Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დაკარგული ტერიტორიებისა" და ევროპის პარადიგმები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში

05 სექტემბერი 2019

ინტერვიუ გიორგი მაისურაძესთან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და მათ როლზე საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირებაში.

როგორია უმაღლესი განათლების სისტემა თანამედროვე საქართველოში

საქართველოში რეგისტრირებულია 200-მდე უნივერსიტეტი, 15 სახელმწიფო და დანარჩენი კერძო. პირველ რიგში გამოვყოფდი ილიას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებს, რომელბიც შეძლებისდაგვარად ახერხებენ იმ შინაარსის შენარჩუნებას, რასაც „უნივერსიტეტი“ გულისხმობს. კერძო უნივერსიტეტების უმეტესი ნაწილი წარმოადგენს ფიქციას. შემუშავებული აქვთ სქემა - რა კუთხით უნდა იმუშაონ, რომ ფინანსური მოგება ნახონ. ფულის გამოძალვის მთელი მეთოდები არსებობს და ამას შესაბამისი ორგანოები უნდა იძიებდნენ. ჩვენ თავს ვიტყუებთ, როდესაც შვილს კერძო უნივერსიტეტში ვუშვებთ. 

საგანმანათლებო სისტემაში რაც უფრო პრესტიჟულია სკოლა, იქ მით უფრო მაღალია მოჩვენებითობაც და ინდოქტრინაციის ხარისხიც. კერძო საგანმანათლებლო სისტემა არ შეიცავს მაღალ ინტელექტუალურ რესურსებს, მის მიმზიდველობას განაპირობებს კარგად მოწყობილი და გარემონტებული შენობები, კარგად გაკეთებული რეკლამა. რა შინაარსია იქ ჩადებული, ან რა ისწავლება - ეს გაურკვეველია. 

ყველა კერძო უნივერსიტეტი ამტკიცებს, რომ აქვთ საერთაშორისო პროგრამა, რომლის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულის ცოდნა აღიარებული იქნება, მაგალითად, ევროპაში, მაგრამ რეალურად ეს ტყუილია. ქართული უნივერსიტეტები ევროპაში აღიარებული არ არიან და ვერც იქნებიან, იმიტომ, რომ მათ არ გააჩნიათ რეალური ინტელექტუალური რესურსი.

რამდენად კარგად მოწყობილი და აღჭურვილიც არ უნდა იყო კომპიუტერებითა თუ სხვა ინვენტარით, თუ არ გაქვს ინტელექტუალური რესურსი, ვერანაირ ცოდნას ვერ აწარმოებ და ვერ გადასცემ სტუდენტს. ზოგიერთ კერძო სასწავლებელში ხარისხიანი ცოდნის ნაცვლად, ხშირია ინდოქტრინაცია, სტუდენტების იდეოლოგიურ ჩარჩოებში გამომწყვდევა, მათთვის კრიტიკული აზროვნების უნარის განეიტრალება, „თავისუფლების“ თუ სხვა მსგავსი შინაარსდაკარგული იდეალების სახელით. შედეგად ვიღებთ ახალ რელიგიურ დოგმატიკას და ამ დოგმატიკით გონებრივად მანიპულირებულ ადამიანებს.  

რა გავლენა აქვს აკადემიის მდგომარეობას საჯარო დისკურზე? და რაში ვლინდება მისი გავლენები

