Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ დაუკრავს მუსიკას

19 სექტემბერი 2019
ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობაში ამ საოცარი თამაშის მოყვარულებს სიამოვნება თუ ემოციური ფეიერვერკი არ მოგვაკლდება. იმის მტკიცება, რომ 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე საქართველოს ყველა ოჯახში ტელეარხები „რაგბიზე იქნება გადართული“, არაა მთლად გონივრული. არადა, ჩვენ გარშემო უკვე საკმარისად ბევრია ისეთი ხალხი, რაგბით რომ დაიწყო ცხოვრება. ისეთებიც არიან, ბინის რემონტისთვის გადადებული ფულით იაპონიის ბილეთი რომ იყიდეს და ახლა ჩემოდნებს ალაგებენ. ვინც ეს ვერ შეძლო, ლუდს იმარაგებს და აქედანვე იმაზე დარდობს, ტურნირი რომ დამთავრდება, ამდენ კალორიას რა უყოს. მოკლედ, საქართველოში რაგბის ციებ-ცხელება თუ არა, პატარა ეპიდემია მაინც იწყება და ეს ძალიან კარგია.

ფანების რაოდენობის მატებასთან ერთად იცვლება მათი თვისობრიობაც: თუ ადრე რაგბს მხოლოდ ყოფილი მოთამაშეები და მათი ბებიები უყურებდნენ, ახლა ოვალური ბურთით ბევრი დაინტერესდა და გულშემატკივარიც აჭრელდა. ზოგი კარგადაა ჩახედული რაგბში, ზოგი - არც ისე, მაგრამ ჰგონია, რომ იცის მისი ავანჩავანი, ზოგი სულ ახალბედაა და ცდილობს, მუღამი გაუგოს იმას, რასაც ინტუიციით ხვდება, მაგარი რამე უნდა იყოსო. არ იქნება ცუდი, თუ მათ წავეშველებით, რაღაცების უკეთ დანახვაში მივეხმარებით. მაგალითად, გავაცნობთ იმ მოთამაშეებს, რომლებიც მოახლოებულ მსოფლიო თასზე მუსიკის მთავარი შემკვეთები იქნებიან. მოვუყვებით ლიდერებზე, რომლებიც თანამედროვე რაგბის ავანგარდში არიან და რომლებმაც, წესითა და რიგით, თავ-თავისი გუნდებისთვის ლოკომოტივის ფუნქცია უნდა შეასრულონ. კარგ მოთამაშეებს რა დალევს, მაგრამ სიტყვა რომ უვარგის დისერტაციასავით არ გაგვეწელოს, პირველი ეშელონის თითო გუნდიდან თითო მორაგბე ავარჩიოთ. თავადაც ხვდებით, რომ ეს კრებული პირობითია და მისი სახელმძღვანელოსავით წაკითხვა ბევრს არაფერს მოგვცემს. როგორც ძველად უთქვამთ: ზოგს მღვდელი მოსწონს და ზოგს მღვდლის ცოლიო.

ახალი ზელანდია - ბოდენ ბარეტი (28 წლის)

როგორც ამბობენ, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს წელს ძალიან გაუჭირდებათ ტიტულის შენარჩუნება. ჯერ ერთი, სხვა გუნდებიც შესამჩნევად მოძლიერდნენ, მეორეც, თავად „ოლ ბლექსს“ ვეღარ ჰყავს ისეთი მეხთამტყორცნელი შემადგენლობა. ოთხი წლის წინანდელი გუნდისგან განსხვავებით, აქ რიჩი მაკქოუს და დენიელ კარტერის მსგავსი ავტორიტეტები აღარ არიან, მაგრამ ამ გუნდსაც ჰყავს საყრდენი მოთამაშეები. ბოდენ ბარეტი ზედიზედ ორჯერ (2016, 2017) აღიარეს მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ 10 ნომერზე შესანიშნავი თამაშის წყალობით, უშუალოდ ამ ჩემპიონატის დაწყების წინ კი სტივ ჰანსენმა მას პოზიცია შეუცვალა და ფულბეკად უკრა თავი. იმიტომ, რომ 10-ად აღარ ვარგოდა? რა თქმა უნდა - არა. პირიქით: მისთვის მეტი სივრცისა და თავისუფლების შესაქმნელად; მისგან დაცვის აგრესიისა და წნეხის მოსაშორებლად; მისი რეაქტიული სიჩქარის ბოლომდე გამოსაყენებლად... ბოდენმა ინტერვალებს ზურგიდან უნდა შეუტიოს და, როცა საჭირო იქნება, მეორე მგეზავის ფუნქცია შეასრულოს. ეს ყველაფერი კი იმ შემთხვევაში გამოვა, თუ 10 ნომრად მისი შემცვლელი რიჩი მო’უნგა თავის საქმეს გაუმკლავდება. თუ არადა, ისევ ბოდენს მოუწევს გუნდის დაგეზვა.

