Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კარის თამაშები და აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მომავალი

24 სექტემბერი 2019

2019 წლის 10 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან მორიგი მაღალჩინოსანი გაათავისუფლა. ტრამპის პოლიტიკას ამჯერად მისი მრჩეველი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, ძირძველი რესპუბლიკელი კონსერვატორი ჯონ ბოლტონი ემსხვერპლა. ბოლტონი მესამე პირი იყო, ვინც დონალდ ტრამპმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩევლად აირჩია. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში არცერთ პრეზიდენტს არ ჰყოლია ოთხი მრჩეველი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს.

დონალდ ტრამპსა და ჯონ ბოლტონს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის წარმართვაზე ხშირად ჰქონიათ განსხვავებული შეხედულებები და არაერთხელ უკამათიათ კიდეც ამ საკითხზე. მიუხედავად ამისა, ჯონ ბოლტონის გათავისუფლება ამერიკელი საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. პიტერ ბეიკერი, „The New York Times”-ის ოფიციალური წარმომადგენელი თეთრ სახლში ამბობს, რომ ამ საკადრო ცვლილებას თეთრ სახლშიც კი არ ელოდნენ, რადგან ჯონ ბოლტონს, მისი გათავისუფლების დღეს, ჯერ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარება ევალებოდა, ხოლო შემდეგ მედიასთან ბრიფინგიც კი ჰქონდა დაგეგმილი.

ვითარება აირია იმავე დღის თორმეტი საათისთვის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტვიტერზე გამოქვეყნებული მოულოდნელი განცხადების შემდეგ: „გუშინ საღამოს ჯონ ბოლტონს ჩვენი თანამშრომლობის დასრულების შესახებ ვაუწყე. მის რჩევებს არც მე ვეთანხმებოდი და არც ადმინისტრაციის სხვა წევრები და შესაბამისად, მას თანამდებობის დატოვება ვთხოვე. ჯონს უღრმეს მადლობას ვუხდი გაწეული სამუშაოსთვის. ახალ მრჩეველს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში შემდეგ კვირას დავასახელებ“. პრეზიდენტს თორმეტ წუთში ჯონ ბოლტონმა უპასუხა და განაცხადა, რომ ის სამსახურიდან საკუთარი სურვილით წამოვიდა და არა პრეზიდენტის ბრძანებით. როგორც ჩანს, ტრამპმა და ბოლტონმა ვერც ამ საკითხზე მოახერხეს შეთანხმება.

არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ დონალდ ტრამპსა და ჯონ ბოლტონს საგარეო პოლიტიკის წარმართვაზე განსხვავებული ხედვები აქვთ. ამაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. დონალდ ტრამპი არ არის ტრადიციული რესპუბლიკელი კონსერვატორი, რადგან მისი იდეები ზოგჯერ უფრო ლიბერალურ და დიპლომატიურ საწყისებს ეფუძნება. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ტრამპმა მისი პრეზიდენტობის მეორე წელი რესპუბლიკური ისტებლიშმენტის წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა და საბოლოოდ გამარჯვებულიც გამოვიდა. ჯონ ბოლტონი კი, რომლის დანიშვნამაც თავდაპირველად კითხვები გააჩინა, ძირძველი რესპუბლიკელი კონსერვატორია, რომელიც საკუთარ თავს „ამერიკანისტად“, ანუ ამერიკელ ნაციონალისტად მიიჩნევს და ვისთვისაც აშშ-ს ეროვნული ინტერესისა და სუვერენიტეტის დაცვა მსოფლიოში დემოკრატიული ფასეულობების გავრცელებასა და ადამიანის უფლებების დამკვიდრებაზე უფრო მნიშვნელოვანი ჰგონია.

პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე ჯონ ბოლტონის დანიშვნისას მისი პერსონა განსაკუთრებულად შეაჯამა BBC-მ, რომელმაც იმ თეზისების სია შეადგინა, რესპუბლიკელი კონსერვატორი სხვადასხვა დროს რომ გამოხმაურებია. ჯონ ბოლტონის აზრით, საკმაოდ ლეგიტიმური იქნებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთი კორეა დაებომბა, რადგან ამ ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის ატომური პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. ის არც ირანის დაბომბვას გამორიცხავდა, რადგან ირანი პრეზიდენტ ობამასთან მიღწეული ატომური შეთანხმების პირობებს არ ასრულებდა. ბოლტონმა ეს შეთანხმებაც მკაცრად გააკრიტიკა. იგი არც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აღიარებს, რადგან, მისი თქმით, მხოლოდ ერთადერთ სუპერსახელმწიფოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალუძს საერთაშორისო საზოგადოების გადარჩენა. ირონიულია, რომ უმცროსმა ჯორჯ ბუშმა, მისი პრეზიდენტობის დროს, ჯონ ბოლტონი გაეროში აშშ-ს ელჩად დანიშნა. დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ერაყის ომის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია; აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, აშშ-ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ერაყში ჯარების შეყვანას უდიდესი შეცდომა უწოდა. ჯონ ბოლტონი არც რუსეთს ინდობს და მიუთითებს, რომ აშშ-მ პუტინს მკაცრად უნდა უპასუხოს.

თავიდანვე ნათელი იყო, რომ დონალდ ტრამპსა და ჯონ ბოლტონს არაერთ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები ჰქონდათ. თუმცა ბოლო ხანებში ორმა პრობლემამ განსაკუთრებულად იჩინა თავი და საბოლოოდ ჯონ ბოლტონის თანამდებობაზე ყოფნაც დაასრულა. უპირველეს ყოვლისა, დონალდ ტრამპი კმაყოფილი არ იყო ირანის საკითხის ბოლტონისეული ანალიზით - ჯონ ბოლტონს ერთ-ერთ მთავარ მიზნად მიაჩნდა ირანში ტოტალიტარული მთავრობის „გადაგდება“, რასაც ტრამპი არაფრით არ დათანხმდება; მან ამის შესახებ რამდენიმეჯერ სახალხოდაც კი ისაუბრა. კატეგორიულად განსხვავებული ორი იდეოლოგიიდან განსხვავებული მეთოდი აღმოცენდება, რაც, ბოლტონის სცენარის მიხედვით, აუცილებლად გამოიწვევდა ომს ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. დონალდ ტრამპმა ამის შესახებ თურმე დახურულ შეხვედრაზეც იხუმრა, როცა თქვა, ბოლტონის პოლიტიკის გადამკიდე ამერიკა უკვე ოთხ ომში იქნებოდა ჩართულიო. ტრამპმა ასევე გააუქმა გადაწყვეტილება იერიში, რომელიც აშშ-ს ირანზე სამხედრო დრონის ჩამოგდების გამო უნდა მიეტანა. ამერიკის მოკავშირე საუდის არაბეთსა და ირანს შორის მომხდარმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ტრამპს კიდევ ერთხელ დაანახვა, რომ საბრძოლო მოქმედებებით ის ვითარებას ვერ განმუხტავდა.

პრეზიდენტსა და მის მრჩეველს შორის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დავის საგანი გახდა, „თალიბანს“ ეხებოდა. ბოლტონმა ტრამპი კი გადმოიბირა, მაგრამ თანამდებობის დატოვება მაინც მოუხდა. საუბარია დონალდ ტრამპის იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, ის „თალიბანის“ მეთაურებს ფარულად უნდა შეხვედროდა „კემპ დევიდის“ საპრეზიდენტო რეზიდენციაში, სადაც ისინი ავღანეთის ომის მშვიდობიან დასრულებაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ. აშშ-ს პრეზიდენტმა მოლაპარაკებების ჩაშლა „თალიბანის“ ლიდერებს დააბრალა - მისი თქმით, მოლაპარაკებების დაწყებამდე თალიბებმა თავიანთი პოზიციების გასამყარებლად ქაბულზე მორიგი იერიში მიიტანეს, რასაც თორმეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პრეზიდენტისა და მისი მრჩევლის ურთიერთობებში ერთი საინტერესო დეტალი ჩნდება: აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პომპეოს და ჯონ ბოლტონის ხედვები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. ყურადსაღებია ისიც, რომ ეს ორი პოლიტიკოსი ერთმანეთის კონკურენტებად მოიაზრებიან. ჟურნალისტი პიტერ ბეიკერი ვარაუდობს, რომ ტრამპს ორ მსგავსს შორის ერთი უნდა აერჩია - პრეზიდენტი საბოლოოდ მაიკ პომპეოს ენდო.

