Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რამდენად რეალურია NATO-ს რეფორმა საქართველოს გამო?

16 სექტემბერი 2019

გადარჩენილი ტერიტორიისუსაფრთხოების დაცვა კვლავინდებურად აქტუალურია რუსეთის უწყვეტი აგრესიის, „მცოცავი ოკუპაციისადაბორდერიზაციისპირობებში. ბუნებრივია, ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ პრობლემის გადაწყვეტას არა რუსეთთან დამოუკიდებლობის ხარჯზე გარიგება-მორიგების, არამედ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერაში ხედავს.

ერთადერთი ღირსეული, თანაც მიზანშეწონილი გამოსავალია საქართველოს ინტეგრაცია ორმხრივი და მრავალმხრივი უსაფრთხოების იმ სისტემებში, რომლებიც ევროატლანტიკურმა ცივილიზაციამ ჩამოაყალიბა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მაგრამ რამდენად რელევანტურია ამ პროცესში ის კეთილგანწყობილი გეგმა, რაც NATO- ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ჩამოაყალიბა თბილისის წარმომადგენლობით კონფერენციაზე და რომელიც გულისხმობს ალიანსის წესდების ფუძემდებლურიმეხუთე მუხლისდროებით გაუვრცელებლობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებულ კონფერენციაზე გამოსვლისას, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა გაიმეორა და საკუთარი „სტატუსით“ მეტი წონაც შესძინა მოარულ იდეას, რომ საქართველო შეიძლება გახდეს NATO-ს წევრი, თუ, ბატონი რასმუსენის თქმით: „მოისურვებდით ასეთ შემთხვევაში დათანხმდებოდით ისეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მეხუთე მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდებოდა. NATO-ში კი ზუსტად იმავე საკითხზე უნდა დავფიქრდეთ“.

თვით იდეა მას პირველს არ გამოუთქვამს. ჯერ კიდევ შარშან მოვისმინეთ იგი ექსპერტ ლუკ კოფისგან, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ასეთი დონის Senior expert, როგორიცაა კოფი ან რასმუსენის რანგის Opinion maker, ჩვენი ქვეყნის გაწევრების შესაძლო პირობებსა თუ მეთოდებზე მსჯელობს, უკვე ძალიან სასარგებლო და პოზიტიურია: ამით საქართველო რჩება ატლანტიკურ „დღის წესრიგში“, შესაბამისად, „საინფორმაციო სივრცეში“, როგორც ერთ-ერთი საკითხი, რომელზე მსჯელობაც აუცილებელია სხვადასხვა დონეზე, თუკი NATO-ს სურს, შეინარჩუნოს პასუხისმგებელი და „შემძლე“ ორგანიზაციის რენომე.

ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაცია, რომ „საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან NATO-ს წევრები“, ამიტომაც იყო ისტორიული, რაკი ასეთი აუცილებლობა შექმნა. რასმუსენის განცხადებაც მისი გამოხატულებაა: სერიოზულ ორგანიზაციას და მის ლიდერებს არ შეუძლიათ პარტნიორის იგნორირება, მით უმეტეს ისეთი აქტიური კონტრიბუტორისა (თუნდაც ავღანეთსა და ერაყში), როგორიც საქართველოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მასთან არც არავინ ითანამშრომლებს ალიანსს „გარეთ“.

ეს პრაგმატული ინტერესი, ვიმეორებ, საქართველოსთვის სასარგებლოა და ამგვარი იდეების პოპულარიზებას, მათზე მსჯელობას, თუნდაც დისკუსიას, ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი.

მაგრამ კითხვები ჩნდება უმალვე, როგორც კი ვცდილობთ თეორიული დისკურსის გადატანას პრაქტიკულ სიბრტყეში, ანუ სერიოზულად განვიხილავთ წინადადებას ალიანსში საქართველოს გაწევრების შესაძლებლობისა „მეხუთე მუხლის“ დაკნინებით, რაც უბრალოდ გამორიცხულია, რაკი ეს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იმდენად ღრმა რეფორმას ნიშნავს, ფაქტობრივად ახალი ორგანიზაცია დაფუძნდება, - სრულიად განსხვავებული შინაარსითა და ინსტიტუტებით.

ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რა არის „მეხუთე პუნქტი“: 1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონში გაფორმდა „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება“, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (North Atlantic Treaty Organization - NATO). დოკუმენტის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მუხლები ეხება ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა ვალდებულებებს უსაფრთხოების (მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის) რისკთა წარმოშობის შემთხვევაში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეხუთე მუხლი, რომლის თანახმად, „ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ერთ ან რამდენიმე მონაწილეზე თავდასხმა ევროპაში ან ჩრდილო ამერიკაში, განხილული იქნება, როგორც თავდასხმა ყველაზე. ამდენად, თანხმდებიან მასზედ, რომ ასეთი თავდასხმის შემთხვევაში, ყველა მათგანი... აღმოუჩენს იმგვარ დახმარებას თავდასხმის მსხვერპლ მხარეს, როგორსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მათ შორის შეიარაღებულ ძალთა გამოყენებით“.

ჩვენში გავრცელებული არაკომპეტენტური სტერეოტიპების მიუხედავად, დოკუმენტში არსად ერთი სიტყვითაც არ არის ნათქვამი, თითქოს „საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების კონტროლი“ რაიმე წინაპირობაა ამა თუ იმ ქვეყნის ალიანსში მისაღებად და რომ ვითომდაც NATO მოითხოვს, გაწევრების მსურველ ქვეყანას „არ ჰქონდეს რაიმე ტერიტორიული პრობლემები მესამე სახელმწიფოებთან“.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, ფუძემდებლური დოკუმენტი არანაირად არ განსაზღვრავს კრიტერიუმებს ან პირობებს, თუ რა შემთხვევაში ან რა პირობით შეიძლება მიიღონ ახალი წევრი ალიანსში. მეათე მუხლში აღნიშნულია, რომ „ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა, საერთო თანხმობით, შესაძლოა შესთავაზონ ხელშეკრულებასთან მიერთება ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, რომელსაც ძალუძს ამ ხელშეკრულების პრინციპთა განვითარება და ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანა“.

სწორედ მეათე მუხლიდან გამომდინარეობს, უკვე როგორც „პოლიტიკური ინსტრუმენტები“, ყველა ის ინსტიტუცია, რომლებზეც ამდენი წელია ვლაპარაკობთ. მათ შორის უმთავრესია MAP (Membership Acting Plan), ანუ „გაწევრებისთვის აუცილებელ ქმედებათა გეგმა“, იგივე „საგზაო რუკა“; ასევე სხვადასხვა „პარტნიორობის პროგრამა“, „ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა“, „ინტენსიური პარნტიორობა“, „ინდივიდუალური პარნტიორობა“ და ა.შ.

ეს ინსტიტუციები არ არის იურიდიული, მაგრამ ჩვენთვის არანაკლებ არსებითია, რადგან ხელშეკრულების დებულებათა განხორციელების პოლიტიკურ ინსტრუმენტებს წარმოადგენენ და მათ გარეშე NATO საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ოღონდ „არ მიიღებს“ არა იმიტომ, რომ „ტერიტიორიული მთლიანობა გვაქვს დარღვეული“ ან „საზღვრებს ვერ ვაკონტროლებთ“, არამედ მეათე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე: სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მოკავშირეთა შეფასებთ, საქართველო, რომელსაც აქვს სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი მეზობელ ბირთვულ სახელმწიფოსთან, „ვერ შეიტანს წვლილს ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში“, პირიქით - წარმოშობს დამატებით რისკებს. საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ეს კოლიზია მარტივად განმარტა: „ჩვენ არ ვაპირებთ პრობლემების იმპორტს“.

სწორედ ეს არის მიზეზი (ანუ არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური წინაღობა), თუ რატომ არ გვაძლევენ „სამოქმედო გეგმას“: „ტერიტორიული მთლიანობა“ ან ოკუპაცია“ აქ არაფერ შუაშია: MAP ქვეყნის კანდიდატად აღიარებას ნიშნავს, რაც პოლიტიკური (გეოპოლიტიკური) გადაწყვეტილება იქნებოდა; საქართველოს დღესვე რომ მიანიჭონ „სამოქმედო გეგმა“ ან თუნდაც სრულუფლებიანი წევრობა, ამით ალიანსის წესდების არც ერთი მუხლი არ დაირღვევა.

