Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტოპ 5 გასილაქება პარლამენტში

07 ოქტომბერი 2019
ილუსტრაცია: ანა ჯიბლაძე

სულ მცირე ხნის წინ, უხამსი და პროვოკაციული ღლიცინისათვის, ეკა ბესელიამ ხელი აღმართა ზარდიაშვილზე.'

ასე აღიბეჭდა კიდევ ერთი სურათი ჩვენს გონებაში გამოპრანჭული პარლამენტარებისა, ერთმანეთს რომ ყველაფრისთვის იმეტებენ.

თუ სულხან-საბას მივყვებით, ზარდიაშვილს ტუჩებზე მირტყმული (როგორც ძველთაგან ურტყამდნენ ტუტუცებს) როგორმე გადაუვლის, აი, ეკას კი გულის ტკივილი და წყენა შეიძლება ძალიან დიდხანსაც გაჰყვეს.

თუმცა ზარდიაშვილისგან აბა ვის რა უნდა ეწყინოს?!

ასეა თუ ისე, გთავაზობთ ტოპ 5 გასილაქებას პარლამენტართა შესრულებით.

5.

ხუთეულს ხსნის შთამბეჭდავი ტყლაშანი, დავით ბერძენიშვილის შესრულებით. თუმცა ეს დასამახსოვრებელი ხმა ბოკერიას სახის დამსახურება უფროა. უნდა აღინიშნოს, რომ გიგა არ დავარდნილა და ოდნავ გადახრილმა უმწეო წიხლიც მოიქნია.

ჟურნალისტებთან ყველაფერს ამომწურავად ჰყვება ბერძენიშვილი: „გივი თარგამაძემ შეაგინა კობა დავითაშვილს, შემდეგ დაარტყეს ხელი ბეჟან გუნავას, გუშინ გიგა ბოკერიამ შეაგინა ლევან ბერძენიშვილს, დღეს დაადასტურა, ღირსი იყო და მაგიტომ შევაგინეო, ამიტომ გიგა ბოკერიასაც მოხვდა“. ასეთი ამბავი იყო და ამ ორომტრიალს კიდევ მივუბრუნდებით.

აქვე ისიც ვახსენოთ, რატომ დაიწყო აყალმაყალი და ცხარე კამათი, მუშტი-კრივში რომ გადაიზარდა.

წინა დღით ჩატარდა მოჭიდავეების ლეგენდარული აქცია. არაერთხელ რომ გაგვიხსენებია და ცალკე გადაცემებიც რომ მიუძღვნიათ. დაჭერილი იყო ყოფილი რეკეტიორი „ჯღანა“ , რომლის გამოშვებასაც ერთობ ძლიერი ხალხი ითხოვდა. ეს იყო პირველი ხმაურიანი აქცია „ვარდების ხელისუფლების“ პირობებში.

მახსოვს, ხალხი მიშას ელოდა, აბა ისე თუ გავა ხალხში, როგორც შევარდნაძე გადიოდა ხოლმეო. ელოდნენ, მაგრამ არ გამოჩენილა, ისიც ითქვა, ქვეყანაში არ არის, ვიზიტით არის წასულიო.

ასევე მახსოვს უშიშროების და პროკურატურის თანამშრომლები სამოქალაქო ფორმებში გამოწყობილები, მათ შორის ჩემი ოჯახის ახლობელიც, რომლის ეკრანზე გამოჩენამაც ძალიან გამახალისა.

თურმე არ იყო სახალისო ამბავი.

კამათიც იმას მოჰყვა, რომ სიტყვის თავისუფლება შეილახა და ხალხში შეპარულმა სამართალდამცველებმა პროტესტანტები მანქანებში შეტენეს.

ლეგენდარული კი ეს აქცია დაკავებულის გამო იქცა. „ჯღანა“ ყოველთვის ის კაცი იყო, დავალებას რომ იღებდა და ასრულებდა. თავის დროზე ამ დავალებებს კრიმინალური ავტორიტეტებისგან იღებდა, მერე როცა კრიმინალებთან ომი დაიწყო, დარჩა პატრონის გარეშე და დაიჭირეს. თუმცა მალევე გამოვიდა და ახალი პატრონიც ნახა, ნაცმოძრაობის სახით.

არა მხოლოდ მან, კიდევ ბევრმა კუნთმაგარმა თავზე ნიღაბი ჩამოიმხო და სტაჟიან დამრბევლად იქცა. აი როცა ტელევიზორებთან მიმსხდრები კითხვას სვამდით - „ნეტავ ვინ არის ეს ხალხი, ნიღბით რომ იფარავენ სახეს და ასე უმოწყალოდ იმეტებენ ადამიანს?!“ - პასუხიც აქვეა: „ჯღანა“ და მისნაირნი, პურის ფულს რომ სხვანაირად ვერ შოულობდნენ.

