Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლურჯი ვეშაპი

04 ოქტომბერი 2019
ილუსტრაცია: ანა ჯიბლაძე

„თამაშის“ დასაწყებად მსხვერპლმა რომელიმე სოციალურ ქსელში უნდა გამოაქვეყნოს საჯარო გზავნილი, რომელშიც სპეციალური, კოდური ჰეშთეგი იქნება განთავსებული. ამის შემდეგ „აპლიკანტს“ „მესენჯერით“ დაუკავშირდება „კურატორი“, რომელიც მსხვერპლს „თამაშის“ წესებს გააცნობს და გააფრთხილებს, რომ ამ რეგულაციებიდან რომელიმეს დარღვევა მოთამაშეს ძალიან ძვირად დაუჯდება და ამ უკანასკნელისთვის სავავალო შედეგებს გამოიღებს.

რა წესებზეა საუბარი?

1.   „მოთამაშემ“ საიდუმლოდ უნდა შეინახოს ის ფაქტი, რომ ამ აქტივობაშია ჩართული;

2.   „თამაშის“ პროცესში აუცილებლად უნდა შესრულდეს კურატორისგან მიღებული ყველა დავალება;

3.   დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში „მოთამაშე“ სამუდამოდ კარგავს ამ აქტივობაში მონაწილეობის უფლებას და მკაცრად ისჯება. ამის შემედეგ „კურატორი“ დავალებებს იძლევა. როგორც წესი, მსხვერპლი დღეში ერთ დავალებას იღებს. სულ დაახლოებით 50 დავალების შესრულება უწევს და საბოლოოდ „კვესტი“ სრულდება უკანასკნელი დავალებით, რომლის მიხედვითაც „მოთამაშემ“ თავი უნდა მოიკლას.

ამ მანკიერ მოვლენას უამრავი სახელი აქვს - ზოგიერთი მას მოიხსენიებს სახელით „ჩუმი სახლი“, სხვები კი ისეთი სიმბოლური სახელებით იცნობენ, როგორიცაა, მაგალითად: „გამაღვიძე 4:20-ზე“, „წითელი ბუ“, „ვეშაპების ზღვა“, „გალაქტიკა“, „NaN“ (Not a Number), F57 და ა.შ. თუმცა ყველაზე პოპულარულ სახელწოდებად რჩება „ლურჯი ვეშაპი“, რომელსაც, არაერთი ექსპერტის აზრით, განსაკუთრებული გამომსახველობითი ძალა და სიმბოლური დატვირთვა გააჩნია.

საქმე ისაა, რომ როდესაც რომელიმე კონკრეტულ ვეშაპს რაიმე პრობლემა აქვს, ის განგაშის სიგნალს გზავნის და ამ გზით უხმობს სხვა ვეშაპებს, რომლებიც მის ძახილზე რეაგირებენ და თანამოძმის დასახმარებლად მიეშურებიან. საბოლოოდ, დახმარების სურვილით „გულანთებული“ ვეშაპებიც იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე, რომელიც დახმარების მთხოვნელ ვეშაპს აქვს. ამდენად, განსაცდელში მყოფი ინდივიდი თავისი სახეობის ცხოველებსაც სავალალო მდგომარეობაში აგდებს. „ლურჯი ვეშაპიც“ იმავე პრინციპს ეფუძნება - პრობლემების მქონე პიროვნება თავისი ქცევით მისნაირ, რთულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს უბიძგებს, ლეტალური შედეგების მომტანი ქმედებებით „გადალახოს“ მის ცხოვრებაში გაჩენილი სირთულეები. ექსპერტების დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ ანონიმური „კურატორების“ როლსაც მსხვერპლის მსგავსი, დეპრესიული მოზარდები ასრულებენ.

