ვიდრე ზაფხულის მკვდარი სეზონი მრავალმილიონიანი „ფორსაჟის“ ეპიზოდის გადაღების მოლოდინში ჩაივლის, ხოლო თეატრალური ფესტივალებით მაძღარი თბილისური შემოდგომა მაგი მარენის, ოსკარას კორშუნოვასის თუ კაროლინ კარლსონის სახელოვანი სახელებით შეიმოსება, მოკლედ გადავიმეოროთ და გავიხსენოთ განვლილი თეატრალური სეზონი.
საყურადღებოა, რომ უკვე ცნობილ და გამოცდილ რეჟისორთა ახალ სპექტაკლებს ახალგაზრდების გაზრდილი, მეამბოხე და საფუძვლიანი ამბიციებიც დაემატა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია თეატრალური სივრცის გაფართოების თვალსაზრისით.
დავიწყოთ განვლილი თეატრალური სეზონის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერით - „ჰამლეტით“. მაყურებელიც და კრიტიკოსებიც მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლევან წულაძის სპექტაკლს გამორჩეული ინტერესით ელოდნენ. სად აღარ გვინახავს „ჰამლეტის“ მოქმედება გადატანილ-ატანილ-ჩატანილი, თუმცა ამჯერად რეჟისორმა ლევან წულაძემ ელსინორის სასახლის სამრეცხაო აირჩია!.. ასე რომ, მარჯანიშვილის თეატრში დანია არა მხოლოდ „საპყრობილეა“, არამედ დიდი სამრეცხაოც (სხვათა შორის, სცენოგრაფია და მხატვრობა თავად რეჟისორს ეკუთვნის). სწორედ სამრეცხაოში მასპინძლობენ როზენკრანცი და გილდენსტერნი ჰამლეტს, კლავდიუსს, გერტრუდას, პოლონიუსს, ოფელიას...
ამ ჭუჭყიანი თეთრეულისა და უამრავი გაფუჭებული სარეცხი მანქანის გვერდით იბადება ჰამლეტის ეჭვნარევი ყოფნა-არყოფნის მონოლოგიც, ოფელიას სიგიჟით ნაკარნახები თუ შთაგონებული ცეკვაც და მამის აჩრდილის ხელის ანაბეჭდიც მინის გამჭვირვალე კარზე. სამრეცხაოში ჩამწკრივებული სარეცხი მანქანების გარდა, მნიშვნელოვანია ვიდეოეკრანი, რომელზეც ხან ჩამავალი ზღვის პეიზაჟი ირეკლება და ხანაც ცეცხლის ენები როკ-მუსიკისა თუ შუბერტის ფონზე. გარემო დამშრალ ჭაობსა თუ სანაპიროს გაგონებთ, რომელსაც დროდადრო სცენის სიღრმიდან გამოსული პერსონაჟები გადაკვეთენ, თუმცა საბოლოოდ ყველა მაინც ამ ჭაობში ჩარჩება. სისხლიან თეთრეულში გახვეული ელსინორის სასახლე უბრძოლველად დარჩება ფორტინბრასს, რომელიც ლევან წულაძის სპექტაკლში საერთოდ არ გამოჩნდება.
ნიკა მაჩაიძის ვიდეოარტი, ტექსტის ლაშა ბუღაძისეული ადაპტაცია, თავად ლევან წულაძის მხატვრობა-სცენოგრაფია და მსახიობთა თამაშის მანერა (ჰამლეტი - ნიკა კუჭავა, კლავდიუსი - ნიკა თავაძე, გერტრუდა - ბაია დვალიშვილი, პოლონიუსი - დავით ხურცილავა, ოფელია - ანკა ვასაძე, მსახიობი - აკაკი ხიდაშელი) მაინც პოსტმოდერნული და ირონიული ვერსიისკენ გიბიძგებთ. ბალანსი ტექსტსა და მოქმედებას შორის პირველ აქტში ბევრად უკეთესად არის დაცული, ვიდრე მეორეში, რომელსაც მაინც აკლია პერსონაჟთა ქცევის დეტალური თუ ფსიქოლოგიური დამუშავება. ძალაუფლებისადმი რეჟისორის აშკარა და ირონიულ დამოკიდებულებას კონტრაპუნქტივით ენაცვლება ჰამლეტისა და ახალგაზრდა თაობის განწირულობის თემა, რომელიც გარკვეულ სიცხადეს სძენს რეჟისორის კონცეფციას და საერთოდ, წარმოდგენას.
