Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

და არს მუსიკა...

02 ოქტომბერი 2019

ცოტა ტექსტი და კიდევ უფრო მეტი სიჩუმე გია ყანჩელის მუსიკის შესახებ

„ჩვენ ნაქსოვი ვართ სიზმრისეულ ნივთიერებით“ - ამბობს ფილოსოფიური თუ მაგიური  ცოდნით შეიარაღებული, თუმცა ამავე ცოდნით დაღლილი პროსპერო შექსპირის „ქარიშხალში“, რომელიც სამყაროს უსამართლობას ელფებითა და სულებით დასახლებულ კუნძულზე განერიდება. წლების წინ, გია ყანჩელმაც დაახლოებით ამგვარი სიზმრისეული ნივთიერებებითა და შეგრძნებებით სავსე, ჩუმი, საოცარი და ლეთარგიული მუსიკა დაწერა რობერტ სტურუას სპექტაკლისთვის „ქარიშხალი“, რომელიც მოსკოვში, თეატრ „Et Cetera“-ში დაიდგა.

ჩვენი დროის უდიდესი ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი, შექსპირის პროსპეროს მსგავსად, თითქოს დაჯილდოებული იყო გასაოცარი უნარით, რომ სამყაროს ხილვები დრამატიზმით სავსე სიჩუმითა და წინასწარმეტყველებით აესახა. 84 წლის ასაკში მან გადაცურა სტიქსი - მითიური მიწისქვეშა მდინარე და შეუერთდა იმ გარდაცვლილი, ძვირფასი მეგობრების სიას, რომელიც ჩამოთვლილია მის საოცარ ნაწარმოებში. „სტიქსი“ - ერთგვარი რეკვიემი ალტის, ორკესტრისა და შერეული გუნდისათვის, კომპოზიტორმა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაწერა გენიალური ალტისტის, იური ბაშმეტისთვის და გარდაცვლილ მეგობარ კომპოზიტორებს - ალფრედ შნიტკეს, სულხან ცინცაძეს და ავეტ ტერტერიანს მიუძღვნა. 

მას შემდეგ „სტიქსი“ არაერთხელ შესრულებულა ევროპისა თუ ამერიკის ცნობილ საკონცერტო დარბაზებში. არსებობს ამავე ნაწარმოების განსხვავებული ვერსიაც, რომელიც გია ყანჩელმა ვიოლინოსა და ორკესტრისთვის გადააკეთა, რადგან სახელოვან მევიოლინეს, გიდონ კრემერს ძალიან უნდოდა სოლო პარტიის შესრულება. 2004 წელს, ამ ნაწარმოებით შთაგონებულმა რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში დადგა სპექტაკლი „სტიქსი“, უსიტყვო დრამატულ-ქორეოგრაფიული ფანტაზია, რომელშიც ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური მოვლენები მისთვის ჩვეული მძაფრი და გროტესკული სიცხადით ასახა. 

პროსპეროს მსგავსად, გია ყანჩელმა მუსიკალურ პარტიტურებში საუკუნოდ ჩაწერილ-ჩაბეჭდილი ნოტები, ხმები, ხმაურები „მოარჯულა“ და ისინი ყოვლისშემძლე სიჩუმედ გარდაქმნა. მისი ნაწარმოებების შესრულებისას სიჩუმე თითქოს ერთი დიდი ტემბრის ნაწილი გახდა, რომელიც შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ზოგადად, ყანჩელის მუსიკაში სიჩუმე არა სიმშვიდე, არამედ შფოთვაა, არა წონასწორობა - არამედ მისი გარღვევა თუ დარღვევა, არა მოსვენება - არამედ ავბედითი სიგნალები...  სიჩუმე, რომელიც ერთნაირად მოქმედებს ერთი ადამიანის სულის სიმებზეც და სამყაროს დამანგრეველ კაკაფონიასაც უმკლავდება.

„როდესაც შესრულება მთავრდება, თითქმის ყველა ჩემი ნაწარმოები გადადის სიჩუმეში“ – ამბობს გია ყანჩელი ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში. ეს სიჩუმე გრძელდება სადღაც ათი ან თხუთმეტი წამი. მე ეს სიჩუმე ყველაზე მეტად მიყვარს. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ოვაცია. მერე უკვე აღარ მაინტერესებს, ვის მოეწონა, არ მოეწონა… და რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს სიჩუმე, უფრო მგონია, რომ გარკვეულ მიზანს მივაღწიე. ერთხელ, ლაიფციგის საკონცერტო დარბაზში შესრულებისას დიდხანს გაგრძელდა პაუზა, სანამ მსმენელი ოვაციას გამოხატავდა. აი, შეწყდა ჩემი მუსიკა და აღარ დამთავრდა სიჩუმე დარბაზში, სადაც დაახლოებით 200-250 კაცი იჯდა. მერე დამაინტერესა, ჩანაწერი მოვითხოვე და დავთვალე, ეს სიჩუმე თურმე 40 წამზე მეტხანს გაგრძელებულა".

ცხადია, შეგვიძლია მისი სიმფონიური, კამერული და საგუნდო ნაწარმოებების გრძელი და შთამბეჭდავი სიაც ჩამოვწეროთ. მისი უკვდავი და ვიღაცისთვის გაცვეთილი კინომუსიკაც გავისხენოთ. რესტორნებში ნამღერ და რეკორდსმენ „ჩიტო-გვრიტოს“ სხვა პოლიტრეალობითა და განზრახვით შევხედოთ. 

ასევე, ურიცხვი თეატრალური სპექტაკლები ჩამოვთვალოთ, რომლებიც მითოლოგიურმა სტურუა-ყანჩელი-მესხიშვილის „სამებამ“ ლამის სამყაროს მოსდო („ხანუმადან“ დაწყებული, „ქარიშხალით“ დამთავრებული); ან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგმული მისი ერთადერთი ოპერა - „და არს მუსიკა“ გავიხსენოთ, რომელიც თავისი მუსიკალური ქსოვილით, უცნაურობებითა და რეჟისურით 80-იანი წლების საბჭოეთში სრულიად აბსურდულად ჩანდა... 

მაგრამ ეს საჭირო აღარ არის, რადგან კომპოზიტორი გია ყანჩელი სხვა განზომილებისა და მასშტაბის ხელოვანია, რომელსაც უკვე დიდი ხანია მეოცე საუკუნის უდიდეს მუსიკოსთა და კომპოზიტორთა გვერდით მოიხსენიებენ. ამიერიდან კი, ის უკვდავების ბინადარია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^