ყოველი წლის აგვისტოში, ომალოში „მეცხვარის დღეს", იგივე „თუშეთობას" აღნიშნავენ. დღესასწაულის მიზანი თუშების ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაცია და ტურიზმის ხელშეწყობაა. მომხდარი ტრაგედიის გამო, წელს „თუშეთობის" დღესასწაული არ გამართულა.
2019 წლის 27 ივლისს ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 23-ე კილომეტრზე ავარია მოხდა. სატვირთო მანქანა, რომელშიც 12 მგზავრი იმყოფებოდა - მათ შორის 2 არასრულწლოვანი - 400 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. მგზავრები 3 აგვისტოს ომალოში თუშეთობაზე დასასწრებად მიდიოდნენ. თუშეთის გზაზე სატვირთო დაგორდა და მდინარეში გადავარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით 7 ადამიანი გარდაიცვალა. ხუთმა სატვირთოდან გადმოსვლა მოახერხა, 3 ადამიანი მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს, ხოლო ორს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 5-ე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„თუშეთის განვითარების ფონდის" დამფუძნებლის, ირაკლი კოჭლამაზაშვილის თქმით, წელს მომხდარი ტრაგედიის გამო ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. როგორც ირაკლი ამბობს, ტელევიზიაში ამ ტრაგედიის დეტალურმა და დრამატულმა გაშუქებამ თუშეთის ტურიზმსა და განვითარებაზე უარყოფითი გავლენა იქონია:
„ბევრმა ადამიანმა, რომელსაც თუშეთში ტური ჰქონდა დაგეგმილი, მთაში ამოსვლა გადაიფიქრა. ეს მოვლენა დიდი ტრაგედია იყო პირველ რიგში თუში მოსახლეობისთვის და ამის გაშუქება აუცილებელია. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ გზის გაშუქებისას ხშირად ხდება გზის მდგომარეობის გამძაფრება - გავრცელებული ფოტოების დიდ ნაწილში კადრი 90 გრადუსით არის დახრილი."
რა ინფორმაცია გაქვთ უშუალოდ ამ ტრაგედიაზე? რა შეიძლებოდა ყოფილიყო ავარიის მიზეზი?
მომხდარი ავარიის დროს სატვირთო ავტომობილს ალვანის მკვიდრი მართავდა, რომელსაც ამ გზაზე გადაადგილების გამოცდილება ჰქონდა. ჩემი ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა. ტრაგედიის მიზეზად ავტომობილის გაუმართაობა სახელდება. „კამაზის” ტიპის სატვირთო მანქანა აღმართზე ადიოდა, როდესაც მოულოდნელად უკუსვლა დაიწყო, დაგორდა და ხევში გადავარდა. სატვირთო მანქანაში 12 ადამიანი იმყოფებოდა. ყოვლად დაუშვებელია ტვირთისთვის განკუთვნილ ადგილას ადამიანების ტრანსპორტირება, მაგრამ ამას არავინ აკონტროლებს.
თუშეთის გზაზე ხშირია შემთხვევები, როდესაც ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი მართავს, ხოლო პასუხისმგებელი ორგანოები ამაზე სათანადო ზომებს არ იღებენ.
როგორც თუშეთის მკვიდრს, კარგად მესმის თუ რა პრობლემებია გზებზე სეზონურად. პრობლემურია როგორც ინფრასტრუქტურის საკითხი, რაც ყოველ სეზონზე განახლებულ სამუშაოებს გულისხმობს, ისე სამეთვალყურეო სამსახურის აქტიურობა, რათა გადაადგილების ნორმები დაცული იყოს. უყურადღებობას, უპასუხისმგებლობას, გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმს მივყავართ ასეთ ტრაგედიამდე.
თქვენ აღნიშნეთ, რომ წლიდან წლამდე სიტუაცია გზებზე სასიკეთოდ იცვლება, კონკრეტულად რა გაუმჯობესდა ამ მხრივ?
ბეტონი, რომელიც დაგორების რისკს ამცირებს, ძალიან მცირე მონაკვეთზეა დასხმული. რამოდენიმე მონაკვეთზე დამონტაჟებულია მოაჯირები, რომელიც მეტ-ნაკლებად იცავს მგზავრებს. გარკვეულ მონაკვეთებში, სადაც არის შესაძლებელი გზის გაფართოება, მიმდინარეობს სამუშაოები რომ შემხვედრი მანქანა არ გახდეს ავარიის მიზეზი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც გზის უსაფრთხოებისთვისა აუცილებელი.
რა ტიპის ავტომობილები უნდა იყოს დაშვებული ამ გზაზე და რა წესების დაცვით უნდა გადაადგილდებოდეს ტრანსპორტი?
თუ ტურისტს გზის გაუმართაობის თაობაზე წინასწარ არ აქვს ინფორმაცია მოძიებული, ის შეიძლება სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდეს. გადამწყვეტი როლი აქვს მანქანის გამართულობას, ისევე როგორც მძღოლის გამოცდილებას. ბევრი შემთხვევაა, როდესაც გზაზე მსუბუქი ავტომობილით მიდიან. გამოცდილი მძღოლი შეიძლება ავიდეს ნელი სვლით, მაგრამ ეს ყოვლად დაუშვებელია.
არის თუ არა დამონტაჟებული ამკრძალავი თუ გამაფრთხილებელი ნიშნები?