ეს ხალხიც უნდა ვახსენოთ: ქიერან რიდი, სემ ქეინი, არდი სავეა, დენ კოულსი, ბენ სმიტი, ბროდი რეთალიქი (თუ გამოჯანმრთელდა), სონი ბილ უილიამსი, აარონ სმიტი და ძმანი მათნი.

ინგლისი - ბილი ვუნიპოლა (26 წლის)

ედი ჯონსის ჯილა, კოზირი, ჯოკერი, ხმალი და ფარი. ტონგური წარმომავლობის, ავსტრალიაში დაბადებული ინგლისელი ვუნიპოლა ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. ბურთის წინ წაწევისა და დაცვის არევ-დარევის საქმეში ბადალი არ ჰყავს. შთამბეჭდავი ზომა-წონისაა (188 სმ, 130კგ.). ამის კვალობაზე საკმაოდ დიდი სისწრაფის, კარგი ხელის ტექნიკისა და დაუნდობელი კონტაქტის წყალობით მეტოქის დაცვას მუდმივად უკან დახევას აიძულებს. ჩვეულებისამებრ, სწორედ მისი წინსვლით იწყება ინგლისელთა შეტევის აჩქარება, რისი მოგერიებაც ძალიან რთული ხდება. ჯონსის მთავარი იარაღი სწორედ ესაა: ფორვარდებმა სწრაფ-სწრაფი და ძლიერი დარტყმებით მუდმივად უკანა ფეხზე ათამაშონ დაცვა, რომ ბექებს ხელ-ფეხი გაეხსნათ და ინტერვალებში შეუტიონ. რა თქმა უნდა, ვუნიპოლას გაჩერებით მეტოქე უსიამოვნებებისგან არ თავისუფლდება, მაგრამ ერთი დიდი ნაბიჯით წინაა წარმატებისკენ.

ეს ხალხიც უნდა ვახსენოთ: ბენ იანგსი, ჯო კოკანასინგა, მანუ ტუილანგი, ელიოტ დეილი, ჯონი მეი, ტომ ქარი, ჯეკ ნოუელი, ჯორჯ ფორდი და ა.შ.

სამხრეთი აფრიკა - ფაფ დე კლერკი (27 წლის)

პატარა და მუშა. გუნდსაც ათამაშებს და თვითონაც თამაშობს. ისეთი ცხრაა, მუდმივად სადღაც გაძრომაზე რომ ფიქრობს. დაცვაში გოლიათებთან მებრძოლად არის აღიარებული. პასიც კარგი აქვს, ხედვაც, არც კონტაქტის ეშინია, ფეხსაც სოლიდურად ხმარობს, მოკლედ, დიმიტრია გელოვანი. ნაკრებში ჯერჯერობით სულ 25 კეპი აქვს, მაგრამ ვიდრე რასი ერასმუსი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება, წესით, არც ფრანსუას უნდა გაუჭირდეს საერთაშორისო გამოცდილების დაგროვება. ქურციკების 9 ნომერს მწვრთნელისგან დიდი ნდობა და თავისუფლება აქვს მიღებული. ბოლო სეზონი ევროპაში გაატარა და ინგლისურ „სეილ შარქსთან“ ერთად ისე რა სეზონი ჰქონდა, თუმცა თავად მუდამ ჩანდა მოედანზე და მსოფლიოზეც ასე იქნება. მისი მოძებნა არ გაგიჭირდებათ - გრძელთმიანი, ქერა, ცეცხლივით ბიჭი დაუღალავად ირბენს მინდორზე და შერკინებასაც მაგრად მოქოქავს.

