ფეხბურთი პოპულარული სპორტის სახეობაა მთელს მსოფლიოში, თუმცა ინგლისელებს, როგორც ამ სპორტის შემქნელებს, მისდამი განსაკუთრებული სიყვარული და პატრიოტული სულისკვეთება აკავშირებთ. როდესაც ინგლისის ეროვნული ნაკრების თამაშის დღეა, ბრიტანული ქალაქები საზეიმოდ ეწყობიან, უამრავი ქომაგი ქუჩებში გამოდის და პატრიოტულ სიმღერებს მღერის... ამ სანახაობას ნისლიან ალბიონზე მასშტაბურობით მხოლოდ სამეფო ქორწინებებს თუ შევადარებთ. მერსისაიდული „ლივერპულის“ ლეგენდარული დამრიგებელი ბილ შენკლი აღიარებდა, რომ ბევრისთვის ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, თუმცა ეს შეფასებაც ვერ გადმოსცემდა სრულად სპორტის ამ სახეობის მნიშვნელობას.
ფეხბურთის განვითარების უამრავი ეტაპი პირდაპირ უკავშირდება დიდ ბრიტანეთს:
- პირველ ისტორიულ წყაროს ფეხბურთის შესახებ ნისლიან ალბიონზე მივყავართ, რომელიც 1170 წლიდან მოგვითხრობს სპორტის ამ სახეობის არსებობის შესახებ;
- მსოფლიოში პირველი საფეხბურთო კლუბი „შეფილდ იუნაიტედი“ 1857 წელს ინგლისში დაარსდა;
- პირველი ნაციონალური საფეხბურთო ასოციაციაც ინგლისურია და იგი 1863 წელს შეიქმნა;
- პირველი ნაციონალური საფეხბურთო ტურნირი 1871 წელს ინგლისში ჩატარდა;
- პირველი საფეხბურთო მატჩი ეროვნულ ნაკრებებს შორის ნისლიან ალბიონზე გაიმართა 1872 წელს - ინგლისელები შოტლანდიელებს დაუპირისპირდნენ;
- დღეს ინგლისში 40 000 რეგისტრირებული საფეხბურთო კლუბია, ყველაზე მეტი მსოფლიოში;
დღეს ინგლისური პრემიერ ლიგა ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ლიგაა მთელს მსოფლიოში.
ფეხბურთის დიდი სიყვარული ბრიტანელ ქომაგებს ორგანიზების კარგ საშუალებას აძლევს. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს იშვიათად, მაგრამ მაინც ახლავს მასობრივი არეულობის ფაქტები, რის გამოც ინგლისურ კლუბებს, პერიოდულად, ევროპის მასშტაბით უამრავ სანქციას უწესებენ. ასეთი მასშტაბურობის ფონზე აღსანიშნავია ფეხბურთის ქომაგთა გავლენა ბრიტანულ პოლიტიკაზე და მათი არაერთი გამოსვლა პოლიტიკური მოთხოვნებით. უკანასკნელად ქომაგებმა 2009 წელს მოახერხეს დიდი გაერთიანების ჩამოყალიბება, რომელსაც „ლუტონ თაუნის“ გულშემატკივრებმა გაუწიეს ორგანიზება და რადიკალური მემარჯვენე მოძრაობა „ინგლისის დაცვის ლიგა“ ჩამოაყალიბეს. გაერთიანებას ხელმძღვანელობდა ოდიოზური ფიგურა ტომი რობინსონი (2019 წლის ევროპული პარლამენტის არჩევნებზე იგი უკვე ერთ-ერთი ოლქის კანდიდატად მოგვევლინა), რომელმაც ათი ათასი ქომაგის გაერთიანება მოახერხა რადიკალური ისლამის მიმდევარი ჯგუფების წინააღმდეგ. მოძრაობამ 2013 წლამდე მკაცრი სასაზღვრო კონტროლის მოთხოვნით მასშტაბური დემონსტრაციები გამართა, რასაც თან ახლდა პოლიციასთან დაპირისპირებები. საბოლოოდ, „ინგლისის დაცვის ლიგა“, შიდა განხეთქილებების ფონზე, პრაქტიკულად დაიშალა და დღეს მხოლოდ ათობით მხარდამჭერის შეკრებას ახერხებს. ბოლო წლების აქტივობებმა მემარჯვენე პოლიტიკოსებს „მრავალრიცხოვანი ელექტორატი“ დაანახვა, რის გამოც ევროსკეპტიკურად განწყობილმა ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიამ ტომი რობინსონი თავის რიგებში მიიწვია.
დღეს ყველაზე მეტად აღმოჩნდნენ ბრიტანელები პოლიტიკაში ჩართული და, ბუნებრივია, საინტერესოა ისეთი სოლიდური და ორგანიზებული ჯგუფების პოზიცია, როგორიც პრემიერ ლიგის საფეხბურთო კლუბების მრავალათასიანი გაერთიანებებია. 2017 წელს ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც სოციალური კვლევა წარმოადგინა მოცემულ საკითხზე.