„ჰამლეტი" - რეჟისორი ლევან წულაძე
განვლილი სეზონის გამორჩეულ მოვლენად იქცა რეჟისორ გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლი „ანტიმედეა“. რამდენადაც ანტიკური ტრაგედია უნივერსალური თეატრალური თხრობისა და ფორმის ძიების საშუალებას იძლევა, ყოველი ახალი ინტერპრეტაცია მაყურებლის ინტერესს აღძრავს. მით უმეტეს, თუ ეს ჩვენთვის ასე ახლობელ მედეას მითის ხელახალ გააზრებას უკავშირდება. როდესაც გასული წლის ზაფხულში, ექსპერიმენტული სულისკვეთებითა და ზრახვებით დაარსებულ „ახალი დრამის ფესტივალზე“ ლაშა ბუღაძის პიესა „ანტიმედეა“ წარმოადგინეს, უფრო გასაგები გახდა ის ძალიან მნიშვნელოვანი იმპულსები, რომლებიც ანტიკურ ტრაგედიასთან დაკავშირებულ ახალი ტექსტის შესაძლებლობას და მის სცენურ გავრცობას უკავშირდება.
აშკარაა, რომ გურამ მაცხონაშვილის „შიშველი ნერვებითა“ და პუბლიცისტიკით შთაგონებული რეჟისურა, თავისი სოციალური, პოლიტიკური თუ ფემინისტური დინებებით, უფრო ბრეხტსა და ანტონენ არტოს თეატრს უკავშირდება; ხოლო ლაშა ბუღაძის ტექსტი აშკარად ირონიული, ზოგჯერ კი ენჯეო-ასოციაციებით არის გაჯერებული...
და მაინც, მსახიობების (უპირველეს ყოვლისა, მთავარი როლის შემსრულებელი ლილი ხურითი, არჩილ ბარათაშვილი, ანი იმნაძე, ირაკლი გოგოლაძე, თეა კიწმარიშვილი) თამაშის ბრეხტისეული, გაუცხოების მანერა მნიშვნელოვანი და დასაფასებელი სიახლეა. ასე რომ, „ანტიმედეა“ თანამედროვე „ახალი დრამის“ ფესტივალის დასაწყისადაც იქცა და ანტიკური ტრაგედიის ახალი ვერსიის შექმნის საფუძვლადაც.
„ანტიმედეა" - რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი
ორიგინალური ფორმის სპექტაკლი დადგა რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ, რომელმაც ბასა ჯანიკაშვილის პიესა „სანამ ერთმანეთს გავიცნობდით“, არა მშობლიურ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში დადგა, არამედ სასტუმროს ნომრებში. ეჭვნარევი შეყვარებულების - ქალისა და კაცის ინტიმურ ურთიერთობებს მსახიობები ნინო ბურდული და გოგა პიპინაშვილი სწორედ სხვადასხვა სასტუმროს რეალურ ნომრებში, საღამოობით თამაშობენ. ამის გამო თეატრალები თუ უბრალოდ მაყურებლები იძულებულნი არიან მათ სწორედ სასტუმროებში „სდიონ“ და არა თუმანიშვილის თეატრში.
