Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით გარეჯის პრობლემა და ხელისუფლება სამოქმედო გეგმის გარეშე

27 ივლისი 2019
2019 წლის თებერვალში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ბაქოს. ამ ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა წამოჭრა საკითხი დავით გარეჯის დაუდგენელი საზღვრის დელიმიტაციის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ორ მეგობარ ქვეყანას შორის ეს საზღვარი უნდა იქცეს არა გამმიჯნავ, არამედ გამაერთიანებელ საზღვრად. სწორედ ამ პერიოდში გარეჯის პრობლემა ხელახლა გამწვავდა. გაუგებარია, რატომ წამოჭრა ქართულმა მხარემ ეს პრობლემური საკითხი, თუ მთავრობას არ გააჩნდა კონკრეტული სამოქმედო გეგმა და პრობლემების გადაჭრის გზები?

2019 წლის 25 აპრილს გარეჯის პრობლემამ ახალი სიმწვავე შეიძინა, როცა დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები სასულიერო პირებსა და მომლოცველებს უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე გადაადგილებას უკრძალავდნენ. მისი აზრით, ვითარება ადგილზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა.

არქიმანდრიტმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა: „მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს არჭობენ, რასაც მშვიდად უყურებენ ქართველი მესაზღვრეები. ისეთივე კრიზისული და უარესი მდგომარეობა იქმნება, როგორიც იყო 2012 წლის მაისში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ მესაზღვრეებს უბრძანა, ტურისტები არ გაატაროთო. მაშინ ასე ითხოვდნენ აზერბაიჯანელები და ქართულმა მხარემ, რატომღაც, ვიდრე ხმაური არ ავტეხეთ, მეზობლის მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუმცა სასულიერო პირებს მონასტერსა და ტაძრებში ასვლის უფლება ჰქონდათ, დღეს კი, ჩვენც აღარ გვიშვებენ“. 

საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ მოვლენებს იმავე დღეს გამოეხმაურა და როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, იმ პერიოდისთვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ შექმნილი დაძაბულობა განიმუხტა. 

ეს მოვლენები მწვავედ აღიქვა ქართული სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა, რასაც მოჰყვა ადგილზე საპროტესტო ტალღა. აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გოგიტა ბუხაიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ წამოჭრა ქართულმა მხარემ ეს პრობლემური საკითხი, რომლის გადაჭრის გზებიც ამ ეტაპზე ბუნდოვანია და მთავრობას არ გააჩნია რაიმე კონრეტული სამოქმედო გეგმა. 

გარეჯის თემას 26 აპრილს გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარე ამ ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებს ალბანური კულტურის საკუთრებად აღიარებს და თავს მათ სამართალმემკვიდრედ მიიჩნევს.

უფრო მოგვიანებით გავრცელდა საპატრიარქოს ოფიციალური განცხადებაც:
„აღნიშნული კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად… საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პროვოკაციად როგორც სხვა ეროვნებების, ისე ქართველ მუსლიმთა მიმართ“.

ამ განცხადებებს არც საპატრიარქოს და არც ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ქმედებები არ მოჰყოლია.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, მხოლოდ ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეთანხმების საფუძველზე წამოიჭრა საკითხი საზღვრის დემარკაციის შესახებ, პრეზიდენტის ახლანდელი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე კი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტექნიკურად ჩართული არ არის ამ პროცესებში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი „ლიბერალთან“ საუბარში განაცხადა, რომ დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ხელმძღვანელობა უწყების დონეზე მიმდინარეობს და სამინისტრო სრულად არის პროცესებში ჩართული. 

თუმცა, კვლავ გაუგებარია, კონკრეტულად რა კეთდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად. 


უახლესი მოვლენები

სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, 14 ივლისს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრიდან ხატები გამოიტანეს და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს. ამ ფაქტმა გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი და მცირე ინციდენტი ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის. ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ დაჯდა დავით გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანული ვერტმფრენი. 