როგორც აღმოჩნდა, ლონდონის „ჩელსის“ ქომაგების ორი მესამედი ევროკავშრის დატოვებას უჭერდა მხარს, რითიც მცირედით უსწრებდა ყველაზე ევროსკეპტიკურად განწყობილთა რეიტინგში ლონდონური „ტოტენჰემის“ და ლივერპულის „ევერტონის“ გულშემატკივრებს - მათი 57% ასევე გაერთიანების დატოვების მომხრე იყო. საფეხბურთო კლუბ „ბრაიტონის“ მხარდამჭერებს ყველაზე მეტად სურთ ევროკავშირში დარჩენა - ზოგადად, ბრაიტონში განსაკუთრებით პოპულარულია მწვანეთა პარტია, ამიტომ ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. ევროპულ გაერთიანებაში დარჩენა სურს ასევე „ლივერპულის“ ქომაგთა დიდ უმრავლესობას, მათი სიმპათიები თითქმის ყოველთვის მემარცხენე პარტიის მხარეს იყო. აღსანიშნავია „ლივერპულის“ მენეჯერის, იურგენ კლოპის მიერ „გარდიანისთვის“ მიცემული ინტერვიუ, სადაც მან ბრექსიტი უაზრობად მოიხსენია და ახალი რეფერენდუმის იდეა მოიწონა. დიდი გამოხმაურება მოჰყვა უელსური კლუბის, „კარდიფის“ დამრიგებელ ნილ ვორნოკის კომენტარს ბრექსიტთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ერთი სული ჰქონდა პირადად მას, როდის დატოვებდა ბრიტანეთი ევროკავშირს. საბოლოოდ, „კარდიფი“ იძულებული გახდა ოფიციალურად განეცხადებინა, რომ კლუბი და მისი დირექტორები არ იზიარებდნენ მწვრთნელის პოზიციას.
კვლევაში, რომელიც „ტელეგრაფმა“ გამოაქვეყნა და რომლის დროსაც სულ 20 კლუბის 5000 ქომაგი გამოიკითხა, შედეგები ასე განაწილდა:
1. „ჩელსი“: 61% მომხრეა ევროკავშირის დატოვების, 39% - წინააღმდეგი;
2. „ევერტონი“: 57% - მომხრე, 43% - წინააღმდეგი;
3. „ტოტენჰემი“: 57% - მომხრე, 43% - წინააღმდეგი;
4. „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“: 56% - მომხრე, 44% წინააღმდეეგი;
5. „ნიუკასლი“: 52% - მომხრე, 48% - წინააღმდეგი;
6. „ჰადერსფილდი“: 52% - მომხრე, 48% - წინააღმდეგი;
7. „მანჩესტერ სიტი“: 50% - მომხრე, 50% - წინააღმდეგი;
8. „კრისტალ პალასი“: 46% - მომხრე, 54% - წინააღმდეგი;
9. „სუონსი“: 42% - მომხრე, 58% - წინააღმდეგი;
10. „სტოკ სიტი“: 40% - მომხრე, 60% - წინააღმდეგი;
11. „მანჩესტერ იუნაიტედი“: 38% - მომხრე, 62% - წინააღმდეგი;
12. „ბარნლი“: 37% - მომხრე, 63% - წინააღმდეგი;
13. „ვესტ ჰემი“: 37% - მომხრე, 63% - წინააღმდეგი;
14. „ვოტფორდი“: 34% - მომხრე, 66% - წინააღმდეგი;
15. „არსენალი“: 34% - მომხრე, 66% - წინააღმდეგი;
16. „საუთჰემპტონი“: 31% - მომხრე, 69% - წინააღმდეგი;
17. „ლესტერი“: 29% - მომხრე, 71% - წინააღმდეგი;
18. „ბორნმუთი“: 27% - მომხრე, 66% - წინააღმდეგი;
19. „ლივერპული“: 23% - მომხრე, 77% - წინააღმდეგი;
20. „ბრაიტონი“: 19% - მომხრე, 81% - წინააღმდეგი.
პრაგმატული შეფასებით, ევროკავშირის დატოვება ბრიტანული საკლუბო ფეხბურთისთვის ზიანის მომტანი იქნება. განსაკუთრებით გართულდება არასრულწლოვანი ევროპელი მოთამაშეების გადმობირება და მათთვის შესაფერისი ლეგალური სტატუსის მინიჭება. ბუნებრივია, ახალი ბარიერი წარმოიშვება „სამუშაო ნებართვის“ სახით ნებისმიერი ევროპელი მოთამაშის გადმობირების დროსაც. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეროვნულ დონეზე ადგილობრივ ტალანტებს მეტი შანსი და დრო მიეცემათ თავის დამკვიდრებისთვის, რითიც საბოლოოდ ბრიტანული ნაკრებები იხეირებენ.
ბრიტანული ფეხბურთიც და პოლიტიკაც უაღრესად საინტერესოა, საბოლოოდ კი ეს მხიარული, ხმაურიანი და საკუთარ კლუბზე უზომოდ შეყვარებული ქომაგები შესაძლოა იმ ჩუმ უმრავლესობად იქცნენ, რომელიც გადამწყვეტ სიტყვას იტყვის არჩევნებზე.