Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბორის ჯონსონის მასტერკლასი

02 სექტემბერი 2019

2016 წლის ბრექსიტის რეფერენდუმის შემდეგ, რომელიც ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების საკითხს ეხებოდა და რომელსაც 17-მა მილიონმა მოქალაქემ უმრავლესობით მხარი დაუჭირა, გაერთიანებული სამეფო პოლიტიკური დილემის წინაშე აღმოჩნდა: ერთი მხრივ, არსებობდა ხალხის დემოკრატიული არჩევანი, მის საპირწონედ კი ევროპული გაერთიანების დატოვების საკმაოდ რთული პროცესი - ჩავარდნილი ევროპული კონსტიტუციის პროექტის შემდეგ, ლისაბონის ხელშეკრულებაში პირველად ჩამოყალიბდა 50-ე პუნქტის სახით და ძალაში 2009 წელს შევიდა.

ბუნებრივია, სამართლებრივ საკითხს ამ შემთხვევაში უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობაც ენიჭება, რამდენადაც ლისაბონის ხელშეკრულებით წარმოდგენილმა რამდენიმე წინადადებიანმა ფორმულირებამ (რომ თანამეგობრობის დატოვების მსურველმა სახელმწიფომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ თავდაპირველად ევროპულ საბჭოს უნდა ამცნოს; შემდეგ კი ორწლიან ვადაში კავშირის წევრ სხვა სუბიექტებთან გასვლის პირობები შეათანხმოს) ბევრი საკითხი, უბრალოდ, მოუწესრიგებელი დატოვა. ამას ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლები ახლა თავად გამოცდიან საკუთარ თავზე.

გაერთიანების დატოვების შესახებ მიღწეული შეთანხმება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისა და ევროკავშირს შორის  პარლამენტმა დიდი უმრავლესობით სამგზის უარყო. ეს ფაქტი სავსებით ლოგიკურია, რადგან მოლაპარაკების მაგიდასთან ბრიტანეთს სხვა 27 სახელმწიფოსთან მარტოდმარტოს უწევს პირობების შეთანხმება, საბოლოოდ კი, ძალიან ბევრის დათმობა თითოეულ მათგანთან. ეს სრულიად მიუღებელია როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებისთვის, ისე მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის.

საბოლოოდ, ტერეზა მეის წარუმატებელმა დიპლომატიურმა კამპანიამ და გამოჩენილი ევროსკეპტიკოსის, ნაიჯელ ფარაჯის მიერ წამოწყებულმა ბრექსიტის ახალმა კამპანიამ (რომლის შედეგადაც მისმა ახლად შექმნილმა ბრექსიტის პარტიამ წლევანდელ ევროპარლამენტის არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა) ნათლად დაანახვა უძველესი ბრიტანული კონსერვატიული პარტიის წევრებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბრექსიტის საკითხზე ახალი პოლიტიკის შემუშავება. არჩევანი ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ პერსონაზე - ბორის ჯონსონზე გაკეთდა, რომელიც 23 ივლისს გამოცხადდა შიდა პრაიმერის გამარჯვებულად, შესაბამისად - პარტიის ლიდერად და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად.

პრაიმერში გამარჯვების შემდეგ ბორის ჯონსონმა თავისი პირველი პოლიტიკური მესიჯით გვამცნო - არავითარი „თუ“ ან „ალბათ“, გაერთიანებული სამეფო 31 ოქტომბერს აუცილებლად დატოვებს ევროკავშირს. პოლიტიკური და ბიზნესწრეები ამ გზავნილით ნამდვილად არ მოხიბლულან - შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვების სცენარი ორიოდე წლის წინ ყველაზე რადიკალურად განწყობილ ევროსკეპტიკოსებსაც კი არ მოსწონდათ.

რეფერენდუმის შემდეგ გამართულ ევროპარლამენტის პირველივე სხდომაზე ნაიჯელ ფარაჯმა სწორედ მოლაპარაკებისკენ მოუწოდა კოლეგებს და აღნიშნა, რომ მოვლენების სხვაგვარად განვითარება არავისთვის იქნებოდა მომგებიანი.

თუმცა დღეს სამწუხარო რეალობამდე მივედით, რაც ლოგიკურად ბევრს უჩენს იმის შიშს, რომ შეთანხმების გარეშე გასვლა გამოიწვევს საბაჟო გადასახადების ზრდას, უწინარესად კი - საკვებ პროდუქტზე (ბრიტანულ კვების ინდუსტრიაში ევროპული ნაწარმის წილი 30%-ია); უამრავი პრობლემა შეიქმნება სასაზღვრო პუნქტებზე, განსაკუთრებით კი ევროპაში მცხოვრები ბრიტანელებისთვის, რომელთა სავარაუდო სტატუსიც მოცემულ სცენარში გაურკვეველია; ამასთან, სოლიდურად დაზარალდება ევროკავშირიც, განსაკუთრებით, ბრიტანეთიდან მექანიკური და ელექტრომოწყობილობების იმპორტიორი ევროპული კომპანიები; „ეკონომიკური შოკი“ გარდაუვალია ირლანდიის, გერმანიის, კვიპროსის, ჰოლანდიისა და ბელგიისთვის, შესაბამისად, უკეთესი იქნება, თუ ამ შედეგებამდე მხარეები არ მივლენ.

