Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პირველი რესპუბლიკის მაგალითზე - ინტერვიუ ერიკ ლისთან

30 სექტემბერი 2019

2018 წელს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავზე ქართულ ენაზე გამოიცა ერიკ ლის „ექსპერიმენტი: საქართველოს მივიწყებული რევოლუცია 1918-1921“. წიგნში ავტორი წერს: „ქართველებს დღეს ნაკლებად ახსოვთ, რა ხდებოდა მათ ქვეყანაში 1918-1921 წლებში, და ბევრი არც არაფერია შემორჩენილი, რაც მათ ამაში დაეხმარებათ“. წიგნის მიზანიც დავიწყებულის შეხსენებაა - პირველი რესპუბლიკის მივიწყებული ამბის, რომელსაც ერიკ ლი 80-იანი წლებიდან იკვლევს. 

ერიკ ლი თავს მემარცხენეთა იმ ნაწილს მიაკუთვნებს, რომელიც “საბჭოთა მოდელს პოზიტიურ ნიმუშად არ მიიჩნევდა.” პირველი წიგნი, “საიგონიდან იერუსალიმამდე: საუბრები ვიეტნამის ომის ვეტერანებთან,” 1991 წელს გამოსცა, უკვე 40 წელზე მეტია პუბლიცისტი და აქტიური პროფკავშირელია.  

ქართული გამოცემისთვის მომზადებულ წინასიტყვაობაში ერიკ ლი იმედს გამოთქვამდა, რომ პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი „კარგი შესაძლებლობაა იმ ისტორიული მეხსიერების აღსადგენად, რომლის ამოშლაც საბჭოთა რეჟიმმა თითქმის მოახერხა - და ამას რომ ვამბობ, მხოლოდ ახალი ისტორიული ნაწერების გამოქვეყნებას ან ხსოვნის ღონისძიების მოწყობას კი არ ვგულისხმობ, არამედ მძლავრი დემოკრატიული მემარცხენეობის შექმნასაც, რომელმაც ერთ დროს უზარმაზარი როლი შეასრულა ქართველთა ცხოვრებაში“. 

ასმა წლისთავმა ჩაიარა, მაგრამ მძლავრი დემოკრატიული მემარცხენეობის შექმნა მას, ჯერჯერობით, არ მოჰყოლია. სამაგიეროდ, პირველი რესპუბლიკის შესახებ დაიწერა რამდენიმე ახალი ტექსტი, მომზადდა რამდენიმე ახალი კვლევა.

იმდროინდელი ამბებისა და იმ დროში მცხოვრებთა გაცოცხლებაში თავისი წვლილი ერიკ ლის „ექსპერიმენტმაც“ შეიტანა. პირველი რესპუბლიკის უკვე 101 წლისთავის შემდეგ ერიკ ლის მის წიგნზე, ქართული სოციალ-დემოკრატიის ისტორიასა და მის მომავალზე ვესაუბრეთ. 

რა საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა „ექსპერიმენტს“? როგორი შეფასებები და რეაქცია გხვდებოდათ ყველაზე ხშირად? 

წიგნმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო, რეცენზია „ნიუ იორკ თაიმსშიც“ გამოქვეყნდა, რაც რეცენზირების ოქროს სტანდარტია. 

მიხარია, რომ წიგნი, ქართულისა და ინგლისურის გარდა, ესპერანტოზეც გამოიცა. 2020 წელს მოსკოვში რუსულენოვანი გამოცემის წარდგენაც იგეგმება. ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგან თარგმნის სურვილი არა მკვლევრებმა, არამედ რუსეთის შრომის კონფედერაციამ გამოთქვა (KTR), რომელიც რუსეთში დამოუკიდებელი პროფკავშირების ყველაზე ძლიერი გაერთიანებაა. ისინი წიგნს გერმანულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან ასოცირებულ ფრიდრიხ ებერტის ფონდთან და მსოფლიო შრომის ინსტიტუტთან (GLI) ერთად ამზადებენ. 

