Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცეკვა, როგორც კარმა

05 სექტემბერი 2019

რა შეიძლება ითქვას ახალი კაროლინ კარლსონზე - ფინური წარმოშობის ლეგენდარულ ამერიკელ ქორეოგრაფზე, მოცეკვავეზე, მოაზროვნეზე, პედაგოგზე და მსოფლიოს არაერთ ცნობილ სცენაზე მოხეტიალე „პოეტურ სულზე? ალბათ ის, რომ ნოემბერში რუსთაველის თეატრის სცენაზე 76 წლის დიდ ხელოვანს გადაეცემა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მთავარი ჯილდო - „სრულყოფილებისათვის ხელოვნებაში“! და ეს ფაქტი 2019 წელს GIFT-ის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცევა.

რასაკვირველია, ის დიდი ხანია აღარ ცეკვავს და, ასე ვთქვათ, მოხეტიალე-პედაგოგიური შემოქმედებითაა დაკავებული მთელს ევროპაში, პარიზიდან და ვენეციიდან დაწყებული, ჰელსინკით დამთავრებული. შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად გამიმართლა, რადგან კაროლინ კარლსონი სცენაზე დიდი ხნის წინ, ფესტივალ „ტანცვინტერზე“ ვნახე, თანაც მის ერთ-ერთ საუკეთესო სოლო კომპოზიციაში Blue lady, რომლისთვისაც მუსიკა მისმა მეუღლემ, ცნობილმა ფრანგმა კომპოზიტორმა რენე ობრიმ დაწერა.

კარლსონი მაშინ 60 წლის იყო, ჰგავდა 35 წლის ქალს და ცეკვავდა როგორც 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც თითქმის შეეხო სრულყოფილებას. ამგვარი შეგრძნებები შემთხვევითი არ ყოფილა. მისი სხეულის ძალა, საოცრად ზუსტი და გათვლილი მოძრაობები, მაგიურობით ნაკვები ჟესტები 70-წუთიან კომპოზიციაში ასახავდა ქალის შინაგან მდგომარეობას ახალგაზრდობიდან სიბერემდე.

ასაკობრივი ცვლილება იკითხებოდა და ირეკლებოდა მის საოცარ პლასტიკურ ტრანფორმაციაშიც, რომლის მიღმაც ცნობიერი და მოდარაჯე კაცის თვალი ამოიკითხავდა ჯაზის ზიგზაგებსაც (რასაც თავის დროზე, ნიუ-იორკში, ქორეოგრაფ ალვინ ნიკოლაის სტუდიაში ეუფლებოდა), მარი ვიგმანის ექსპრესიონისტული ცეკვის ნაშთებსაც და თანამედროვე ცეკვის თეატრისგან ნასწავლ გამოკვეთილ და კარგად დაწურულ მოძრაობებსაც.

Blue lady, რომელიც კარლსონმა ვენეციის თეატრ „ლა ფენიჩეში“ 80-იან წლებში დადგა, უკვე დიდი ხანია აღიარებულია მითიურ წარმოდგენად - იგი არაერთი ხელოვანისთვის ინსპირაციის წყაროდ იქცა. ეს კომპოზიცია 2007 წელს გაიმეორა (უფრო ზუსტად, თავისებურად აღადგინა) მისმა მიმდევარმა და თანამოაზრემ, ფინელმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა ტერო საარინენმა, რომელმაც თავისებური ხიბლი, იუმორი და ინტელექტუალობა შესძინა კაროლინ კარლსონის ქორეოგრაფიას.

70-ზე მეტი წარმოდგენა, კომპოზიცია, ქორეოგრაფიული ფრაგმენტი თუ სოლო, ყველაფერი, რაც კაროლინ კარლსონმა შექმნა, დღევანდელი გადასახედიდან მართლაც ისტორიული მნიშვნელობისაა თანამედროვე ევროპული ქორეოგრაფიისთვის. 70-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, როცა ავინიონის ფესტივალზე პირველად წარმოადგინეს მისი ფილოსოფიური შთაგონებით სავსე „რიტუალი სულისა და სიკვდილისთვის“, კარლსონი მაშინვე მნიშვნელოვან ქორეოპერსონად იქცა.

1974 წელს „გრანდ ოპერის“ დირექტორმა, როლფ ლიბერმანმა მას კომპოზიციისა და იმპროვიზაციის კლასის შექმნა შესთავაზა. წლების განმავლობაში ის ერთადერთი ქორეოგრაფი-ვარსკვლავი იყო, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მაინც გაემგზავრა პარიზიდან და ჰელსინკის ოპერის მთავარი ქორეოგრაფი გახდა, ხოლო მოგვიანებით სტოკჰოლმის „კულბერგ ბალეტში“ მატს ეკის მძიმეწონიანი, მძლავრი და გავლენიანი შემოქმედებითი სამყარო რთულად, მაგრამ ღირსეულად გადაიბარა.

მას აისედორა დუნკანის, მარი ვიგმანისა და პინა ბაუშის პარალელურად მოიხსენიებენ. თუმცა, „თავისუფალი ცეკვის“ დამაარსებლისგან განსხვავებით, კარლსონის ბრწყინვალე სოლო ნომრები დღემდე შემორჩა რეპერტუარს და მათ სხვადასხვა ქვეყნის მოცეკვავეები ასრულებენ. როგორც პინა ბაუშს, მას საკუთარი დასი არ ჩამოუყალიბებია და არც რომელიმე ცეკვის კომპანიაზე ყოფილა ბოლომდე მიჯაჭვული, როგორც „ცეკვის თეატრის“ დამაარსებელი - პინა ბაუში, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვუპერტალის ცეკვის თეატრში მუშაობდა. კარლსონის, როგორც ქორეოგრაფის, გავლენა თანამედროვე ქორეოგრაფიაზე ძალიან დიდია. როგორც ერთ-ერთი ფრანგი კრიტიკოსი წერს, „სხეულით ფიქრი და საუბარი მან ბევრს ასწავლა“.

ასე რომ, ვისაც ქორეოგრაფიის ცოცხალი ლეგენდის, კაროლინ კარლსონის ხილვა სურს, მან რუსთაველის თეატრში დაგეგმილი დაჯილდოების რიტუალი არ უნდა გააცდინოს, ისევე როგორც მისივე საცეკვაო დასის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“, რომელიც დიდი ფილოსოფოსისა და ფსიქოანალიტიკოსის, კარლ გუსტავ იუნგის ნაშრომების ძალიან საინტერესო ქორეოგრაფიული ვერსიაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^