2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან წულაძე. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე საათით ადრე იუზერმა, სახელად Spliyvi (სულხან წულაძე), ფორუმზე გახსნა თემა, სადაც ამერიკის ელჩზე „თავდასხმა“ დაანონსა და მეტი დამაჯერებლობისთვის Google Earth-იდან აღებული ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიის ფოტო დაურთო.
წულაძეს ედავებოდნენ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს - მუხლი 326, მეორე ნაწილი - რომელიც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმის მცდელობას გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სულხან წულაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ ამბავმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. შეიქმნა პეტიცია იუზერის გათავისუფლების მოთხოვნით და ტელევიზიაში სიუჟეტიც გავიდა. ერთი თვის შემდეგ სასამართლომ სულხან წულაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამ იუზერის საქმე Freedom House-ს ანგარიშშიც მოხვდა,იმ ნაწილში, სადაც საქართველოში ინტერნეტის თავისუფლებაზეა საუბარი. ანგარიშში იმაზეა გამახვილებული ყურადღება, რომ უფლებადამცველთა მტკიცებით სულხან წულაძის დაკავება დაუსაბუთებელი იყო.
ცხადია, ეს იუზერი თავდასხმას არავისზე გეგმავდა და მისი მორიგი საფირმო „ტროლინგი“ იყო, რაც - უნდა აღინიშნოს - სხვა დროს უკეთ გამოსდიოდა. როგორც გაირკვა, მისი ინსპირაცია სერიალ Homeland-ის სცენა იყო, სადაც მსგავსი სიუჟეტი ვითარდება. სულხან წულაძის დაკავება ფორუმთან დაკავშირებული ბოლო გახმაურებული ამბავია, რომელშიც საიტზე დაწყებული დისკუსია მის მიღმა გაგრძელდა.
forum.ge 2001 წელს შეიქმნა -მაშინ, როცა შევარდნაძე ისევ მყარად იკავებდა თავის პოსტს, დენი იყო გრაფიკით, გზის გადაკეტვები - სისტემატურად, ინტერნეტი კი ძალიან ცოტას ჰქონდა. ამ დროს ინტერნეტ სივრცეში მხოლოდ რამდენიმე ქართული საიტი არსებობდა და, აქედან გამომდინარე, ფორუმის შემქმნელ თემურ ხაინდრავას კომერციული მიზნები არ ჰქონია. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს - მთავარი მოტივაცია იყო, რომ შექმნილიყო ადგილი, სადაც ქართველებს შეეძლებოდათ ერთმანეთში აზრები გაეცვალათ.
პირველი პოსტი,რომელიც 2001 წლის 26 იანვრით თარიღდება, ადმინისტრატორს ეკუთვნის. თემა ისტორიული და ცოტა სექსისტურიცაა: ფორუმის მაშინდელი მომხმარებლები მსჯელობენ იმაზე, არსებობს თუ არა ქართველი პროგრამისტი ქალი; ზოგი ეჭვს გამოთქვამს, რომ პროგრამირება ქალის გონებისთვის რთულად აღსაქმელია - იმავე თემაში ამ მოსაზრებას მაშინ მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ.
ფორუმის პრინციპი მარტივია. არის სხვადასხვა განყოფილება - პოლიტიკა, სპორტი, მელომანია, უსათაურო, კულტურა და ხელოვნება, რელიგია და ფილოსოფია, ქალი და მამაკაცი და სხვა - სადაც თემატურ ამბებზე კამათობენ, რჩევებს იღებენ და სიახლეებს აზიარებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქმა უკვე დიდი ხანია ჩაანაცვლა ფორუმი, ის შექმნიდან 18 წლის შემდეგაც პოპულარულია, განსაკუთრებით სტაჟიან მომხმარებლებს შორის. ფორუმს თვეში საშუალოდ 600 000 უნიკალური ვიზიტორი ჰყავს.
ფორუმის ვიზიტორებს შეადგენენ როგორც დარეგისტრირებული იუზერები, ისე უბრალო „სტუმრები“, რომლებიც მხოლოდ ათვალიერებენ ფორუმს და კომენტარს ვერ ტოვებენ. ფორუმის ვიზიტორების ბოლო ერთი დღის სტატისტიკას თუ ვნახავთ, მომხმარებლების ნახევარზე მეტი, 56%, 25-იდან 34 წლამდე ასაკის არიან. ფორუმის ვიზიტორთა 80% კაცია.
გარდა იმისა, რომ აქ მარტივად შეგიძლია გაიგო სიახლე, ფორუმი დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლებოდა კრიტიკული და განსხვავებული აზრი ქართულ ენაზე მოგესმინათ. ფორუმი ყოველთვის დროულად აფასებდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს,ისევე როგორც ისტორიულ პროცესებს. ფორუმს სააშკარაოზე გამოჰქონდა ტაბუირებელი თემები, ის ყოველთვის ლიბერალური და ნებისმიერი ადამიანისთვის ღია იყო.
