ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალ სკანდალში მას მერე გაეხვია, რაც ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ “The Washington Post”-მა ოფიციალურ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ივლისში ტრამპმა თავისი უკრაინელ კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი აიძულა, ჯო ბაიდენის შვილის საქმე გამოეძიებინა. ჰანთერ ბაიდენი ერთ-ერთი მსხვილი უკრაინული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ანონიმური წყაროს თქმით, ტრამპი ზელენსკის აშინებდა კონგრესის მიერ გამოყოფილი საერთაშორისო გრანტით, რომლის ოდენობა, დაახლოებით, 400 მილიონი დოლარია.
ერთ-ერთი პირველი დემოკრატი, ვინც მედიაში გავრცელებულ სკანდალს გამოეხმაურა, კონგრესის სპიკერი ნენსი პელოსი იყო, რომელმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა. მისი განცხადებით, დონალდ ტრამპმა კვლავ დაარღვია ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია, შეარყია აშშ-ს დაზვერვა და შიდა უსაფრთხოება; ამას გარდა, მან უღალატა საკუთარ ფიცს, შებღალა არჩევნებისა და ქვეყნის ავტორიტეტი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში და უბრალოდ ჩაიდინა იმ დონის სამართლებრივი დანაშაული, რომლის გამოც პასუხი უნდა აგოს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ასევე გამოეხმაურა სენატორი ელიზაბეთ უორენი, დონალდ ტრამპის პოტენციური კონკურენტი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მან განაცხადა, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურები ჯერ კიდევ აპრილში, მას მერე უნდა დაწყებულიყო, რაც სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მიულერმა თავისი დასკვნა წარმოადგინა აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ფედერაციის ჩართულობასთან დაკავშირებით. ეს საკითხი უყურადღებოდ არ დარჩენია ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონსაც, რომელმაც დონალდ ტრამპი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა.
ოთხშაბათს, დონალდ ტრამპმა ცალსახად მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა, როცა მისი და პრეზიდენტ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გაასაჯაროვა. როგორც სტენოგრამის მიხედვით ირკვევა, დონალდ ტრამპმა ნამდვილად სთხოვა ვოლოდიმირ ზელენსკის ჰანთერ ბაიდენის საქმის გამოძიება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის საერთაშორისო გრანტი, რომელზეც დემოკრატები აპელირებენ, სულაც არ იყო ნახსენები. სატელეფონო საუბრისას ტრამპი პრეზიდენტ ზელენსკის ყურადღებას იმ ფაქტზეც ამახვილებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბევრად მეტს აკეთებს უკრაინისთვის, ვიდრე წამყვანი ევროპული ქვეყნები და ევროკავშირი ერთად. შემდგომში მან ეს განცხადება განმარტა და თქვა, რომ „მეტის გაკეთებაში“ ფინანსური დახმარება იგულისხმა. აშშ-ს პრეზიდენტმა მისი უკრაინელი კოლეგისგან მიიღო დაპირება, რომ საქმეს ჩაუღრმავდებოდა და გამოიძიებდა, ხოლო ამაში მას დონალდ ტრამპის რამდენიმე რწმუნებული, მათ შორის მთავარი პროკურორი უილიამ ბარი, აგრეთვე ნიუ-იორკის ყოფილი მერი და დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი რუდი ჯულიანი დაეხმარებოდნენ.
არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი დეტალიც: გავრცელებულ სტენოგრამას ახლავს მცირე მინაწერი, რომლის მიხედვითაც საუბარი არ იყო გადმოცემული სიტყვასიტყვით, რადგან ამას კანონი ზღუდავს.
ორივე ქვეყნის პრეზიდენტს რამდენიმეჯერ მოუხდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის დამოუკიდებელი უკრაინის პრეზიდენტია და მისი დაშინება არავის შეუძლია, გარდა მისი ექვსი წლის შვილისა. ამ თემაზე მან ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სხდომის ფონზე გაიმართა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ სტენოგრამით ისედაც ნათელი იყო, რომ დაშინების არანაირი მცდელობა არ ყოფილა. დონალდ ტრამპმა იმპიჩმენტის საკითხი შეაფასა როგორც „კუდიანების დევნის“ ახალი ტალღა, სტრატეგია, რომელსაც დემოკრატები აშშ-ს პრეზიდენტის წინააღმდეგ ხშირად იყენებენ.
მოვლენების ქრონოლოგია
იმის მიუხედავად, რომ ამ საკითხზე მედიამ განსაკუთრებული ყურადღება რამდენიმე დღის წინ გაამახვილა, ჯო ბაიდენის შვილის საკითხი უკვე რამდენიმე წელს ითვლის. ჰანთერ ბაიდენი „ბურისმა ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ჯერ კიდევ 2014 წლის 13 მაისს დაინიშნა. იმ დროს ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2015 წლის 9 დეკემბერს, კიევში ყოფნისას, ბაიდენმა უკრაინა დილემის წინაშე დააყენა: ქვეყანა ერთმილიარდიან გრანტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუკი მთავარი პროკურორი შოკინი თანამდებობას დატოვებდა. ჯო ბაიდენი და სხვა დემოკრატები გენერალურ პროკურორ ვიქტორ შოკინს კორუფციაში სდებდნენ ბრალს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ შოკინი ჰანთერ ბაიდენის საქმეს იძიებდა. მომხდარის შესახებ ბაიდენმა დაუფარავად ისაუბრა 2018 წელს: „შევხედე მათ და ვუთხარი: ექვს საათში მივემგზავრები. ფულს არ მიიღებთ, თუ გენერალურ პროკურორს არ გაათავისუფლებთ“.
