ქართული სოციუმისათვის დამახასიათებელი უცნაური თავისებურებით, 2008 წლის ომის მე-11 წლისთავზე ბევრად მეტი და ბევრად უფრო აქტიური დისკუსია გაიმართა მიზეზ-შედეგებზე, ვიდრე შარშან, როდესაც ე.წ. „ხუთდღიანი“ ომის პირველი ათწლეული აღინიშნებოდა. შესაძლოა, ამის მიზეზი სოციალური ქსელების ამოუცნობი თავისებურება იყოს; ანუ „მულტიპლიცირების“ უნარი, როდესაც პოსტების „დაშეარება“ ზვავის ეფექტს იწვევს ან არც იწვევს - გააჩნია თემას, სტატუსსა და „ფრენდების“ წრეს.
თუმცა, წელს ერთ-ერთი ტრიგერი „TV-იმედის“ ეთერში გასული უსახელო ფილმი გახდა. ძალიან რბილად თუ ვიტყვით, მეტისმეტად „გამარტივებული“ კლიშეებით 2008 წლის კატასტროფაზე და მის გამომწვევ მიზეზებზე.
ფილმი მთლიანად ინტერპრეტაციებზეა აგებული იმ „ძირი-დებულებით“, რომ სააკაშვილისათვის ეს ომი შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელება და ძალაუფლების დამკვიდრების საშუალება იყო.
ასეთი მასშტაბის ისტორიულ მოვლენაში პოლიტიკოსთა სუბიექტური მოტივები მუდამ მოიძებნება, მაგრამ ზოგადად (ხოლო ჩვენს შემთხვევაში კონკრეტულადაც) ეს მოტივაცია ნამდვილად ვერ იქნებოდა განმსაზღვრელი: 2008 წლის ომს ჰქონდა ძალიან ღრმა სახელმწიფოთაშორისი (რუსეთ-საქართველოს) და გეოპოლიტიკური წინაპირობები. ამდენად, „მიშა-გრეჩიხას“ დაპირისპირებამდე ამ ფენომენის დამცრობა ისტორიის გაშარჟებაა.
საბედნიეროდ, გასული წლების განმავლობაში უკვე დაგროვდა შესაბამისი მასალა ობიექტური ანალიზისათვის. ჩვენ თვალწინ ვითარდება მოვლენები უკრაინაში და „ბრმა“ უნდა იყო, საერთო „მნიშვნელი“ ვერ შენიშნო დონბასს, ყირიმს, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის, ან ვერ დაინახო, არათუ ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული მსგავსება მოსკოვის მიდგომებს, კრემლის მიერ გამოყენებულ ტექნოლოგიებსა და მეთოდებს შორის...
ოღონდ აქ ძალიან მნიშვნელოვანია „ათვლის წერტილი“, რომელსაც ვირჩევთ ისტორიული მოვლენის შეფასებისას. იმდროინდელი ხელისუფლების კრიტიკოსთა უმრავლესობა ფაქტების ტენდენციურ „დალაგებას“ იწყებს მხოლოდ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებათა მომწიფების ან კონფლიქტის სამხედრო ფაზის პერიოდზე „მიბმით“. არადა, ესეც სრულიად უპერსპექტივოა, რადგან აბსოლუტურად ყველა „მარკერი“ ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს: „ცხინვალის პროვოკაცია“ მოსკოვის მიერ საგულდაგულოდ მომზადებული, დაწვრილებით გათვლილი, წინასწარ მრავალი რესურსით შემზადებული მრავალწლიანი სპეცოპერაცია იყო და მას საქართველო იმ პირობებში, ასევე იმ პერიოდში, თავიდან უკვე ვერ აიცილებდა.
თუ დროის ათვლას დავიწყებთ დაახლოებით 2008 წლის 1 ივლისიდან ან 1 აგვისტოდან, ყველა ბრალდებაზე, რაც კი პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი ადმინისტრაციის მიმართ ისმის, არსებობს სავსებით არგუმენტირებული პასუხი. თავად სააკაშვილისაგან ეს პასუხები არაერთგზის მოვისმინეთ წინა წლებში.
ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო კი ბრიტანული რესურსისთვის International War and Peace Reporting (IWPR) ინტერვიუ აღმოჩნდა.
