რამდენიმე წლის წინ გლდანის მეტროსთან ვარ, იქ, სადაც თითქმის მთელი ტერიტორია გარემოვაჭრეებს აქვთ ათვისებული. ერთ კუთხეში, სახელდახელოდ გაწყობილ დახლზე ქალი რაღაც წვრილმან ნივთებს ყიდდა და თან თავის მცირეწლოვან შვილს ამეცადინებდა. სცენა წარმოსადგენად თითქოს დიდი არაფერი. ყველამ ისედაც კარგად ვიცით, რომ ადამიანებს უჭირთ, ცუდ პირობებში უწევთ მუშაობა და ზოგჯერ, შრომის პარალელურად, სხვა ფუნქციის შეთავსებაც. ადამიანებს რომ უჭირთ, ამას სახლიდან გასვლისას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხედავთ და ვგრძნობთ. სიმართლე ითქვას - სახლშიც. მაგრამ იყო მაინც იმ სუსხიან ზამთრის საღამოს მბჟუტავი ლამპიონის ქვეშ მსხდომი დედა-შვილის ურთიერთობაში რაღაც განსაკუთრებულად სენტიმენტალურ-ემოციური... მათ ისევ დავუბრუნდები.
დედაქალაქში გარევაჭრობასთან ბრძოლას დიდი ხნის ისტორია აქვს. გარევაჭრობა თბილისში 2006 წელს აიკრძალა. კოდექსის თანახმად: გარევაჭრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 20-იდან 50 ლარამდე, ხოლო გარემოვაჭრე, რომელიც არ დაემორჩილება სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერ განკარგულებას ან მოთხოვნას, დაჯარიმდება 50-იდან 100 ლარამდე, ან ადმინისტრაციული პატიმრობით 7 დღემდე ვადით.
ქალაქის სხვადასხვა უბანში ხშირად ეწყობოდა ოპერაციები გარევაჭრობის აღსაკვეთად, რასაც მერე გარემოვაჭრეთა აქციები მოჰყვებოდა ხოლმე. მიუხედავად გაცხადებული პოლიტიკისა, რომ გარევაჭრობა მიუღებელია, მასთან ბრძოლა იყო ზედაპირული, შერჩევითი და დროებითი. გარკვეული პერიოდის მერე ქალაქის მერია თვალს ხუჭავდა აწ უკვე გათავისუფლებულ ადგილზე დაბრუნებულ მოვაჭრეებზე.
2014 წელს საკრებულომ ახალი დადგენილება მიიღო. იგი 2006 წლის დადგენილების იდენტურია თითქმის, მაგრამ ამჯერად გარევაჭრობის ფორმების, ადგილებისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა განსაზღვრის უფლება საკრებულოს გადაეცა. საბოლოოდ კი მივიღეთ ასეთი მოცემულობა - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, გარევაჭრობა ნებართვის გარეშე კანონდარღვევაა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ევალება, დაადგინოს და მიიღოს გარევაჭრობისთვის ნებართვის გაცემის წესი, რაც დღემდე არ არის მიღებული. შესაბამისად, გარევაჭრობის ნებისმიერი ფორმა კანონდარღვევაა, ვინაიდან ნებართვის ფორმა არ არსებობს. ამ შემთხვევაში ცოტა გაურკვეველია, რა პრინციპით მოქმედებს ქალაქის მთავრობა ან შესაბამისი უწყება, როცა გარკვეულ ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს საქმიანობას უზღუდავს, ხოლო სხვა ადგილას მათ საქმიანობაზე რეაქცია არ აქვს. რატომაა, მაგალითად, „მშრალ ხიდზე“ გარევაჭრობა დაშვებული, ხოლო მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე - დაუშვებელი.
2017 წლის გაზაფხულზე მერიამ გარევაჭრობასთან ბრძოლის მასშტაბური კამპანია წამოიწყო.