ჯონ ბოლტონის შემცვლელი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში ისეთი თანამდებობაა, რომელიც რიშელიესდროინდელ რუხკარდინალობას შეგვიძლია შევადაროთ - ამ თითქოს აპოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშნულმა პირმა შეიძლება მსოფლიო ბედი რადიკალურად შეცვალოს. სწორედ ამ მიზეზის გამო, მეტად მნიშვნელოვანია ჯონ ბოლტონის მემკვიდრის, რობერტ ო’ბრაიანის პერსონის შეფასება.

დონალდ ტრამპმა რობერტ ო’ბრაიანის თავის მრჩევლად დანიშვნის შესახებ 18 სექტემბერს, კალიფორნიის სამთავრობო აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ყოფნისას განაცხადა. ეს ნაბიჯი ნაწილობრივ მოულოდნელი აღმოჩნდა სხვადასხვა მედიაწყაროსთვის, რომლებიც ჯონ ბოლტონის შემცვლელად სხვა პოლიტიკოსებს ვარაუდობდნენ - მათ არ წარმოედგინათ, რომ დონალდ ტრამპი ამ თანამდებობას ტყვეთა საკითხებში პრეზიდენტის სპეციალურ რწმუნებულს ჩააბარებდა. ჯონ ბოლტონის შემცვლელთა შორის მთავარ კანდიდატებად განიხილებოდნენ: აშშ-ს სახელმწიფო რწმუნებული ირანის საკითხებში ბრაიან ჰუკი, აშშ-ს სახელმწიფო რწმუნებული ჩრდილოეთ კორეის საკითხებში სტივენ ბიგანი, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში რიჩარდ გრინელი, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მრჩეველი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში კით კელოგი და ჯონ ბოლტონის მოადგილე და გათავისუფლების შემდეგ მისი მოვალეობის შემსრულებელი ჩარლზ კუპერმანი. აშშ-ს პრეზიდენტმა იქვე განაცხადა, რომ რობერტ ო’ბრაიანს დიდი ხანია იცნობს და თავის ადმინისტრაციაში იგი თანამდებობით დაკისრებულ სამუშაოს ფანტასტიკურად ასრულებდა.

წლების განმავლობაში, რობერტ ო’ბრაიანი ჯონ ბოლტონთან ერთად მუშაობდა გაეროში, სადაც, ჯერ კიდევ 2005 წელს, ამერიკის ოფიციალური წარმომადგენელი იყო გაეროს საპარლამენტო ასამბლეაში. სხვადასხვა დროს ის სახელმწიფო მდივნებთან, კონდოლიზა რაისთან და ჰილარი კლინტონთანაც მუშაობდა, რამაც მას სახელი ორივე პარტიაში გაუთქვა.

რობერტ ო’ბრაიანის ხედვები, რიგ საკითხებში, ჯონ ბოლტონის იდეებისგან დიდად არ განსხვავდება: ის ასევე აკრიტიკებს გაეროს, ობამას პრეზიდენტობის დროს ირანთან მიღწეულ ატომურ შეთანხმებას და დასძენს, რომ ირანი ტერორიზმის დამფინანსებელია.

ფაქტია ის, რომ რობერტ ო’ბრაიანს სწრაფადვე მოუწევს ჩაერთოს აშშ-ს უმაღლესი დონის პოლიტიკურ პროცესებში, რადგან საუდის არაბეთში ბოლო დროს მომხდარი დაბომბვები და მათ გამო მისაღები გადაწყვეტილებები არ ითმენს. ო’ბრაიანს ჩრდილოეთ კორეასთან და „თალიბანთან“ დაკავშირებულ კითხვებზეც მოუწევს პასუხის გაცემა. ეს მომენტი დონალდ ტრამპისთვის მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებმა უკვე ლამისაა ამერიკელი ამომრჩევლის კარზე დააკაკუნოს. დონალდ ტრამპის თითოეული საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება მეორე ვადით მისი გაპრეზიდენტების პერსპექტივაზე განსაკუთრებით აისახება.

ამჟამად მთელი მსოფლიო ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი განსაკუთრებული ეტაპის მომსწრეა. დონალდ ტრამპი აშშ-ს უდიდეს ისტორიულ მტრებს - ჩრდილოეთ კორეას, ირანს, „თალიბანს“ და რუსეთს ერთდროულად ელაპარაკება. არჩევნების მოსაგებად პრეზიდენტი ტრამპი ძალებს არ დაიშურებს, რათა ბოლოდროინდელი პრობლემური საკითხებიდან რამდენიმე მაინც მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^