„ლურჯი ვეშაპი“ რუსეთში ჩაისახა და ყველაზე მეტად სწორედ იქ არის გავრცელებული. თავიდან ამ მოვლენამ მორალური პანიკა გამოიწვია. არსებობის პირველ წლებში (2015-2016) ამ პრაქტიკამ ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2017 წლის თებერვალში სასიკვდილო „ჩელენჯის“ ეპიდიამ პიკს მიაღწია. იმ პერიოდში „ლურჯი ვეშაპის“ „თამაშის“ სურვილი რვაასზე მეტმა მოზარდმა გამოხატა. თუმცა მოგვიანებით აჟიოტაჟი ჩაცხრა - ამ კვესტით დაინტერესებული მოზარდების რიცხვი შემცირდა, რაც საზოგადოებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების დაინტერესების მასშტაბებზე აისახა. როგორც ჩანს, ამ ფენომენის აღმფხვრის მიზნით საყოველთაო კამპანიის დაწყებისთვის „ლურჯი ვეშაპის“ თანმდევ ტრაგედიას კიდევ უფრო მასობრივი ხასიათი უნდა მიეღო. საზოგადოება ვერ ან არ უმკლავდება ამ ბოროტებას.

სამწუხაროდ, „ლურჯ ვეშაპზე“ საუბრისას მხოლოდ ვარაუდებსა და ემპირიული ანალიზის შედეგებს უნდა დავეყრდნოთ, იმიტომ რომ ეს ფენომენი ბოლომდე არაა შესწავლილი და, შესაბამისად, სპეკულაციის საგანს წარმოადგენს. ჟურნალისტური და არა მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიებები „ლურჯი ვეშაპის“ შესახებ არსებულ ინფორმაციას ახალი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ცნობებით ავსებს, რაც ამ კრიმინალური „სუბკულტურის“ ზუსტი მოდელის წარმოდგენას ართულებს და მისი ქმედების თანმდევ ტრაგედიებზე დროულ და სათანადო რეაგირებას აფერხებს.

რატომ ვერ ან არ ერევა ამ მანკიერებას კაცობრიობა, რომელსაც ტექნოლოგიური პროგრესი კონტროლის უპრეცედენტო მექანიზმებს სთავაზობს?

რთული საკითხია... ალბათ, იმიტომ, რომ ამ „თამაშის“ წესების დამდგენი არამზადები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ცხოვრებისეული პრობლემების მქონე მყიფე, მოწყვლად მოზრდილებსა თუ მოზარდებს - თითოეულ თინეიჯერს, რომელიც ინტერნეტში სასიკვდილო „თამაშის“ მალსახმობის ფუნქციის მქონე იმ ჰეშთეგს აქვეყნებს - ძალიან მარტივად შიფრავენ. მსხვერპლის უახლოეს გარემოცვას - ცხოვრების ორომტრიალის გამო დაბნეულ, გაბრაზებულ, დაძაბულ, შეწუხებულ ადამიანებს - კი ბავშვობის ასაკიდან გამოსული პიროვნების ფსიქიკაში დაწყებული ძვრების გათვალისწინება ავიწყდება, ან აზრადაც არ მოსდის...

საბოლოოდ, როგორც წესი, თინეიჯერის დევიაციურ ქცევას - რომელიც მისი რთული მდგომარეობის სიმპტომს წარმოადგენს, და არა საკუთრივ ამ რთული მდგომარეობის არსს - ძველი, უკვე აპრობირებული ზომებით პასუხობს, ანუ ისე ეპყრობა, როგორც ადრე, როდესაც ეს მოზარდი ბავშვი იყო. აღმზრდელები ერთი წლის ჩვილსა და რვა წლის ბავშვს ერთნაირად არ ექცევიან, მაგრამ დიდია იმის ალბათობა, რომ თხუთმეტი წლის მოზარდს ისე დაელაპარაკონ, როგორც რვა წლის ბავშვს. და ასეთი მოპყრობის შედეგად მოზარდი კიდევ უფრო იჯერებს იმას, რომ „მისი არავის ესმის“. გულისხმიერებისა და, ზოგადად, სხვისი პრობლემის გააზრების უნარის საყოველთაო დეფიციტის იდეას ყველა მოზარდი იზიარებს. ზოგიერთი ინდივიდი ჰუბერტატიული პერიოდის გარკვეულ ნაწილს ამ საეჭვო „დევიზით“ ატარებს, სხვებს კი პერიოდულად, კონკრეტული ფრუსტრაციული ეპიზოდების შემთხვევაში, უჩნდებათ ხოლმე ეს აზრი და შემდეგ ივიწყებენ. ყველა შემთხვევაში... არ არსებობს მოზარდი, რომელიც ერთხელ მაინც არ „ხვდება“, რომ „მისი არავის ესმის“. და სწორედ ამიტომ ყველა თინეიჯერი ეძებს თანამოაზრეებს, ემპათიკურად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც მის ტკივილს გრძნობენ და თავაზიანად, გულისხმიერად ეპყრობიან.