მაგრამ, ამის მიუხედავად, კოფი-რასმუსენის იდეა „მეხუთე მუხლის“ შინაარსობრივ რევიზიას გულისხმობს, რომელიც ორგანიზაციის „იურიდიული გულანია“. იმიტომ რომ, მართალია NATO-ს წესდება სულაც არ კრძალავს ქვეყნის გაწევრებას გადაუწყვეტელი ტერიტორიული პრობლემებით, მაგრამ აუცილებლად, უეჭველად, ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს თვით ოკუპაციის აღიარებას და შესაბამის სამხედრო-სტრატეგიულ კონფრონტაციას ოკუპანტ სახელმწიფოსთან!

ზუსტად ასე მოხდა 1955 წელს, როცა ალიანსში მიიღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და ცენტრალურ ევროპაში სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება „ცივი ომის“ ყველაზე „ცხელ“ და საშიშ ასპარეზად იქცა.

შესაბამისად, იურიდიული დებულების ბუნებიდან გამომდინარე, „მეხუთე მუხლი“ ან უნდა გავრცელდეს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ან ნაწილობრივ არ გავრცელდეს, ოღონდ „ოკუპანტთან“ აუცილებელი კონფრონტაციით და სამხედრო ფაზის „გაყინვით“, ან იგი საერთოდ წყვეტს მოქმედებას.

თუ „სანახევრო-ნაწილობრივი“ ამოქმედება არ იგულისხმებს რუსეთთან სამხედრო-სტრატგეგიულ კონფრონტაციას თუნდაც „გაყინული კონფლიქტის ფაზით“, ეს დაანგრევს „მეხუთე მუხლის“ შინაარსს, შექმნის საშიშ პრეცედენტს, ანუ დაარღვევს იმ ფუძემდებლურ პრინციპს, რაზეც დგას ევროატლანტიკური თანამეგობრობა.

სულ სხვა იქნებოდა, NATO-ს წესდება ან ქვემდებარე, „გამომდინარე“ დოკუმენტები რომ ითვალისწინებდეს „განსაკუთრებული ხელშეკრულების“ ინსტიტუტს არაწევრი ქვეყნებისთვის „შერბილებული ვალდებულებებით“. მაგრამ NATO-ს დამფუძნებლებმა ასეთი ჩანაწერი მიზანშეუწონლად მიიჩნიეს.

ასევე აღსანიშნავია, რომ „გერმანიის ანალოგია“ არცთუ რელევანტურია საქართველოსთვის, რაკი ფედერაციულმა რესპუბლიკამ ე.წ. „გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა“ დე ფაქტოდ და ნაწილობრივ დე იურედ აღიარა, დაამყარა მასთან დიპლომატიური ურთიერთობები და გააფორმა სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებები იმ ბრძნული და შორსმჭვრეტელური „აღმოსავლური პოლიტიკის“ ფარგლებში, რომელიც უეჭველად გულისხმობდა მთავარ მოცემულობას: „ბერლინის კედლის“ დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეს ერთიანი კულტურის, ენის, იდენტობის ერი ცხოვრობდა - „აქეთაც“ და „იქითაც“ გერმანელები იყვნენ და ამ ერთობას სოციალურ-ეკონომიკურ ფორმაციათა სხვაობა ბევრს ვერაფერს დააკლებდა.

განა ჩვენ მზად ვართ ანალოგიური ნაბიჯებისთვის „სამხრეთ ოსეთთან“ ან აფხაზეთთან დაკავშირებით? ნუთუ ჩვენც ანალოგიური „მოცემულობა“ გვაქვს?!

ძალიან უცნაურია ასევე, როცა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ, წინასწარ, ხმამაღლა განაცხადოს, რომ თანახმაა „მეხუთე მუხლი დროებით არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე“.

