უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 50 კანდიდატიდან გასაუბრება უკვე 42-მა გაიარა. მათ შორის რომელი გახდება ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის მსაჯულის მანტიის ღირსი, ეს ჯერ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ფარული კენჭისყრით უნდა გამოავლინოს, შემდეგ კი სია პარლამენტმა დაამტკიცოს.
მოსამართლეთა შერჩევა საბჭოს არამოსამართლე წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მწვავე კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს. ისინი საბჭოში კლანურ მმართველობასა და პროცესში გამოვლენილ ნეპოტიზმის შემთხვევებზე საუბრობენ. თავად კანდიდატები კი გასაუბრების პროცესს მოზომილად აფასებენ და აქცენტი ამ მაღალი კონკურენციის პირობებში საკუთარ უპირატესობებზე გადააქვთ.
თუმცა, გამოჩნდნენ კანდიდატები, რომლებმაც პროცესუალური ხარვეზები შიგნიდან დაინახეს. მოსამართლეობის პრეტენდენტთა შორის (მათი უმრავლესობა მოსამართლეა) მხოლოდ ორია ადვოკატი. ერთ-ერთი მათგანი როინ მიგრიაული აცხადებს, რომ ძვირფასი დრო, რაც საბჭოს წევრებს მისი კვალიფიკაციის შესაფასებლად უნდა გამოეყენებინათ, უსაგნო კამათში გაფლანგეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, იმედოვნებს, რომ სისტემა ჩაკეტილი არ აღმოჩნდება ე.წ. გარედან მოსული იურისტებისთვის.
ბატონო როინ, თქვენ ხართ ადვოკატი და ამდენი მოსამართლე გყავთ კონკურენტი. როგორ შეაფასებთ თქვენს შანსებს ამ კონკურენციაში?
50-კაციანი სიიდან მხოლოდ ორი მოქმედი ადვოკატი ვაცხადებთ პრეტენზიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი თანამდებობის დასაკავებლად: მე და ბატონი პაატა შავაძე. კანდიდატთა უმრავლესობა მოქმედი ან ყოფილი მოსამართლეა. გარეშე დამკვირვებელი შეიძლება ფიქრობდეს, რომ მოსამართლე უკეთესად გაართმევს თავს ზემდგომი ინსტანციის მოსამართლეობას. თუმცა, თუკი ობიექტურად შევაფასებთ გარემოებებს, „მოსამართლეობის კარი“ არ უნდა დაიხუროს არა მხოლოდ ადვოკატთა, არამედ მეცნიერ-მკვლევართათვისაც. მე ვარ არა მხოლოდ ადვოკატი, 22-წლიანი საადვოკატო გამოცდილებით, არამედ სამართლის სფეროში მოქმედი მეცნიერიც, აქტიური სამეცნიერო ასპარეზზე 1991 წლიდან, ოთხი სახელმძღვანელოს და მონოგრაფიის, ასევე რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატიის ავტორი.
ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ გამოცდილი ადვოკატიც და მეცნიერიც არაფრით ჩამოუვარდება მოსამართლეს, რომელიც პრაქტიკულ საქმიანობაში იმავე შრომითაა დაკავებული. ადვოკატი აანალიზებს ფაქტობრივ გარემოებებს და აძლევს მათ სამართლებრივ კვალიფიკაციას; მეცნიერ-მკვლევარი სიახლეების ძიებით ხელს უწყობს სამართლის განვითარებას... ისევე როგორც მოსამართლე, რომელიც ქმნის პრეცედენტულ, განსხვავებულ სასამართლო პრაქტიკას. ამდენად, მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად არაფერია აქვთ დასაწუნი ადვოკატებს ან მეცნიერ-მკვლევრებს, რომლებმაც შეიძლება უკეთესადაც კი გაართვან თავი ამ მაღალ მოვალეობას.
სხვათა შორის, ადვოკატთა და მეცნიერთა მოსამართლეებად განწესება არ არის უცხო პრაქტიკა ევროპის ქვეყნებისთვის. ხშირად ადვოკატი პროფესიულ კარიერას სწორედ მოსამართლის რანგში ამთავრებს. ეს გამართლებულიცაა: ის აგროვებს უზარმაზარ პროფესიულ გამოცდილებას, შედის სიბრძნის ასაკში; თუკი წარმატებული ადვოკატია, მატერიალურად უზრუნველყოფილია და ესწრაფვის იმას, რომ საზოგადოებას თავი სამართლიანი და ბრძნული გადაწყვეტილებებით დაამახსოვროს. ასეთი „კარიერაგამოვლილი“ მოსამართლე უფრო შეუვალია გარეშე გავლენების მიმართ.