სააკაშვილმა თანდათან მკაფიოდ ჩამოაყალიბა სურათი, რომლის დასრულებას ადრე არ ჩქარობდა სისტემური მიზეზის გამო, რასაც ბევრი არ აქცევს ყურადღებას: მისი სისტემური მიდგომა იყო, რომ მოსკოვისათვის არ მიეცა საშუალება, დაეფიქსირებინა კონფლიქტი, როგორც „ქართულ-ოსური დაპირისპირება“ და არა „რუსეთ-საქართველოს ომი“.
თუ რატომ, მანვე მიანიშნა IWPR-თან ინტერვიუში, როდესაც „დასავლურ ინსტინქტებზე“ ისაუბრა. ერთ-ერთი თვისებრივი ინსტინქტი მართლაც „დაშოშმინებაა“ (appeasement), ხოლო მეორე - უმცირესობების დაცვა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისა. სააკაშვილის უცვლელი მიზანი ამ კონფლიქტში ის იყო, რომ თვით კონფლიქტიც და მისი საბრძოლო ფაზაც დასავლეთში აღექვათ არა როგორც „დაპირისპირება საქართველოს სახელმწიფოსა და ოსურ ეთნიკურ უმცირესობას შორის“, არამედ რუსეთ-საქართველოს ომი!
იმიტომ რომ, პირველ შემთხვევაში, მოსკოვი მიაღწევდა ვითარებას, რომელიც შექმნა დღეს დონბასში - ოფიციალურად, ღიად, თავად არ ჩანს, ხოლო კონფლიქტი თითქოსდა ვითარდება ადგილობრივ სეპარატისტებსა და „ცენტრს“ შორის. რუსეთი კი „მინსკის ჯგუფის“ ფარგლებში ვითომდაც „შუამავალია“, როგორც 1992-1993 წლების ომისას აფხაზეთში.
მოსკოვის იძულება, არ ეკეთებინა საქმე „სეპარატისტთა ხელით“, არამედ 8 აგვისტოდან აშკარად გამოსულიყო „სცენაზე“, შესაძლოა, გარდაუვალი ომის ფარგლებში, ერთადერთი ტექნოლოგია ყოფილიყო დასავლეთის აქტიური ჩარევის უზრუნველსაყოფად, რათა დასავლეთს (უპირველესად - ევროპას) კონფლიქტი არ აღექვა ქართულ-ოსურ დაპირისპირებად და ისევე არ „აეჩეჩა მხრები“, როგორც აფხაზეთში, 1992-1993 წწ. რუსეთის კარგად შენიღბული აგრესიის დროს.
სააკაშვილის ფრაზა, რომ მას არ ჰქონდა „კარგი არჩევანი“ 7 აგვისტოს, როდესაც ე.წ. „ოსურმა არტილერიამ“ დაბომბა ქართული სოფელი ავნევი და სასიკვდილოდ დაჭრა ორი ქართველი მეომარი, იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტიდან იგი ითვალისწინებდა ორ შესაძლო სცენარს.
ერთს, ძალიან ცუდს, რომელიც რეალურად განხორციელდა, ხოლო მეორეს, კიდევ უარესს.
თითქოსდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო „ამაზე“ უარესი? მიხეილ სააკაშვილმა ეს აღიარა ერთ-ერთ გამოსვლაში, ჯერ კიდევ პრეზიდენტობისას და ახლა მიანიშნა ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში, როცა თქვა, რომ რუსებს შესაძლოა „ოსები გაეცილებინათ თბილისამდე“. მისი ადრინდელი გამონათქვამით კი, არსებობდა იმის საფრთხე, რომ თბილისის თავზე... „ოსური დროშა აფრიალებულიყო“. დავაკვირდეთ: არა „რუსული“, არამედ „ოსური“.
თუ მოსკოვი მაშინ მოახერხებდა „დონბასური სტილით“ შეენიღბა აგრესია „ქართულ-ოსურ“ დაპირისპირებად, მაშინ, ადრე თუ გვიან (თუნდაც რამდენიმეთვიანი, მომქანცველი ბრძოლების შემდეგ), ეს სცენარი სულაც არ აღმოჩნდებოდა მოულოდნელი ან შეუძლებელი.
ასევე მივაქციოთ ყურადღება ფრაზას - „ვრცელდებოდა ჩახოცილ ადამიანთა ფოტოები...“ იგულისხმება ლიახვის ხეობებში ჩახოცილთა ფოტოები.