რა თქმა უნდა, არც რასმუსენს, არც კოფის არ უგულისხმიათ, რომ საქართველომ უნდა დათმოს ეს ტერიტორიები, თუკი სურს NATO-ს წევრობა. „დროებით არგავრცელება“ ნამდვილად არ გულისხმობს ტერიტორიების დაკარგვას, მაგრამ ამგვარი საჯარო განაცხადი ნებისმიერ ხელისუფლებას შეუქმნის „ინტერპრეტაციებიდან გამომდინარე“ რისკებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

აბა რომელი ჭკუათმყოფელი (წინა ან ამჟამინდელი) ხელისუფლება გარისკავს ასე, თუ (!) წინასწარ არ ექნება 1000-პროცენტიანი გარანტია, რომ ამ განცხადებას აუცილებლად მოჰყვება, როგორც მინიმუმ, ქვეყნისთვის MAP-ის მინიჭება? ანუ ეს მრავალმხრივ სახიფათო განცხადება, ელემენტარული პოლიტტექნოლოგიის მოთხოვნებით, შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ გარანტირებული შედეგის კონტექსტში და არა „ეგება-იქნებას“ უპასუხისმგებლო დათქმით. ვგულისხმობ არა წევრობას, არამედ თუნდაც იმავე „საგზაო რუკას“.

ის, რომ რეალური „დათქმა“ ჯერჯერობით არ არსებობს და ამ თემაზე ოფიციალური თბილისის ცალმხრივი (!) განცხადება სრულიად ფუჭი იქნება, დაადასტურა მოქმედი ჩინოსნის, ჯეიმს აპატურაის საკმაოდ მკვახე რეაქციამ რასმუსენის განცხადებაზე.

აპატურაის ამ „სიმკვახისთვის“ არანაკლები მადლობა ეთქმის, ვიდრე რასმუსენს მისი აბსოლუტურად კეთილგანწყობილი წინადადებისთვის, რაკი ბრიუსელმა ამით დაადასტურა: საქართველოს ბედით „თამაშს“ არ აპირებს და რეალისტურ ჩარჩოებში რჩება.

ჩვენ ხშირად არ ვითვალისწინებთ და არ ვაფასებთ: ის, რაც 1999 წლის შევარდნაძისეული „დაკაკუნებიდან“ დღემდე, 20 წლის განმავლობაში, გაკეთდა საქართველო-NATO-ს ხაზით, უკვე ძალიან ბევრია ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება უსაფრთხოების მყარ გარანტიებს, ჩემი აზრით, ყველაზე მიზანშეწონილი იქნებოდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ამჟამინდელი კეთილგანწყობის ფონზე, ერთადერთ „შემძლე“ სახელმწიფოსთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან - ორმხრივ ურთიერთობათა განვითარება რეგიონული უსაფრთხოების საერთო „კონტურის“ შესამუშავებლად.

ოღონდ ესეც აბსოლუტურად არარეალურია მანამ, სანამ საქართველო არ და ვერ აკონტროლებს არა იმდენად საერთაშორისოდ აღიარებულ დე იურე საზღვრებს, არამედ საერთაშორისოდ აღიარებულ დე ფაქტო გამყოფ ხაზს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, სადაც გრძელდება მუდმივი ექსცესები, ხოლო ქვეყნის პარტნიორებს უძლიერდებათ განცდა, რომ ჩვენს ქვეყანაში „შემოსვლა“ მოსკოვთან „ჰიბრიდული ომის“ ამოუვალ ჭაობში შემოტოპვას ნიშნავს.

სამხრეთ კორეამ მხოლოდ მას შემდეგ და იმის წყალობით მოიპოვა ამერიკის სამხედრო მხარდაჭერა, რაც ოკუპირებული ტერიტორიებისგან გამყოფ ხაზზე ააშენა კედელი და ამ ტერიტორიების ყოველგვარი „აღიარების“ გარეშე განახორციელა დაავადებული „კიდურის“ რეალური იზოლირება ოკუპაციას გადარჩენილი ნაწილისგან.

დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^