Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩალათას იაპონური წერილები: გადაბრუნებული ურმის ტაქტიკა

27 სექტემბერი 2019
ილუსტრაცია: ანა ჯიბლაძე

ჩემს ძველ მეგობარს, გიორგი მეზვრიშვილს, რომელიც 2003 წლიდან მსოფლიო თასზე დასწრებაზე ოცნებობს, მაგრამ დღემდე ვერ მოუხერხებია.

სალამი გიო. როგორ ხართ მანდეთ? წაგებული თამაშის მერე უიმედობამ ხომ არ დაგრიათ ხელი? გამაგრდით, ყველაფერი წინაა! 

პირველი წერილი ნაგოიასკენ მიმავალმა მოგწერე და იქიდანვე გავაგრძელებ.

 ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ 30-საათიანი ფრენის შემდეგ თავს ისევ „ხრუშჩოვკაში“ ამოვყოფდი. 20 წელი ვიცხოვრე იმ დალოცვილში და ჭაღისთვის თავი არ ამირტყამს, აქ კიდე პირველივე ღამეს სამჯერ დავუჭახუნე შუბლი ლობიოს ქოთნის მსგავს სანათურს. გასაგებია, რომ იაპონელები არ არიან მაღლები, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ის იციან, რომ სტუმარი ღვთისაა და ჩემნაირი საშუალო სიმაღლის სტუმრებზე მაინც უნდა გათვალონ ბინები. არადა, საიტზე რა კარგად გამოიყურებოდა, ფართობიც კარგი ჩანდა, მაგრამ, თურმე, როცა ბინას არჩევ, მხოლოდ კვადრატულობა კი არა, კუბურობაც უნდა იკითხო. ეს სიბრძნეც გაგიმხილე და ნელ-ნელა რაგბისკენ ვიძრები.

თამაშის დღეს რაც იქნებოდა, ხომ ხვდები. ნაგოიაში დაბანაკებულმა ქართველებმა და უელსელებმა გუდა-ნაბადი აიკრეს და სადგურისკენ დაიძრნენ, რითიც დიდი სამსახური გაუწიეს ქალაქში ორი დღის წინ გამქრალი, მრავალსაუკუნოვანი სიმშვიდის დაბრუნებას. სხვათა შორის, ჩემს იაპონურ „ხრუშჩოვკაში“ ხმაურის დეტექტორი იდგა, რომელიც ღამის საათებში ისეთი მკაცრი ხდებოდა, ჩვენებიდან რამდენიმე კაცი ხვრინვას გადაეჩვია. 

მატარებელი მინდა როგორმე აღგიწერო, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ. წარმოიდგინე თბილისი-ოზურგეთის რეისი, ოღონდ ძალიან კომფორტულ ვაგონში. ხორხოცი, ღრიანცელი, სიმღერა, ალკოჰოლის ნაზი ოხშივარი, აუარება ბარგი და მაღალ უელსელებსა და მსუქან ქართველებს შორის გაჭყლეტილი ჩია იაპონელები. ასე ჩავგრიალდით ერთ საათში ტოიოტაში და ქალაქს შევერიეთ. მატჩამდე დრო გვქონდა და ცოტა იქაურობა მოვათვალიერეთ. ბოლოს და ბოლოს, რა პასუხი უნდა გამეცა ჩემი 96-იანი Toyota RAV 4-ისთვის, როდესაც გაიგებდა, რომ მის მშობლიურ ქალაქში ვიყავი და არაფერი ვნახე?! დრო ინდუსტრიულ-ტექნოლოგიური მიღწევების თვალიერებაში გავიყვანე და სტადიონზე წავედი.

იქ რაც მოხდა, შენც კარგად იცი, ხოლო რა გრძნობა გამიჩნდა, ახლა მოგიყვები.

