Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოლიერი, ჩეხოვი და სხვანი

20 სექტემბერი 2019
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - კლასიკური ტექსტებიდან სხეულის უსაზღვრო შესაძლებლობამდე
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც კრიზისის ჟამს, 2009 წელს დაარსდა, წელს უკვე მეთერთმეტედ უმასპინლებს დამეგობრებულებსაც, ცნობისმოყვარეებსაც და თეატრთან შედარებით გაუცხოებულებსაც. განვლილმა ათწლულმა ფესტივალის დამფუძნებლებს ბევრი რამ შთააგონა და ასწავლა. მათ შორის რთულ პოლიტიკურ ვითარებაში თეტრალური პროცესის ზუსტი და დროული პასუხები, პუბლიკის მოთელვა-მოშინაურება-მიჩვევა და რაც მთავარია, ათსგვარ დაუგეგმავ სირთულეებთან დროული და ART-ისტული გამკლავება.
როგორც ფესტივალის დირექტორი, ეკა მაზმიშვილი აღნიშნავდა: „თუ სირთულეს არ გადალახავ, ვერ გაიზრდები. იმისათვის, რომ წინ წახვიდე, რაღაც გზა აუცილებლად უნდა გაიარო. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ვცდილობთ, ავყვეთ ტემპს. შეიძლება, რაღაც გამოგივიდეს, რაღაც - არა, მაგრამ ეს არ არის საშიში; ამით არც ფესტივალი მთავრდება, და არც ცხოვრება. პირიქით, შეგიძლია ყოველთვის საკუთარ თავს აუღო რევანში და რაც ერთხელ ვერ შეძელი, მერე გააკეთო. ფესტივალი ისეთივე ცოცხალი პროცესია, როგორც ჩვენი ცხოვრება, ამიტომ, რაღაც სულ უნდა იცვლებოდეს, მიმდინარეობდეს და ვითარდებოდეს“.

იმისათვის რომ „მიმდინარეობა და განვითარება“ საკუთარ ტყავზე ესთეტიკურად ვიგრძნოთ, ახალ, 2019 წლის საფესტივალო პროგრამას (სადაც 50-მდე უცხოური და ქართული სპექტაკლია წარმოდგენილი) განახლებული და მაძიებლური სურვილით უნდა შევხედოთ. ცხადია, ყველაფერს ერთ წერილში ვერ ჩავატევთ. გასაგები მიზეზების გამო, შორეული, უცხოური და კრიტიკოსთა მიერ ნაქები წარმოდგენები მეტ ცნობისმოყვარეობას აღძრავენ. პირველ რიგში სამ გამორჩეულ წარმოდგენაზე შევაჩერებთ როგორც თეატრალების, ისე უბრალოდ, დაინტერესებული მაყურებლის ყურადღებას:

1.„ბერლინერ ანსამბლის“ სპექტაკლი „თუნუქის დოლი“, გიუნტერ გრასის ცნობილი რომანის მიხედვით. რეჟისორმა ოლივერ რიზემ, სცენოგრაფმა დანიელ ვოლენცინმა და კომპოზიტორმა იორგ გოლაშმა გრასის ეპიკური რომანი მხოლოდ მთავარ გმირს - ოსკარ მაცერატს მიანდეს, რომლის როლსაც „ბერლინერ ანსამბლის“ გამორჩეული მსახიობი ნიკო ჰოლონიკსი ასრულებს. ცხადია, ეს გასაგები დიდი რისკი იყო, ვინაიდან ოსკარს რომანის მთხრობელის ფუნქციაც ევალებოდა და ამავე დროს, მეორე მსოფლიოს ომის ამბების თანამონაწილეც უნდა გამხდარიყო.

... თავისი ცხოვრების მესამე დაბადების დღეზე ოსკარი გადაწყვეტს აღარ გაიზარდოს და მხოლოდ თვალი ადევნოს ცხოვრებას, ამავე დროს განუწყვეტლივ დაუკრას დედის მიერ ნაჩუქარ დოლზე. ფაშისტური გერმანიის აღზევებასა და მომძლავრებას, დედის ღალატს საყვარელთან თუ დარბევის ღამეს, იგი თითქოს „პატარა მატლის“ პერსპექტივიდან აკვირდება და ქვეყნისა და მსოფლიოს ისტორიას ერმანეთს უკავშირებს. მონოსპექტაკლი დაახლოებით საათი და ორმოცი წუთი გრძელდება და გამოცდილ მაყურებელს შესაძლებლობას უტოვებს ოლივერ რიზეს სპექტაკლი ფოლკერ შლიონდორფის ცნობილ ფილმსაც შეადაროს. გიუნტერ გრასის რომანის მიხედვით გადაღებულმა „თუნუქის დოლმა“ გერმანელ რეჟისორს 1979 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე უდიდესი წარმატება და აღიარება მოუტანა.