ფორუმზე ყველას შეეძლო მოენახა თანამოაზრეები, საერთო ინტერესებზე ემსჯელათ, საყვარელი საფეხბურთო კლუბის თემაში ერთად ეპოსტათ და, მაგალითად, „ლივერპულის“ მიერ პრემიერ ლიგის მოგებას ერთად დალოდებოდნენ („ლივერპულის“ ქომაგების ლოდინი დღემდე გრძელდება); ლიტერატურის განყოფილებაში დოსტოევსკის სიღრმისეულიაზრებით ერთად აღფრთოვანებულიყვნენ ან კინემატოგრაფიაში გოდარისა და ფრანგული „ახალი ტალღის“ სხვა რეჟისორთა ფილმები შეძლებისდაგვარად გაერჩიათ.
განყოფილებაში „ქალიდა მამაკაცი“ ერმანეთთან ეფლირტავათ, საკუთარი ეგო დაეკმაყოფილებინათ, მოეთხროთ, თუ რამდენად წარმატებული მამაკაცები/ქალები არიან რეალურ ცხოვრებაში, როგორ მარტივად გამოსდით ურთიერთობები, ან პარტნიორების რაოდენობა (და არამარტო) შეედარებინათ.
სოციალური ქსელების გაჩენამდე იუზერებს ფორუმზე ისეთების პოვნა შეეძლოთ, რომლებსაც იგივე პრობლემები აწუხებდათ. ამის მაგალითია ფსიქოლოგიის განყოფილება, სადაც საკუთარ პრობლემებზე წერდნენ - იქნებოდა ეს პანიკური აშლილობა, დეპრესია თუ რამე ამის მსგავსი. განყოფილებაში იუზერები ერთმანეთს ფსიქოლოგებს ურჩევდნენ და მათთან ვიზიტების გამოცდილებებს უზიარებდნენ.
პარამეცნიერების განყოფილებაში შესვლისას ასტროლოგიით გატაცებულები პირადი რუკის შედგენის შემდეგ უამრავ ახალ რამეს გეუბნებოდნენ შენ შესახებ, რაზეც აქამდე წარმოდგენა არ გქონდა ან დიდად არც ეთანხმებოდი, თუმცა ვარსკვლავებმა ხომ უფრო მეტი იციან, ვიდრე შენ და რას იზამ?
უსათაურო ძირითადად ახალგაზრდების თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. სანამ სხვა სოციალური ქსელები გაჩნდებოდა, ახალგაზრდები აქ ახერხებდნენ საკუთარი თავის რეალიზებას. ხშირად იკრიბებოდნენ კიდეც მზიურის პარკში ან რომელიმე კორპუსის სახურავზე. უსათაურო იყო თავისუფალი სივრცე, სადაც შეგეძლო შენი ფიქრები, აზრები და იუმორი გაგეზიარებინა და ყოველთვის გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც მხარს აგიბამდა ამაში.
უსათაურომ მოახერხა საკუთარი, განსაკუთრებული სალაპარაკო ენა შეექმნა. ტერმინებსა და ფრაზებს, რომელთა გამოყენებითაც შენც ხდებოდი ამ ვირტუალური სივრცის ნაწილი, მერე მთელს ინტერნეტსივრცეში და მის გარეთაც ხშირად გაიგონებდი.
ბუნებრივია, მთელ ამ სერიოზულ მსჯელობასა და აზრთა გაცვლას თან ახლავს ისეთი სიგიჟეები,როგორიცაა, მაგალითად, ესპოსტი გამოქვეყნებული ავტომობილების განყოფილებაში თემაზე -„ქართული ხალხური საგზაო ქაჯობა“.
ან მოგზაურთა კლუბში, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტები წერენ და ერთმანეთს რჩევებს აძლევენ. ამ განყოფილებას მაინც უფრო იმისთვის იყენებდნენ, რომ გაერკვიათ, მარტივად როგორ შეიძლება ჩაბარდე ლტოლვილად. სიგიჟის ნაკლებობა, რა თქმა უნდა, არც აქაა:
ფორუმი დროს ყოველთვის უსწრებდა და ეს ყველა განყოფილებაში იგრძნობოდა. კულტურული ომების დიდი ნაწილი, რომელიც ნელ-ნელა მთელ ქართულ საზოგადოებას მოედო, ფორუმზე დაიწყო.
