Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კითხვის ნიშნები ახიადოვის ექსტრადირების თაობაზე

23 სექტემბერი 2019

19 სექტემბერს, ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებულის, რამზან ახიადოვის ექსტრადირება განხორციელდა. ეროვნებით ჩეჩენი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საქართველოს ხელისუფლებას სთხოვდა, უარი ეთქვა მის ექსტრადიციაზე, ვინაიდან ინტერპოლით ძებნილს შესაძლოა ვერ ესარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით და გამხდარიყო არადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

სამართლებრივი დახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, უცხო სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი თავისი მოქალაქის ექსტრადიცია, თუ მას ბრალად ედება თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენა ან ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრი დასდო თავისი ქვეყნის სასამართლომ ანდა თუ თავისი ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე. ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში. ასევე თუ  სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.

როგორც ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა,  თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რამზან ახიადოვი ბრალდებულია ტერორისტულ დანაშაულში.

„საქმე ეხება ექსტრადიციას ბრალდებული პირისა ტერორისტულ დანაშაულში, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს ინტერესებში ხალხის მობილიზებისა და ბრძოლის ეპიზოდებში 2013-2015 წლებში. ის ჩვენთან შემოვიდა თურქეთის სახელმწიფოდან, სადაც ასევე ეწეოდა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშესაწყობად ხალხის აფილირებას, შეკრებას და დაფინანსებას. სამწუხაროდ, ამაზე მეტს ამ დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ტერორიზმთან და საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლა იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი, ჩვენივე სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველომ რამზან ახიადოვის ექსტრადიციამდე რუსეთისგან მიიღო წერილობითი გარანტია, რომ ახიადოვს არ დაემუქრება წამება და არაადამიანური მოპყრობა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ასევე დარწმუნებულია, რომ დღევანდელი სტრასბურგის სტანდარტიდან გამომდინარე, არ არსებობს ეჭვის საფუძველი გარანტიისადმი, რომელიც გენერალური პროკურატურიდან მომდინარეობს (ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის), მეტიც, ვიცე-პრემიერი რუსეთის ფედერაციის მიერ მოცემული გარანტიების მონიტორინგსაც აპირებს. 

ექსტრადიციის საკითხი სამართლებრივთან ერთად პოლიტიკურიცაა. მართალია, არსებობს თანამშრომლობის სტანდარტები, რითიც  დემოკრატიული სახელმწიფოები ურთიერთობენ, თუმცა არსებობს აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული უმნიშვნელოვანესი წესი და პრაქტიკა, რომელიც კრძალავს პირის ექსტრადიციას იმ სახელმწიფოში, სადაც მას შეიძლება არაადამიანურად მოექცნენ, აწამონ ან სხვა ფუნდამენტური უფლებები შეულახონ. მსგავს ლეგალურ ჩარჩოებზე საერთაშორისო დონეზე სწორედ „არაკეთილსინდისიერი“ რეჟიმებისგან ადამიანის დაცვის მიზნით შეთანხმდნენ.

დღესდღეობით კი, ჩვენს ოკუპანტ მეზობელს, რომელთანაც არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და სადაც, მაგალითად, 2015 წელს ევროსაბჭოში წარდგენილი მისივე სტატისტიკით 4200 ადამიანი იყო საპატიმრო უწყებებში დაღუპული და რომელსაც სავარაუდოდ ყველაზე ნაკლებად უნდა ენდობოდნენ დემოკრატიული სახელმწიფოები, ოჯახთან ერთად საქართველოში მცხოვრები ჩრდილოეთკავკასიელი გადავეცით.

ბუნებრივია, ვერავინ უარყოფს, რომ ტერორიზმი არის საერთო მტერი და საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის. ისლამური სახელმწიფოს სახელით არაერთი ბოროტებაა ჩადენილი და მის წინააღმდეგ ყველა ერთსულოვანი უნდა ვიყოთ. ბრალდება, რომელიც რამზან ახიადოვს წაუყენეს, ძალიან მძიმეა, თუმცა ალბათ საზოგადოება იმსახურებს მეტ ახსნა-განმარტებებს სახელმწიფოს პირველი და პასუხისმგებელი პირებისგან. დღეს ოპოზიციურ სექტორს და მოქალაქეებსაც უჩნდებათ კითხვები რამზანის ექსტრადიციის თაობაზე, რაც იმის ბრალია, რომ სახელმწიფომ არ ან ვერ დაგვარწმუნა ახიადოვის რუსეთისთვის გადაცემის მართებულებაში.. მეტად გასაგები იქნებოდა სიტუაცია, რუსეთის ფედერაცია საქართველოს მიერ ძებნილ პირებს რომ აკავებდეს და ჩვენი წერილობითი გარანტიის ხათრით გვიბრუნებდეს აქ სამართლიანობის აღსადგენად, მაგრამ მხოლოდ იმ ცნობილი ქართველების ჩამოთვლაც კი, რომლებსაც ბრალი აქვთ წაყენებული და დღეს რუსეთს აფარებენ თავს, შორს წაგვიყვანს.  ასე რომ, სახელმწიფოს ან ხალხთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს კვლავ, ან სხვა „კონსპირაციასთან“ გვქონია საქმე. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ იმოქმედებს რამზან ახიადოვის რუსეთისთვის გადაცემა ჩვენი და ჩრდილოეთკავკასიელების ურთიერთობებზე. უახლეს ისტორიაში საქართველო მუდამ იყო ადგილი, რომელიც რეჟიმისგან დევნილ ჩვენს მეზობლებს იფარებდა, ამ ადამიანებისთვის კი ახიადოვის ექსტრადიცია ნამდვილად ცუდი გზავნილი იქნება. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო  დეკადებია ექსტრადიციის უამრავ შემთხვევას განიხილავს. მაგალითად, 1996 წელს საქმეზე „ჩაჰალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ სასამართლომ დაასკვნა, რომ  ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით: „არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასა და სასჯელს“. ამ მუხლით დაცული უფლება, თავისი შინაარსით, აბსოლუტური ხასიათისაა. ასევე აღინიშნა: „მე-3 მუხლი იცავს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ უფლებას. სასამართლო კარგად იცნობს თანამედროვე ეპოქაში არსებულ იმ სიძნელეებს, რომელთაც სახელმწიფოები ხვდებიან, რათა დაიცვან თავიანთი საზოგადოება ტერორიზმისგან. თუმცა ამ გარემოებებშიც კი კონვენცია სრულად კრძალავს წამებას, არაადამიანურ თუ ღირსების დამამცირებელ მოპყრობას, მიუხედავად მსხვერპლის მოქმედებისა. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ვეროპულმა სასამართლომ ბრიტანეთს არ დართო ნება ჩაჰალი (სეპარატისტი, ხალისტანის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი) ინდოეთისთვის გადაეცათ, ვინაიდან მას შესაძლოა არაადამიანურად ან დამამცირებლად მოპყრობოდნენ. 

დიპლომატიური ე.წ გარანტიები ხშირად გამხდარა უფლებათა დამცველი და პროფესიული იურიუდიული ორგანიზაციებისა თუ ავტორიტეტული გამოცემების კრიტიკის ობიექტი. ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციის მიერ მოცემულ გარანტიებზე მეტად მის მიერ ჩადენილი საქმეები მეტყველებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გაუგებარი და ასახსნელად რთულია ჩვენი სახელმწიფოს მოქმედება და შემდგომი განმარტებაც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^