რეალურად, ეს კამპანია წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გულის მოგების ერთ-ერთი ხერხი იყო. როგორც ჩანს, მერიაში მიხვდნენ, რომ ყოველი არჩევნების წინ გზების დაგება და სკვერების კეთილმოწყობა აღარაა საკმარისი ამომრჩევლის დასაინტერესებლად, მათი გულის მოსაგებად - მეტი ფანტაზიაა საჭირო. ხალხმაც მალევე მოიწონა ეს ახალი ინიციატივა და ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, როცა მოსახლეობის თითქმის ყველა კატეგორია - იქნებოდა ეს ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი, აპოლიტიკური ადამიანი ან ნებისმიერი სხვა, ყველა კმაყოფილი იყო გარევაჭრობის წინააღმდეგ მერიის აქტიური ქმედებებით.
კითხვაზე, უნდა აღიკვეთოს თუ არა სტიქიური გარევაჭრობა, გამოკითხულთა 94-მა პროცენტმა დადებითად უპასუხა. ისიც აღსანიშნავია, რომ 30 პროცენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ემხრობა ამ აღკვეთას, თუ გარემოვაჭრეები თანხმობას განაცხადებენ ალტერნატიულ ფართზე.
მთელი ეს პროცესი იყო საკმაოდ პროფესიონალურად დაგეგმილი და ძალიან კარგად გაშუქებული. მერიის დავარცხნილ-მოწესრიგებული თანამშრომლები ახალ-ახალ ვიდეოებში ოპტიმისტურად და პოზიტიურად საუბრობდნენ გარევაჭრობასთან ბრძოლაზე. გვპირდებოდნენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და ამიერიდან ყველა ასეთ ადგილს სათანადო ყურადღება მიექცეოდა, მოსუფთავდებოდა და აღარ იქნებოდა ანტისანიტარია. ირიბად გარემოვაჭრეების ბრალზეც მიგვანიშნებდნენ - აქამდე ეს ადამიანები არ აძლევდნენ მერიის დასუფთავების სამსახურს საშუალებას, გარკვეული ტერიტორია გაეწმინდა; განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ გარემოვაჭრეების მიერ დატოვებულ სიბინძურეზე, რის გამოც ახლა ამ ადგილის სპეციალური ხსნარით გასუფთავება და მაღალი ჭავლის მქონე „კერხერის“ გამოყენება უწევთ.
ზოგადად, ტექსტი იყო კორექტული და დახვეწილი, როგორც მერიისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ინტერვიუებში, ისე მერიის ფეისბუქგვერდზე - მოხდა გარემოვაჭრეების გადაყვანა, გარემოვაჭრეების მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული, უკანონო ვაჭრობის აღკვეთა, კოდექსის მუხლის მოშველიება, რომ ყველაფერი კანონიერ ფარგლებში ხდება და არავის უფლება არ ირღვევა... მაგრამ, მიუხედავად ამ ფასადური მზრუნველობისა და დახვეწილი მანერებისა, მაინც ნათლად იკვეთებოდა ერთადერთი სიტყვა და ქმედება - აყრა, გარემოვაჭრეების აყრა.
„ქალაქის გულშია ჩუღურეთი და აი, ამ ჩუღურეთში, წარმოიდგინეთ, ეს ყველაზე გამორჩეული გამზირი, უკვე წარმოუდგენლად უსახურად გამოიყურება იმ თვალსაზრისით, რომ გარემოვაჭრეები, აბსოლუტურად ყველა პროდუქცია, რაც კი წარმოგიდგენიათ, ყველა პროდუქციით ვაჭრობენ“ - ეს ნაწყვეტია ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინტერვიუდან. ამავე ვიდეოში ადგილობრივი მცხოვრები აგრძელებს რიტორიკას და ისიც წუხს იმაზე, რომ ამ ლამაზ გამზირზე ასეთი გაუგებრობები ხდება გარემოვაჭრეების გამო. გამზირზე, სადაც, სტუმარი რომ ჩამოდის, პირველად აქ მოგყავს.