ამ მხრივ ბრიტანელები მშვიდად იყვნენ, რადგან მათ „შემაკავებელი ორდერი“ ეგულებოდათ პარლამენტის სახით, სადაც რადიკალი ევროსკეპტიკოსები უმცირესობას წარმოადგენენ. თუმცა დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოცდილმა პოლიტიკოსმა ბორის ჯონსონმა დედოფალთან ერთად „მასტერკლასი“ ჩაუტარა პოლიტიკურ ოპონენტებს და ისინი, პირდაპირი მნიშვნელობით, დასასვენებლად გაუშვა.

ბრიტანული ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო სესიების განმავლობაში ფუნქციონირებს. მის საქმიანობაში მონარქის როლი, რა თქმა უნდა, ფორმალურია, თუმცა ზოგჯერ, მრჩეველთა საბჭოს თხოვნის საფუძველზე (რომელსაც ამჟამად რადიკალურად განწყობილი ევროსკეპტიკოსი რეს მოგი მეთაურობს), სწორედ მონარქი ახდენს სესიისთვის განსაზღვრული დროის ცვლილებას. მსგავსი მოვლენა გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ხშირია, თუმცა საპარლამენტო საქმიანობისთვის ვადების კორექტირება საკმაოდ მოკლე პერიოდს ეხება.

მსგავსი ხისტი ჩარევა საპარლამენტო საქმიანობაში, მისი „დროებითი“ დათხოვნის საბაბით, უკანასკნელად მეფე ჩარლზ პირველის მმართველობას უკავშირდება - 1600 წელს საბიუჯეტო თემატიკასთან დაკავშირებით მისი და საკანონმდებლო ორგანოს პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა, რასაც საპარლამენტო საქმიანობის თერთმეტი წლით შეჩერება მოჰყვა. ბრიტანელები ამ ფაქტს „თერთმეტწლიან ტირანიად“ მოიხსენიებენ.

ცნობილია, რომ მრჩეველთა საბჭოს სამი კონსერვატორი წევრი დედოფალს შეხვდა პრემიერის თხოვნის გადასაცემად - პარლამენტის საქმიანობა შეზღუდულიყო თავად დედოფლის საპარლამენტო ვიზიტამდე (14 ოქტომბრამდე) იმ მიზეზით, რომ შიდა პოლიტიკის არაერთი საკითხის დასამუშავებლად მთავრობას მეტი დრო ჰქონოდა.

28 აგვისტოს დედოფალმა ელისაბედმა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაჩერა; შედეგად, ორივე პალატის წევრები შეძლებენ, საზაფხულო არდადეგების შემდეგ, სექტემბრის დასაწყისში ერთხელ შეკრებას, შემდეგ კი, 14 ოქტომბრამდე მათ იძულებითი დასვენება ელოდებათ, ბრექსიტის ახალი თარიღი კი, მოგეხსენებათ, 31 ოქტომბერია. შესაბამისად, თითქმის შეუძლებელი ხდება, პარლამენტმა შეთანხმების გარეშე გაერთიანების დატოვების გეგმა ჩააგდოს.

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ბორის ჯონსონი სწორედ ამ სცენარს უმიზნებს და სწორედ ამ მიზეზით იზრუნა საკანონმდებლო ორგანოს მოქმედების შეზღუდვაზე. მისი ოპონენტები ბოლოდროინდელ მოვლენებს დემოკრატიის წინააღმდეგ შეთქმულებად ნათლავენ. ბორისზე უფრო რადიკალი ევროსკეპტიკოსები ამბობენ, რომ შეთქმულება თავად პარლამენტს უკავშირდება, რომელმაც უკვე მესამე წელია ვერ შეძლო ხალხის ნების რეალიზება და ევროპული კავშირის დატოვება.

შეფასებები შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი, მაგრამ ფაქტი ერთია - ბორის ჯონსონმა „რევოლუციონერ“ ლეიბორისტებს მათივე თამაშის წესებით მოუგო პირველი რაუნდი, ხოლო რადიკალ ევროსკეპტიკოსებს შემდეგ არჩევნებში რამდენიმემილიონიანი ელექტორატი წაართვა.

დღეს შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანულ პოლიტიკას, რომელიც წარმატების საუკუნეებს ითვლის, სერიოზული კრიზისის ხანა დაუდგა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში ბორის ჯონსონს საუკეთესო მოკავშირედ ეგულება დონალდ ტრამპი, რომელთანაც უკვე მოასწრო პროდუქტიული შეხვედრის გამართვა და უამრავი ქათინაურიც დაიმსახურა.

ევროსკეპტიკოსთა შეფასებით, ევროკავშირის დატოვების შემდეგ შეერთებულ შტატებთან, ჩინეთთან და კანადასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმებით მალე დაძლევენ ეკონომიკურ სირთულეებს და უფრო ძლიერ ეკონომიკას შექმნიან. ფაქტია, რომ დღეს ყველაფერი უგვირგვინო, მაგრამ უახლესი ისტორიის ყველა წინამორბედზე მეტი ძალაუფლებით აღჭურვილი ბორის ჯონსონის ხელშია მოქცეული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^