ამ ფაქტთან დაკავშირებით თემის აქტივისტი გოგიტა ბუხაიძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან მომხდარს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია:
„რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩვეულებრივად უნდა გახსნილიყო გზა, ავიდნენ ადგილზე სვანები და უდაბნოელები, რომლებსაც ტერიტორია დახვდათ დაბინძურებული, ხატები კი - ბილიკზე დაყრილი. ბუნებრივია, ადგილობრივებს ამაზე მწვავე რეაქცია ჰქონდათ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება. ამის შემდგომ კი უკვე ვნახეთ აზერბაიჯანული მხარის ვერტმფრენი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე“.

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უდაბნოს მოანსტერთან. 2019 წ.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 15 ივლისს საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე დაიბარეს აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში, სადაც აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მომხდარ თავდასხმასა და მესაზღვრეების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით განმარტება მოსთხოვეს. ამის საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება: „სინანულით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ჩვენ მას ვაფასებთ, როგორც პროვოკაციას, რომელიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების შესაქმნელად“. ამასთან, საქართველოს საგარეო უწყებამ გამოთქვა მზაობა საზღვრის დადგენის საკითხზე მოლაპარაკებების განახლებისთვის.

საპროტესტო გამოსვლა საქართველო-აზებაიჯანის საზრღვართან. 2019 წ.

ამჟამინდელი მონაცემებით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა კვლავ ჩაკეტეს. როგორც არქიმანდრიტი ილარიონი „ლიბერალთან“ საუბარში ამბობს, თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ ტურისტებსა და მომლოცველებს:

„არ გვიშვებენ ტერიტორიაზე. ამ დროისთვის ჩვენი მონასტრებია ჩაკეტილი. დღემდე, სიტუაციის გასარკვევად, მთავრობიდან ან აზერბაიჯანული მხრიდან ჩვენთან არავინ მოსულა. ვფიქრობ, ვითარებას აზერბაიჯანული მხარე ამწვავებს, ბოლოდროინდელი ქმედებებით“. 

რას გვეუბნება ისტორია?

1921 წელს თბილისის გუბერნიის ნაწილი - ქვემო ყარაიის ველი აზერბაიჯანის სსრ-ის შემადგენლობაში მოხვდა. შედეგად, დავით გარეჯის კომპლექსის 16 მონასტრიდან სამი (ბერთუბანი, უდაბნო და ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის მხარეს აღმოჩნდა.

1996 წლიდან აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთ სადავო საკითხს წარმოადგენს დავით გარეჯში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ტერიტორია. სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი საზღვრის დაუდგენელ ნაწილშია მოხვედრილი.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გარეჯის სადავო მონაკვეთზე თავისუფალი მიმოსვლის პრობლემა ბოლო დრომდე არ არსებულა. ეს, უპირველეს ყოვლისა, იმან განაპირობა, რომ დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენიდან ხუთი წლის შემდეგ შეიქმნა, დაკავებული იყო ორი ქვეყნის საზღვრის სხვა მონაკვეთების დელიმიტაციით. პრობლემები დაიწყო 2003 წლიდან, როცა აზერბაიჯანულ მასმედიაში გაჩნდა სტატიები უდაბნოს მთის სტრატეგიული მნიშვნელობისა და აქ განლაგებული ქართული მონასტრების ვითომდა ალბანური კუთვნილების შესახებ. მდგომარეობა პირველად 2007 წელს გამწვავდა, როცა ჩიჩხიტურში სამონასტრო ცხოვრების განახლების მსურველმა ბერებმა იქ მდგომი კოშკი აღდგენის მიზნით ხარაჩოებში მოაქციეს და სამშენებლო სამუშაოები დაიწყეს. სწორედ 2007 წლის 26 აპრილით დათარიღებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმით ოფიციალურად პირველად გაცხადდა, რომ „ლავრის მიმდებარე უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები იმთავითვე იყო და არის ქართული კულტურისა და სულიერების კერები“, - ამბობს ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი.

მაცხოვრის ფრესკა. უდაბნოს მონასტერი. 2019 წ.

