Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქაბული - ახალი საიგონი?

17 სექტემბერი 2019

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დიდი სურვილი აქვს თალიბებს გაურიგდეს და ავღანეთიდან ამერიკული ჯარი გამოიყვანოს. რომ არა თალიბების სისასტიკე და წინდაუხედაობა - 5 სექტემბერს მათ მიერ მოწყობილმა ტერაქტმა 10 ავღანელის, ამერიკელი და რუმინელი ჯარისკაცების სიცოცხლე იმსხვერპლა - ტრამპი „თალიბანთან“ და ავღანეთის პრეზიდენტთან ერთად კემპ-დევიდის რეზიდენციაში სამიტს გეგმავდა. ამავდროულად, ავღანურ საკითხზე შეუთანხმებლობის გამო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის, თანამდებობიდან გათავისუფლება მიანიშნებს, რომ ტრამპი არ აპირებს, აღებული კურსი შეცვალოს და კომპრომისულ ვარიანტს დათანხმდეს. ჯონ ბოლტონი პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა თალიბებთან შეთანხმების დადებას. ის ამტკიცებდა, რომ არ შეიძლებოდა თალიბების ნდობა და ამერიკის სამხედრო კონტინგენტის გარკვეული ნაწილის ავღანეთში დატოვებას ემხრობოდა. ბოლტონისთვის ასევე პრინციპულად მიუღებელი იყო ტერორისტული ორგანიზაციის ამერიკაში მოსალაპარაკებლად მიპატიჟება.

რაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ამერიკელებსა და თალიბებს შორის ქალაქ დოჰაში, სანამ ტერაქტი ამ პროცესს შეაჩერებდა, ამის შესახებ ინფორმაცია მწირია. არსებული მონაცემებით, ამერიკული მხარე თანახმაა, ორ წელზე ნაკლებ დროში გაიყვანოს ავღანეთიდან 14 ათასი ჯარისკაცი. პირველი 5 ათასი სამხედრო ავღანეთს ხელშეკრულების დადებიდან 135 დღეში დატოვებს. ამის სანაცვლოდ, „თალიბანი“ ვალდებულებას იღებს, მისი კონტროლირებადი ტერიტორია არ გამოაყენებინოს ტერორისტულ ორგანიზაციებს და დათანხმდეს მოლაპარაკებებს ავღანეთის კანონიერ მთავრობასთან, რომელსაც ამ დროისთვის დასავლეთის მარიონეტად მიიჩნევს.

თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებები საფრთხილო პროცესია. ღია წერილი, რომელიც ავღანეთთან დაკავშირებულმა ცხრა ამერიკელმა დიპლომატმა გამოაქვეყნა, პრეზიდენტს აფრთხილებს, რომ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა არ უნდა იყოს დამოკიდებული წინასწარ გაწერილ გრაფიკზე; იგი რეალური მშვიდობის დამყარების თანაზომადი უნდა იყოს. ვინაიდან ავღანური სახელმწიფოს დეზინტეგრაცია და სამოქალაქო ომის განახლება კვლავ რეალური საშიროებაა, შესაბამისად, ამერიკელი დიპლომატების აზრით, თალიბებს არ უნდა მიეცეთ საშუალება, უბრალოდ დაელოდონ უკანასკნელი ამერიკელი ჯარისკაცის გასვლას, რომ მერე საბრძოლო მოქმედებები განაახლონ. დიპლომატები მოუწოდებენ პრეზიდენტ ტრამპს, შესაბამისი ძალები დატოვოს ავღანეთში კონტრტერორისტული საქმიანობისა და ავღანური ძალების საჰაერო მხარდაჭერის შენარჩუნებისთვის. 

ჩემი აზრით, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, თუ ის რეალურად განხორციელდება, კატასტროფული შეცდომა იქნება როგორც ამერიკისთვის, ისე ავღანეთისთვის. თუ ისტორია რამეს გვასწავლის, მსგავსი ნაბიჯები მცდარია და მას სავალალო შედეგები მოჰყვება. 