თუკი იუსტიციის საბჭო გააანალიზებს ამ გარემოებებს, მაშინ ჩემი, როგორც მოქმედი ადვოკატისა და მეცნიერ-პედაგოგის შანსი მაღალია. იგივე შეიძლება ითქვას პაატა შავაძეზეც, რომელსაც არ აკლია საადვოკატო გამოცდილება.
ვფიქრობ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის უმრავლესობაც მოქმედი მოსამართლეებით არის დაკომპექტებული, არ უნდა შეიბოჭოს „მოსამართლის სინდრომით“, დაუშვებელი ინტერესებით და უნდა გახსნას სისტემა არამოსამართლე კანდიდატებისთვისაც.
როგორ შეაფასებთ უშუალოდ კანდიდატებთან გასაუბრების ფორმატს და შინაარსს?
გასაუბრების პროცესმა, რომელიც კანდიდატის თვისებების გამოვლენის საუკეთესო საშუალება უნდა ყოფილიყო და რომელსაც არ უნდა დაეტოვებინა უსამართლობისა და უკმარისობის განცდა, პირადად ჩემში ბევრი კითხვა გააჩინა.
საბჭოს წევრებს, იმის მაგივრად, რომ გამოევლინათ ჩემი საუკეთესო ან თუნდაც ნეგატიური თვისებები, გასაუბრების გარკვეული ნაწილი მოანდომეს ჩემთან უსაგნო კამათს, წინა ხელისუფლების მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შეფასებასთან დაკავშირებით, რაც ნამდვილად არ ემსახურებოდა ჩემი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების დადგენას.
კანონი პირდაპირ მიუთითებს ორ ძირითად კრიტერიუმზე, რომლებითაც უნდა შემოწმდეს მოსამართლეობის კანდიდატი, ესაა: კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. თუმცა, არც კანონში და არც რაიმე კანონქვემდებარე აქტში არაა მითითებული იმ კითხვების ფორმატი, თუ როგორ უნდა გამოავლინონ საბჭოს წევრებმა კანდიდატის ეს თვისებები.
კანონით, სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატის კეთილსინდისიერების კრიტერიუმი მოიცავს ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა: პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა, პიროვნული და პროფესიული ქცევა, პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია. კომპეტენტურობის კრიტერიუმს კი შეადგენს შემდეგი მახასიათებლები: სამართლის ნორმების ცოდნა, სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია, წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარი, პროფესიული თვისებები, აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა, პროფესიული აქტივობა.
ამდენად, კანონმა კომისიის წევრებს დაუდგინა ერთგვარი ჩარჩოები კანდიდატთა მითითებული პიროვნული და პროფესიული მახასიათებლების გამოსავლენად. ანალოგიურ მითითებას იძლევა ვენეციის კომისია თავის 2019 წლის 16 აპრილის დასკვნაშიც, სადაც აქცენტირებულია კანდიდატის ძირითადი მახასიათებლები: მისი დამსახურება, კვალიფიკაცია, მისი შესაძლებლობები, პატიოსნება და დამოუკიდებლობა, აგრეთვე მისი ეფექტურობა.
ჩემს შემთხვევაში კომისიის წევრები არ დაინტერესებულან პროფესიული ქცევით, ჩემი პიროვნული და პროფესიული რეპუტაციით. მათ ასევე არ უცდიათ, გამოევლინათ ჩემი დამოუკიდებლობა და სამართლიანობა.
ძალიან უცნაურად წარიმართა კანდიდატთა პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პროფესიული ცოდნის შეფასებაც. აქ უკვე იგრძნობოდა გარკვეული უთანასწორობა კანდიდატებთან მიმართებით. ზოგიერთს, რომელთა პროფესიული აქტივობაც სისხლის ან საკონსტიტუციო სამართლით შემოიფარგლებოდა, მაგალითად, ამ დარგის შესაბამის მოსამართლეს, კითხვებს ძირითადად სისხლისა და საკონსტიტუციო სამართლიდან უსვამდნენ. იმ კანდიდატთა პროფესიული ცოდნა, რომლებიც სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტები არიან, არ მოწმდებოდა მათი სამართლის დარგების მიხედვით.
