საქართველოს მასშტაბით საპენსიო ასაკში მყოფი პრაქტიკოსი პედაგოგების დიდი ნაწილი სკოლაში აღარ ასწავლის. ეს განათლების რეფორმის შედეგია, რომელიც პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომელთაც სტატუსის ამაღლება გამოცდის ჩაბარების გზით არ სურთ, ჯილდოს სახით დანამატებთან ერთად 2 წლის ხელფასს სთავაზობენ. დაახლოებით 12 000 პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგიდან 6100 სამსახურიდან საკუთარი ნებით წავიდა, მათ ჯილდო ოქტომბერში ჩაერიცხებათ.
პედაგოგების სამსახურიდან წასვლის შემდეგ, გათავისუფლებული საათების გარკვეული ნაწილი სკოლებში დარჩენილმა მასწავლებლებმა გადაინაწილეს. მათ საათებთან ერთად ხელფასებიც გაეზარდათ. მაგალითად, უფროსი მასწავლებელი ამ ეტაპზე 150 ლარით მეტს აიღებს. მაღალმთიან რეგიონებში პედაგოგებისთვის საათების შევსება რთულია, რადგან იქ მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა. შესაბამისად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით რეგიონებში დისტანციური (მაგ: „სკაიპის“ საშუალებით) სწავლების მეთოდსაც მიმართავენ.
ბერიკა შუკაკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი: „ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა მასწავლებლების რაოდენობაზე დაბალია. ამიტომ, პედაგოგებს 300 ქულიანი სისტემითაც მოვამზადებთ, ისინი გაკვეთილებს რამდენიმე საგანში ჩაატარებენ. ვფიქრობ, ერთ პედაგოგს შეუძლია ბავშვებს გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება და სამართალიც ასწავლოს.“
პედაგოგების ჩასანაცვლებლად ვაკანსია 4080 პოზიციაზე გამოცხადდა, საიდანაც 2300 უკვე შევსებულია. ახალმოსული პედაგოგების ასაკი საშუალოდ 30-დან 35 წლამდე მერყეობს. გამოცხადებულ ვაკანსიებს შორის ჰუმანიტარული საგნები, მაგალითად ქართული ენა და ლიტერატურა ან ინგლისური ენა, განსაკუთრებით მოთხოვნადია, ხოლო ფიზკულტურა ან მათემატიკა - ნაკლებად. მაგალითად, თბილისის 136-ე საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პოზიციაზე 169 მსურველი დაფიქსირდა, ხოლო ფიზიკის პედაგოგის პოზიციაზე არცერთი. სკოლებში დირექტორებს ხშირად უწევთ ახალგაზრდა, გამოუცდელი პედაგოგების მიღება, რომლებიც გაკვეთილის ჩასატარებლად მზად არ არიან. მათ მენტორი პედაგოგის დახმარება და შესაბამისი გადამზადება ესაჭიროებათ.
136-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ელზა ბადაშვილი, აცხადებს: „მე მიწევს დამშვიდობება გამოცდილ მასწავლებელთან, რომელიც მშობლებს და ბავშვებს უყვართ. სანაცვლოდ კი იძულებული ვარ, ისეთი მივიღო სამუშაოზე, რომელსაც დიდი დრო დასჭირდება, სანამ ჩვენთვის სანდო პედაგოგად ჩამოყალიბდება. ახალი კადრების უმეტესობას არ აქვს გაკვეთილის აწყობის და ჩატარების უნარი“.
ახალი ვაკანსიები პედაგოგებისთვის საიტზე pedagogi.ge არის განთავსებული. აქვე აღრიცხულია ის, თუ რამდენმა ადამიანმა გამოხატა ინტერესი თითოეულ პოზიციაზე. ნეპოტიზმის შემთხვევების შესამცირებლად, სკოლების დირექტორები ვალდებულები არიან თითოეულ კანდიდატს დაუკავშირდნენ და მათ შორის ახალი თანამშრომელი კონკურსის ჩატარების გზით გამოავლინონ.
რეფორმა ახალგაზრდებში პედაგოგის პროფესიით დაინტერესებას ისახავს მიზნად. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოსაც ამზადებს, რომელშიც განთავსდება ინფორმაცია სკოლაში ჩაცმის სტილის, ქცევის წესების, ბავშვის უფლებების, გაკვეთილის ჩატარების გზებისა და პედაგოგისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.