რა აწუხებთ მოზარდებს?

დაახლოებით ის, რაც ახალშობილს აწუხებს. ბავშვი ტირილით გამოხატავს იმას, რომ ახალ, უცნობ სივრცეში გადასვლა და დედის წიაღის დატოვება მაინცდამაინც არ ახარებს. ორიოდე წამის წინ გაჩენილმა ბავშვმა არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს იქ, სადაც ჯერ არასდროს უცხოვრია. მოზარდიც არასდროს ყოფილა ზრდასრული. არც მან იცის, როგორ უნდა იცხოვროს. მაგრამ უკვე დიდი ხანია, იცის, რომ საჯაროდ ტირილი არ შეიძლება. როგორ მოიქცეს? ახალი გამოწვევების დიდი ნაწილი იმდენად პირადულია, რომ მათი ხსენებითაც კი დაარღვევს იმ სუბორდინაციას, რომელიც მასსა და მისი ოჯახის წევრებს შორისაა. მეგობრები დასცინებენ... „რა დროს სიყვარულია, მოიცა რააა...“, „რა გინდა? დირიჟორობა?! ხომ კარგად ხარ? ასეთი სულელური მიზანი როგორ დაისახე...“, „გოგო ხარ, შეჩემა? ინგლისურის მასწავლებლობა არა, ის...“, „შენს ნახატებს ვინ იყიდის, არ გადამრიო! რამე უფრო რეალურზე იფიქრე...“, „შეგაგინეს და შეგეწერა... ჰოდა, ამის მერე იცოდე შენი ადგილი“, „მაგ გოგოზე ამბობენ, ბოზიაო“... დაუსრულებლად შეიძლება ამ „ჯადოსნური“ ფრაზების ჩამოთვლა. თითოეულ ამ რეპლიკას შეუძლია თავდაყირა დააყენოს მოზარდის ცნობიერება და ისეთი ემოცია აღუძრას მას, რომელსაც ვერაფრით გამოიცნობს ადამიანი, რომელსაც, შესაძლოა, უკვე გადალახული აქვს ცხოვრების ჰუბერტატიული ეტაპი, ან ახლა გადის ამ პერიოდს, მაგრამ მაინც ვერ ხვდება, ველს რომ ნაღმავს; ვერ ხვდება, იმიტომ რომ პრიმიტიულობამდე მარტივი მსოფლმხედველობა აქვს და უბრალოდ ცხოვრობს პრინციპით „მოექეცი სხვებს ისე, როგორც შენ თავად გსურს, რომ მოგექცნენ“.


საბოლოოდ, მოზარდი ყოველთვის პოულობს ხოლმე „გამოსავალს“, მისი მეურვე კი ხშირად ან საერთოდ არ ზრუნავს მასზე, ან მხოლოდ მატერიალურ უზრუნველყოფას აღიქვამს ზრუნვად და თინეიჯერის ყველა სხვა პრობლემასა და მოთხოვნილებას აკრძალვების მთელი წყების დაწესებით პასუხობს. ასეთი აღმზრდელები ივიწყებენ ან საერთოდ ვერ ხვდებიან იმას, რომ ადამიანის მიდრეკილებებს სუბლიმირების უნარი აქვს და თუკი მასში გაღვივებული დესტრუქციული ძალა სათანადოდ არ შეფასდება, პრობლემა ვერ მოგვარდება. ამდენად, აკრძალვას აზრი არ აქვს - ერთადერთი გამოსავალი მოზარდის ამ დესტრუქციული მოტივის განეიტრალებაა. აკრძალვებისა და დაბრკოლებების შექმნით დაპირისპირება უბრალოდ ღრმავდება. თუკი ვინმეს მოკვლის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილ ადამიანს დანას წაართმევ და დაუმალავ, შესაძლოა დროებით აღკვეთო დანაშაული, მაგრამ ქვენაგრძნობებით მართულ ადამიანს ვერ დააცხრობ, მის მოტივებსა და მიზანს არ შეცვლის ის, რომ კანონი რაიმეს უკრძალავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დანაშაული საბოლოოდ და საყოველთაოდ აღიკვეთებოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^