„ურემი რომ გადაბრუნდება, გზაც მერე გამოჩნდებაო“, ეს ანდაზა პირველად როდის გაიგე, გახსოვს? მეც არ მახსოვს, მაგრამ რა ვიფიქრე, ეგ კი არ დამვიწყნია - რა იმხელა ურემია, რომ იმის იქით გზა ვერ დაინახო და გადაგიბრუნდეს-მეთქი?! მერე გავიზარდე და მივხვდი, რა შემთხვევებში ამბობენ ხოლმე ამ ცინიკურ ანდაზას. ცოტა ხნის წინ კი აღმოვაჩინე, რომ, თურმე, ეს ვიღაცების ცხოვრების წესი, მუშაობის სტილი ან სათამაშო ტაქტიკაც შეიძლება იყოს. ჰო, ბოლო დროს საქართველოს ნაკრები ძლიერ გუნდებთან ზუსტად ასე თამაშობს - ურმის გადაბრუნებას ელოდება, რომ თავის გემოზე შეუბეროს. მანამდე სულ შებოჭილია, სულ რაღაც სისტემების და ტაქტიკების ტყვეობაშია. მის თამაშში იმდენივეა თავისუფლების ხარისხი, რამდენიც ჩემს იაპონურ „ხრუშჩოვკაში“ იქნებოდა ბატუტზე ხტუნაობის შემთხვევაში. მერე ურემი ბრუნდება და გუნდი შესვენებაზე გადის, სადაც შესაბამისი უწყებები ხვდებიან, რომ ამ საქმეს დედამიწაზე ვერც ერთი ტაქტიკა ვეღარ უშველის და მარწუხებს ადუნებენ. და ზუსტად იქ გამოჩნდება ხოლმე (ან მე მეჩვენება), რომ ბორჯღალოსნებს ბევრად მეტი შეუძლიათ და ქართული რაგბი მხოლოდ „მიდი, მიეძალე“ არაა. 

მოდი, ერთად გავიხსენოთ, რამდენჯერ მოგვისმენია ეს ფრაზები: „მეორე ტაიმმა აჩვენა, რა შეგვიძლია“, „შესვენების შემდეგ სულ სხვა გუნდი გამოვიდა“, „ბოლო ნახევარი საათი არის ის, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით“და მსგავსი ლირიკა. და მთელი ნაცია კმაყოფილია - ჰო, თუ ნახევარი საათი კარგი იყო, ე.ი. სულ კარგი იყო, აბა რა! მგონია, რომ რაც ნაკრებს გარედან, ჩვენგან სჭირდება, ეს კარგი, ჯანმრთელი, აზრზე მომყვანი კრიტიკაა. გვარიანი შეფუცხუნება უსახური და უინტერესო თამაშის შემდეგ. თავად არ იციან, რომ სჭირდებათ, მაგრამ ასეა. ცუდს ნუ წერთ, ბიჭები კითხულობენ და სწყინთო! - აი დარდი, თუ არც სწყინთ. პროფესიონალ სპორტსმენებს, რომლებმაც ინტენსიური ფიზიკური და მენტალური შეკრება გაიარეს, უნდა შეეძლოთ კრიტიკაზე ჯანმრთელად რეაგირება და იმაზე დაფიქრება მაინც, სიმართლის მარცვალი ხომ არ ურევია შიგნით. 

თამაშის შემდეგ მელიტონამ თქვა: „შესვენებისას ბიჭებს ვთხოვეთ, რომ არ ეფიქრათ ანგარიშზე, ისე ეთამაშათ, თითქოს 0:0 იყო და, ვფიქრობ, ძალიან კარგი ტაიმი ჩავატარეთ“ - მანამდე გეთქვა ეგ, შე დალოცვილო, რა იცი, იქნებ ორივე ტაიმი კარგად ჩაგეტარებინათ-მეთქი! - გავიფიქრე, მაგრამ გავჩუმდი. განა იმას ვამბობ, ქართველებმა ქაოსურად ვითამაშოთ და მოედანზე ცოფიანებივით ვირბინოთ, უბრალოდ, მგონია, რომ ისეთი სისტემა გვჭირდება, სადაც, ყველას თუ არა, გარკვეულ პოზიციებს მაინც ექნებათ საკმაო თავისუფლება იმპროვიზაციისა და თვითშემოქმედებისთვის. იქამდე კია შორი, მაგრამ შეხედე ახალ ზელანდიას: ყველა დროგის ცხენივით შრომობს, მაგრამ, ამავე დროს, ყველას აქვს პატარა ნაპერწკლის გამოსროლის საშუალება, ზოგს - მეტად, ზოგს - ნაკლებად. ეჰ, გამიტაცეს ფიქრებმა.

