციონალიზმის სახე უნდა გახდე, ბორის ჯონსონი კი შექსპირის სტანდარტებისათვის შესაშურად ახერხებს როლებს შორის გარდასახვას.

ბორის ჯონსონი დაიბადა 1964 წელს ნიუ-იორკში, სადაც მამამისი, შემდგომში ცნობილი ეკონომისტი სტენლი ჯონსონი, კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა. მოგვიანებით, ბორისი ინგლისის სუპერელიტურ „ეტონის კოლეჯში“ აღმოჩნდა. ეს კოლეჯი აქვთ დამთავრებული ბრიტანეთის სამეფო კარის უფლისწულებს, უილიამსა და ჰარის. საბოლოოდ, ყველა მოწინავე ინგლისელი პოლიტიკოსის მსგავსად, ბორის ჯონსონმაც ოქსფორდში დაასრულა აკადემიური განათლების მიღება, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა კლასიკური ეპოქა და მასთან დაკავშირებული მეცნიერებები. სწავლის დასრულების შემდეგ, მომავალმა ლიდერმა Daily Telegraph-ში დაიწყო თავისი ჟურნალისტური კარიერა. იგი ხუთი წლის განმავლობაში სიხისტით გამორჩეული მემარჯვენე გამოცემიდან დაუნდობლად აკრიტიკებდა ევროპულ ინსტიტუტებს. 2001 წელს ხმაურიანმა ჟურნალისტმა პრესის ლოჟიდან გადაინაცვლა თემთა პალატაში, სადაც ჰენლის ოლქს წარმოადგენდა.

მას პოლიტიკური საქმიანობის პირველი ნაბიჯების გადადგმის დროსაც ახასიათებდა ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებით ყურადღების მიპყრობის სურვილი. ჯონსონმა დეპუტატობის დასაწყისში ჯერ სექსუალური უმცირესობების დამცველი პოლიტიკით დაგვამახსოვრა თავი, შემდეგ კი რასისტული კომენტარებით გაითქვა სახელი. მისი ერთგვარი თავდასხმის ობიექტი ბარაკ ობამაც კი ყოფილა, რომელიც „ჰარდლაინერმა“ „ნაწილობრივ კენიელად“ მოიხსენია. 2008 წელს ბორის ჯონსონმა პოლიტიკური ბიოგრაფიის პიკს მიაღწია და ლონდონის მერის არჩევნებში 53%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა. ბრექსიტის რეფერენდუმის შემდეგ, 2018 წლამდე, იყო საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მაგრამ ტერეზა მეისაგან განსხვავებული პოზიციების გამო ფაქტობრივ ოპოზიციონერად ჩამოყალიბდა. დღეს კი უკვე პრემიერ-მინისტრი და პარტიის ლიდერია. 

ბორის ჯონსონმა თავისი რადიკალური და არაადეკვატური განცხადებების საშუალებით სამუდამოდ დაამახსოვრა თავი თითოეულ ბრიტანელს. მას კარგად იცნობენ მთელ მსოფლიოშიც, მუსლიმურ სამყაროს, ალბათ, არასდროს დაავიწყდება, გავლენიანმა პოლიტიკოსმა ჰიჯაბით შემოსილი ქალები საფოსტო ყუთებს რომ შეადარა. ხმაურიანი გამოსვლების წყალობით ჯონსონმა დასუსტებულ კონსერვატორ კანდიდატებს ჰანდიკაპით მოუგო.

რას უნდა ველოდეთ მისი ლიდერობისაგან?

ზომიერმა პოლიტიკამ ტერეზა მეის მეთაურობით არ იმუშავა. კონსერვატორები ახლა რადიკალიზმის კარტს გაათამაშებენ. მართალია, ვაბანკზე წასვლით შესაძლოა ევროპასთან დამარცხდნენ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველი ბრძოლა არჩევნებზე აქვთ მოსაგები. ყველა ხედავს, რომ, გაჭიანურებული განხილვების კვალდაკვალ, „ტორების“ ელექტორატი და დეპუტატები გადაბარგდნენ ნაიჯელ ფარაჯის ახალ ბანაკში - „ბრექსიტის პარტიაში“, რომელმაც 2019 წლის ევროპული პარლამენტის კენჭისყრაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. სტატისტიკურად, კონსერვატორთა 40% მიიმხრო და დაუფარავად დაემუქრა ბორის ჯონსონის პარტიას, რომ თუ 31 ოქტომბერს ბრექსიტი არ დასრულდება, გენერალურ არჩევნებში ფარაჯის პარტია იქნება ის ძალა, რომელიც მობერებულ კონსერვატიულ ორგანიზაციას ჩაანაცვლებს. საფრთხე რეალურია, შიში ქემერონსაც ჰქონდა 2015 წელს და ამიტომ გასცა რეფერენდუმის დანიშვნის დაპირება. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ბორის ჯონსონის მეთაურობით ბრიტანეთი ბევრად რადიკალური გახდება ევროკავშირთან მოლაპარაკებებში, განიხილება შეთანხმების გარეშე ალიანსის დატოვების იდეაც, რაზეც უკვე აშკარად მოუწოდებენ რადიკალი თანაპარტიელები ახალარჩეულ პრემიერს.

 31 ოქტომბერი ახლოვდება, თან ისე, რომ ამომრჩეველთა გულებიც მოსაგებია...

----------------

ირაკლი თხილაიშვილი - "თსუ" - ს იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^