ეს ხალხიც უნდა ვახსენოთ: დუეინ ვერმულენი, სიია კოლისი, თენდაი მთავარირა, ვილი ლე რუ, ჰანდრე პოლარდი, ჩესლინ კოლბე, მალკოლმ მარქსი, ფრანსუა ლოუ და სხვ.

ავსტრალია - დევიდ ფოქოქი (31 წლის)

წინა მსოფლიო თასზე ავსტრალიას მესამე ხაზში მრისხანე სამეული ჰყავდა: ფოქოქი, ჰუპერი, ფარდი. აქედან პირველი ორი ისევ გუნდშია და ისევ ამინდს ქმნის. ძნელია რომელიმეს წინ დაყენება, მაგრამ თუ აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ, მოდი, ფოქოქი იყოს. მერე რა, რომ ტრავმიდან ახლახან გამოვიდა, მერე რა, რომ 4 წელი მოემატა, სამაგიეროდ, მისი უნარები არსად წასულა, ცოდნა და გამოცდილება მეტი აქვს, თან დაისვენა და ისევ მზადაა ღვთაებრივი ღლეტვებისთვის. მხოლოდ ესეც არაა: თამაშს კარგად კითხულობს, მოლში არაჩვეულებრივია, სულ ორთაბრძოლაშია და იქიდან არცთუ იშვიათად გამარჯვებულიც გამოდის. შეიძლება ელვისებური გარღვევებითა და ლელოებით თავი არ დაგვამახსოვროს, მაგრამ მოედანზე აუცილებლად გამოჩნდება. მაიკლ ჩეიკას მისნაირი საიმედო მოთამაშეების დეფიციტი ნამდვილად აქვს და, თუ ავსტრალია შორს წავიდა, ფოქოქის მნიშვნელობა უფრო და უფრო აშკარა გახდება.

ეს ხალხიც უნდა ვახსენოთ: ქერთლი ბილი, ტევიტა კურიდრანი, სამუ ქერევი, ვილ გენია, ბერნარდ ფოული და სხვა მრავალი.

უელსი - ლიამ უილიამსი (28 წლის)

ბოლო დროს უელსელებს საკვანძო მოთამაშეების დაკარგვის სენი შეეყარათ. ჯერ ტაულუპე ფალეტაუ დაიმტვრა და 8 ნომრის გარეშე დარჩნენ, თუმცა ადგნენ და 6 ერი მაინც მოიგეს. მერე, მთლად მსოფლიო ჩემპიონატის მიჯნაზე, ძირითადი 10 ნომერი გარეთ ენსკომბი მოისაკლისეს და მაინც დიდი მიზნები აქვთ. ინგლისური „სარასენსის“უკანახაზელს თავისი დაღრეცილი ფეხებით სასწაულების ჩადენა შეუძლია და არაა გამორიცხული, ეს მსოფლიო თასი მის ბენეფისად იქცეს. სწრაფიცაა, სხარტიც, ტექნიკურიც, დაცვაშიც არაჩვეულებრივია, მაღალ ბურთებს ხომ ჰაერში აქრობს, მაგრამ მთავარი მაინც მისი ალღოა - საჭირო მომენტში საჭირო ადგილას იყოს. წელს ყველა ტურნირი მოიგო, სადაც კი ითამაშა, საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე, არც ერთ ამ შეჯიბრებაზე უკანა ეშელონებში არ ყოფილა. ეს ის მოთამაშეა, რომელსაც თავისუფლად შეიძლება დაეყრდნო.