სტადიონიდან ჩემი ნებითა და ფეხით გამოვედი, მერე კი ნაცნობებისა თუ უცნობების ბრბომ სადღაც შემაგდო და მხოლოდ მესამე კათხის შემდეგღა მოვახერხე გარეთ გამოსვლა, რომ გამეგო, სად ვიყავი. ბარს ერქვა... ახლავე გამახსენდება... ჰო, რაც ერქვა... შევბრუნდი და დავეწაფე იმას, რაც რაგბის დედამიწაზე ყველაფრისგან გამოარჩევს. ამის აღსაწერად ერთი სიტყვა არ არსებობს, მხოლოდ გერმანელებს შეიძლებოდა ჰქონოდათ საამისოდ რამე უშველებელი ტერმინი, მაგრამ ისინი ჯერჯერობით იმ დონეზე არ თამაშობენ, რომ რაგბის სამეცნიერო ნაშრომები მიუძღვნან. იმ განწყობის გადმოცემას ვცდილობ, რომელიც თამაშამდე, მის დროს და შემდეგ სუფევს ხოლმე გულშემატკივრებში. ჩვენ, უელსელებმა, იაპონელებმა, და ღმერთმა უწყის კიდევ ვინ, ერთად დავლიეთ, მოვილხინეთ, ვიმღერეთ, ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ერთად დავაგვიანეთ ნაგოიასკენ მიმავალ ბოლო მატარებელზე. მერე ტაქსის ფულის შეგროვება მოგვიწია და კაი გვარიანადაც დავიხარჯეთ. ჰოდა, ამას რატომ გეუბნები: წინა წერილში ნეცკეს დაგპირდი და, ასე თუ წავიდა, არ ვარ დარწმუნებული, რომ გავქაჩავ, თუმცა ვნახოთ.

ახლა ტოკიოში ვარ და ურუგვაისთვის ვემზადები. სამი დღე აქ ვიბოდიალებ და მერე კუნაგაიაში წავალ, სადაც ჩვენებს თამაში აქვთ. დავდივარ ამ უშველებელ ქალაქში და სულ ის ანეკდოტი მახსენდება, მაჩხაანელი რომ ტოკიოს დათვალიერებას გადაწყვეტს. თუ არ იცი, რომ ჩამოვალ მოგიყვები. ერთი შეხედვით, გაწკეპილი თანამედროვე ქალაქია თავისი კუთხოვანი კორპუსებით და ავტობუსებით, მაგრამ ალაგ-ალაგ ძალიან საინტერესო ისტორიული ოაზისებიცაა და მათი აღმოჩენა ცალკე მუღამია. კიობაშის უბანში, იმ სახლთან ახლოს, სადაც თურმე აკუტაგავა დაიბადა, პატარა კაფე თუ სასაუზმე აღმოვაჩინე, რომელიც სამურაების სურათებითაა მოჭედილი და სულ აქ დავიარები. ისე მივეჩვიე, აღარ ვიცი, ოდა ნობუნაგას სურათის გარეშე ლუკმა თუ გადამივა პირში. შიგადაშიგ საკესაც ვსვამ, მაგრამ უფრო ანტურაჟისთვის, ხო იცი, დალევის სამურაი ნამდვილად არ ვარ.

შემდეგ თამაშზეც მოგწერ და თავს დაგანებებ. შემადგენლობით თუ ვიმსჯელებთ, ფიჯისთვის ხალხს ვინახავთ, მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, თავად ფიჯიმ როგორ წაიტეხა ცხვირი ურუგვაისთან ძირითადი მოთამაშეების შენახვით, შეიძლება ძალიან ჭკვიანურად არც ვიქცევით. მეორე მხრივ, არ არის გამორიცხული, ამ გადახალისებულ გუნდს უფრო დიდი დოზით აღმოაჩნდეს ის თავისუფლება,  ზემოთ რომ ვახსენე. 2007 წელს ირლანდიასთან ნამდვილად არ გვყავდა ძირითადი გუნდი, მაგრამ სწორედ მან შემოატრიალა სამყარო ჩვენკენ. ამ შემთხვევაში სამყაროს შემოტრიალებას არ ველი, მინდა მოვიგოთ და თანაც დამაჯერებლად. 

ცალკე ამბავია ურუგვაელების უმაგრესი გამარჯვება ფიჯისთან. ნახე, თამაშის მერე კაპიტანმა როგორ იტირა მიკროფონთან? თუ არ გინახავს, ნახე, შთამბეჭდავია. ამ ზორბა ბიჭის ზლუქუნში ჩანს, რა გულით იომეს სამხრეთამერიკელებმა კუნძულელებთან და ასევე გამოვლენ ჩვენთანაც. ერთია, საწვავი თუ ეყოფათ ოთხი დღის განმავლობაში ორი საოცარი გამარჯვების მისაღწევად. შემადგენლობაში მხოლოდ მცირე ცვლილება შეაქვთ, შესაბამისად, ნაბრძოლი გუნდი როგორ აღიდგენს ფორმას, ძნელი სათქმელია. დაბალი ეშელონის გუნდებს სწორედ აქ უჭირთ: ხარისხის შენარჩუნება დროის მოკლე მონაკვეთებში. 