„შავი იუმორის კუთხე“ - თემა ამ სახელწოდებით 2009 წელს გაიხსნა და თავიდანვე ორაზროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. ზოგისთვის მიუღებელი და გაუგებარი იყო იუმორის ეს ნაირსახეობა, განსაკუთრებით კი ხუმრობები რელიგიაზე. თუმცა უსათაუროშიშავ იუმორზე „ღადაობა“ სულაც არ იყო გასაკვირი, მაშინ როცა ასეთ ხუმრობაზე რეალურ ცხოვრებაში პრობლემები შეგექმნებოდა. „ქალი და მამაკაცში“ ბევრი თავისუფალ და ლაღ ურთიერთობებს ქადაგებდა, ოდითგანვე მიდიოდა ბრძოლა ქალიშვილობის ინსტიტუტის წინააღმდეგ.
რელიგიის განყოფილება ყოველთვის ოპოზიციაში იყო მართლმადიდებლობისა და სხვა რელიგიების მიმართ. მაშინ, როცა ათეიზმი ქართული საზოგადოებისთვის ჯერ ისევ უცხო იყო და ქართველი ათეისტი თვალით არ გყავდა ნანახი, forum.ge-ზე იუზერები თავისუფლად და შეუზღუდავად წერდნენ რელიგიისადმი თავიანთ დამოკიდებულებაზე. ცოტა მოგვიანებით შეიქმნა „ათეისტთა კლუბი“, ეს თემა ისევ პოპულარულია.
რა თქმა უნდა, მაინც იყო შევიწროების მცდელობები. მაგალითად, საიტზე „ღვთისმგმობი“ ფორუმის იუზერების ფოტოებია გამოქვეყნებული და მთლიანად ფორუმის გაკიცხვა მიმდინარეობს, სათაურით „თემურ ხაინდრავას საიტის“ „თბილისის ფორუმის“ სატანური ძალა“ ვკითხულობთ:
„მართლმადიდებელი კანონიერი ხელისუფლების აღდგენას და ახალი რუის-ურბნისის კრების მოწვევას იმიტომ მოვითხოვთ, რომ საუკუნეთა განმავლობაში ჩვენს ტრადიციულად მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქართულ სახელმწიფოს მიჰმადლოს საბოლოოდ უფალმა ღმერთმა პატრონი – კანონიერი ხელმწიფის და წმინდა პატრიარქის სახით, რათა სამუდამოდ მოიკვეთოს ჩვენი მოდგმიდან „თბილისისფორუმის“ მსგავსისატანურიგმობა! დააკვირდით ამ სახეებს, წაიკითხეთ მათი სამარცხვინო გმობანი და თავად გამოიტანეთ დასკვნა - მიხეილ სააკაშვილის, ნინო ბურჯანაძის და ზურაბ ჟვანიას მიერ განხორციელებული ვარდების რევოლუციის „დემოკრატიის“ ამ პირმშოთა წინააღმდეგ უნდა განხორციელდეს თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა ჩვენი წმიდათაწმიდა სულიერების –მართლმადიდებლობის გაუგონარი შეურაცხყოფის და ბინძური გმობის გამო?!“
ანონიმურობა იყო ის, რაც ხშირ შემთხვევაშიფორუმს ასე მიმზიდველს ხდიდა. მაშინ ათეისტად „ქამინგ აუთი“ არ იყო მარტივი ჩვენს საზოგადოებაში და ფორუმი გაძლევდა იმის საშუალებას, რომ შენი პიროვნების გამჟღავნების გარეშე ყოფილიყავი ის, რაც ხარან ჯერ ვერ ხარ,მაგრამ გინდა, რომ იყო. უსათაუროშიც არასტანდარტული იუმორის გამოვლენას ანონიმურობა აქეზებდა.
პოლიტიკის განყოფილებაშიც უფრო თამამად შეგეძლო შენს პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე საუბარი, მაშინ როცა ვერავინ გაიგებდა ეკრანს მიღმა, ვინ წერს.ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, ფორუმზეც პოლიტიკა ყველაზე პოპულარული და ცხარე დებატების მიზეზია. ეს განყოფილება ყოველთვის ოპოზიციური იყოდა სამოქალაქო საზოგადოებაზე ადრე იაზრებდა ხელისუფლების შეცდომებს. ფორუმის პოლიტიკის განყოფილება 2012 წლამდე მკვეთრად წინა ხელისუფლების წინააღმდეგ იყო განწყობილი. მთავრობის ცვლილების შემდეგ მალევე ისევ ოპოზიციური გახდა და დღემდე ასეა.
პოლიტიკის განყოფილებაში მომხმარებელთა ძალიან ფართო სპექტრია წარმოდგენილი. დიდი ხნის განმავლობაში აქ აქტიურად პოსტავდნენ პოლიტიკოსები და პოლიტიკაში ჩართული ცნობილი პიროვნებები, იქნებოდა ეს ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ჟურნალისტი თუ სხვა.