ის, რომ ტურისტებისა და სტუმრებისთვის არ იქნება ლამაზი გარემოვაჭრეების დანახვა, ამის შესახებ მარტო ამ ვიდეოში არ თქმულა და ხშირად მომისმენია გარევაჭრობასთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად. ესაა პასუხი ჩემ მიერ ზემოთ დასმულ კითხვაზე, თუ რატომაა „მშრალ ხიდზე“ გარევაჭრობა დაშვებული, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მეტროსადგურზე ნაკლებად გადატვირთული ადგილი არაა და ხშირად ჭირს ფეხით გადაადგილება. სამაგიეროდ, ეს ადგილი ტურისტებისთვისაა საინტერესო - სხვადასხვა ნივთით გაცოცხლებული საბჭოთა წარსული უცხო და მიმზიდველია ბევრი მათგანისთვის, მაშინ როცა მარჯანიშვილისა და სხვა მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველთა ყოველდღიური ბრძოლა თვითგადარჩენისთვის ამ მიმზიდველობის ელემენტისგან დაცლილია. შესაბამისად, „მშრალი ხიდის“ მოვაჭრეებს მერიისგან საფრთხე არ ელით - ეს ადგილი ერთ-ერთი საინტერესო ატრაქციაა და ამაში არც მოსახლეობა ხედავს რაიმე პრობლემას.
ნებისმიერ სხვა შემთხვევაში გარემოვაჭრე თბილისის მერიის კეთილ ნებაზეა დამოკიდებულები - თუ რამდენადაა მერიისთვის მისი ვაჭრობის ფორმა არაესთეტიკური, ქალაქის იერსახის დამამახინჯებელი და ა.შ. ამის გარდა, არ არსებობს რეალური კრიტერიუმი იმისა, თუ რა დროს ხდება გარევაჭრობა მიუღებელი. ქალაქის მთავრობის მიერ კოდექსში დატოვებული ეს ლაფსუსი მიანიშნებს მათ არაპროფესიონალიზმე - ქალაქის მერიამ არ იცის, როგორ მოაგვაროს გარევაჭრობის პრობლემა, კოდექსიც კი ვერ ჩამოაყალიბა და თან დაიტოვა მოქმედების მაქსიმალური თავისუფლება, რომ ნებისმიერ დროსა და ადგილას ისევ შეუძლია ნებისმიერი არგუმენტით გარემოვაჭრეების დაშლა.
მთელი ამ ინტერვიუებისა და ფოტომასალის ნახვის შემდეგ იყო ისეთი განცდა, თითქოს გარემოვაჭრეებს ქალაქის ნაწილი აქვთ ოკუპირებული და მერია მათთგან დახსნას ცდილობს. ფეისბუქგვერდზე ყოველდღიურად ატვირთული ახალი ფოტოები თეგით #გარევაჭრობა (სადაც მერიის თანამშრომლები პოზირებდნენ იმ ადგილას, სადაც ადრე გარემოვაჭრეებს ეკავათ), ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ მერიამ მტერი განდევნა და ახალი სტრატეგიული ობიექტი დაიკავა. ხალხი აქტიურად წერდა კომენტარებს სოციალურ ქსელში მერიის მიერ განთავსებულ ყველა ფოტოზე და იმ ადგილების კოორდინატებს აწვდიდა, სადაც ჯერ ისევ იყვნენ გარემოვაჭრეები გამაეგრებული. ბრძოლის ხაზიდან ყოველდღე მოდიოდა ოპტიმისტური სიახლეები, ყოველდღე ახალ-ახალ ტერიტორიას გვიბრუნებდა ქალაქის მთავრობა.
ამ ფოტოზე მერის ყოფილი მოადგილე, ჩუღურეთის გამგებელი და მათი თანმხლები პირები მთლად გენერლებისა და მთავარსარდლის შთაბეჭდილებას ვერ ტოვებენ ნაბახუსევი და ახლად გამოღვიძებული სახეებით, მაგრამ რაცაა, ესაა. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.