4.

„შენ მოგიტყნავ კეთილებს!“ - იმ პერიოდის ყველაზე პოპულარული სიტყვები, რითაც კვირიკაშვილმა ზოოფილური მისწრაფება გამოავლინა მელიას კეთილების მიმართ. კეთილები კი საკმაოდ ფართო და საკამათო ცნებაა, ცოტათი უკმაყოფილების გრძნობაც დაგვიტოვა, რომ უფრო ლამაზად არ დაკონკრეტდა.

მძიმე დრო იყო პრემიერისთვის, მის თავს რომ რაღაც ცუდი ამბები ტრიალებდა, კი ვიცოდით. ნათელი მოგვიანებით მოეფინა, ანაკლიის საქმეში მისი გვარი რომ გამოიკვეთა და ისიც ახსენეს, ამ ამბავს გადაჰყვაო.

ამავე დროს, გრეჩიხებმა და იმდროინდელმა სპორტის მინისტრმა რაღაც ვერ გაიყვეს, ძმებს ძველი მეგობრის იმედი ჰქონდათ ამ საქმეში, თუმცა არაფერი გამოვიდა. მერე ეს ამბავიც გასკდა და პრემიერმა შინაურებისგან საყვედურიც მიიღო - კი, ძალიან გვიყვარდი, გიორგი, მაგრამ აბა ეხლა მეგობარი როგორ დაგიძახოთო.

ნამდვილად საწყენი სიტყვებია.

ამას კიდე დაერთო პარლამენტში მისვლა, სადაც ზუსტად ის კაცი დახვდა, რომელმაც ცეცხლზე ნავთის დასხმა გადასარევად იცის. შენი დრო უკვე წავიდა, მალე მოგხსნიან და დაგიჭერენ კიდეცო.

აქ დაკარგა მოთმინება სანიმუშო პრემიერმა და ისტორიას დარჩენილი სიტყვებიც გაისმა. - შენ მოგიტყნავ კეთილებს! შენ მოგიტყნავ კეთილებს! შენ მოგიტყნავ კეთილებს! - ასე, ექოსავით წაიღო...

3.

1992 წლის ჩხუბი პარლამენტში. ჩხუბი რა გასაკვირია, ომი იყო...
თუმცა საინტერესო აქაც ბევრია. კადრები შემორჩენილია და, ერთი შეხედვით, ზოოპარკია. სულ უკანა რიგში ორი უაღრესად კინემატოგრაფიული სახე ზის, ჰორმონებმოჭარბებული მოზარდებივით ადგილზე ვერ ისვენებენ, ხელებს მოსამართლის ჩაქუჩივით იქნევენ და მელოდიურად ყვირიან - წესრიგი!

ჯაბა სადღაც შუაში ზის და ეცინება. მისი ხელის მოძრაობებიც ყველას ექნება ნანახი და რას გამოხატავს, კაცმა არ იცის.



ჩხუბი კი აქაც საოცარია. თავმჯდომარესთან, ანუ შევარდნაძესთან ახლოს მიდის ერთი ხნიერი კაცი, რომლის არც სახელი ვიცი, არც გვარი, ვერც სახეს ვხედავ, მაგრამ მელოტია და ალაგ-ალაგ შეთეთრებულიც. მიდის ფურცლებით და რაღაცას ამბობს.

ამ დროს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ რჩეულიშვილი ძალიან მშვიდად ჭიქაში ასხამს „ბორჯომს“ და სახეში ასხამს ამ ხნიერ მამაკაცს.

მერე კი დგება გაჯგიმული.

ფეხებსაც ვერ მომჭამთ, მოადგილე ვარო.

ბაბუს რეაქცია საერთოდ არ აქვს. არც „ბორჯომის“ შესხმაზე და არც იმ კაცისგან მოქნეულ ტელეფონის ყურმილზე.

ზის მშვიდად და ამ სიმშვიდესაც, რა თქმა უნდა, აქვს თავის მიზეზი:1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნები უბარიეროდ ჩატარდა, რამაც ყველა მონაწილე პარტიას მისცა საშუალება,პარლამენტში ერთი დეპუტატი მაინც ჰყოლოდა. შევარდნაძის აზრით, არეულ ქვეყანაში ჯობდა ყველა პოლიტიკური პრეტენზიის მქონე ჯგუფს, რაგინდ მცირე და უმნიშვნელო ყოფილიყო ის, თავი ეგრძნო პროცესის მონაწილედ და მოშორებოდა ქუჩას. - შესაბამისად, ელოდა კიდეც იმ სიტყვებს, რაც იქ ისმოდა და იმ ქცევასაც, რაც იქ ხდებოდა.

2.