ამ ხანგრძლივი ინდოქტრინაციის პროცესის რთველი შარშან დავინახე, ასე ვთქვათ, პირველი მოსავლის აღება. ეს უკავშირდებოდა აგვისტოს ომის 10 წლის თავს. ამ ღონისძიებას წინ უძღოდა პატარა ინციდენტი: მწერალ ზურაბ ჯიშკარიანს საუკეთესო რომანისათვის ილიას უნივერსიტეტის პრემია გადაეცა. ზურაბ ჯიშკარიანი გამოცხადდა მაისურით, რომელზეც აფხაზეთის დროშა იყო გამოსახული. რა რეაქციებიც ამ ფაქტს მოჰყვა საჯარო სივრცესა თუ მედიაში,  სრულიად მოულოდნელი და დაუჯერებელი იყო. 1988-1989 წლების დისკურსი გაცოცხლდა. შეიძლება ის არც არასოდეს მომკვდარა, უბრალოდ ჩვენ გვეგონა, რომ აღარ არსებობდა. გაისმა პირდაპირი ციტატები: აფხაზი ერი არ არსებობს და სხვა. სწორედ აქედან, ნათლად ჩანს დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ხოლო ეს პრობლემა, თავის მხრივ მიგვითითებს აკადემიური დისკუსის არარსებობაზე. 

აკადემიური საკითხის  გადაფასების უძლურების ნიშანი მაგალითად ისიც  არის, რომ სრულიად შეუსწავლელია სინამდვილეში რატომ დაიწყო ეს კონფლიქტი და რა შედეგები მოგვიტანა. საერთოდ რასთან გვაქვს საქმე ბოლო 30 წელია, არათუ გააზრებული, არამედ შესწავლილიც არ გვაქვს. პრობლემა ისაა, რომ ეს საკითხი ჩარჩოშია მოთავსებული და ვერ არღვევს ამ ჩარჩოს. არ იცვლება იდეოლოგია, არ ხდება უახლესი ისტორიის კრიტიკულად გაანალიზება.

ყველაზე აშკარად ეს მაშინ ჩნდება, როცა საქმე „დაკარგული ტერიტორიების“ თემას ეხება. ჩვენ ვლაპარაკობთ ტერიტორიებზე და არა ადამიანებზე, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ან ამ ტერიტორიებიდან გამოდევნილები არიან. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ოფიციალური პირები, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესში, მოლაპარაკებებსა და დიპლომატიურ შეხვედრებზე, სადაც როგორც რუსი ასევე აფხაზი წარმომადგენლები არიან, ზედ არ უყურებენ აფხაზებს, ისინი ელაპრაკებაინ რუსებს. იქ ხომ შეუძლებელია საერთოდ რაიმეს მოგვარებაზე ლაპარაკი. რუსებთან ლაპარაკია მხოლოდ ტერიტორიაზე, რაც შესაბამისად გულისხმობს ადამიანის იგნორირებას. უნდა გავიგოთ, რომ ტერიტორია არ გულისხმობს ხალხს, არ გულისხმობს ადამიანს, ეს არის უბრალოდ გეოგრაფიული მოცემულობა. იქ სადაც აფხაზეთზე ლაპარაკობ და აფხაზ ადამიანს იმის ღირსად არ აგდებ, რომ ელაპარაკო ამ პრობლემაზე, ზიხარ მასთან ერთად და არ ცნობ მას, როგორც მხარეს, როგორ შეიძლება რაიმე წინსვლა იყოს კონფლიქტის მოგვარების მხრივ? თუ არ ცნობ მას მოლაპრაკების მხარედ, მან რატომ უნდა თქვას რაიმე, ან გადადგას შენს სასიკეთოდ ნაბიჯი?

ქართული პოლიტიკა ჩანასახშივე არასწორი იდეოლოგიით ცდილობდა და ახლაც არასწორად ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული მთლიანობა. ისინი არ აღიარებენ აფხაზებს, აღიარებენ მხოლოდ რუსეთს და მასთან სურთ ამ პრობლემის მოგვარება. მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ იდეოლოგიის გამტარია აკადემიური სფეროც, ანუ გამოდის, რომ ჩვენს მომავალ თაობას ზუსტად იგივე განწყობა და ინფორმაცია ექნება, რაც დღეს გვაქვს.

როგორია დომინანტური საჯარო დისკურსი? რა იდეოლოგიაზე დგას ქართული სააზროვნო სივრცე?