ცხადია, როცა პიესის მოქმედება სასტუმროს ნომერში ხდება, ის ბევრად ინტიმურ და ნატურალისტურ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა არა მგონია, მსახიობებს ამგვარი ინტიმური შეგრძნებების „აღმოჩენა-შეგრძნება“ მშობლიური თეატრის დეკორაციებში გასჭირვებოდათ. ასე რომ, თუ სად ითამაშებენ აბსურდულ დრამატურგიაში გაწაფული ბასა ჯანიკაშვილის ტექსტს მსახიობები, გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც არ უნდა ჰქონდეს. სპექტაკლი თავიდან ბოლომდე დინამიკური და სასაცილოა, ინარჩუნებს ცოცხალ ტემპო-რიტმს, ხოლო მსახიობთა თამაშში გადამდები უშუალობა, იმპროვიზაციის უნარი და თვითირონია იგრძნობა.
ევრიპიდეს ტრაგედია „ჰეკაბე“ პირველად დაიდგა საქართველოში და, ბუნებრივია, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრშიც. თეთრი, ქათქათა საზოგადოებრივი ტუალეტი (რატომღაც მხოლოდ მამაკაცთა და არა ქალთა) ის ადგილია, სადაც ანტიკური ტრაგედია უნდა გათამაშდეს. ძალადობა, ქალთა უფლებები და ომის დამანგრეველი ზემოქმედება რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანს ბუნებრივად აქვს ერთმანეთთან დაკავშირებულიც და გარითმულიც. თუმცა შორს წასვლა მას არც სჭირდება - ჩვენი ქვეყნის უახლესი პოლიტიკური ამბები და ტრაგიკული ნიუსები მსუყე მასალას იძლევა სწორედ ანტიკური ტრაგედიის დღევანდელ კონტექსტში გასააზრებლად, ისევე როგორც, პათეტიკური, დრამატული, მაგრამ ოდნავ ირონიული ინტონაციის შესანარჩუნებლად.
„ჰეკაბეში“ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქალთა უფლებების წინ წამოწევა, არამედ დათრგუნვილი თუ განადგურებული იმ კაცების დრამაც, რომლებიც თავიანთ დაუხარჯავ და „გატანჯულ“ ლიბიდოს ენერგიას ომებისკენ, უსამართლობასთან ბრძოლასა და ზღვარგადასული, საშიში ქმედებისკენ მიმართავენ. თანაც ისე, რომ თავადაც ვერ გააცნობიერებენ - მათი სახიფათო თამაშები, ფაქტობრივად, თვითგანადგურების ტოლფასია!
შემცირებულია ტროელი ქალების ქორო (დატოვებულია სულ სამი-ოთხი პერსონაჟი), რომელთა გამოჩენა სინამდვილეში განსხვავებულ და აშკარად სოციალურ-პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს. რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი ევრიპიდეს ტრაგედიის დადგმას უფრო ცხადი და კონკრეტული თემით, ვიტყოდი, კონტრავერსიული გზით შეეცადა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ მსახიობების - დავით როინიშვილის, ინგა კაკიაშვილის, ენდი ძიძავას, სულხან გოგოლაშვილის თამაში და ერეკლე გეწაძის მუსიკა, თუმცა მაყურებლის პროვოცირება ზოგჯერ ხელოვნური გამოდის და ემოციური „გრადუსიც“ ზედმეტად მომატებული. სხვა საკითხია, რამდენად მისაღებია რეჟისორის კონცეფცია ჩვეულებრივი მაყურებლისთვის და არა კრიტიკოსებისთვის, რომლებმაც სპექტაკლს მაღალი შეფასება მისცეს.
ახალგაზრდა რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა სპექტაკლებით „მეტამორფოზები“ და „მარატ-სადი“ ნამდვილად მოახერხა კრიტიკოსთა ერთდროული გაოცება-აღშფოთება-მოწონება, რაც ბანალურ და ზოგად შეფასებას - „საინტერესოს“, ბევრად აღემატება. მშობლიურ ილიაუნის თეატრში გასულ სეზონში მან შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ დადგა და სამსაათიან სპექტაკლში ლამის ყველაფერი ჩაატია - სხეულის შემეცნებიდან და იმედების მსხვრევიდან დაწყებული, შექსპირის კომედიის ჰუმანისტურ-პოზიტიური ტრადიციის უარყოფით დამთავრებული. რეჟისორის პირქუში, ხანგრძლივი სცენებით დამძიმებული, მაგრამ მოქნილი, დეკონსტრუქციული, თამამი და პროვოკაციული ვერსია გაცილებით ახლოა დავით დოიაშვილის კრისიზულ, ბნელ და თამამი სექსუალური „წნეხით“ გამდიდრებულ „ზაფხულის ღამის სიზმართან“, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრში რამდენიმე წლის წინ დაიდგა.
