თუკი 2018 წელს, პირდაპირ ან ირიბად, ვინმე ამერიკის შეერთებულ შტატებში პრორუსული პოლიტიკის გატარებას დააპირებდა, დიდი ალბათობით, კოვზი ნაცარში ჩაუვარდებოდა. Gallup-ის კვლევის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ანტირეიტინგი ამერიკაში სამი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის მიხედვით საგრძნობლად გაიზარდა: გამოკითხულთა მესამედი რუსეთს აშშ-ის მთავარ მტრად მიიჩნევს; უმრავლესობა შიშობს, რომ რუსეთის სამხედრო სიძლიერე ხელს უშლის ამერიკის ინტერესების გატარებას; 73% კი ფიქრობს, რომ რუსეთი არასახარბიელო ქვეყანაა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს რუსეთმა სამივე კომპონენტის მიხედვით ანტირეიტინგის რეკორდი დაამყარა.
ცივი ომის დასრულებიდან ოცდამეშვიდე წლისთავზე ამერიკულ სოციუმში კვლავ იგრძნობა ცივი ომისთვის დამახასიათებელი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა. 1989 წლის შემდეგ მსგავსი ტენდენცია ორჯერ შეინიშნებოდა: პირველად, როცა ბორის ელცინის რეჟიმი ვლადიმირ პუტინის რეჟიმმა ჩაანაცვლა და, მეორედ, დიმიტრი მედვედევის მმართველობის პირველი ორი წლის განმავლობაში (2008-2010). ეს დაბალრეიტინგული პერიოდები რუსეთისთვის საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა, 2012 წელს, რამდენიმეწლიანი დადებითი შეფასების შემდგომ, პუტინის მესამე ვადით გაპრეზიდენტებისას დაწყებული ნეგატიური ტრენდი დღესაც გრძელდება.
ამერიკაში რუსეთის მტრის ხატის გაბატონება ნიშნავს თუ არა იმას, რომ მსოფლიო თანამედროვე ცივი ომის საფრთხის წინაშე დგას? სულაც არა. მტრის ხატის შექმნა არ არის მხოლოდ ცივი ომისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური მექანიზმი. მას ისევე იყენებდნენ ფაშისტურ გერმანიაში, როგორც ოდესღაც ძველ რომში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის მტრის ხატის ხელახალ შექმნას რამდენიმე გასაგები მიზეზი განაპირობებს, ხოლო მის პოპულარიზაციაზე ძირითადად ლიბერალური მედიაწყაროები ზრუნავენ. ამერიკის შეერთებული შტატები, რომელშიც მოსახლეობის 1% ფლობს შემოსავლების 20%-ს, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ეკონომიკური უთანასწორობის თვალსაზრისით (Gini-ს 2019 წლის კოეფიციენტი = 0.482 -ჯინის კოეფიციენტი - ეს არის რომელიმე შესასწავლი ნიშნის მიხედვით ამა თუ იმ ქვეყნის/რეგიონის მოსახლეობის ფენებად დაყოფის, დანაწევრების სტატისტიკური მაჩვენებელი. გამოიყენება ეკონომიკური უთანასწორობის შესაფასებლად - რედაქცია), რაც იწვევს მოსახლეობის რადიკალურ პოლარიზაციას ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური საკითხების მხრივ. ამასთანავე, მსოფლიოში აღინიშნება პოპულისტური მოსაზრებების გავრცელების მზარდი ტრენდი, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს გამოვლინებად ლიბერალური მედიაწყაროები დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას ასახელებენ. პოპულისტური მოწოდებები განსაკუთრებულად ჭრის არათანასწორ საზოგადოებაში, როგორიცაა, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ბრაზილიაში.