აქაც, ფორუმი ხშირად პოლიტიკურ პროცესებს წინ უსწრებდა. ამის მაგალითია 2007 წელს გახსნილი თემა, სადაც რიგითი იუზერი ბიძინა ივანიშვილს სთხოვს,პრეზიდენტის არჩევნებში იყაროს კენჭი და თავიდან აგვარიდოს მორიგი 5-წლიანი დიქტატურა. ბევრი იზიარებს იუზერის თხოვნას,მაგრამ იმის იმედი ნაკლებად აქვთ,რომ თვითონ ბიძინას სურს პრეზიდენტობა.ზოგი წერს,რომ იდეალური კანდიდატია - ფული და შემოსავალი ისედაც აქვს და მეტი არ დასჭირდება, სხვებივით არ მოიპარავს. ზოგი სკეპტიკურადაა განწყობილი,ვინაიდან მისი ღირებულებების შესახებ არაფერი იციან და ბიზნესმენობა და პოლიტიკოსობა შორია ერთმანეთისგან.
პოპულარული სერიალის სცენარისტიც აფიქსირებს თავის აზრს სარკასტულად - „მემამაჩემი რეზო მინდა პრეზიდენტად. მოსულა?! საქართველო უყვარს ძალიან“.
ფორუმს საკუთარი ინტერესების გატარებისთვის აქტიურად იყენებდა როგორც წინა, ისე ახლანდელი ხელისუფლება. განსაკუთრებით წინა ხელისუფლების დროს იყო პრეტენზიები, რომ ფორუმზე ოპოზიციური აზრი იდევნება. ფორუმის ყოფილ მოდერატორთა ნაწილის აზრით, 2008 წელს შსს-ს ზემოქმედების შემდეგ ფორუმის ადმინისტრაციამ გაათავისუფლა ოპოზიციურად განწყობილი მოდერატორები(ფორუმის ადმინისტრატორი ამას არ ადასტურებს). მაშინ ფორუმზე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობდა რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილიც.
ბოტებისა და ტროლების ისტორიაც, ახლა რომ ასე აქტუალურია, ფორუმის პოლიტიკის განყოფილებიდან იწყება. აქ მათ „გამპრავებლები“ ერქვათ და ფორუმის ყველაზე ოდიოზურ ფიგურებს წარმოადგენდნენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იმიუზერთა ნაწილი, ვინც მანამდე წინა ხელისუფლებების „გამპრავებლებს“ მორალს უკითხავდა მათი საქმიანობის გამო, თვითონ გახდა მთავრობის აპოლოგეტი. მათ მიმართ ფორუმის სხვა მომხმარებლები არცთუ იშვიათად აგრესიას ავლენდნენდა სიტუაციას დაწყნარებამოდერაციას უწევდა.
მე თვითონ ცოტა ხანს ვიყავი მოდერატორი პოლიტიკის განყოფილებაში. ეს პერიოდი დაემთხვა იმ დროს, როცა პიკს მიაღწია აშკარად მართული ჯგუფების აგრესიამ აქ ჩამოსული არაბი და შავკანიანი ტურისტებისა თუ მიგრანტების წინააღმდეგ. ამას თან ემატებოდა ანტიევროპული განწყობა და ეს ყველაფერი ერთმანეთს ავსებდა. იყო ფეიქნიუსები იმის შესახებ, რომ ევროპაში ჩასულმა არაბმა მიგრანტებმა რაღაც საშინელება ჩაიდინეს,ევროპა ევროპას აღარ ჰგავს და გინდათ, რომ საქართველოშიც ეს ხდებოდეს?
ეს ნარატივი, ფაქტობრივად, ყოველდღე მეორდებოდა.
გარდა იმისა, რომ გიწევს ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი პოლიტიკური ბანაკის იუზერების პირდაპირი თუ ირიბი შეურაცხყოფის აღკვეთა, ასევე მნიშვნელოვანი იყო ფეიქნიუსებთან ბრძოლა - მოდერაციის ეს ორი ფორმა მას შემდეგ ყველა ინტერნეტპლატფორმისთვის აუცილებელი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფორუმზე აღარაა იმდენი საინტერესო დისკუსიები,იმდენი ახალი და სტაბილური იუზერები, რამდენიც საიტს ადრე სტუმრობდნენ - მას მაინც აქვს თავისი რომანტიკა. იოლად შეგიძლია ნახო, წლების წინ რას წერდი, რა ღირებულებები გქონდა,რას უსმენდი და ვის ან რას გულშემატკივრობდი. აქ შენი პოსტები და თემები არ ქრება - ფორუმი ინახავს როგორც იუზერების ინდივიდუალურ, ისე საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებას. თავისი პოპულარობის ზენიტში ფორუმი კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს წინ უსწრებდა, დღეს ის ამ მოვლენების მემატიანეა.