Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დონალდ ტრამპს „დიდ შვიდეულში“ რუსეთის ხილვა სურს

26 აგვისტო 2019

დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით ურთიერთგამომრიცხავ თეზისებს ეფუძნება: ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთის მიმართ ეკონომიკურ სანქციებს ამკაცრებს, ხოლო, მეორე მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთთან კონსტრუქციული, თითქოს მეგობრული ურთიერთობისკენ მოუწოდებს. 24-25 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში გაიმართა „დიდი შვიდეულის“ 45-ე სამიტი, რომლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დონალდ ტრამპმა კვლავ აღნიშნა მზაობა სამიტზე რუსეთის ფედერაციის დასაბრუნებლად.

„დიდი შვიდეული“ მსოფლიოს წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნების ელიტური სამიტია, რომელშიც კანადის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, გაერთიანებული სამეფოს და იაპონიის პირველი პირები მონაწილეობენ. 1998 წელს, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის რეკომენდაციის ფონზე, ელიტურ კლუბში რუსეთის ფედერაცია მიიწვიეს, ხოლო სამიტი „დიდ რვიანად“ გადაკვალიფიცირდა. უმაღლესი პოლიტიკური დონის სამიტზე რუსეთის ფედერაციის ოფიციალური მიპატიჟება სხვა არაფერი იყო, თუ არა ბორის ელცინის ლიბერალური კაპიტალისტური რეფორმებისწახალისება.

„დიდმა რვიანმა“ მხოლოდ თექვსმეტი წელი იარსება. 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდგომ, რომლითაც რუსეთმა ერთგვარად გადათელა საერთაშორისო სამართლის მსოფლიოში დამკვიდრებული ნორმები, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დაჟინებით რუსეთი ელიტური პოლიტიკური კლუბიდან გარიცხეს. რამდენიმე წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი წინამორბედის ამ გადაწყვეტილებას შეაფასებს როგორც პიროვნულ ნიადაგზე აგორებულს და დასძენს, რომ ბარაკ ობამამ რუსეთის გარიცხვა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ვლადიმირ პუტინმა იგი მოატყუა.

რუსეთის ფედერაციის მიმართ დონალდ ტრამპს იდენტური პოზიცია ჰქონდა „დიდი შვიდეულის“ 2018 წლის სამიტზეც, თუმცა მაშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ეს იდეა სწრაფადვე ჩაახშეს. მხოლოდ იტალია იყო მზად რუსეთისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინა, ისიც ნაწილობრივ, თუმცა ისინიც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოთხოვნებს ამოეფარნენ, რომელიც რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნების პერსპექტივას მხოლოდ მინსკის მეორე შეთანხმების შესრულების პირობებში ხედავდა.

საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ რიგით 45-ე სამიტზე გამგზავრებამდე დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მათ, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებს, მსოფლიო აქვთ სამართავი და ამისთვის რუსეთთან თანამშრომლობა აუცილებელია. ამას გარდა, ტრამპმა აღნიშნა, რომ საკითხების უმრავლესობა, რომელზეც „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების პირველი პირები ბჭობენ, პირდაპირ თუ ირიბად, რუსეთს და მის პოლიტიკას უკავშირდება, ამიტომაც ლოგიკური იქნებოდა, რუსეთიც იქვე ყოფილიყო.

რუსეთის ფედერაციის „დიდი რვიანის“ სამიტზე დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც მისი გაპრეზიდენტების დღიდან, თითქოს, რუსეთის მიმართ შერბილებულ პოლიტიკას ამჯობინებს და ცდილობს რუსეთში დემოკრატიული პრინციპები ქვეყნის ევროპასთან აფილაციის გზით დანერგოს; ის რუსეთს მოიხსენიებს, როგორც წმინდა ევროპულ ქვეყანას. ამავდროულად, მაკრონი აღნიშნავს, რომ რუსეთი ელიტური კლუბიდან ყირიმის კრიზისის ფონზე გააძევეს და შეუძლებელია,იგი „დიდ რვიანში“ ამ პრობლემის მოუგვარებლად დაბრუნდეს. სწორედ ეს თემა გახდა განხილვის ერთ-ერთი საგანი პუტინისა და მაკრონის უკანასკნელ შეხვედრაზე, რომელიც 19 აგვისტოს გაიმართა. ემანუელ მაკრონმა ყირიმის კრიზისის განსახილველად ვლადიმირ პუტინს შესთავაზა „ნორმანდიული ფორმატი“, რომლის ფარგლებშიც მოლაპარაკებების მაგიდას, რუსეთის და უკრაინის გარდა, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებიც მიუსხდებოდნენ. როგორც ჩანს, ვლადიმირ პუტინი ოპტიმისტურადაა განწყობილი უკრაინის ახალი პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მიმართ, რაც კიდევ ერთხელ გვაძლევს საბაბს ვიფიქროთ, რომ ის„ნორმანდიულ ფორმატს“ დათანხმდება.

თუმცა, არც ემანუელ მაკრონის საგარეო პოლიტიკაა ცალსახად სწორხაზოვანი. „დიდი შვიდეულის“ 45-ე სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, CNN-მა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ემანუელ მაკრონი და დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ რუსეთი „დიდ რვიანს“ 2020 წლის სამიტისთვის დაუბრუნდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, წყაროს მიხედვით, რუსეთის ფედერაციის დაბრუნების ინიციატორი სწორედ ემანუელ მაკრონია. ოფიციალურმა პარიზმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო.

რუსეთის ფედერაციის „დიდ რვიანში“ დაბრუნებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან გაერთიანებული სამეფოს და გერმანიის პირველი პირები. ამის შესახებ მათ განცხადება გააკეთეს საერთო პრესკონფერენციაზე, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შემდეგ, 21 აგვისტოს გაიმართა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა აღნიშნა: „იმის გათვალისწინებით, თუ რა მოხდა უილტშირსა და სოლსბერიში იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანულ მიწაზე მათ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო არასტაბილურობამ, სამოქალაქო ომებმა და უკრაინის კრიზისმა მოიცვა და რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს პროვოკაციებს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, მე მინდა განვაცხადო შემდეგი - სავსებით ვეთანხმები კანცლერ მერკელის მოსაზრებას, რომ რუსეთის დაბრუნება „დიდ შვიდეულში“ ჯერ ისევნაადრევია“. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი დასძინა, რომ ის რუსეთის პოლიტიკის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ რეალურ პროგრესს ვერ ხედავს.

რუსეთის ფედერაციის დაბრუნებას არც კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და არც იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინძო აბე არ ეთანხმებიან. „დიდი შვიდეულის“ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯასტინ ტრუდო შეხვდა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, რა დროსაც უკანასკნელმა თავის კანადელ კოლეგას სახალხოდ გადაუხადა მადლობა, რომ ის კვლავ ურყევად ინარჩუნებს ნეგატიურ პოზიციას რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნებასთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ ყირიმის კონფლიქტი მშვიდობიანად არ დასრულდება. ამავდროულად, იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს საკუთარი მიზეზები აქვს რუსეთის კლუბში დაბრუნების დასაგმობად - იაპონიას და რუსეთს შორის ვითარება დაძაბულია კურილის კუნძულების გამო, რომლებიც იაპონიისა და რუსეთისთვის საკამათო მიწებს წარმოადგენს. არ უნდა დავივიწყოთ ოფიციალური ტოკიოს აღშფოთება, როცა აგვისტოს დასაწყისში რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი სადავო კუნძულებზე ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

„დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია ევროკავშირიც. ამის შესახებ სამიტის დაწყებამდე ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. ის მომავალი წლისთვის „დიდ შვიდეულში“ უკრაინის მიწვევით გამოვიდა, რითაც ირიბად პასუხი გასცა დონალდ ტრამპის ინიციატივას რუსეთის ფედერაციის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ამ ეტაპზე, შესაძლოა, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს, იტალიაა, რომლის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ამ საკითხში მის ამერიკელ კოლეგას არაერთხელ აუბა მხარი. თუმცა იტალიის პოზიცია ყოველთვის არაპროგნოზირებადი და ადვილად ცვალებადია.

ახლა კი, მონეტის მეორე მხარე მიმოვიხილოთ: სურს თუ არა რუსეთს „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნება? კარნეგის ცენტრის მოსკოვის ფილიალის დირექტორი დმიტრი ტრენინი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციისთვის „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნება არახელსაყრელი იქნება სულ მცირე სამი მიზეზის გამო. პირველი - ეს რუსეთისთვის ხარჯებთანაა ასოცირებული, რადგან ნაკლებად მოსალოდნელია, რომ პუტინის რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთთან ეკონომიკურ ომში მხარს აუბამს. მეორე - „დიდი რვიანის“ ფორმატი არასდროს იყო სასიამოვნო რუსეთისთვის, რადგან ის მუდამ იზოლირებული, მუდამ მარტოდ მყოფი წევრი იყო; რუსეთს არ სურს შვიდ სახელმწიფოს მარტოდმარტო დაუპირისპირდეს. მესამე - რუსეთისთვის უფრო ლოგიკური იქნება, თუკი ის საკუთარ პრობლემებს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან ცალ-ცალკე მოაგვარებს და არა ჯგუფურად.

მსჯელობიდან ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის დაბრუნება „დიდი რვიანის“ ფორმატში თითქმის შეუძლებელია, იმის მიუხედავადაც კი, თუ რა პოზიცია ექნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. რა გამოსავალი შეიძლება იპოვოს საერთაშორისო თანამეგობრობამ? რუსეთის დუმის წევრი კონსტანტინ კოსაჩოვი რუსეთისთვის საინტერესო მოსაზრებას აყალიბებს: რუსეთი მათთვის არახელსაყრელ მოძველებულ ფორმატს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუკი იქ მოკავშირეები ეყოლება. სწორედ ამიტომ კოსაჩოვი აპელირებს „დიდი ათიანის“ შექმნაზე, რომლის ფორმატშიც მოლაპარაკების მაგიდასთან, რუსეთის გარდა, ჩინეთი და ინდოეთიც იქნებიან წარმოდგენილნი.

რუსეთის ფედერაციის „დიდი რვიანის“ წევრობის აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია. რუსეთს ისღა დარჩენია, „დიდი ოცეულის“ ფორმატს დასჯერდეს, ან 2020 წლის „დიდი შვიდეულის“ სამიტს სტუმრის სტატუსით დაესწროს, თუკი დონალდ ტრამპი მართლაც გადაწყვეტს ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ ღონისძიებაზე ვლადიმერ პუტინი დაპატიჟოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^