კატალონიის დამოუკიდებლობა თანამედროვე ევროპული პოლიტიკის აქტუალურ საკითხად რჩება. ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი შიშობს (და ამით აპელირებენ ოფიციალური მადრიდის წარმომადგენლებიც), რომ კატალონიის სეცესია - სახელმწიფოს შემადგენლობიდან მისი ნაწილის გამოყოფა ახალი სახელმწიფოს დაფუძნების ან სხვა, უკვე არსებულ სახელმწიფოსთან შეერთების მიზნით - აუცილებლად გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც მთელს ბებერ კონტინენტზე პოვებს გამოძახილს. დამოუკიდებლობის მოძრაობის ახალი კერები (ამ შემთხვევაში კარგად დავიწყებულ ძველ კერებს ვგულისხმობთ) დიდ ზიანს მიაყენებს ევროპულ სტაბილურობას და შესაბამისად - კეთილდღეობას. საინტერესოა ისიც, რომ, როგორც ოფიციალური მადრიდი, ისე ამერიკის შეერთებული შტატები დღემდე აქტიურად ადანაშაულებენ რუსეთის ფედერაციას ინტერნეტჯგუფების თუ ფინანსური რესურსის მეშვეობით კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მხარდაჭერაში, მოსკოვი ტრადიციული ორაზროვნებით იგერიებს ოპონენტებს და კოსოვოს მაგალითს ეფარება…
ერთი შეხედვით, თითქოს უცნაურია ძლიერ, ევროპულ კონტინენტზე სეცესიისა და მისი თანამდევი დაპირისპირების წარმოდგენა, თუმცა, თუ დავაკვირდებით, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში როგორ განვითარდა კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობა და როგორ იქცა, 2005 წლის მონაცემებით, მისი 13%-იანი მხარდაჭერა 2017 წელს 48%-იან ნიშნულად, შეუძლებელია, კითხვები არ გაგვიჩნდეს.
სეცესიის მომხრეთა რიგების ზრდას, როგორც წესი, ორ ფაქტორს მიაწერენ: ესპანეთის ხელისუფლების ხისტი, არადიპლომატიური მიდგომა ცხელი რეგიონის მიმართ და ეკონომიკური პრობლემატიკა. მაგალითად, 2016 წელს, ბარსელონამ 37 მილიარდი ევროს ინვესტიცია მიიზიდა, კატალონია მთლიანი ესპანური ეკონომიკის 20%-ს წარმოადგენს, არის ტურისტული, ინდუსტრიული, მანუფაქტურული ცენტრი, მაგრამ რეგიონში შექმნილი დოვლათის დიდი ნაწილი კატალონიაში არ რჩება და მადრიდში მიდის. ამას ამბობენ დამოუკიდებლობის მომხრეები. ბარსელონის გარეუბნები საჭიროებს მოწესრიგებას, მუნიციპალური ტრანსპორტი - გამართვას, მაშინ როდესაც მადრიდში ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა. კატალონიელები, როგორც ტრადიციული მემარცხენეები, განსაკუთრებულ სოციალურ სერვისებს ითხოვენ, რასაც ვერ ან არ იღებენ ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლებისგან.
თუ კატალონიის მაგალითით ვიმსჯელებთ, დავინახავთ, რომ ეკონომიკური პრობლემატიკა კარგი მოტივაციაა სეცესიის მომხრე მოძრაობებისთვის; ამას დამატებული არცთუ ისე გონიერი ხელისუფალი და, დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარების „რეცეპტიც“ უკვე მზადაა.
ბევრი მკვლევარი პროგნოზირებს ფინანსურ კატაკლიზმებს, თუმცა ეს მხოლოდ პროგნოზებია. დანამდვილებით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპულ ეკონომიკას ხანმოკლე პერიოდით მაინც დააზარალებს ბრექსიტი. ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შედეგად, მით უმეტეს, თუ ეს შეთანხმების გარეშე მოხდა, ერთიანი ევროპული ეკონომიკის „შოკი“ გარდაუვალია.