შესაძლოა, რუსეთის ხატის შექმნის ტენდენცია ამერიკაში ევროპიდან ვრცელდებოდეს. ევროკავშირი, „ქვეყანა“, რომელიც ნატოს იმედადაა დარჩენილი (რადგან თავის იურისდიქციაში მყოფი 500 მილიონი მოსახლის დასაცავად ჯარი არ ჰყავს), შეშინებულია რუსეთის სამხედრო მოქმედებებით ბალკანეთისპირეთსა და უკრაინაში. აღსანიშნავია, რომ, ევროპის არაერთ დიდ ქვეყანასთან ერთად, ნატოს სამხედრო გაერთიანების წევრია ამერიკის შეერთებული შტატებიც, რაც მათ ამ საკითხში უშუალო ინტერესებზე მიუთითებს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი სემიუელ ჰანტინგტონი ჯერ კიდევ 1997 წელს აღნიშნავდა, რომ ამერიკის ეროვნული ინტერესები ეროზიის პირასაა, რადგან წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების იდენტობა სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებთან შედარებით ყალიბდებოდა; ამერიკა ყოველთვის „სხვა“, სხვებისგან განსხვავებული იყო. რეიჰან სალამი, მანჰეტენის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ჰანტინგტონის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ, ამერიკის შეერთებული შტატების ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპებზე, მტრის როლს დიდი ბრიტანეთი ასრულებდა, რომელსაც ერთგვარად კონტრასტი შეჰქონდა ამერიკულ საზოგადოებაში: დიდ ბრიტანეთში ტირანია და სოციალური იერარქია იყო, ხოლო ამერიკელები თავისუფლად და თანასწორად ცხოვრობდნენ. მას მერე მტრის როლი ჯერ ვილჰელმ მეორის გერმანიამ, მერე ფაშისტურმა გერმანიამ, ხოლო საბოლოოდ საბჭოთა კავშირმა მოირგო. სემიუელ ჰანტინგტონი წერდა:
„იმ დროს, როცა ომს შეუძლია საზოგადოება გახლიჩოს, მტრის ხატის შექმნა ხალხს იდენტობის გამაერთიანებელი ელემენტების აღმოჩენისა და სოციალური ერთიანობის გაღრმავებისკენ უბიძგებს. "
ნებისმიერი სუპერსახელმწიფო, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც, მიმართავს მტრის ხატის შექმნის პოლიტიკურ მექანიზმს, რადგან ეს მათთვის სასარგებლოა. ცივი ომის დროს ამერიკის მთავარი მტერი საბჭოთა კავშირი იყო. შემდგომ წლებში ეს როლი ჯერ ტერორისტულმა დაჯგუფებებმა მოირგეს, ხოლო შემდეგ - ჩინეთმა და ჩრდილოეთ კორეამ. დონალდ ტრამპი აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდა და ატომური პროგრამის შესაძლო გადახედვაზე ესაუბრა. ამ ნაბიჯს ამერიკელები ცალსახად დადებითად აფასებენ, რასაც Gallup-ის კვლევა ადასტურებს: ჩრდილოეთ კორეის შეფასება, როგორც აშშ-ის მთავარი მტრისა, 2018-2019 წლებში საგრძნობლად შემცირდა - 51-იდან 14%-მდე და ჩანაცვლდა რუსეთით, რომელმაც ერთ წელიწადში მხარდაჭერის 13% დაკარგა და აშშ-ის მტრების სიის სათავეში მოექცა.