ეს ხალხიც უნდა ვახსენოთ: ალან უინ ჯონსი, დენ ბიგარი, გარეთ ევანსი, როს მორიარტი, ჯასტინ ტიპურიკი, ჯონათან დევისი, ლი ჰალფპენი, ჯორჯ ნორსი და ა.შ.

ირლანდია - კონორ მარი (30 წლის)

ირლანდია მსოფლიო თასზე რეიტინგის ლიდერის რანგში მიდის, რაც მისთვის ახალი ხილია. ამ გუნდში ბევრმა შეიძლება დირიჟორობა დაიბრალოს, მაგრამ კონორ მარი მაინც ურყევ ავტორიტეტად რჩება. ჯო შმიტს უყვარს გაბმული, მრავალფაზიანი, ზოგჯერ ზედმეტად გაწელილი შეტევები, რომლებითაც ის მეტოქის ყურადღებას ადუნებს და ცდილობს, სადმე მიძინებული გამოიჭიროს. ამ საქმეს კი, ბურთის ხარისხიან შენარჩუნებასთან ერთად, სწორი გადაწყვეტილებების მთელი სერია სჭირდება. მარი ზუსტად ამ საქმისთვისაა გუნდში: არც ფაფ დე კლერკივით ცეცხლია და არც უელსელი გარეთ დევისივით ჯანიანი, მაგრამ ჭკუა ამ ყველაფერს აბალანსებს. თავის საქმეს დინჯად, ცოდნით და თავდაჯერებით აკეთებს, შეტევის მიმართულებებს არჩევს და საჭირო ხალხს ტვირთავს, ბოქს ქიქებიც კარგი აქვს და სიტყვაც წონიანი ეთქმის. რუხი კარდინალივითაა: ტიტული არ აქვს, მაგრამ მართავს. შეიძლება ლელო საერთოდ ვერ გაიტანოს, მაგრამ თუკი მსოფლიოზე ვინმე ირლანდიურ მუსიკას შეუკვეთს, ეს კონორი იქნება.

ეს ხალხიც უნდა ვახსენოთ: ჯონათან სექსტონი, პიტერ ო’მაჰონი, სი ჯეი სტანდერი, ბანდე აკი, გარი რიგნროუზი, რობ ქერნი, რორი ბესტი, ჯეიკობ სტოკდეილი და სხვანი.

შოტლანდია - ფინ რასელი (26 წლის)

ფინ რასელის შესაძლებლობები ქართველმა მაყურებელმა ცოცხლად იხილა დინამო სტადიონზე. საქმეში ჩაუხედავებიც იმას გაიძახოდნენ, ეს რა მაგარი ვინმე ყოფილაო. ცხადია, დიდი გუნდები შოტლანდიას ისე არ ანავარდებენ, როგორც ეს თბილისში მოხდა, მაგრამ თუ რასელს თამაში წაუვიდა, სქოთების რაგბი ლამაზიც იქნება და შედეგიანიც. ცოტა ხნის წინ „ნარშავების“ უკანა ხაზში მთავარი მოქმედი პირი სტიუარტ ჰოგი იყო, ფულბეკი, რომელსაც ბევრი რამის კეთება ინდივიდუალურად უწევდა, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა და კომპანიას მაღალი დონის 10 ნომერიც შეემატა, ეს კი უკვე ძალაა, მეგობრებო! ფინ რასელი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი ჯგუფიდან, რომელიც შოტლანდიურ კლუბში არ თამაშობს. მან გასული სეზონი ფრანგულ „რასინგ 92“-ში გაატარა და, როგორც ჩანს, ფრანგულმა რაგბიმ მასზე დადებითად იმოქმედა. შინ დაბრუნებას ჯერჯერობით არ ჩქარობს და დიდად არც ექაჩებიან: ეგრე ითამაშოს და სადაც უნდა იქ იყოსო.

ეს ხალხიც უნდა ვახსენოთ: ჰემიშ უოტსონი, ჯონ ბარკლი, ბლერ კინგჰორნი, სტიუარტ მაკინალი, ჯონი გრეი, გრეგ ლეიდლოუ, შონ მეითლენდი, ტომი სიმური.