პროფკავშირების მხრიდან წიგნის მიმართ გამოხატული ინტერესი -  როგორც რუსეთში, ისე საქართველოში, სადაც 2017 წელს პროფკავშირთა გაერთიანების  (სპკგ) ეროვნულ ყრილობაზე პირველი რესპუბლიკის შესახებ მოხსენება წავიკითხე - ჩემთვის მეტად ღირებულია. ამჟამად წიგნის გერმანულ თარგმანზეც ვმუშაობთ და დიდი ინტერესით ველოდები ჩემს წიგნში წამოჭრილ საკითხებზე გერმანელ მემარცხენეებთან საუბარს. 

იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევათა ნაწილი, რომელთა წინაშეც პირველი რესპუბლიკის ლიდერები დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აღმოჩნდნენ, საქართველოსა და ზოგადად კავკასიაში დღესაც აქტუალურია. რუსული ოკუპაცია გრძელდება - უკანონო მავთულხლართების მოწყობა და ოკუპირებული ზონის მუდმივი გაფართოება საზღვრისპირა რეგიონებში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ამ პირობებში ხშირად სხვა პრობლემებზე საუბრისთვის - გარემოს დაცვისთვის, შრომის უფლებებისთვის, სოციალ-დემოკრატიული რეფორმებისთვის - საკმარისი სივრცე არ რჩება. როგორ ახერხებდნენ პირველ რესპუბლიკაში, დიდი საგარეო წნეხის მიუხედავად, მასშტაბური საშინაო რეფორმების გატარებას?

ის, რომ პირველ რესპუბლიკას თავისი გეგმების შესასრულებლად წითელი არმიის შემოსვლამდე მხოლოდ სამი წელი ჰქონდა, დიდი ტრაგედიაა. მათი მმართველობისას, მთელი სამი წლის განმავლობაში, ქვეყანა მართლაც უმძიმესი საგარეო წნეხის პირობებში არსებობდა. ერთი მხრივ, იგრძნობოდა საფრთხე თურქეთიდან, მეორე მხრივ, ჩრდილოეთიდან პირველ რესპუბლიკას ემუქრებოდნენ როგორც დენიკის მოხალისეები, ისე წითელი არმია. ამ პრობლემებს დაემატა ხანმოკლე ომი სომხეთთან და არეულობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. და კიდევ - კინაღამ დამავიწყდა - ადგილობრივი ბოლშევიკები მუდმივად სამხედრო გადატრიალებისთვის მუშაობდნენ, განსაკუთრებით თბილისში საბჭოთა საელჩოს გახსნის შემდეგ, რომელიც 1920 წელს საქართველოსა და საბჭოთა კავშირს შორის „სამშვიდობო ხელშეკრულების“ გაფორმებას მოჰყვა. 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა, წარმატებით თავი გაართვეს ისეთ მასშტაბურ საქმეებს, როგორიცაა, მაგალითად, აგრარული რეფორმა და პოლიტიკური დემოკრატიის ჩამოყალიბება ძალიან პროგრესული კონსტიტუციით, რომელიც მათი უმთავრესი დანატოვარია. 

გეოპოლიტიკური წნეხი, რომელთან გამკლავებაც დღევანდელ საქართველოს უწევს, 1918-1921 წლების წნეხთან შედარებით მცირეა. საქართველო დღეს გაცილებით უსაფრთხო ადგილია, რომელსაც ნატოსა და ევროკავშირთან მზარდი კავშირები აქვს, რაც მას კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის. 

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, რომელიც, ცხადია, სრულიად მიუღებელია, აუცილებელი საშინაო რეფორმების განხორციელებას ხელს არ უნდა უშლიდეს. მშენებლობაზე დასაქმებულ ქართველ მუშებს, მაგალითად, არ უნდა უწევდეთ აფხაზეთის საქართველოს ნაწილად დაბრუნებისთვის ლოდინი იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება საერთაშორისო სტანდარტების დონეზე იყოს დაცული. სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს საქართველოში უნდა შეეძლოთ ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის განმავლობაში ღონისძიებების გამართვა ისე, რომ მათ რადიკალური მემარჯვენე ძალები თავს არ ესხმოდნენ - ამისთვის ისინი მთელ რეგიონში უსაფრთხო გეოპოლიტიკური რეჟიმის დამყარებას არ უნდა ელოდნენ. 