ისინი თავის თავს მიხედავენ, ჩვენ ჩვენი ვთქვათ: შუაში მალაღურა და კვესო მაინტერესებს ყველაზე მეტად, ასეთი წყვილი ცენტრში ჯერ არ გვყოლია. მსოფლიო თასის მოსაგებ მატჩში შუამარბების ექსპერიმენტული ტანდემით გავდივართ, რაც უკვე ახლოა ავანტიურასთან და მე ეს მომწონს. კვესომ უელსთან ფრთაზე თამაშით უდავოდ დაიმსახურა ძირითადში ყოფნა, ახლა მან ეს 13-ნომრიანი მაისურითაც უნდა გააკეთოს, რაც, ვფიქრობ, უფრო რთული იქნება, მაგრამ მინდა, რომ შეძლოს. ბოლო მატჩებში ტურბო თავის თავს არ ჰგავდა და უჩვეულო შეცდომები დაუშვა, მაგრამ ამ ბიჭში ნამდვილად დიდი პოტენციალია და სასურველია, კუმაგაიაში თუ გამოავლენს მას და საქართველოსთვის არ შეინახავს. ურუგვაის არ ჰყავს მძიმე და ჯანიანი შერკინება, ამიტომ ერთი, რაც თითქმის გარანტირებულად გვექნება, დომინანტი სტატიკაა, მთავარია, ამას რითი განვავრცობთ. მესამე ხაზიც ახლებურია და მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მეტოქეს სწრაფი შეტევები უყვარს და მათ შეჩერებას კარგი შევსება და ხარისხიანი ბოჭვები დასჭირდება, შეტევაში კი ბურთის ისე წაღება, როგორც მესამე ხაზს ეკადრება. 9-ზე გელა იწყებს. ეს კი, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ თავიდანვე ტემპში შეტევებს ვგეგმავთ. ეს უდავოდ კარგია, მაგრამ რამდენიმე კითხვას მაინც მიჩენს: მაგალითად, აჰყვება გუნდი ამ ტემპს? აფრასიძე ისევე ეფექტური იქნება, როგორც მაშინ, როცა 60 წუთ ნათამაშებზე შემოდის ხოლმე? და ა.შ. 

მთავარი კი ისაა, როგორ ითამაშებს გუნდი პირველ ნომრად, მაშინ, როდესაც მისგან შეტევას და გამარჯვებას ელიან. როდესაც მორალური უფლება არ აქვს ჩაუსაფრდეს და მეტოქის შეცდომებს დაელოდოს. როდესაც რაღაც თვითონ უნდა შექმნას. უკვე მერამდენე ჩემპიონატია, ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთი გვაქვს ასეთი. წინა მსოფლიოზე ნამიბიასთან ამ ამოცანას თავი ვერ გავართვით. ნერვებმა გვაჯობა, ფავორიტის სტატუსს ვერ მოვერიეთ და უამრავი შეცდომა დავუშვით. ბოლოს კი მოვიგეთ, მაგრამ გაჭირვებით, იმაზე ბევრად პატარა სხვაობით, ვიდრე შეგვეძლო. ყველაზე მეტად ამ თვითცენზურის გადალახვა მინდა ვნახო მოედანზე და მერე ყველაფერი აეწყობა, აგერ ნახავ! ამ ყველაფერს იმიტომ გწერ, რომ ორივეს გვიყვარს ამ თემაზე ფილოსოფოსობა და რაღაცების გამოცნობა. ჩვენი საქმეც ეგ არაა?! ბოჭვებს ჩვენ არ ვაკეთებეთ და დერეფანში ბურთს არ ვიგებთ - ვიდგეთ და ვიქაქანოთ. 

ახლა ჩემი წასვლის დროა. ტოკიოს ბინა ნაგოიას „ხრუშჩოვკას“ არ ჰგავს, მაგრამ ოთხ კედელში ჯდომა მაინც არაა სასურველი, როდესაც ამხელა აღმოჩენები შეგიძლია გააკეთო. წავედი, ქალაქს უნდა შევერიო და მთვრალი შოტლანდიელივით გაუგებარ ენაზე ველაპარაკო სუვენირების გამყიდველებს. შენ არ მოიწყინო, რომ ჩამოვალ, ნეცკეს თუ არა, ერთ ბოთლ საკეს მაინც ჩამოგიტან.

საიონარა, ძმობილო.

შენი მეგობარი 

ნიკა ჩალათაშვილი 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^