მე ვიტყოდი, რომ არსებობს ერთადერთი პარადიგმა — რომ ჩვენ გვინდა ევროპა —  რომელიც შეიქმნა სწორედ 2000-იან წლებში. ის მანამდეც არსებობდა დისკურსულ დონეზე - შეგვიძლია გავიხსენოთ ცნობილი ფრაზა: ,,მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი.’’ 1999 წელს, როცა ეს სიტყვები გაჟღერდა, ის საქართველოს პოლიტიკურ სწრაფვას გამოხატავდა. მთელი 90-იანების დისკუსი იყო მომავლის პროექტი. 2003 წლის ცვლილებების შემდეგ, შემოდის ახალი ვარიანტი: რომ ჩვენ კი არ გვინდა და ჩვენ კი არ ვმუშაობთ ამაზე, არამედ, ჩვენ უკვე ვართ „უძველესი ევროპელები“. ანუ ის თავისთავად გულისხმობს, რომ მე არ მჭირდება გავხდე ევროპელი, მე ის უკვე ვარ

მე ეს ნათლად დავინახე უზარმაზარ კულტურულ ღონისძიებაზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. დისკუსის ძირითადი ფორმა იყო ის, რომ „ჩვენ ვუბრუნდებით ევროპას, რომელსაც რუსეთმა ორი საუკუნით მოგვწყვიტა“. ეს ისტორიული ფაქტებისგან სრულიად მოწყვეტილია. პირიქით, ჩვენ „გაევროპელება“ იწყება რუსეთის მეშვეობით, რუსი მედასვლეთეების გავლენით. ჩვენ არაფერს გვაძლევს ამ ფიქციების შექმნა. 

ამ დისკურსის შესწავლა და დამუშავება უკვე დაიწყო აკადემიურ სფეროში და მე ვიტყოდი, რომ ბოლო 2-3 წელია თანდათანობით იწყება კრიტიკული მუშაობა ამ მიმართულებით. 

როგორ გაჩნდაევროპისკენ სწრაფვისასეთი დისკურსი და რა განაპირობებს მის დომინანტურობას?

ჩემთვის დასავლეთი, პირველ რიგში, წარმოადგენს იმ ფასეულობას, რასაც ჰქვია კრიტიკულობა საკუთარი თავის მიმართ, საკუთარი იმპერიული და კოლონიური წარსულის შეულამაზებელი კრიტიკა. ესაა სოციალური სახელმწიფო, სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოება, რაც რესურსების სამართლიან გადანაწილებას და ყველასათვის ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ამისათვის არსებობს დასავლეთის ქვეყნებში სახელმწიფო რეგულაციები, შრომის კოდექსები, ანტიმონოპოლიური სამსახურები, სოციალური დაცვის სისტემები. ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც თავს პროევროპულად აცხადებენ და დერეგულაციებს და დაურეგულირებელ თავისუფალ ბაზარს ქადაგებენ, მათ ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ ევროპაზე და სინამდვილეში სრულიად ანტიდასავლური ცნობიერების არიან. სამწუხაროდ, ასეთია თანამედროვე ქართული პოლიტიკური ელიტა. თუ დავაკვირდებით, პირველი წარმოდგენები და მოლოდინები ევროპის შესახებ, რაც საქართველოში 2000-იანი წლების პერიოდში გაჩნდა, იყო მხოლოდ ერთი რამ - თითქოს იქ ყველაფერი იდეალურადაა, იქ არ არის გაჭირვება, არის საყოველთაო კეთილდღეობა, ყველა კარგად ცხოვრობს, იქ კარგი კონსუმერიზმია, კარგი სავაჭრო ცენტრები და კარგი გასართობი საშუალებები. შემდგომში ამას ემატება კლუბური ცხოვრება, რომელიც ასევე დასავლური კულტურაა და ჩვენთანაც შემოდის. 

ჩვენ ვერ გვიპოვია ჩვენი ადგილი ამ სამყაროში და ყველაზე რთული პრობლემა ეს არის. ვერც ვიპოვით, სანამ არ დავიწყებთ ამაზე სწორად ფიქრს და არა ფიქრს ისევ სტერეოტიპებით და გაუაზრებელი, მზა იდეოლოგიების გამეორებით. სულ სხვაა, როდესაც მე მიზნად ვისახავ მაგალითად ევროკავშირში გაერთიანებას იმისათვის, რომ დამიცვას ვთქვათ რუსული აგრესიისგან, ან ახალი მსოფლიო ძალისგან, რომელიც ჩინეთის სახით გამოჩნდა, თუმცა  ჩვენ გარკვეულწილად მხოლოდ ვალდებულებებს ვაკისრებთ ევროპას. ეს არის პატარა ბავშვის დამოკიდებულება. თითქოს ახალ მამინაცვალს რომ მოვიყვანთ, ის უნდა იყოს ჩვენს წინაშე ვალდებული, ქვეყნის დამცველი და მფარველი. ჩვენ ასე აღვიქვამთ ევროპას, ან ამერიკას, რომ მათ ჩვენს წინაშე აქვს ვალდებულება და უნდა იყვნენ ჩვენი მამა-მარჩენალი. 

აუცილებლად უნდა გავიაზროთ, როგორც ისტორიული კოლონიალიზმი, ასევე პოსტკოლონიალიზმი, ნეოკოლონიალიზმი და დეკოლონიზაცია. ფაქტობრივად ჩვენ, როგორც პატარა ბავშვები ერთ მამინაცვალს გამოვექეცით და ახლა ახალ მამინაცვალს ვეძებთ. არც კი ვინტერესდებით მისი კეთილდღეობა რაზე დგას. ამ საკითხს არ უნდა მივუდგეთ იმ მარტივი და აბსურდული გაგებით, რომ თითქოს გერმანელი და ამერიკელი ბეჯითი და კარგი მუშაა და ჩვენ ზარმაცი ერი ვართ. 

ევროპისკენ სწრაფვასთანერთად გვხვდება ნოსტალგიური დისკურსიც. რა განაპირობებს ნოსტალგიური განწყობების არსებობას რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მიმართ? შეიძლება თუ არა ეს დისკურსიც პოსტკოლონიალურ მემკვიდრეობად მოვიაზროთ

რუსული კოლონიალიზმი ბრიტანული, ფრანგული, გერმანული თუ სხვა ევროპული კოლონიალიზმისგან რადიკალურად განსხვავდება. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ ევროპული იმპერიები საზღვაო ბატონობით იპყრობდნენ ქვეყნებს და ქმნიდნენ კოლონიებს. ასეთ შემთხვევებში კოლონიზატორი და კოლონიები ათასობით კილომეტრით არიან ერთმანეთისგან დაშორებული. შემოდის რასობრივი ასპექტიც, რაც არ არის მხლოდ გარეგნობა და კანის ფერი, - ეს არის დამოკიდებულება ადამიანის მიმართ. ჩვენს შემთხვევაში რასისტული დამოკიდებულება შეიძლება იყოს თბილისში მცხოვრები ადამიანის დამოკიდებულება პერიფერიაში მცხოვრები ადამიანის მიმართ, ანუ ეგზოტიზაცია, ეთნოგრაფიზაციაც შეიძლება დავარქვათ: მიდიხარ ცივილიზებული და უყურებ არაცივლიზებულს. 

