როდის, როგორ ან საერთოდ დატოვებს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს, კვლავ გაურკვეველია. 2016 წლიდან მოყოლებული, კონსერვატიული პარტიის ლიდერები ცდილობენ მისაღები შეთანხმების მიღწევას ევროპული გაერთიანების დასატოვებლად, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ბუნებრივია, ბრიტანეთისთვის რთულია 27 სახელმწიფოსთან მოლაპარაკება და კომპრომისები.
ბრიუსელთან დიალოგისას უამრავი საკითხი წამოჭრეს მხარეებმა - ფინანსური თემატიკის, ეკოლოგიური და გარემოს დაცვითი ნორმების, მცხოვრებთა სტატუსის, მიმოსვლის და ა. შ. თუმცა ჩრდილოეთ ირლანდია, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ყველაზე მცირე პოპულაციის სუბიექტია და რომელზეც სამეფოს მოსახლეობის მხოლოდ 3 პროცენტია დასახლებული, მთავარი პრობლემაა დიალოგის პროცესში.
ბრიტანეთის კუნძულების შემადგენლობაში შედის ორი დიდი კუნძული - დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. შოტლანდიას, უელსსა და ინგლისს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან სახმელეთო საზღვარი, ბუნებრივია, არ აკავშირებთ, თუმცა ჩრდილოეთ ირლანდიის და ირლანდიის გამყოფი 310-მილიანი მონაკვეთი შესაძლოა ევროკავშირის ჩრდილოეთ საზღვრად იქცეს. სამწუხაროდ, რამდენადაც მარტივია ამის თქმა, იმდენად რთულია რეალურად ძლიერი სასაზღვრო ბარიერის შექმნა ირლანდიის კუნძულზე.
ევროკავშირის სამართლებრივი სტრუქტურა ეფუძნება ოთხი თავისუფლების პრინციპს. ესენია: საქონლის, კაპიტალის, სერვისის და ადამიანების თავისუფალი გადაადგილება. „ერთიანი ბაზარი“ ხალხსა და ბიზნესს აძლევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების, ვაჭრობის და ხშირად დასაქმების შესაძლებლობასაც. შესაბამისად, „თავისუფლების“ ამგვარი ხარისხი არ ქმნიდა ირლანდიის კუნძულზე სასაზღვრო ბარიერის არსებობის აუცილებლობას; ეს ფუნქცია ეკისრებოდა საგზაო აბრებს, რომლებზეც ჩრდ. ირლანდიის ტერიტორიიდან კილომეტრის ნაცვლად მილი წერია. ნათელია, რომ ბრექსიტის შემთხვევაში საჭირო ხდება წინაღობის არსებობა. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, პასუხისმგებელი არიან ბრიტანეთიდან შემომავალი პროდუქციის ხარისხის შემოწმებაზე.
ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება სტანდარტული სასაზღვრო ზოლის მოწყობა, რასაც ირლანდიელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ამის მიზეზად უახლეს ისტორიას ასახელებენ. 1968-1998 წლებში, 30-წლიანი კონფლიქტის პერიოდში, გამაგრებულ საზღვართან დაპირისპირებას 3600 ირლანდიელი ემსხვერპლა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი საზღვარი ძველ ტკივილის სიმბოლო იქნება, ხოლო ახალი დაპირისპირებისა და ტერორისტული აქტებისთვის - საფრთხის შემცველი საბაბი. გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირიც ვალდებული არიან გაითვალისწინონ ირლანდიელთა სურვილი.