ცხოვრების დიდი ნაწილი ისრაელში გავატარე, სადაც მსგავსი პრობლემებია. იქაც ხშირად ამბობენ, რომ, მაგალითად, ქალთა უფლებების ან გარემოს დაცვისთვის ბრძოლა მეორეხარისხოვანია ქვეყანაში, სადაც ტერორისტები და მტრულად განწყობილი მეზობლები მუდმივ საფრთხეს წარმოადგენენ. ეს არადამაჯერებელი არგუმენტია იქაც, ისევე როგორც ყველგან. 

თუ პირველ რესპუბლიკაში ისეთი სახელმწიფოს მოწყობა მოხერხდა, რომელმაც ასი წლის წინ ევროპელ სოციალ-დემოკრატებს წარმატების მაგალითი უჩვენა, მაშინ თანამედროვე საქართველოსაც, რომელიც გაცილებით მდიდარი და უსაფრთხოა, უნდა შეეძლოს მსგავსი მიზნებისთვის ბრძოლა - უნდა შეეძლოს პრეზიდენტ ნოე ჟორდანიას და მისი თანამოაზრეების დაწყებული საქმის გაგრძელება საქართველოში კეთილდღეობისა და სამართლიანობის დასამკვიდრებლად.  

მემარჯვენე რადიკალები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, ევროპასა და ამერიკაში მზარდი მხარდაჭერით სარგებლობენ. ისინი საქართველოშიც მოძლიერდნენ - „პატრიოტთა ალიანსის“ ხმა პარლამენტში მკაფიოდ ისმის, მათი მნიშვნელობა 2020 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება. როგორ უმკლავდებოდნენ პირველი რესპუბლიკის ლიდერები მემარჯვენე ძალებს? განიცდიდნენ თუ არა ისინი მსგავს საფრთხეს მარჯვნიდან? 

ამ მხრივ პირველი რესპუბლიკის დროინდელ ქართველ სოციალ-დემოკრატებს გაუმართლათ - მათ ადგილობრივ მემარჯვენე ძალებთან ბრძოლა თითქმის არ უწევდათ. ჰყავდათ უამრავი სხვა მტერი, მათ შორის „წითელი“ და „თეთრი“ რუსები, თურქები, სომხები და სხვა ეთნიკური უმცირესობები საქართველოში. მაგრამ ცარისტული რეჟიმის ნარჩენები მთლიანად გამქრალი იყო და აღარც მსხვილი მემამულეების კლასი არსებობდა, ან ბურჟუაზია, რომელიც მათ ორგანიზებულ წინააღმდეგობას გაუწევდა მარჯვნიდან. 

დღევანდელ საქართველოში მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია და უფრო თანამედროვე დასავლეთში მიმდინარე მოვლენებს ჰგავს, სადაც მემარჯვენე პოპულისტური პარტიები ძალას იკრებენ. რაც შეეხება მათთან ბრძოლას, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ წარმატების მაგალითებიც: შვედმა სოციალ-დემოკრატებმა და ესპანელმა სოციალისტებმა ძალაუფლება დაიბრუნეს, საბერძნეთში „ახალი განთიადი“ მნიშვნელოვნად დასუსტდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბერნი სანდერსის აშკარად სოციალ-დემოკრატიულმა მოძრაობამ უამრავი ახალგაზრდის მხარდაჭერა მოიპოვა. 

რადიკალ მემარჯვენეებთან გამკლავების საუკეთესო გზა არა სტატუს-კვოს დაცვა, არამედ მასთან მარცხნიდან ბრძოლაა - როგორც ამას სანდერსი აკეთებს დღეს, და როგორც ამას ქართველი სოციალ-დემოკრატები აკეთებდნენ ასი წლის წინ. 