მერიის ბენეფისი მაშინ გაიმართა, როცა დასუფთავების სამსახური მძიმე ტექნიკით წერეთლის გამზირს მიადგა და აკაკი წერეთლის ძეგლი გარემოვაჭრეებისგან დაიხსნა. აქაც არაერთი ფოტო გადაიღეს და აღნიშნეს საბოლოო გამარჯვება. ამ ყველაფრის შემხედვარე ისევ იგივე განცდა დაგეუფლებოდა - ეს ადამიანები ისე აბინძურებენ გარემოს და ამ შემთხვევაში ერთ-ერთი განმანათლებლის ძეგლს, რომ მისი მორეცხვა კვლავინდებურად სპეციალური ხსნარითა და „კერხერით“ გახდა საჭირო. ისინი პატივს არ სცემენ ქალაქს, მათ არ ადარდებთ ქალაქის ბედი და იერსახე. მთელი ეს სამარცხვინო კამპანია ისედაც მარგინალიზებული ჯგუფის კიდევ უფრო დემონიზებას ემსახურებოდა. გარემოვაჭრეები ისევ არიან მეტროებთან, მათი პირობები ისევ ძალიან ცუდია და ისევ ანტისანიტარიაა. ქალაქის მერიის პროფესიონალიზმი, პრინციპულობა და ესთეტიზმი დროებითი აღმოჩნდა. არცერთი პრობლემა არ მოგვარებულა. სამწუხაროდ, მოსახლეობის დაკმაყოფილებული ნაწილი არ დაინტერესებულა იმით, რამდენად იყო გარემოვაჭრეთა ინტერესები გათვალისწინებული და მათი უფლებები დაცული; რა ბედი ეწიათ მას შემდეგ, რაც ადგილებიდან გაიყვანეს; რას შეჰპირდნენ, შეასრულეს თუ არა დაპირება და ხომ არ მოატყუეს... სამაგიეროდ, მერიას შემდეგი არჩევნებისთვის უკვე ჰყავს ფოკუსჯგუფი, თუ ვისი აყრით, იქნება ეს ფიზიკური თუ მორალური, მოიპოვებს ამომრჩევლის სიმპათიებს. მოსახლეობისგან ასეთ ქმედებაზე მათ უკვე აქვთ მწვანე შუქი. ცხადია, ამ ბლოგში გარევაჭრობის რომანტიზებას არ ვახდენ. გარევაჭრობა, რა თქმა უნდა, პრობლემაა, მაგრამ იგი, უწინარეს ყოვლისა, მოვაჭრეებთან კომუნიკაციით, მათი სოციალური მდგომარეობისა და ინტერესების გათვალისწინებით უნდა გვარდებოდეს.
ბოლოს, წერილის დასაწყისში ნახსენებ გარემოვაჭრე ქალს რომ დავუბრუნდეთ... ცოტა ხნით დავფიქრდი - აკაკი წერეთლისთვის თავის ძეგლთან ვისი ყოფნა უფრო იქნებოდა მისაღები - მერიის უპრინციპო თანამშრომლების, რომელთა ერთადერთი მიზანიც ყველაფრის ფასად სამსახურის შენარჩუნებაა, რომლებიც არც ადამიანებზე ზრუნავენ და არც ქალაქზე, თუ გარემოვაჭრე ქალისა და მისი შვილის, რომლებიც თან ვაჭრობენ და თან მეცადინეობენ. მგონი, ამაზე პასუხი დიდხანს ფიქრს არ საჭიროებს.
ახლანდელ მერიას ჯერჯერობით დიდად არ უაქტიურია ამ პრობლემასთან მიმართებით. ძირითადად, თანამედროვე, ევროპული ფლი მარკეტების იდეაზე თუ წამოსცდება ვინმეს ორიოდ სიტყვა, რაც სასაცილოა გარევაჭრობის პრობლემის მოსაგვარებლად. სამაგიეროდ, სასჯელს ზრდიან - დედაქალაქში გარევაჭრობაზე ჯარიმა 20 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.
კანონპროექტით, გარევაჭრობის განმეორებით შემთხვევაში, პირს 100 ლარის ნაცვლად 300 ლარით დააჯარიმებენ. ასევე, იზრდება უფლებამოსილი პირის მოთხოვნების დაუმორჩილებლობისთვის განკუთვნილი ჯარიმაც, 50 ლარიდან 200 ლარამდე.