„ნუ ბლატაობ, შე ჩმორო!“ - უთხრა სოსომ გიას, ადგა და გაემართა მის მისაჯირყვნად, გზაში ფეხიც დაუცდა და უხერხულად დაეფერთხა, ამიტომ ფეხზე წამომდგარი უფრო გაცეცხლებული იყო, ვიდრე მანამდე.

მოკლედ, დიდი ვერაფერი სანახაობა. მაგალითისთვის შეხლა-შემოხლით ვერ შეედრება კიდევ ერთ სიმღერას პარლამენტართა ქრონიკებიდან, სახელწოდებით „ბობოხიძე ყველას წინააღმდეგ!“, მაგრამ უპირატესობა მაინც ამ დაპირისპირებას მივანიჭე, რადგან,ჩემი მოკრძალებული აზრით, ლინგვისტური საოცრებაა.

ვერბალურად გასროლილ გაუგონარ სიტყვათა შეთანხმება (არა, ეს სიტყვები ადრეც გამიგონია, მაგრამ ისეთი პათოსით ითქვა, რომ თავის თავს არ ჰგავდა) ვერც მანამდე ნათქვამს მოერგო, ვერც აღნიშნულ შენობას, ვერც მათ სტატუსს, ვერც წარსულსა და მომავალს.

მაინცდამაინც ეს სიტყვები დაიჭირა სოსომ გონებაში და რატომაც არა: „ნუ ბლატაობ, შე ჩმორო!“

ეს ის ამბავია, სადაც ჩმორის ბლატაობა იმაზე წინ იყო ნაფიქრი, ვიდრე ის მთავარი ამბავი, რაც მანამდე ითქვა. აფრასიძეების აოხრება სვანეთში. ორი რამ ნამდვილად ვიცით:

ერთი ის, რომ აფრასიძეები ყაჩაღობდნენ, ხალხსაც იტაცებდნენ, მათ შორის ტურიტებსაც, რითაც კლავდნენ სვანეთში ყოველნაირი განვითარების საშუალებას, რადგან ეს მხარე მხოლოდ ტურიზმით თუ მიიღებს შემოსავალს.

მეორე კი ვიცით ის, რომ შეტევა ნამდვილად არაადამიანური იყო და, როგორც ბარამიძესა და მის შემკვეთებს სჩვეოდათ, საჩვენებელი. აი ამას ასე ვუქენით და თქვენც ჭკვიანად იყავითო.

ეკლესიის დარბევისა არ იყოს... იქაც ხომ გაჯგიმული იდგა.

1.

ზემოთ შეგპირდით,რომ „ჯღანას“ გარშემო ატეხილ ამბავს მივუბრუნდებოდი და აგერ დავუბრუნდი კიდეც. რაღა დაგიმალოთ და, ჩემი საყვარელი სიმღერაა პარლამენტართა ქრონიკებიდან, რომელსაც ჟამთააღმწერელმა „ჭვინტის გაქნევა“ უწოდა.



ჭვინტი კი დავით კირკიტაძის იყო. თანაც, ძალიან წვეტიანი ფეხსაცმლის, ჩვენში „წვეტასებს“ და კიდევ ათას სახალისო სახელს რომ უწოდებენ.

საგმირო საქმის მომთავრებისას, ჩაწერილ ინტერვიუში, მოხერხებულმა ოპერატორმა მისი „წვეტასის“ შემოგარენიც გვანახვა, რომელსაც ირგვლივ გალავანივით ერტყა რაღაც უცხო რკინის ორნამენტი.

ნამდვილი ეშმაკის მანქანებაი! - პირდაპირ ბეჟან გუნავას... არ ვიცი სად. ხალხი იდგა და ვერ დავინახე.

საქმე კი მხოლოდ ფეხსაცმელში არ არის. საქმე მოძრაობაშია.

ატეხილი ჩხუბისას ბეჟანს უცხო კაცის ხელი ხვდება, საშინლად შეურაცხყოფილად გრძნობს თავს და ცდილობს, გამშველებლებისგან თავი დაიხსნას. დიდი მოლია შეკრული და ისე ერკინება ირგვლივ მყოფებს, რომ თქვენი მოწონებული!

თანაც ყვირის - გამიშვით, ასე და ისე ვუზამ, მაგან ხელი ვის დაარტყაო!

სწორედ ამ დროს, როცა ბეჟანი თვალდახუჭული იბრძვის, მორკინალებს ეპარება კირკიტაძე, სხვა სიტყვას უბრალოდ ვერ ვიტყვი. ეპარება იაგუარივით, თუმცა მტაცებელივით ნაღდად ვერ მოიქცა.

დაფარულად გაიქნია ჭვინტი. ბეჟანს ატკინა და ისე გაეცალა, თითქოს იქ არც ყოფილიყოს.

დაილოცოს კამერა და ოპერატორის ღირსეული თვალიც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^