2019 წლის ივლისში თანამდებობიდან თავის გათავისუფლებას გამოეხმაურა ყოფილი მთავარი პროკურორი ვიქტორ შოკინი, რომელმაც “The Washington Post”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გათავისფლება მხოლოდ და მხოლოდ ბაიდენის ჩარევით შეიძლება აიხსნას. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰანთერ ბაიდენის „ბურისმა ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშვნას წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და, კერძოდ, ჯო ბაიდენის მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას ენერგოწიაღისეულის მოპოვება უნდა გაეზარდა. მხოლოდ ამის შემდეგ, 2019 წლის 25 ივლისს, გაიმართა ის სატელეფონო საუბარი, რომელმაც ბოლო დღეებში მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო, რასაც ჯერ “The Washington Post”-ის სტატია, ხოლო შემდეგ ოფიციალური ანონიმური ჩვენება მოჰყვა.
რა არის იმპიჩმენტი?
პირველ რიგში, უნდა გავავლოთ პარალელი საპარლამენტო სისტემასთან და ვთქვათ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი და პარლამენტის მიერ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადება არაფრით ჰგავს ერთმანეთს.
იმპიჩმენტი ნახევრად სამართლებრივი პროცედურაა პრეზიდენტის ან ნებისმიერი სხვა მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსის წინააღმდეგ, რომელიც ღალატის, მოსყიდვისა და სხვა მნიშვნელოვანი დანაშაულის დროს შეიძლება აღიძრას. იმპიჩმენტის საკითხს უშუალოდ კონსტიტუცია არეგულირებს. იმისათვის, რომ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყოს, მას აშშ-ს კონგრესის უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს მხარი. დღევანდელ კონგრესში უმრავლესობას დემოკრატიული პარტია ფლობს, რაც მათ წისქვილზე წყალს ასხამს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დონალდ ტრამპი აუცილებლად დატოვებს პრეზიდენტის თანამდებობას. პრეზიდენტის იმპიჩმენტმა საბოლოო სახე რომ მიიღოს, ამ გადაწყვეტილებას კონგრესის მერე სენატის ორმა მესამედმაც უნდა დაუჭიროს მხარი, ანუ დღევანდელი მოწყობის სენატში, ყველა დემოკრატის გარდა, ოცი რესპუბლიკელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგი უნდა იყოს.
აშშ-ს ისტორიაში კონგრესმა იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურას ჩვიდმეტჯერ მიმართა, აქედან კი უშუალოდ იმპიჩმენტამდე საქმე მხოლოდ ორ შემთხვევაში მივიდა (ენდრიუ ჯონსონი - 1868, ბილ კლინტონი - 1998). აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთ მათგანს თანამდებობა არ დაუტოვებია.
ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია რიჩარდ ნიქსონი, რომელმაც თანამდებობა ნებაყოფლობით მას შემდეგ დატოვა, რაც „უოთერგეითის“ სკანდალში გაეხვია და მის წინააღმდეგ იმპიჩმენტისთვის აუცილებელი სამართლებრივი დავა დაიწყო.
ექსპერტთა შეფასებები
“The New York Times”-ის ავტორიტეტული ანალიტიკოსი ბრეტ სტივენსის აზრით, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი არაერთი მიზეზის გამო შეუძლებელია - კონგრესის დღევანდელი აგებულების მიხედვით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს, თუკი ყველა დემოკრატი და მინიმუმ ოცი რესპუბლიკელი მას მხარს დაუჭერს. ორივე პარტიის წარმომდგენელი კონგრესმენების გადაწყვეტილებები დამოკიდებულია მათი ამომრჩევლის ნება-სურვილზე, თუმცა, როგორც კვინიპეკის უნივერსიტეტის კვლევამ ცხადყო, მოსახლეობის 57%-ს არ სურს პრეზიდენტის იმპიჩმენტი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა ტვიტერში მისი რეიტინგის უახლესი მაჩვენებელი გამოაქვეყნა: მას მოსახლეობის 51% უჭერს მხარს.
სამართალმცოდნე რენატე მარიოტი “Politico”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს - იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დონალდ ტრამპს ნამდვილად დაუდგინდება ბრალი პრეზიდენტ ზელენსკის დაშინებასა და მოსყიდვაში, მისი იმპიჩმენტის საკითხი მაინც გართულდება, რადგან ეს წინააღმდეგობაში არ არის არცერთ არსებულ ამერიკულ კანონთან.
პოლიტიკური მოვლენების ანალიზის დროს არ უნდა დავივიწყოთ კონტექსტი. ერთ წელიწადში, 2020 წლის შემოდგომაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, რომელზეც დონალდ ტრამპის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად სწორედაც რომ ჯო ბაიდენს მიიჩნევენ.
ლიბერალური მედია და დემოკრატიული პარტია მუდამ მზად არიან გაკიცხონ დონალდ ტრამპი, თუმცა, იმის მიუხედავად, თუ რა ამორალურად შეიძლება იქცეოდეს პრეზიდენტი, თანამდებობიდან მის გადასაყენებლად ეს არგუმენტი არ კმარა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა არსებობდეს ნამდვილი და დამტკიცებული სამართლებრივი დანაშაული, რომელიც დემოკრატიულ პარტიას ჯერ კიდევ არ აქვს.