გასაგებია, რომ მტრის ხატის შექმნა გარდაუვალი პოლიტიკური მოვლენაა, თუმცა, რატომ მაინცდამაინც რუსეთი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად თვალი უნდა გადავავლოთ დემოკრატიულ პარტიასთან ნაწილობრივ, პირდაპირ თუ ირიბად, აფილირებულ ამერიკულ ლიბერალურ მედიას, რომელიც ამ თემას მკაცრად კურირებს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლამდე დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერები თანაბრად ასახელებდნენ რუსეთს, როგორც მნიშვნელოვან მტერს, ხოლო დონალ ტრამპის გამოჩენის შემდეგ ეს პროპორციები რადიკალურად შეიცვალა: ბოლო კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების თითქმის ნახევარი (46%) რუსეთს მთავარ მტრად მიიჩნევს, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი რესპუბლიკელებში 14%-ს უტოლდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, დონალდ ტრამპის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის დღიდან, დემოკრატიულ პარტიასთან აფილირებული მედიასუბიექტები აქტიურად მიმოიხილავდნენ ამერიკის მომავალი პრეზიდენტის კავშირებს რუსეთთან და ადანაშაულებდნენ მას რუსეთის კიბერსამსახურების ჩარევით არჩევნების შედეგების მანიპულაციაში. 2019 წლის მარტში გამომძიებელმა რობერტ მიულერმა გამოაქვეყნა 22-თვიანი სპეციალური გამოძიების შედეგები. მასში ნათლად ჩანს, რომ გამოძიებას არ გააჩნია საკმარისი სამხილები, რათა რუსეთს ოფიციალურად დასდოს ბრალად საპრეზიდენტო არჩევნების მანიპულაცია. ეს ფაქტი ნამდვილად არ ასხამს წყალს დემოკრატიულ პარტიასთან აფილირებული ლიბერალური მედიის წისქვილზე.
თუმცა ასეთი კომპლექსური საკითხი შეუძლებელია ასე მარტივად აიხსნას, რადგან ლიბერალური მედია ზოგჯერ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებსაც არ ინდობს ხოლმე. ჰავაის შტატის კონგრესვუმენი თულსი გაბარდი, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის წამოყენების დღიდან, რუსეთთან აფილირებულ პოლიტიკოსად შეირაცხა. ძირითადად, ეს ორი საკითხითაა განპირობებული: ერთი მხრივ, გაბარდს არაპოპულარული პოზიცია აქვს სირიის კრიზისთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთის მედიაწყაროებმა მასზე გაცილებით მეტი სტატია მოამზადეს, ვიდრე ნებისმიერ სხვა კანდიდატზე, მათ შორის დემოკრატიული პარტიის ლიდერებზე - ჯო ბაიდენსა და ბერნი სანდერსზე. ეს მედიას აძლევს საბაბს, გამოაქვეყნოს სტატიები ასეთი სათაურებით: „რუსეთის პროპაგანდისტულმა მანქანამ 2020 წლის არჩევნებისთვის დემოკრატი კანდიდატი თულსი გაბარდი ამოირჩია“ ან „თულსი გაბარდი ფიქრობს, რომ განწირულები ვართ“.
რასაკვირველია, არ შეიძლება დიადი პოლიტიკური საკითხების მხოლოდ ნაწილობრივ გარჩევა. რუსეთის მხრიდან სასურველი კანდიდატების პოტენციური ლობირება უცხო ქვეყნის არჩევნებში ისეთივე რეალურია, როგორიც პირდაპირი სამხედრო და კიბერთავდასხმები. ფაქტია, რომ რუსული ბოტები, იმის მიუხედავად, უშუალოდ აკონტროლებს თუ არა მათ რუსეთის მთავრობა, ონლაინხრიკების მეშვეობით დასავლური არჩევნებით მანიპულირებენ; გავიხსენოთ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა რთულია იმის თქმა, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს ამ სახის ჩარევა უშუალოდ არჩევნების შედეგებზე. ის კი ნათელია, რომ რუსეთის ფედერაციას ნებისმიერ შემთხვევაში ხელს აძლევს დესტაბილიზაცია სხვა, მის არამოკავშირე ქვეყანაში, მით უმეტეს, თუკი საუბარი მეორე სუპერსახელმწიფოს - ამერიკის შეერთებულ შტატებს ეხება. შიდასაზოგადოებრივი პოლარიზაცია, მსოფლიო პოლიტიკური შფოთი, ეკონომიკური უთანასწორობა, პოპულიზმისა და რადიკალიზმის აღზევება თუ პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა... ამერიკაში რუსეთის მტრის ხატის ჩამოსაყალიბებლად, უფრო სწორად კი, მის გასაცოცხლებლად, ბევრი საბაბი არსებობს. საერთო მტერს ხომ საზოგადოების ერთ მუშტად შეკვრა შეუძლია.