2019 წლამდე, დავით გარეჯის საზღვართან დაკავშირებით იყო ორი ინციდენტი. პირველად, 2007 წელს უდაბნოსკენ მისასვლელი გზა აზერბაიჯანულმა მხარემ ჩაკეტა, ხოლო მეორედ, 2012 წლის მაისში ორი კვირის განმავლობაში მომლოცველებსა და ტურისტებს აეკრძალათ ადგილზე გადაადგილება.

რას გვეუბნება ხელშეკრულებები?

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხალაფ ხალაფოვის განცხადებით, სამონასტრო კომპლექსის გარკვეული ნაწილი „ყველა არსებული სამართლებრივი დოკუმენტით“ აზერბაიჯანის კუთვნილებაა. მისი თქმით, ამას ადასტურებს ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ჯერ კიდევ 1963 წელს დაამტკიცა და საბჭოთა კავშირის დაშლამდე ორივე მხარემ აღიარა როგორც ადმინისტრაციული საზღვარი.

ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი თავის განცხადებაში ეყრდნობა მხოლოდ იმ რუკებსა და დადგენილებებს, რომლებიც აზერბაიჯანისთვისაა ხელსაყრელი. 

„არსებობს სადავო ტერიტორიაზე გამავალი საზღვრის 1938 წლის რუკა, რომელზე დატანილი საზღვრის კონფიგურაციაც აზერბაიჯანის ამგვარ თავდაჯერებულობას აქარწყლებს. 1996 წლის 13 ივნისს მხარეები შეთანხმდნენ, რომ სწორედ 1938 წლის რუკა გამოეყენებინათ მოლაპარაკების საფუძვლად, რაც აზერბაიჯანულ მხარეს საკუთარი ხელმოწერით აქვს დადასტურებული“.

გოგიტა ბუხაიძის აზრით, 1938 წელს მიღებული პირველი ოფიციალური დოკუმენტი უნდა იყოს მთავარი სახელმძღვანელო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მუშაობისას.

თუ რომელი დოკუმენტის საფუძველზე უნდა გაივლოს გარეჯის მონაკვეთზე სასაზღვრო ხაზი, ამას ორმხრივი სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის წევრები დაადგენენ, - ამბობს ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი და დასძენს: სადავო ტერიტორიაზე გამავალი საზღვრის კონფიგურაცია სხვადასხვა რუკაზე სხვადასხვაგვარადაა ასახული, ანუ ზოგიერთი მათგანი - ქართული მხარისთვის, ზოგიერთი კი აზერბაიჯანული მხარისთვისაა ხელსაყრელი, იურიდიულად საკითხი უნდა გადაწყდეს კომისიის მუშაობის ფარგლებში. ისტორიკოსი ასევე ეთანხმება მოსაზრებას 1938 წელს მიღებული დოკუმენტის თაობაზე:

„ამ დროისთვის გარეჯის სადავო ტერიტორიასთან მიმართებით არანაირი შემაჯამებელი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. როგორც ცნობილია, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შერეულმა კომისიამ მუშაობა 1996 წელს დაიწყო და პირველი სამუშაო შეხვედრა 12-14 ივნისს თბილისში გაიმართა. ამ კომისიამ 1996 წლის 13 ივნისს გააფორმა ოქმი, რომელიც, როგორც კომისიის პირველი ოფიციალური დოკუმენტი, ჩემი აზრით, უნდა იყოს ქართულ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებების საფუძველი. ოქმის ტექსტის თანახმად, რომელსაც ხელს აწერენ მ. უკლება და ა. სალამოვი, საზღვრის დელიმიტაციის საფუძვლად უნდა აიღონ 1938 წლის 23 მარტს საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული სასაზღვრო ხაზი“. 

საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფიციალური მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული საკითხის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ფარგლებში გადაჭრის თაობაზე, რასაც ორივე მხრიდან მაისის თვეში მოჰყვა კომისიის განახლება.

ერთი შეხედვით, პროცესი დაიწყო, მაგრამ, წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, რამდენად გამოიღებს შედეგს კომისიის მუშაობა და საბოლოოდ გადაიჭრება თუ არა აღნიშნული საკითხი, კვლავ ბუნდოვანია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^