2.ოსკარას კორშუნოვასის სპექტაკლი „ტარტიუფი“ მოლიერის პიესის მოხედვიოთ ლიეტუვას ნაციონალურ თეატრში (ვილნიუსი). კორშუნოვასმა მოლიერის კლასიკური კომედია დღევანდელი დღის პერსპექტივიდან დაინახა: იგი პიესას თანამედროვე კულტურულ კონტექსტს სძენს და დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას დაუნდობელი ირონიით წარმოაჩენს. რეჟისორი ასე ვთქვათ, „ტარტიუფიზმის“, ანუ პუბლიკის მოტყუება-მოთაფვლის დიაგნოზს სვამს, რომელიც პოლიტიკის სფეროში უკვე დიდი ხანია დამკვიდრებულია და რომელმაც მაყურებლის დიდ უმეტესობას უკვე დაიპყრო. 

ტარტიუფის სიცრუე მხოლოდ პიესის კონტექსტში კი არ არსებობს, როდესაც იგი ორგონს ატყუებს, იგი მაშინაც თვალსაჩინოდ წარმოჩინდება, როდესაც მსახიობები მაყურებლთან „თამაშში“ ერთვებიან. სცენოგრაფისა და დიზაინერის, ვიტაუტას ნარბუტასის მიერ შექმნილი „მწვანე ლაბირინთი“ არა მხოლოდ კლასიკური და მოწესრიგებული ბაღების ფორმას აღადგენს, არამედ თეატრალური ქმედების ახალ სივრცეს ქმნის, რომელიც მსახიობებისა და რეჟისორის იდეას ლამის გროტესკულ „დამალობანად“, ანუ ახალ კომედიად აქცევს.

„ტარტიუფით“ მაყურებელს ნამდვილად ელის დაუვიწყარი რეჟისორული და აქტიორული სანახაობა, ხოლო თავად სპექტაკლი ფესტივალზე ნამდვილად გამორჩეული იქნება.

3.“დონკა: წერილი ჩეხოვს“, აკრობატული თეატრი (შვეიცარია) -  რეჟისორი, მწერალი, განათების ოსტატი, დიზაინერი დანიელე ფინცი პასკა.  ვისაც „სხვანაირი“და ასე ვთქვათ, უცხო ფორმის ჩეხოვის სცენაზე ხილვა სურს, შესანიშნავი საშუალება ეძლევა შვეიცარიელი რეჟისორის სპექტაკლით კლასიკური და ცოტათი მოსაწყენი სტერეოტიპები დაამსხვრიოს.  ეს უფრო აკრობატული თეატრის დღესასწაულია, რომელიც გაცილებით ახლოა მარკ შაგალის მხატვრულ სამყაროსთან, ვიდრე ჩეხოვის ნაცნობ კომედიებან. ამ უცნაურ მაგიას სპეტქაკლში მოცეკვავეები, აკრობატები და ჟონგლიორები თავიანთი საუცხოო შესრულებით ქმნიან.

რეჟისორის თქმით, ერთ დღესაც მოულოდნელად გადაწყვიტა ჩეხოვი ხელახლა აღმოეჩენა სცენაზე, რომელიც გაჯერებული იქნებოდა არა ტრადიციული სიჩუმითა და პაუზებით, არამედ კლოუნებით, ჟონგლიორების ენით, აკრობატიკის ნატიფი და ჯადოსნური ატმოსფეროთი... და პუბლიკამაც იხილა ასეთი ჩეხოვი - უცნაური, სიურრეალისტური, სასაცილო, პოეტური და თავშესაქვევი დამატყვევებელი წარმოდგენა. ასე, რომ გრიბოედოვის თეატრში მისულ მაყურებელს სრულიად მოულოდნელი ჩეხოვის ნაწარმოებები ელის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^