რამდენად გაართმევენ ხელისუფლებები ფინანსურ და პოლიტიკურ პრობლემებს თავს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა საინტერესოა ვიცოდეთ იმ რეგიონების შესახებ, სადაც შესაძლოა კატალონიური სცენარი განვითარდეს.
როდესაც ევროპულ კონტინენტზე დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ ვიგებთ, ალბათ პირველი ყველას შოტლანდია გვახსენდება - გაერთიანებული სამეფოს წევრი-სუბიექტი. მოგეხსენებათ, 2014 წელს იქ უკვე ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც შოტლანდიელთა 44,7% - დამოუკიდებლობას, ხოლო 55,3% ბრიტანულ ერთობას მიემხრო. ბუნებრივია, 2014 წელს ნისლიან ალბიონზე არსებობდა სულ სხვა პოლიტიკური რეალობა - შოტლანდიელებს გაურკვეველი სტატუსის „მარტოობით“ აშინებდნენ ბრიტანელები, სავიზო რეჟიმის შემოღებას და იზოლაციასაც კი ჰპირდებოდნენ. ახლა თავად გაერთიანებული სამეფოა ანალოგიურ სიტუაციაში, შესაბამისად, შესაძლოა, შოტლანდიელებმა მალე შეიცვალონ აზრი სახელმწიფოებრიობის შესახებ. შოტლანდიის მთავრობამ უკვე მოითხოვა დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარება, თუმცა, საეჭვოა, დიდმა ბრიტანეთმა ამ მძიმე პერიოდში ჩრდილოელებს ახალი კენჭისყრის ნება დართოს.
შოტლანდიის მსგავსად, ბასკების მისწრაფება - ესპანური გვირგვინისგან დამოუკიდებლობის მოპოვება, საყოველთაოდ არის ცნობილი. თუმცა ესპანეთის ბოლო დროის ხელისუფალთა საუკეთესო მონაპოვარია ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონთან ვითარების სტაბილიზაცია. ტერორისტულმა ორგანიზაცია ეტამ, რომელიც უკანასკნელი 50 წელიწადი იარაღით იბრძოდა ბასკების ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, 2011 წელს ბრძოლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ბევრი შიშობდა, რომ, კატალონიასთან ერთად, ისტორიულად მეამბოხე ბასკების რეგიონშიც საპროტესტო ტალღა აგორდებოდა, მაგრამ ფინანსურმა შეღავათებმა და გადასახადებზე ადგილობრივმა ავტონომიამ, რომელიც ოფიციალურმა მადრიდმა ბასკებს დაუთმო, შესანიშნავად ითამაშა შემაკავებლის როლი და რეგიონში სტაბილური გარემო შეინარჩუნა.
იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა „რისორჯიმენტო“ XIX საუკუნის მეორე ნახევრის მოვლენაა და მის ავანგარდში ჯუზეპე გარიბალდი, დიდი იტალიელი პატრიოტი და გენერალი იდგა. მართალია, ერთიანი სახელმწიფოს შექმნა მოხერხდა, თუმცა დიალექტური სხვაობებით დაწყებული და ეკონომიკურით დამთავრებული, აპენინის ნახევარკუნძულის რეგიონებში სეპარატიზმი დღემდე აქტუალურია. მატეო სალვინის ჩრდილოეთის ლიგა, რომელიც პოპულარული პარტიაა, დიდი მხარდაჭერითა და საინტერესო წარსულით გამოირჩევა - 2013 წლამდე ლიგა პადანიის (იტალიის ჩრდილოეთი ნაწილის) დამოუკიდებლობას ითხოვდა. 2010 წლის მონაცემებით, ჩრდილოელთა 45% ემხრობა იტალიისგან გამოყოფას და პადანიის ფედერაციის შექმნას. ჩრდილოეთის ლიგამ ბოლო პერიოდში შეცვალა სტრატეგია და, დამოუკიდებლობის მოთხოვნის ნაცვლად, მეტი ფისკალური ავტონომიის მიღწევას ცდილობს.
კორსიკელები საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებული თავდადებით ებრძოდნენ დამპყრობლებს. წინა საუკუნის 60-იანი წლებიდან ნაციონალიზმის ახალი ტალღა დაიბადა კუნძულზე, რომელიც დღეს საფრანგეთის რესპუბლიკის კუთვნილებაშია. ახალი კორსიკული ნაციონალიზმი პოლიტიკურია - იგი ძალადობრივ ხასიათს არ ატარებს. XIX საუკუნის შემდეგ, კორსიკელებს დემოგრაფიული პრობლემები შეექმნათ - მათი რიცხვი მცირდება, რასაც ადგილობრივები ეკონომიკურ ფაქტორებს, ინდუსტრიების არარსებობას მიაწერენ. დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები კუნძულზე მხოლოდ 10%-იან მხარდაჭერას ფლობენ და რეფერენდუმი, რომელიც კორსიკაში 2003 წელს ჩატარდა და ავტონომიური უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებდა, 51%-ით იქნა უარყოფილი. პოლიტიკურ წარუმატებლობას კორსიკელები მიაწერენ საფრანგეთის საემიგრაციო პოლიტიკას, რომლის შედეგადაც კუნძულზე ადგილობრივები (კორსიკაში დაბადებულები) მოსახლეობის 56%-ს შეადგენენ. ბევრი შიშობს, რომ უსამართლობის განცდამ და პოლიტიკური პროცესისადმი იმედების დაკარგვამ, შესაძლოა, კორსიკელი ნაციონალისტების რადიკალიზაცია გამოიწვიოს...
საფრანგეთში, კერძოდ მის ჩრდილო-დასავლეთში, ბრეტანის ნახევარკუნძულზე, მდებარეობს კიდევ ერთი საინტერესო რეგიონი - ბრეტანი. მეხუთე საუკუნეში ამ ტერიტორიაზე დასახლდნენ კელტები, რომლებიც ანგლო-საქსონთა შემოსევებს გამოექცნენ დიდი ბრიტანეთიდან. 1547 წლამდე, სანამ ტერიტორიას საფრანგეთი შეიერთებდა, ბრეტანი კულტურულ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ნახევარკუნძულზე სეპარატისტული მოძრაობა გაჩაღდა. გამოკითხვებით, ბრეტანის მცხოვრებთა 37% თავს ბრეტონად მიიჩნევს, ხოლო 48% - ფრანგად. აღსანიშნავია, რომ, კატალონიურის მსგავსად, არსებობს ბრეტონული ენაც, რაც ხშირად იდენტობის მნიშვნელოვანი ელემეტია. ენის პოლიტიკური მნიშვნელობა ერთიანობის თუ სეცესიის პროცესშიც ძალიან დიდია. მაგალითად, ჰოლანდიურენოვანი ტერიტორიების ან ავსტრიის გერმანულენოვანი მიწების ბელგიური სეპარატიზმი მთლიანად ამ ენობრივ პოლიტიკურ ღერძს ემყარება.
ქართული კონტექსტიდან გამომდინარე, რთულია მსგავს პროცესებზე საუბარი, ერთი მხრივ, ჩვენს ისტორიულ ტერიტორიაზე არსებობს აფხაზეთის და სამაჩაბლოს სეპარატისტული რეგიონები, ხოლო, მეორე მხრივ, გვაქვს იმპერიებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება და ისტორია, 26 მაისი და ორი 9 აპრილი, როგორც მსხვერპლისა და გამარჯვების სიმბოლო. ჩვენს მოკავშირეებს შეგვიძლია გონიერი ხელისუფალი და ძლიერი ეკონომიკა ვუსურვოთ, დანარჩენს ხალხის ნება და დემოკრატია გადაწყვეტს.
რუკაზე აღნიშნულია რეგიონები, რომლებშიც სეცესიის მომხრე მოძრაობები პოპულარობით სარგებლობენ.