საფრანგეთი - დამიენ პენო (22 წლის)

ახალგაზრდა, თავხედი გარემარბია, შიშისა და ავტორიტეტების მიმართ მოკრძალების გარეშე. თავიდან თითქოს ცენტრად მოიაზრებოდა, მაგრამ თავისი თავი უფრო ფრთაზე იპოვა და ფრანგების ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალად ჩამოყალიბდა. მის პოზიციაზე ფრანგებს კიდევ რამდენიმე ლომივით ბიჭი ჰყავთ იაპონიაში, მაგრამ პენოს ტალანტმა შესაძლოა ყველა დაჩრდილოს. ძალიან სწრაფია და რთული მოსახელთებელი, პოზიციის შერჩევაც იცის და ლელოების გატანა ხომ ქვეყანას ურჩევნია. შეიძლება მისი ასე გამორჩევა ავანსის გაცემა უფრო იყოს, ვიდრე რეალური სურათის ასახვა, მაგრამ თუ ამ ბიჭმა მსოფლიოზე ფრთები გაშალა, ბევრს დატოვებს გაღიმებულს. საერთოდ ძნელია იმ გუნდის წარმატებაზე ილაპარაკო, რომელიც ბოლო წლებია შემადგენლობაზე ვერ ჩამოყალიბებულა, მაგრამ თუ საფრანგეთი რამეს მიაღწევს, ალბათ ისევ ამ ბიჭთან ერთად და მისი აქტიურობით.

ეს ხალხიც უნდა ვახსენოთ: ლუი პიკამოლი, ვესლი ფოფანა, გაელ ფიკუ, სებასტიან ვაჰამაჰინა, ალივერეტი რაკა, გიიომ გირადო, ვირმი ვაკატავა, იოან უჟე, მაქსიმ მედარი.

არგენტინა - აგუსტინ კრევი (34 წლის)

ამ არაჩვეულებრივმა კვაჭმა თავის ქვეყანასა და ნაკრებს ცხოვრების 14 წელი მიუძღვნა და დიდი მებრძოლის სახელიც მოიხვეჭა. სადაცაა კარიერას დაასრულებს და, რა თქმა უნდა, შეეცდება, ისევე ღირსეულად წავიდეს, როგორც აქამდე მოსულა. ბრძოლაში დაუღალავი და უშეღავათოა, შეიძლება 34 წლისამ იმდენი ვერ შეძლოს, რამდენსაც ადრე ახერხებდა, მაგრამ თავს რომ არ დაზოგავს, ეს ცხადია. ზოგადად, არგენტინელებს არ სჩვევიათ თავის დაზოგვა და ჰიმნის შესრულებით დაწყებული საფინალო სასტვენამდე სრულად იხარჯებიან. კრევიც ასეთია - რასაც ფიზიკურად ვერ შეძლებს, მაგალითით წაახალისებს ახალგაზრდებს. არადა, მარიო ლედესმას იაპონიაში ბლომად ნორჩი ჰყავს წაყვანილი, რომლებსაც სულაც არ აწყენთ იმის დანახვა, თუ როგორ უნდა გაუძლონ უსაშველო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წნეხს. სულ რომ არაფერი, ამაში მაინც სამაგალითოა ვეტერანი კრევი.

სხვებიც არ დაგვავიწყდეს: ხუან მანუელ ლეგიზამონი, პაბლო მატერა, ნიკოლას სანჩესი, ემილიანო ბოფელი, ხუაკინ ტუკულეტი, ტომას ლავანინი.

ამჯერად მხოლოდ პირველი ეშელონის 9 მოთამაშეა ჩამოთვლილი, მსოფლიოზე კი 20 გუნდი თამაშობს. სხვა გუნდების „დამკვრელები“ შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ, ან არსებული სია გადაახალისოთ, ეს კარგი გასართობია ტურნირის დაწყებამდე თავის შესაქცევად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^