უცნაური იყო შეკითხვები კონკრეტული კანონებიდან - კომისიის წევრები კონკრეტული ნორმის შინაარსის აღწერას მოითხოვდნენ. ეს იმ პირობებში, როცა ქართული სამართალი მთლიანობაში რამდენიმე ათეული მილიონი ნორმისგან შედგება, ხოლო სამართლის ყველა ნორმის ზედმიწევნითი ცოდნის გონებრივი განჭვრეტაც კი დაუშვებელია. ამიტომაც არსებობენ ვიწრო სპეციალიზაციის იურისტები, რომლებიც შეძლებისდაგვარად სრულყოფილად ერკვევიან სამართლის კონკრეტულ დარგში. ამდენად, კანდიდატთა პროფესიონალიზმის გამოვლენის მიზნით გასაუბრება ძირითადად უნდა წარმართულიყო სამართლის იმ დარგების მიხედვით, რომლებიც კანდიდატებს უფრო მეტად ემარჯვებათ, ხოლო სამართლის სხვა სფეროებიდან უნდა დასმულიყო შეკითხვები ზოგადი სამართლებრივი ცოდნის შესაფასებლად.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, მაგალითად, ჩემთვის არც ერთი შეკითხვა არ დაუსვამთ სამართლის იმ დარგებიდან, რომლებშიც მე ღრმა სპეციალიზაცია გამაჩნია: ვალაუვალობის, საკორპორაციო და სამეწარმეო სამართლიდან.
ამ პროცესთან დაკავშირებით რა რეკომენდაციებს იძლეოდა ვენეციის კომისია?
მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისთვის ვენეციის კომისია იძლეოდა რეკომენდაციას, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო გათვალისწინებული კანდიდატის მიერ ინიციატივის გამოჩენის უნარი, იდეებისა და წინადადებების წამოყენება, მისი სამეცნიერო და სხვა პუბლიკაციები, იურიდიული პროფესიისა და საზოგადოების წინაშე დამსახურება და სხვა. ამდენად, კომისიის წევრების კითხვებიც იმგვარად უნდა დასმულიყო, რომ მათ მიეღოთ საკმარისი ინფორმაცია კანდიდატის მიერ სამართლის კონკრეტულ სფეროში განხორციელებული ინიციატივების, ქართული სამართლის განვითარებაში შეტანილი წვლილის ან რაიმე პრეცედენტის დამკვიდრების შესახებ.
ამასთან, არამოსამართლე კანდიდატის შეფასებისას, იუსტიციის საბჭოს წევრებს უნდა გამოევლინათ კანდიდატის უნარი ინიციატივის გამოჩენის, იდეებისა და წინადადებების წამოყენების კუთხით. ჩემი სახით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების წინაშე იკითხებოდა მოქმედი ადვოკატი, 22-წლიანი საადვოკატო გამოცდილებით, თუმცა საბჭოს წევრებს ერთი შეკითხვაც არ გასჩენიათ იმაზე, თუ რა ინიციატივებით ვიყავი გამორჩეული, მქონდა თუ არა რაიმე პრაქტიკული წვლილი შეტანილი ქართული სამართლის განვითარების საქმეში, ხომ არ არსებობდა ჩემს სასამართლო და სასამართლოს გარე პრაქტიკაში რაიმე პრეცედენტული სახის გადაწყვეტილება, რამაც სათავე დაუდო სამართლის ახლებურ განვითარებას...
მიუხედავად იმისა, რომ მრავალწლიანი საადვოკატო პრაქტიკიდან გამომდინარე სათქმელი ბევრი მქონდა, სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მომეცა. მაგალითად, იურიდიული საზოგადოებისთვის ცნობილია ჩემი წვლილი გაკოტრების ქართული სამართლის შემოღებასა და განვითარებაში. ჩემთვის, როგორც ამ დარგის მეცნიერისთვის, ამის ირგვლივ არავითარი კითხვა არ დაუსვამთ.