Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხოსე ანტონიო რეიესი: 1983 - 2019

01 სექტემბერი 2019

დღეს ხოსე ანტონიო რეიესის დაბადების დღეა.

2019 წლის პირველი ივნისის დილით უტრერა-სევილიის გზაზე შემაძრწუნებელი ავტოავარია მოხდა. 220 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი Mercedes Brabus S550, რომელსაც ხოსე ანტონიო რეიესი მართავდა, გზატკეცილიდან გადაფრინდა და აფეთქდა. ინციდენტის შედეგად რეიესი და მისი ორი ბიძაშვილი დაიღუპნენ. 

იმ დღეს ევროპის საფეხბურთო ელიტის სეზონი იხურებოდა - ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპული“ ტოტენჰემს ხვდებოდა. თამაში წუთიერი დუმილით დაიწყო - ასე გამოუცხადა საფეხბურთო სამყარომ სამძიმარი რეიესის ოჯახსა და ახლობლებს. მერსისაიდული კლუბის განაცხადში რეიესის ახლო მეგობარი, ალბერტო მორენოც იყო წარმოდგენილი, რომელსაც უშუალოდ საფინალო მატჩში არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ დაჯილდოების ცერემონიაზე რეიესის გამოსახულებით, უფრო ზუსტად კი თავად მორენოსა და რეიესის ერთობლივი ფოტოს „პრინტით“ დამშვენებულ მაისურში გამოწყობილი წარდგა. 

ხოსე ანტონიო 3 ივნისს, მის მშობლიურ  უტრერაში დაკრძალეს. „ესტრემადურამ“ მისი მაისურის ნომერი (19) ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღო.

ხოსე ანტონიო რეიეს კალდერონი ათი წლის იყო, როცა ანდალუსიის დედაქალაქში გადაბარგდა და საფეხბურთო კლუბ „სევილიას“  შეუერთდა.  მომდევნო ექვსი წლის მანძილზე იგი ნერვიონელების ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა, 1999 წელს კი  იმავე „სევილიასთან“ ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა და კლუბის მთავარი გუნდის წევრი გახდა. მისი პროფესიონალური დებიუტი 1999-2000 წლების საფეხბურთო სეზონში შედგა  - იგი მხოლოდ 16 წლის იყო, როდესაც პირველად გავიდა მოედანზე ძირითადი გუნდის მაისურით.

კონტრაქტის დადების შემდეგ რეიესმა კიდევ ოთხი წელი გაატარა „სევილიაში“. 2001 წელს ნერვიონელებმა სეგუნდა დივიზიონის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვეს და ესპანეთის საფეხბურთო ელიტას დაუბრუნდნენ. რეიესს ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. 

2001-2002 წლებში ხოსე ანტონიო ესპანეთის ცხრამეტწლამდელთა ნაკრებშიც ასპარეზობდა და თავისი ქვეყნის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად უეფას ცხრამეტწლამდელთა ჩემპიონატი მოიგო.

მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელს იგი ეროვნულ გუნდშიც მიიწვიეს, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული მისი სანაკრებო კარიერის მანძილზე ერთადერთი აღმოჩნდა. რეიესი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2006 წლამდე ასპარეზობდა.

2000-2004 წლებში მან  სევილიის ძირითადი გუნდის 86 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 22-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, რითაც არაერთი კლუბის ყურადღება მიიპყრო.

ყველაზე დიდი ენთუზიაზმი „არსენალმა“ გამოავლინა. „სევილიის“ მწვრთნელმა, ხუაკინ კაპაროსმა რეიესის შენარჩუნება ისურვა, მაგრამ ნერვიონელების ხელმძღვანელობას „მეთოფეების“ შემოთავაზება ჭკუაში დაუჯდა და საბოლოოდ  ხოსე ანტონიო ლონდონელებს 17 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაუთმეს.

„არსენალში“ რეიესმა ორ-ნახევარი სეზონი გაატარა.  2004 წელს ლონდონურ კლუბთან ერთად იგი ინგლისის ჩემპიონი გახდა. ამას გარდა, რეიესმა არსენალთან ერთად ინგლისის ასოციაციის თასიცმოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა .

2006 წელს მედიაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც რეიესით მადრიდის „რეალი“ იყო დაინტერესებული. თავად რეიესმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ესპანეთში სურდა დაბრუნება. საბოლოოდ არსენალის მესვეურებმა „რეალის“ ხელმძღვანელებთან გააფორმეს „ბარტერული ხელშეკრულება“, რომლის მიხედვითაც „მეთოფეების“ რიგებს ჟულიო ბაპტისტა შეემატა, რეიესი კი „რეალის“ ბანაკში გადაბარგდა. თუმცა, ხოსე ანტონიო არ „გაუყიდიათ“  - იგი იჯარით „გაანათხოვრეს“ - ანუ ის მაინც „არსენალის“ ფეხბურთელად დარჩა. 