საგუშაგოები, რომლებიც გზაზე სიტუაციას გააკონტროლებდნენ, არ დგას. ასევე, არ არის ნიშანი იმის აღსანიშნავად, რომ გზა სახიფათოა. არც რთულ მონაკვეთებში არის დამაგრებული გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც მძღოლს მკვეთრი მოსახვევის თუ კლდიდან ქვების ჩამოყრის საშიშროების შესახებ ამცნობდა. ასევე არ არის სიჩქარის შემზღუდველი ნიშნები. იქიდან გამომდინარე, რომ თუშეთში მოხვედრა ზღვის დონიდან 2900 მეტრის უღელტეხილზე გადასვლით არის შესაძლებელი, მოგზაურებს ულამაზესი ხედები ეშლებათ. წამით თვალის მოდუნებამ შეიძლება მგზავრის სიცოცხლე შეიწიროს.
სწორედ ამიტომ, საჭიროა თუშეთს არა მხოლოდ ტრაგიკული სიუჟეტებით ვაშუქებდეთ, არამედ მედია აწვდიდეს ხალხს უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ინფორმაციასაც. სამწუხაროდ, არ აღრიცხულა სტატისტიკური მონაცემები იმასთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში რამდენი ავარია მოხდა ან როგორ იკლო ტურისტების რაოდენობამ. არც იმის შესახებ ტარდება კვლევები, თუ როგორ ვითარდება ტურიზმი წლიდან წლამდე.
რა პოტენციალი აქვს თუშეთს? გარდა იმისა რომ მკვიდრმა მოსახლეობამ შეძლოს გზის უსაფრთხოდ დაფარვა, რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის ზრდისთვის უსაფრთხო გზის უზრუნველყოფა? რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეგიონის განვითარებისათვის?
თუ თუშეთში აქამდე მესაქონლეობა და მეურნეობა იყო მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა და შემოსავლის წყარო, ახლა მოსახლეობის მთავარი შემოსავალი ტურიზმს უკავშირდება. ადგილობრივებისთვის, როგორც დასაქმება, ასევე შემოსავლები საოჯახო სასტუმროებთანაა ასოცირებული. თუშეთის მაცხოვრებლები ყოველი სეზონის დროს მიღებული შემოსავლით, კიდევ უფრო ცდილობენ საქმიანობის განვითარებას.
რეგიონის განვითარებისთვის ტურიზმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, პირველ უპირობო პრობლემას ინფრასტრუქტურისა და უგზოობის საკითხი წარმოადგენს, მაგრამ ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მაცხოვრებლებს არ აქვთ გაზი, წყალი და ელექტროენერგია. იქიდან გამომდინარე, რომ თუშეთის ბევრ სოფელში ტელეფონი არ იჭერს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეგიონს ინფორმაციული წვდომა ჰქონოდა გარე სამყაროსთან. ინტერნეტი მეორე წელია შეყვანილია და მდგომარეობა ამ მხრივ გამოსწორებულია. აუცილებლად უნდა გადაიჭრას არსებული საკითხები და მოხდეს რეგიონის გამოცოცხლება.
რას გვეტყვით ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაზე? რა სახელმწიფო უწყებებია რეგიონში?
ადგილობრივ თვითმმართველობას უჭირს სერვისების მიწოდება. რეგიონის ცენტრი, ახმეტა, ომალოდან 5 საათის მანძილზე, ძალიან რთული გზით არის დაშორებული. ნებისმიერი მუნიციპალური სერვისის მიწოდება არის ძალიან რთული. თუშეთში არის შემდეგი სახელმწიფო უწყებები: მერს ყავს თავისი წარმომადგენელი, არის სასაზღვრო პოლიცია, ასევე პატრული, 24 საათიან სამუშაო რეჯიმში მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფოს მანქანები. მაგრამ არ არსებობს საავადმყოფო, სასწრაფოს მხოლოდ პირველადი დახმარების გაწევა შეუძლია, ასევე არ არსებობს იუსტიციის სახლი და ბანკი.
რა კეთდება იმისათვის, რომ ეს კუთხე უფრო პოპულარული და მიმზიდველი გახდეს ტურისტისთვის?
ფაქტიურად, თუშეთი საკუთარ თავს თვითონვე აპიარებს. რეგიონიდან დაბრუნებული ტურისტების ემოციები და შთაბეჭდილებები ხდება სხვა ადამიანისთვის ინტერესისა და თუშეთის ნახვის სურვილის მიზეზი. განვითარებისა და ტურისტების მოზიდვის საუკეთესო გზა სხვადასხვა ფესტივალების ჩატარებაა. ამ მხრივ დაინტერესება, როგორც უცხოელი ტურისტების, ასევე ქართველების მხრიდან, ძალიან დიდია. ადგილობრივი მოსახლეობა იშვიათად, მაგრამ მაინც ატარებს პატარა ფესტივალებს საკუთარი ხარჯით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი ვერ ახერხებენ იმ მასშტაბებზე გასვლას რა მასშტაბების პოტენციალიც ამ კუთხეს უდაოდ გააჩნია.
იქიდან გამომდინარე, რომ თუშეთის შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს ტურიზმი, გზის გაუმართაობის გამო, ეს არის მხოლოდ სეზონური შემოსავალი. აქედან გამომდინარე ადგილობრივი მოსახლეობა მთლიანად სასტუმროების განვითარებასა და კეთილმოწყობაში არიან ჩართული. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ამ ბიზნესშია, ზამთრის განმავლობაში რჩება თუშეთში, რათა მომავალი წლის სეზონისთვის მოემზადოს. რა თქმა უნდა, ეს შემოსავალი დამოკიდებულია ტურისტების რაოდენობაზე. ძალიან უჭირთ ზამთარში სხვა სამუშაოს მოძიება, რადგან სეზონური მოხელე არავის სჭირდება. სწორედ ამიტომ ისევ ზაფხულის შემოსავლით თავის გატანა ურჩევნიათ, მომავალ ზაფხულამდე.