თუ საქართველოს შეიარაღებული ძალები სრული ძალით არ ჩაერეოდნენ ან საერთოდ არ ჩაერეოდნენ (კვლავ ციტატა: „სამხედრო პროტოკოლით და არა პოლიტიკური პროტოკოლით“), მაშინ სავსებით რეალური იყო სცენარი, რომ „ოსურად“ შენიღბული ფორმირებები მთლიანად „გაწმენდნენ ხეობებს“, ამოწყვეტდნენ მოსახლეობას, გადარჩენილები კი მოაწყდებოდნენ თბილისს, შესაბამისი შედეგებით და შიდაპოლიტიკური დაპირისპირების კატასტროფულ სცენარში გადაზრდის პერსპექტივით. ამ ვითარებაში ხელისუფლების „არჩარევა“ ისეთივე ან უარესი რისკი იყო, ვიდრე „ჩარევა“.
ახლა რაც შეეხება ე.წ. „მრავალგზის გაფრთხილებას“. „ბევრჯერ გააფრთხილეს არ ჩარეულიყო“ და ა.შ.
კონკრეტულად რა იგულისხმება?
როდესაც „ოსურად“ გადაცმული ფორმირებები, რუსეთის რეგულარული არმიის ფარული, არადემონსტრაციული მხარდაჭერით და ედუარდ კოკოითის მუქარის შესაბამისად დაიწყებდნენ შეტევას ლიახვის ხეობის (რეალურად - ანკლავის!) ქართული სოფლების „გასაწმენდად“, საქართველოს ხელისუფლება არ უნდა ჩარეულიყო? (Not to engage?)
თუ ეს იგულისხმება „მრავალგზის გაფრთხილებაში“, დიდი ვერაფერი გამოსავალი იქნებოდა მისი ყურად გდება.
ამ კონტექსტში ეს Not to engage ნიშნავს არა მხოლოდ და არა იმდენად „არ ჩაერიოთ“, არამედ „არ გაუწიოთ წინააღმდეგობა“, ანუ „არ მიეხმაროთ!“ (ხეობის სოფლებში გამაგრებულ საჯარისო ნაწილებს და მშვიდობიან მოსახლეობას).
მერედა ეს რეალური იყო? - absolutely not!
სინამდვილეში, პასუხი კითხვაზე, თუ როგორ და რა შემთხვევაში შეეძლო საქართველოს ამ მართლაც კატასტროფული ომის და რეალურ შედეგად დამდგარი სამარცხვინო მარცხის თავიდან აცილება, სხვა დროით დიაპაზონშია საძიებელი: 2004-2008 წლებში. ანუ იქ და იმ საკითხებში, თუ რატომ გაუჩნდა მოსკოვს ეს ბოროტი ინტენცია: უსასტიკესი, მზაკვრული აგრესია განეხორციელებინა საქართველოს წინააღმდეგ მისი „კლიენტი“ ოსი სეპარატისტების გამოყენებით და მათ მიერ შექმნილი საბაბით.
აი, თუ ასე დავსვამთ საკითხს, დისკუსია ბევრად საგნობრივი და კონცეპტუალური გამოვა: შეეძლო თუ არა საქართველოს (მოარული ფრაზით) „ომამდე არ მიეყვანა საქმე?“ ესე იგი, ემოქმედა 2004-2008 წლებში ისე, რომ მოსკოვს ეს ბოროტი განზრახვა არ გასჩენოდა? იმიტომ რომ, თუ გაუჩნდებოდა, დანარჩენი უკვე „ტექნოლოგიის“ საქმე იყო!
ხომ ლეგიტიმურია კითხვა? ნამდვილად! ყოველ შემთხვევაში ბევრად მეტად, ვიდრე თითიდან გამოწოვილი „გამოსავლის“ ძიება იმ პერიოდში (2008 წლის 6-7 აგვისტოდან), როცა არჩევანი იყო მხოლოდ „ცუდსა და უარესს“ შორის.
მართლაცდა, ეს ნარატივი, რომ „მოსკოვს საქართველოს დათრგუნვა ჰქონდა გადაწყვეტილი“, არსებითად მისაღებიც რომ იყოს, შინაარსობრივად მაინც არაფერს ხსნის. იმიტომ რომ:
1) რუსეთს არ განუხორციელებია ანალოგიური აგრესია სხვა კავკასიური ქვეყნის, მაგალითად აზერბაიჯანის, წინააღმდეგ და
2) რუსეთს არ განუხორციელებია ასეთივე აგრესია (თუმცა იგივე შესაძლებლობები ჰქონდა, თუ მეტი არა) ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს.