2006-2007 წლების სეზონში რეიესმა რეალის 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მთლიანობაში 6 გოლი გაიტანა. იმ წელს მადრიდის სამეფო კლუბი ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ტურნირის ბოლო შეხვედრაში რეიესმა ორი ბურთი შეუგდო „მალიორკას“, რის შედეგადაც რეალმა ის მატჩი მოიგო (ანგარიშით 3:1) და გათამაშების გამარჯვებული გახდა. იმ მატჩში რეიესის ცვლილებამ თამაშის მიმდინარეობა მთლიანად შეცვალა - მის გამოსვლამდე რეალი მარცხდებოდა და მატჩთან ერთად ჩემპიონობასაც კარგავდა, თუმცა რეიესის გამოსვლის შემდეგ რეალმა 25 წუთში სამი გოლი გაიტანა.

2007 წლის 31  ივლისს რეიესი მადრიდის „ატლეტიკოს“ შეუერთდა.. „ინდიელების“ რიგებში რეიესმა 104 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა. მადრიდელ „მელეიბეებთან“ ერთად რეიესი ორჯერ - 2010 და 2012 წლებში -    დაეუფლა ევროპის ლიგის გათამაშების გამარჯვებულის ტიტულს. ამას გარდა, „ატლეტიკოს“ რიგებში ყოფნისას მან  უეფას სუპერთასი მოიპოვა .

2012 წელს რეიესი „სევილიაში“ დაბრუნდა და მშობლიური გუნდის რიგებში კიდევ 109 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მთლიანობაში ცხრა ბურთიც გაიტანა. იმ პერიოდში სევილიელები ზედიზედ სამჯერ (2014, 2015 და 2016 წლებში) დაეუფლნენ ევროპის ლიგის თასს და ერთხელ (2016 წელს) ესპანეთის თასის („კოპა დელ რეის“)  გათამაშების ფინალშიც გავიდნენ.  2016 წელს ევროპის თასის ფინალში „ლივერპულის“ დამარცხების შემდეგ რეიესი გახდა პირველი და ერთადერთი ფეხბურთელი, რომლესაც კარიერის მანძილზე ევროპის თასი ხუთჯერ ჰქონდა მოგებული.

2016 წელს რეიესი საბოლოოდ დაემშვიდობა „სევილიას“ და ჯერ „ესპანიოლში“ გადავიდა ერთი სეზონით, და შემდეგ „კორდობაში“ სცადა ბედი, მაგრამ ამ ტრანსფერებს განსაკუთრებული წარმატებები არ მოჰყოლია.  რეიესის თამაშს  აშკარად დაეტყო, რომ მისი „საფეხბურთო ასაკი“ კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდებოდა და ამიტომ, ბევრი სხვა ვეტერანის მსგავსად,  მანაც ჩინეთს მიაშურა. 2018 წლის ზაფხულში იგი „სინძიან ტიანშან ლეოპარდის“ ფეხბურთელი გახდა, მაგრამ 2019 წელს ისევ სამშობლოსკენ გამოუწია გულმა. იგი ესპანეთში დაბრუნდა და „ესტრემადურას“ რიგებში ცხრა მატჩის ჩატარება მოასწრო.

რეიესის თამაში არასდროს  გამოირჩეოდა სტაბილურობით. მისი კარიერის სტატისტიკური მონაცემებიც ცხადყოფს, რომ ხოსე ანტონიო არ განეკუთვნებოდა იმ ფეხბურთელების რიცხვს, რომლებიც ყველა შეხვედრაში ახერხებენ საკუთარი გუნდისთვის სარგებლის მოტანას. თუმცა, ამის მიუხედავად, იგი გულშემატკივრის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვან, გადამწყვეტ მატჩებში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდა ტიტულების მოპოვებაში. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ უკვე ნახსენები დუბლი, რომელმაც მადრიდის რეალს ესპანეთის ჩემპიონობა მოუტანა და  2010 წელს უეფას სუპერთასის გათამაშებაში გატანილი ბურთი, რომელიც მან „ინტერის“  კარში შეაგდო.

რეიესმა თბილისშიც გამოიჩინა თავი - 2015 წლის 11 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ მან  „ბარსელონას“ გაუტანა, მაგრამ საბოლოოდ სევილიამ ის თამაში დათმო (საბრძოლო ანგარიშით 5:4) და ამიტომ იმ წელს ხოსე ანტონიო ევროპის სუპერთასს ვერ დაუფლა.

რეიესს სამი შვილი დარჩა - ორი გოგონა (ნოელია და ტრიანა) და ერთი ვაჟი - ხოსე ანტონიო რეიეს ლოპესი. 2019 წლის ივლისში 11 წლის ხოსე  მადრიდის რეალის ახალგაზრდულ გუნდში მიიღეს. მანამდე რეიეს ლოპესი „ლეგანესის“ აკადემიაში ირიცხებოდა.  შეთანხმება მისი „რეალში“ გადასვლის შესახებ უფროსი რეიესის გარდაცვალებამდე გაფორმდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^