1919-1921 წლებში ირლანდიელები დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და საბოლოოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან მიაღწიეს კიდეც შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ირლანდია დამოუკიდებელი გახდა, თუმცა კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილი ბრიტანელებს დარჩათ. საუბედუროდ, შეთანხმებამ ვერ მოსპო ნაციონალისტებსა და იუნიონისტებს შორის დაპირისპირება, რომელსაც, ძირითადად, რელიგიური საფუძველი ჰქონდა. კათოლიკე და პროტესტანტი ირლანდიელები დაზავებას ვერ ახერხებდნენ, რაც გასული საუკუნის სამოციან წლებში ახალ საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა და რომლის დროსაც ბრიტანელი სამხედროებიც ჩაერთნენ ირლანდიელ ნაციონალისტებთან დაპირისპირებაში. ბრძოლა „კარგი პარასკევის ხელშეკრულებით“ 1998 წელს დასრულდა ქალაქ ბელფასტში. ხელშეკრულება უფლებებს, სამართლიანობას, დამოუკიდებლობის სტატუსსა და დემილიტარიზაციას ეხებოდა და მას ირლანდიელებმა რეფერენდუმზე მხარდაჭერა გამოუცხადეს. 1998 წლის შემდეგ კუნძულზე ვითარება დასტაბილურდა და სასაზღვრო ბარიერიც დროთა განმავლობაში მოისპო.
ბრიტანეთის პოლიცია შიშობს, რომ სასაზღვრო პუნქტებზე ბრიტანული სიმბოლიკა რადიკალი რესპუბლიკელებისა და ნაციონალისტების სამიზნე იქნება; ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ საზღვრის ნაცვლად პროდუქციისა და სასაქონლო უსაფრთხოების შემმოწმებელი სპეციალური პუნქტები სხვადასხვა სტრატეგიულ ტერიტორიაზე განლაგდეს და არა უშუალოდ გამყოფ მონაკვეთზე. ასევე განიხილება ტექნოლოგიური პროგრესის გამოყენება და საზღვარზე ისეთი აპარატურის განთავსება, რომელიც დისტანციურ მონიტორინგს განახორციელებს.
ვინაიდან შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვება სულ უფრო რეალური ხდება, ევროპული გაერთიანება ბრიტანეთს სთავაზობს, რომ ჩრდილოეთ ირლანდიამ, უელსის, შოტლანდიისა და ინგლისისგან განსხვავებით, ისარგებლოს სასაზღვრო შეღავათებით. დემოკრატიულ-იუნიონისტური პარტია, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის უდიდესი პოლიტიკური სუბიექტი და მმართველი კონსერვატიული პარტიის მთავარი მოკავშირეა საკანონმდებლო ორგანოში, ეწინააღმდეგება ევროკავშირის შემოთავაზებას და არ სურს, გაერთიანებული სამეფოს სხვა სუბიექტებისგან უფლებრივად განსხვავდებოდეს. ეს ზიანის მომტანი იქნება სამეფოს ერთიანობისთვისაც.
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ტერეზა მეი ცდილობდა, ევროპელი კოლეგები დაერწმუნებინა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაცვლად მთლიანად გაერთიანებული სამეფოსთვის მიენიჭებინათ სავაჭრო შეღავათები, რაც საზღვრის პრობლემის გადაჭრაშიც დაეხმარებოდა. რადიკალ ევროსკეპტიკოსებს არ მოსწონდათ მეის იდეები და მას მახეს უწოდებდნენ, რომელიც ბრექსიტს „ფორმალურს“ გახდიდა. ევროკავშირიდან გასვლის მომხრეთა ბანაკის ერთ-ერთი არგუმენტი იყო ეკონომიკური სუვერენიტეტის მოპოვება, რასაც ევროკავშირის საერთო სავაჭრო სივრცეში დარჩენა / შეღავათების შენარჩუნება ხელს შეუშლის.
ევროკავშირი მყარად დგას პოზიციაზე, რომ ბრექსიტის შემთხვევაში არ დატოვოს ირლანდიის საზღვარი აბსოლუტურად „დაუცველი“. ბორის ჯონსონის აზრით, გამყოფი და ანტიდემოკრატიული ბარიერი არ უნდა არსებობდეს. ასე რომ, რთულია წარმოვიდგინოთ, რას ვიხილავთ ჩრდილოეთ ირლანდიის და ირლანდიის გამყოფ 310-მილიან მონაკვეთზე ოქტომბრის ბოლოს ან იანვრის ბოლოს, ან დატოვებს თუ არა საერთოდ დიდი ბრიტანეთი ევროპულ გაერთიანებას...