რატომ? იმიტომ, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლიდან, საქართველოში დაწყებული პროცესი მისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა: როდესაც საქართველოს ხელისუფლება იქცა „ხავერდოვან რევოლუციათა“ მთავარ ექსპორტიორად და პრომოუტერად პოსტსაბჭოურ სივრცეში (სწორედ ეს იკითხება სააკაშვილის ფრაზაში: „ჩვენ ვიყავით ყველაზე დიდი „რბილი ძალა“ ევრაზიაში), ანუ უკრაინაში, ბელარუსში, ბოლოს თვით რუსეთში მიმდინარე პროცესების აქტორად და, იმავდროულად, სააკაშვილის ადმინისტრაციამ დაიწყო რეალური ნაბიჯების გადადგმა საქართველოდან რუსეთის ჯარების გასაყვანად. არსებითი მოლაპარაკებები ამ საკითხზე მხოლოდ 2005-2006 წლებში დაიწყო.
და როგორ გგონიათ, თუ პუტინს ამ ორ გამოწვევაზე საპასუხოდ ექნებოდა ისეთი „ბერკეტი“, როგორიცაა ოსური და აფხაზური სეპარატიზმი, იგი ამ ბერკეტს არ გამოიყენებდა?
ბუნებრივია, თუ საქართველო 2004 წლიდან გაატარებდა ისეთსავე პოლიტიკას, როგორსაც ატარებს ალიევი დღეს და ატარებდა შევარდნაძე გუშინ, მოსკოვს არანაირი „რეზონი“ არ ექნებოდა, ეს მძლავრი ბერკეტები აემოქმედებინა.
მაშასადამე, პატიოსანი, არაანგაჟირებული პასუხი კითხვაზე, „შეეძლო თუ არა საქართველოს ამ ომის თავიდან აცილება?“, არის შემდეგი: რა თქმა უნდა შეძლო, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) არ შეეცდებოდა „ხავერდოვანი რევოლუციის“ ბრენდის გავრცელებას პოსტსაბჭოურ სივრცეში, რასაც სააკაშვილი (მისი ინტერვიუდან გამომდინარე) დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვებისა და საქართველოსადმი დასავლური ინტერესის ზრდის წინაპირობად მიიჩნევდა. როგორც აღმოჩნდა, მეტად გადაჭარბებულადაც; ხოლო პუტინი აღიქვამდა სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხედ რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისათვის;
ბ) არ მოითხოვდა ქვეყნიდან რუსეთის ბაზებისა და სამშვიდობო ძალების გაყვანას;
გ) არ შეეცდებოდა „სამხრეთ ოსეთში“ 1992 წლის შემდეგ ჩამოყალიბებული სტატუს-კვოს დარღვევას. მათ შორის ხელუხლებელს დატოვებდა ეკონომიკის მადესტაბილიზებელ „ერგნეთის ბაზრობას“, რომელიც, ამასთანავე, მრავალგვარი კრიმინალის და სახელისუფლებო კორუფციის ბუდე იყო;
დ) დემონსტრაციულად არ გამოვიდოდა დსთ-ს თავდაცვითი სტრუქტურებიდან;
ე) არ მიმართავდა NATO-ს ოფიციალური (!) წერილით MAP-ის თაობაზე (2002 წელს შევარდნაძემ მხოლოდ სიტყვიერად განაცხადა პრაღის სამიტზე) და არ იბრძოლებდა ალიანსში საქართველოს წევრობის მომხრეთა რიცხვის გასაზრდელად;
ვ) ხელს მოუწერდა რუსეთს ყველა იმ შეთანხმებაზე („ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი ბათუმში“, „აფხაზეთსა და ოსეთზე თავდაუსხმელობა“, „მესამე ქვეყნის ჯარების განლაგების კონსტიტუციური აკრძალვა“), რომლებიც ჩვენი ქვეყნის სამხედრო-სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებში მოსკოვის პრეროგატივებს დაადასტურებდა... და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
თუ ეს ყოველივე საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკნინებად და ევროპული არჩევნის უარყოფად არ მიგაჩნიათ, მაშინ „2008 წელთან“ დაკავშირებული პრეტენზიები გასაგებია.
მაგრამ, თუ ფიქრობთ, რომ ამ ფასად (!) იმ ომის თავიდან აცილება დაუშვებელი იქნებოდა, მაშინ მიხეილ სააკაშვილს ყველა სხვა პრეტენზიაზე ექნება და აქვს მკაფიო, თანაც დასაბუთებული პასუხი.
მცირე პერიფრაზით: Si vis libertas, para bellum!
--------
დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი