მოდით, ქართული იუმორის ინდუსტრია მიმოვიხილოთ... ოღონდ ახლავე იცოდეთ, რომ ამ სტატიაში ვერ შეხვდებით პერსონალიებს - ნაცნობი შოუებისა და იუმორისტების სახელებს, მაგრამ ბევრ მათგანს თავადვე ამოიცნობთ, ან, თუკი მომავალში გადაეყრებით სადმე, უმალვე შეამჩნევთ და „იცნობთ“.
თავდაპირველად გადავხედოთ იმ იუმორისტულ ჟანრებს, რომლებიც საქართველოშია გავრცელებული. დღესდღეობით მაყურებელს შეუძლია, იუმორისტული პროდუქტის თითქმის სრული სპექტრით დატკბეს - დაესწროს კლასიკურ იუმორისტულ გალაკონცერტს, ანდერგრაუნდში ჩასულ და შემდეგ მეინსტრიმულ მედიაში გადასულ StandUp-შოუებს, რადიოარტებს, ვიდეოარტებს, სატელევიზიო სკეტჩებს, იუმორისტულ მულტსერიალებს, ნაით-შოუებს, ფეისბუკისა და სხვა სოციალური ქსელების იუმორზე ფოკუსირებულ მომხმარებლებს, უკვე დასრულებულ და ჯერ არ დასრულებულ სიტკომებს... მოკლედ... პატიცემული თამადა როგორც იტყოდა, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს...
ყველა ზემოაღნიშნულ ფორმატსა თუ ჟანრს ერთი საერთო მახასიათებელი აქვს - მაქსიმალურად აქტუალურ თემებზე, მათი შექმნის პერიოდში არსებულ „ტრენდულ“ ფაქტებზეა მორგებული და, როგორც წესი, ნებისმიერი ჟანრისა თუ ფორმატის იუმორისტულ პროდუქტში თემატურ მასალად მიმდინარე მოვლენებია გამოყენებული.
რატომ? იმიტომ რომ მიმდინარე მოვლენები და ამ მოვლენების ანალიზი დღემდე ყველაზე მაღალრეიტინგულ, მოთხოვნად მედიაპროდუქტად რჩება. „ყურებადობის“ უზრუნველსაყოფად, გასართობი პროგრამების მესვეურები იყენებენ იმ მასალებს, რომლებსაც მეინსტრიმული საინფორმაციო სააგენტოები, ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურები, ჟურნალ-გაზეთები და ჟურნალ- გაზეთების ანალოგებად ჩაფიქრებული „ნიუსპორტალები“ ავრცელებენ ხოლმე...
ზოგადად, ალბათ ცალკე „პანჩლაინად“ უნდა გამოიყოს ის, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ანალოგად ციფრული ფორმატი მიიჩნევა, მაგრამ მოდით, მსგავსი რეპრიზები იუმორისტებს დავუტოვოთ და გადავხედოთ საკუთრივ მასალებს - მათ შინაარსსა და ძირითად გზავნილებს. დიდი სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება ნიუსების თემებისა და კატეგორიების განსაზღვრას - ფაქტია, რომ ახალ ამბებზე ფოკუსირებული მედიაპროდუქტები დროისა თუ სივრცის უდიდეს ნაწილს პოლიტიკას, ეკონომიკასა და კულტურის იმ სფეროებს უთმობენ, რომლებშიც ყველაზე მეტი და ყველაზე მძლავრი სოციალური „თრიგერია“ „ჩამონტაჟებული“.
და ეს „თრიგერები“ ყველაზე ადვილად აღიზიანებს საზოგადოების ნერვული სისტემის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც საკმაოდ რეაქციულია.
ასეთი „თრიგერებით“ გაჯერებულ თემაზე დაფუძნებული იუმორისტული ნაწარმოები იმთავითვე წარმატებისთვისაა განწირული, იმიტომ რომ მასში ამ სოციუმის ფოლკლორში დაბუდებული არქეტიპული მატრიცები „ჰარმონიულად“ ერწყმის მიმდინარე მოვლენების „ტრენდულობასა“ და აქტუალურობას. ასეთ შემთხვევებში მომხმარებელი ძალიან მარტივად, ზედმეტი დაძაბვის გარეშე ხვდება კომიკოსის ჩანაფიქრსა და საკუთრივ ოხუნჯობის აზრს და, როგორც წესი, ძალიან მოსწონს. სწორედ ამიტომ ხმარობს ყველა ქართული იუმორისტული პროექტი აქტუალურ თემატიკას და ერიდება იმ საკითხებს, რომლებსაც „ხალხი ვერ გაიგებს“, ან რომელიც „ხალხმა არ იცის“. ამ შემთხვევაში სიტყვით „ხალხი“ საზოგადოების ფართო მასები, სოციუმის წარმომადგენელთა აბსოლუტური უმრავლესობა იგულისხმება - ადამიანების ის სიმრავლე, რომელიც პროექტის წარმატებულობასა და რეიტინგულობას განსაზღვრავს.
მედიასაშუალებების მომხმარებლებს ყველაზე მეტად ახალი ამბები აინტერესებთ და ამ ახალ ამბებზე დაფუძნებული იუმორისტული, გასართობი კონტენტის მიღება სურთ. ზოგადად, ამ დასკვნას კვლევებიც არ სჭირდება - თითოეული ჩვენგანი საზოგადოების წევრია, რომელიც თავის მიდრეკილებებსა თუ გარშემომყოფთა ქცევებს აკვირდება და ამის საფუძველზე შემდგომი ანალიზისთვის სუბიექტურ პრიზმაში არეკლილ ობიექტურ რეალობას იყენებს.
ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი, ინტერნეტი, მომხმარებლის სპონტანური რეაქციის (ან „ფიდბექის“) ერთ-ერთ ყველაზე იაფ, ეფექტიან და პირუთვნელ საშუალებად იქცა. ცხადია, დაინტერესებული პირების მიერ დაქირავებული კომენტატორების (იმავე „ცოცხალი ბოტების“) „წყალობით“, სრულიად ობიექტურ სურათს ვერც ინტერნეტში ვიღებთ, მაგრამ დაკვირვებული თვალი ადვილად ავლენს სოციალური ქსელებისა და სხვა ინტერნეტპლატფორმების „ამრევ“ მომხმარებლებს. ამიტომ „მოგზავნილები“ და „ჩანერგილები“ საერთო სურათს ვერ ამახინჯებენ. საბოლოოდ, ნებისმიერი იუმორისტული პროექტის წარმატება ინტერნეტში დატოვებული კომენტარების, „რივიუების“, ლაიქების, გულებისა და სიცილის ნიშნების სახით „მონეტიზდება“ და სოციალური კაპიტალის ფორმას იღებს.
ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ თქვენი სიყრმის მეგობარი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ენაკვიმატობით და თქვენს სამეგობრო წრეში საუკეთესო ხუმარად იყო აღიარებული, აქტუალურ ტენდენციებზე დაფუძნებული, იაფფასიანი, მდარე ხუმრობების კონვეიერულ მწარმოებლად იქცა.