„ზაფხულის ღამის სიზმარი" - რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი
თანამედროვე და აბსტრაქტული გარემო, პოსტმოდერნული კოსტიუმები და ლაივ-მუსიკა (ავტორი - ვახო გვახარია, რომელიც სულ მუდამ სცენაზეა) თავისებურ ტემპო-რიტმს აძლევს მთლიანად სპექტალს. თარგმანის ახალი, ასე ვთქვათ, პროზაულ-გამარტივებული ვერსია (შეგნებულად უარყოფილია ვახტანგ ჭელიძის პოეზიით „გადატვირთული“ თარგმანი) რეჟისორს საშუალებას აძლევს საკუთარი ფანტაზია ფსიქოანალიზის მიმართულებით წარმართოს და გამოამზეუროს. ამდენად, სპექტაკლში სხეულს გაცილებით მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე ტრადიციით დამკვიდრებულ შექსპირულ პოეზიას. შესაბამისად, ათენის ტყეც დემეტრიუსისთვის, ჰერმიასთვის, ელენესა და ლისანდრისთვის ურთიერთშემეცნების მიზეზი უფრო ხდება, ხოლო ვნებები - სექსუალური აღმოჩენების შემდგომი ეგზისტენციის მიზეზი.
სხეულების მიმართ ასეთი ინტერესი და მათში ამგვარი „ჩაძიება“ მაყურებელს გაუმართლებლად შეიძლება მოგვეჩვენოს: მაგალითად, რატომ აუპატიურებს ჰერმიას მამა (უნდა აღინიშნოს ანდრია ვაჭრიძის შესანიშნავი თამაში სპექტაკლში), ან რატომ შიშვლდება ფინალში დემეტრიუსი (გივი ბარათაშვილი), რომელიც ერთსა და იმავე მოძრაობებს დაჟინებით იმეორებს (გადაძახილი თანამედროვე ქორეოგრაფიასთან?!). თუმცა სწორედ „მთვარის“ ბნელი მხარის მოძიება, სისასტიკისა და სექსის ამგვარი უჩვეულო რითმა თუ გაბაასება ანიჭებს შექსპირის ტექსტს უჩვეულო განზომილებას. მთავარი გმირები ჭეშმარიტ სიყვარულს მხოლოდ „დანაღმული“ ფიზიოლოგიური ველის გავლის შემდეგ, ანუ უკვე სხეულის გამოცდებისა და განცდების შემდეგ აღმოაჩენენ.
რეჟისორმა დავით დოიაშვილმა მუსიკისა და დრამის თეატრში დადგმულ „შეშლილის წერილებში“, შეიძლება ითქვას, რომ მსახიობ ამირან ამირანაშვილს სრული კარტ-ბლანში მისცა. ეს არის საათნახევრიანი მონოსპექტაკლი, რომელშიც თუმანიშვილის მოწაფეს, ცნობილ მსახიობს პოპრიშჩინის როლით საკუთარი არტისტული შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობა ეძლევა. მით უმეტეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მას თეატრალური როლი არ უთამაშია. შეიძლება გავიხსენოთ მისი არცთუ წარმატებული რეჟისორული ექპერიმეტი - „ჰამლეტი“, მიხეილ თუმანიშვილის თეატრში.
„შეშლილის წერილები" - რეჟისორი დავით დოიაშვილი
რეჟისორმა გოგოლის ჩინოვნიკური პეტერბურგი ლამის კაფკიანური სიცხადითა და გამოუვალობის შეგრძნებით აღწერა: მისტიკურად ანათებენ მბჟუტავი ფანჯრები და მთვარე, სადღაც შორს მოჩანან პაწაწინა სახლები და ქოხები; უცნაური რკინის კონსტრუქცია პოპრიშჩინის ფანტაზიით საყვარელ ქალად იქცევა. იქვე, განათებით რამდენჯერმე გამოკრთება გოგოლის პორტრეტიც. სპექტაკლის ყველაზე პოეტური, მგრძნობიარე თუ დრამატული ირონიით გაზავებული სცენები სწორედ სიყვარულის საგნობრივ და ნაივურ მეტაფორებად გადაქცევას უკავშირდება - თუნუქის ტაშტით დაწყებული (რომელიც მყუდრო სახლიცაა, საგიჟეთის რიგითი პალატაც და დედის საშოც), ბანალური ხელის მიქსერით დამთავრებული (ასევე ბანალური, მაგრამ პოპრიშჩინისთვის მნიშვნელოვანი წარმოსახვითი მასტურბაციის აქტი).
ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლში პოპრიშჩინის შეუძლებელი თუ ზემგრძნობიარე სიყვარულია, რომლის დემონსტრირებას ამირან ამირანაშვილი განსაკუთრებული მონდომებით, მგძნობიარე გულახდილობითა და ოდნავ ძველმოდური, რომანტიზებული თამაშის მანერით ცდილობს. იოლად ხვდებით, რომ აკვიატებული თუ მოგონილი სიყვარული პოპრიშჩინისთვის შეუბრალებელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემოსგან თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა. მის ფანტაზიაში გაცოცხლებული, დანომრილი წერილების კითხვაც სინამდვილეში დრამატული ფინალის შემზადებაა, როცა წარმოსახვითი სამყაროდან ის რეალურ საგიჟეთში აღმოჩნდება.
ზოგჯერ კარგი ფილმის კინოსცენარი მოულოდნელად შეიძლება იქცეს თეატრის რეჟისორისთვის ინსპირაციის წყაროდ. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში რეჟისორმა გურანდა იაშვილმა იტალიელი რეჟისორის, პაოლო ჯენოვეზეს ცნობილი ფილმის „იდეალური უცნობების“ სცენარის მიხედვით, შეიძლება ითქვას, ნამდვილი ჰიტი-სპექტაკლი დადგა.
წარმოდგენას, რომლის სახელწოდებაა „თამაში“, მაყურებელი კიდევ დიდხანს არ მოაკლდება. მიზეზი კი, პირველ რიგში, მსახიობთა მშვენიერი ანსამბლია (კახა კინწურაშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი, ეკა დემეტრაძე, ნანკა კალატოზიშვილი, დავით ბეშიტაიშვილი, ბუბა გოგორიშვილი, გიგი ქარსელაძე, რუსუდან ქარქაშაძე). მნიშვნელოვანია რეჟისორის მიერ ზუსტად მოძებნილი ცოცხალი და ირონიით გაზავებული თხრობის მანერა. ასევე დინამიკური, უშუალო და ცოცხალი დიალოგები, რომლებიც მაყურებელს მუდმივი დაძაბულობის რეჟიმში ამყოფებს.
უახლოესი მეგობრები ერთმანეთთან სატელეფონო მესიჯებით, ანუ „თამაშის“ წყალობით ხელახლა აღმოაჩენენ ერთმანეთს. რაც მოულოდნელია, სასაცილო, ხოლო ფინალში ლამის შემზარავიც. სპექტაკლში მსახიობური აღმოჩენები და თითქმის შენიღბულ-შეუმჩნეველი რეჟისურა ერთმანეთს კარგად აბალანსებს. ვისაც დღევანდელ თეატრში ტექნოლოგიური და რეჟისორული „ფოკუსები“ (იგივე მეტაფორები) ზედმეტად მძიმე ტვირთად ეჩვენება, გურანდა იაშვილის კარგად ტემპერირებულ სპექტაკლში მსახიობთა სილაღე უდავოდ სასიამოვნო სიმსუბუქედ მოეჩვენება.
„თამაში" - რეჟისორი გურანდა იაშვილი