რუსული კოლონიალიზმის სპეციფიკა ის არის, რომ ის საკუთარ სხეულს ადიდებს, ის არ არის ათასობით კილომეტრით დაშორებული საკუთარი სახელმწიფოს საზღვრებისგან. ეს არის ერთგვარი სხეულის გაფართოება. ალექსანდრე ეტკინდის შემოტანილი ტერმინია, ,,შინაგანი კოლონიზაცია’’. აი რუსეთისთვის ეს იყო დამახასიათებელი. შესაბამისად, დამოკიდებულება საკუთარი დაპყრობილი ტერიტორიებისადმი არის არა ისეთი, როგორც ბრიტანული და სხვა ევროპული ქვეყნების. რუსეთი ცდილობდა დაპყრობილი ტერიტორია ორგანულ ნაწილად ექცია, სრული კულტურული ინტეგრაციის მეშვეობით. ამიტომაცაა, რომ დღესაც რუსეთისთვის საქართველო და მთელი კავკასია რუსეთის ორგანულ ნაწილად აღიქმება. 

ამასთანავე, კოლონიალიზმს თან ახლავს გამოგონილი წარმოდგენების შექმნა საკუთარ თავსა და ქვეყანაზე, ანუ ისეთი სტერეოტიპები, რომელიც კოლონიზატორმა კოლონიას შეუქმნა.

ასეთი წარმოდგენებია, მაგალითად „მზიური საქართველო“, - რომ ვართ ყველაზე სტუმართმოყვარე ერი, ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე ძველი კულტურის და ა.შ. მთელი ქართული ნაციონალიზმი რუსულ-საბჭოთა იმპერიული სტერეოტიპებისგან შედგება, რომლებიც ისე მოვირგეთ და გავითავისეთ, რომ ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელი გახდა. ჩვენ ვთამაშობთ იმ როლს, რომელიც იმპერიამ შეგვიქმნა. ამ დროს საკუთარ თავს კოლონიად კი არ აღვიქვამთ, არამედ იჯერებ საკუთარ აღმატებულებას, რომელიც სინამდვილეში იმპერიამ ჩაგინერგა. გარდა ამისა, საბჭოთა იმპერიაში საქართველოს სსრ იმაზე ბევრად მეტს მოიხმარდა, ვიდრე თავად აწარმოებდა. ფაქტობრივად, დოტაციაზე ვიყავით. ჩვენ თუ გვენატრება იმპერიული წყობა, ჩვენ სწორედ ამ დამკოდებულებაზე ვერ ვამბობთ უარს და ახალ მარჩენალს ვეძებთ. ზუსტად ამ პათოსით ველაპარაკებით ევროპას და დასავლეთს. ჩვენ დასავლეთში ვგრძნობთ, რომ ის არის სამყაროს ძალაუფლების ცენტრი, ჰეგემონიური ნაწილი. აღმოსავლეთზე არ გვაქვს მსგავსი წარმოდგენა და სწორედ ამიტომ აზია არის ჩამორჩენილობა. თუმცა სოციალურ-ეკონომიკური წყობით პოსტკოლონიურ „მესამე სამყაროსთან“ უფრო ახლოს ვართ, ვიდრე დასავლეთთან.

რაც შეეხება ნოსტალგიას, აქ არ არის იმაზე ლაპარაკი, რომ 37 მანეთად მოსკოვში გაფრინდები, თუმცა ესეც არა მგონია დასაცინი იყოს. ინტერვიუები გვქონდა გურიაში, ძირითადად ასაკოვან ადამიანებთან, რომლებიც ამბობენ, რომ კი, 37 მანეთად დავფრინავდით მოსკოვში, დღეს კი იმის საშუალება არ გვაქვს, ერთი სოფლიდან მეორე სოფელში წასასვლელი „მარშუტკის“ ფული გადავიხადოთო. 

რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას ქართული საგანმანათლებლო სივრცე? რა უშლის ხელს ადგილობრივი ცოდნის წარმოებას?

ძალიან მწირი ინტელექტუალური რესურსები გვაქვს - ეს არის ფაქტი, რომლის აღიარება ყველაზე მეტად გვიჭირს. ახლა ფაქტობრივად მთელი საქართველოს ინტელექტუალური რესურსები არის იმდენად სუსტი და მცირერიცხვოვანი, რომ რეალური გარემოებების შეცვლის უნარები მას არ გააჩნია. 