გავიხსენოთ ვიეტნამის ომის შემთხვევა. 1973 წელს პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებით ამერიკამ დაასრულა სამხედრო მოქმედებები ინდოჩინეთის ნახევრკუნძულზე და ვიეტნამის რესპულიკა, იგივე სამხრეთი ვიეტნამი, კომუნისტური ჩრდილოეთ ვიეტნამისა და მის მიერ მხარდაჭერილი პარტიზანი მებრძოლების („ვიეტკონგის“ - სამხრეთ ვიეტნამის გათავისუფლების ეროვნული ფრონტის) ამარა დატოვა. პრეზიდენტი ნიქსონი სამხრეთ ვიეტნამის პრეზიდენტს, ჩრდილოეთიდან აგრესიის განახლების შემთხვევაში, ამერიკულ დახმარებას დაჰპირდა, თუმცა უკვე ერთ წელიწადში ნიქსონი თანამდებობიდან გადადგა, ხოლო კონგრესმა ვიეტნამს სამხედრო დახმარება შეუმცირა. მშვიდობა ვიეტნამში არასდროს დასადგურებულა. ჩრდილოეთ ვიეტნამს არც კი უფიქრია სამხრეთის ძალისმიერ შეერთებაზე უარის თქმა. შედეგად, ამერიკის ჯარების სამხრეთ ვიეტნამის დატოვებიდან ორ წელიწადში, 1975 წელს, „ვიეტკონგმა“ და ჩრდილოეთ ვიეტნამის რეგულარულმა საჯარისო შენაერთებმა აიღეს ვიეტნამის რესპუბლიკის დედაქალაქი საიგონი და სამხრეთ ვიეტნამის რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. ამერიკელ საზღვაო ქვეითებს საიგონში ამერიკის საელჩოს სახურავიდან მოუწიათ საელჩოს პერსონალისა და თავშესაფრის მაძიებელი ვიეტნამელების ევაკუაცია. 

                                     

საიგონის დაცემა, 1975 წელი. მოსახლეობის ევაკუაცია ამერიკის საელჩოს სახურავიდან

რაც მთავარია, პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონისა და სახელმწიფო მდივან ჰენრი კისინჯერის გასაჯაროებული ჩანაწერებით ირკვევა, რომ სამხრეთ ვიეტნამის ბედი წინასწარ იყო გადაწყვეტილი, პარიზის ხელშეკრულება კი ერთადერთ ცინიკურ მიზანს ემსახურებოდა: ვიეტნამის ომის დამთავრებას, რათა რიჩარდ ნიქსონს საპრეზიდენტო არჩევნები მოეგო. ამისთვის ასევე აუცილებელი იყო სამხრეთ ვიეტნამის ერთ-ორი წლით მაინც შენარჩუნება, რათა მისი კოლაფსი პირდაპირ ნიქსონის საგარეო პოლიტიკას არ დაჰბრალებოდა. 

პარალელები აშკარაა. ეჭვგარეშეა, რომ ტრამპს წინასაარჩევნო მოტივები ამოძრავებს. მას სურს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი დაასრულოს და ამომრჩევლებთან ქულები ჩაიწეროს. ამ მხრივ ის მიჰყვება მისი წინამორბედის გზას - 2011 წელს, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბარაკ ობამამ ერაყიდან ჯარი გამოიყვანა. მომდევნო წლებში, სირიის სამოქალაქო ომისა და ისლამური სახელმწიფოს აღმოცენების გამო, ამერიკელებს კვლავ მოუწიათ ერაყში დაბრუნება. დასკვნა მარტივია - მსგავსი სახელდახელო უკანდახევები, როდესაც სახელმწიფო არაა მზად თავად გაუმკლავდეს მიმდინარე თუ მომავალში წამოჭრილ პრობლემებს, მხოლოდ აუარესებს სიტუაციას და გასაქანს აძლევს რადიკალურ მოძრაობებს. რთული წარმოსადგენი არაა, რომ ავღანეთის მთავრობა, რომელიც დღესდღეობით ავღანეთის მხოლოდ 60 პროცენტს აკონტროლებს, ნატოსა და ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ დამხობის რეალური საფრთხის წინაშე დადგება. ხელისუფლებაში თალიბების მოსვლა შუასაუკუნეობრივი დესპოტიზმის დაბრუნებას უქადის ავღანელ მოსახლეობას, განსაკუთრებით ავღანელ ქალებს. 

თავად ავღანეთის ისტორია კარგი მაგალითია პროგნოზირებისთვის. 1989 წელს საბჭოთა ჯარები გავიდნენ ავღანეთიდან. მოჰამედ ნაჯიბულას პროსაბჭოთა რეჟიმმა 1992 წლამდე გაძლო - თავად ეკონომიკურ კოლაფსში მყოფი რუსეთი უკვე ვეღარანაირ დახმარებას ვეღარ უწევდა ავღანეთს. 1992 წელს ნაჯიბულას მთავრობა დაემხო და ქაბული მოჯაჰედინებმა აიღეს. ნაჯიბულამ თავი გაეროს მისიას შეაფარა, სადაც ის 1996 წლამდე იმალებოდა. 1996 წელს ქაბული თალიბებმა აიღეს, ხოლო მოჰამედ ნაჯიბულა სასტიკი წამებით მოკლეს. 

და ბოლოს, ავღანეთის მომავალი სულერთი არ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის. საქართველოს 870 ჯარისკაცი ჰყავს წარგზავნილი ავღანეთში, ხოლო ავღანეთში მშვიდობის დამყარების მისიას 32 ქართველი სამხედრო შეეწირა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^