„ექსპერიმენტი“ და თქვენი სხვა წიგნებიც მკაფიო პროფკავშირული ორიენტაციით გამოირჩევა.  საქართველოში ხშირად გაიგონებთ, რომ პროფკავშირებზე დაფუძნებული პოლიტიკური ბრძოლა ეკონომიკურ რეალობას არ შეესაბამება - რომ საქართველოს არ აქვს ინდუსტრიული ეკონომიკა და ამიტომ ვერც ძლიერი ინდუსტრიული პროფკავშირები ექნება, რომლებიც სხვაგან დემოკრატიული თვითორგანიზების მთავარი საფუძველი ხდებოდა ხოლმე. ამ მხრივ დღევანდელი საქართველო პირველი რესპუბლიკის დროინდელს ჰგავს. როგორ შეძლეს ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა დიდწილად სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებული მოსახლეობის ორგანიზება? რისი სწავლა შეიძლება მათი გამოცდილებიდან? 

პირველი ქართველი სოციალ-დემოკრატების მარქსიზმი სწორედ მისი მოქნილობისა და ახალი გარემოებების გათვალისწინებისთვის მზადყოფნითაა საინტერესო. გურიის აჯანყებისას მათ უნდა გადაეწყვიტათ, მიიღებდნენ თუ არა პარტიაში  გლეხებს, რომლებიც მეფის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ტრადიციული წარმოდგენებით, მხოლოდ საწარმოში დასაქმებულ მუშას შეეძლო სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანება. ამიტომ სოციალ-დემოკრატებმა მათთვის შექმნეს „მეურნე მუშის“ კონცეფცია, რომელიც იმ გლეხებს ესადაგებოდა, რომლებიც პარტიას შეურთდნენ. 

განვითარებულ ქვეყნებში პროფკავშირები დიდი ხანია საწარმოებში დასაქმებული მუშებისგან აღარ შედგება. ყველაზე დიდი პროფკავშირების წევრები, ხშირად, თეთრსაყელოიანი (რედ.: იგულისხმება ისეთი დასაქმებული, რომელიც ფიზიკურად არ მუშაობს) ადამიანები ან საჯარო სექტორში დასაქმებულები არიან. 

ყველა, ვინც შემოსავლისთვის მუშაობს, ვინც სხვის მიერაა დასაქმებული, განმარტებით მუშაა - სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და პროფკავშირების კარი ყველასთვის ღია უნდა იყოს. პირველი რესპუბლიკის დროინდელი სოციალ-დემოკრატებისგან ამ ინკლუზიურობისა და რეალისტურობის სწავლა შეიძლება.   

პირველ რესპუბლიკაზე წიგნის დასრულების შემდეგ, სტალინის ადრეულ კარიერას იკვლევდით. რა პროექტებზე მუშაობთ ამჟამად? 

რაც შეეხება წიგნს სტალინზე, ის მთლიანად ეგრეთ წოდებული „ერიომინის წერილის“ ძალიან უცნაურ ამბავზეა. ეს დოკუმენტი 1956 წელს გამოქვეყნდა და, როგორც ჩანს, დოკუმენტურ მტკიცებულებას შეიცავს - მტკიცდება, რომ სტალინი რამდენიმე წლის განმავლობაში „ოხრანას“ „ოხრანკის“ ჩანერგილ აგენტად მუშაობდა ბოლშევიკების პარტიაში. გამოქვეყნებისას წერილი ბევრმა ყალბად შეაფასა, მაგრამ არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც მიუთითებს, რომ სიმართლე არც ასეთი მარტივია. 

რამდენიმე თვის წინ დავასრულე მუშაობა წიგნზე სახელწოდებით „ხიშტების ღამე: ტექსელის აჯანყება და ჰიტლერის შურისძიება. აპრილი-მაისი 1945“. წიგნი ქართული ლეგიონის აჯანყების ამბავზეა, ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე - ამ აჯანყებას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ ბრძოლას ევროპაში. წიგნი 2020 წლის მარტში, აჯანყების 75-ე წლისთავზე, ერთდროულად ინგლისურ, ჰოლანდიურ, ჩეხურ და ქართულ ენებზე გამოვა (ქართულად წიგნს „პოეზია პრესი“ გამოსცემს). თბილისში ამ წიგნის წარსადგენად დავბრუნდები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^