აკადემიურ სფეროს არათუ უნარი უნდა ჰქონდეს, არამედ გარკვეული ვალდებულებაც უნდა ეკისრებოდეს, რეფლექსიის ქარცეცხლში უნდა გაატაროს ყველა პოლიტიკური დისკურსი. მე ვიტყოდი, რომ ეს ნელნელა იწყება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სადაც უფრო მეტი პლურალიზმია შენარჩუნებული. თუმცა, ეს არის ძალიან მინიმალური პროცენტებით და მაშტაბებით. სათუოა რამდენად ახერხებს ის გადაწვდეს საჯარო აზრის ჩამოყალიბებას. აქ ძალიან სკეპტიკური ვხდები.

კრიტიკული დისკრუსი ისევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია და მას პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა არ აქვს. საპროტესტო აქციებმა, რომელიც 20 ივნისიდან მოყოლებული მიმდინარეობს, დაგვანახა ერთი რამ: როდესაც ოკუპაციაზე ვლაპარაკობთ, პუტინს ვებრძვით და ა.შ., ჩვენი შიდა რეალობა გვავიწყდება. რეალური პრობლემა არის ის, რომ 20 კი არა, 80 პროცენტია ოკუპირებული. ერთი კლანის მიერ გვაქვს არაფორმალური მმართველობა, ოლიგარქიული სისტემით და სრული აღვირახსნილობით. ამას არ ვაპროტესტებთ, არადა მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ვართ არა მხოლოდ უცხო ძალის, არამედ საკუთარი გავლენიანი ძალების მიერ ოკუპირებული.

ინტელექტუალი არ არის განდეგილი, სადღაც გამომწყვდეული, ის ნაწილია იმ პროცესების, რომელშიც ქვეყანა და მტელი მსოფლიო იმყოფება. ის უნდა კრიტიკულად რეფლექტირებდეს ამ პროცესებს, თვითონ უნდა აწარმოებდეს ახალ ცოდნას. ცოდნის გადაცემის და ახლის შექმნის პროცესი ჩვენთან დარღვეულია. კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას ვერ ახერხებს განათლების სფერო. არ გვაქვს კვლევების ჩატარების შესაძლებლობა და ადგილობრივი რესურსები იმდენად მცირეა, რომ ფაქტობრივად არ არსებობს. 

ამავდროულად, განათლებაც და კულტურაც, ისევე, როგორც ყველაფერი თანამედროვე საქართველოში, მთლიანად აბარია ბიზნესმენებს, ან ბიზნესმენტალიტეტის ადამიანებს. ჩვენ გვყავდა კულტურის მინისტრი, რომელიც იყო ბიზნესმენი და გაოგნებული იყო, რატომ არ მოქონდა კულტურას მოგება. რატომ არ იყო მომგებიანი განათლება. „განათლების ბიზნესი“, „კულტურის ბიზნესი“ - არა უბრალოდ სიბრიყვეა, არამედ დამღუპველიც კულტურულად და განათლებულობით ისეთი გაჩანაგებული ქვეყნისთვის, როგორიც თანამედროვე საქართველოა. 

ბიზნეს-ფეტიშიზმი არის იმდენად რელიგიური და დოგმატური, რომ თითქოს, როგორც აქსიომას ისე უნდა ვიღებდეთ. ბიზნესი, პროფიტი, „თავისუფალი ბაზარი“, „ბაზარი დაარეგულირებს“ - ესაა საქართველოში მოქმედი ახალი, ყველაზე ძლიერი რელიგიის მთავარი დოგმები და იდეალები. ისეთი ცნებაც კი, როგორიც თავისუფლებაა, საქართველოში საბაზრო აღვირახსნილობასთანაა გაიგივებული, სავაჭრო და სამომხმარებლო ტერმინია.

     


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^