ცნობილი მოსწრებული გამონათქვამი - „მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში“ - სრულად განხორციელდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი ორგანოს წევრთა ბოლო ვიზიტისას.
წარმომადგენლობით, დიპლომატიური ფორმატითა და პოლიტიკური შინაარსით, ეს ვიზიტი მკაფიოდ ასახავს ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ რეალიებს, აქედან გამომდინარე, ორმხრივ შესაძლებლობებს და რისკებსაც - მაქსიმალისტური მოთხოვნებით ან გადაჭარბებული მოლოდინებით, შესაძლოა, დავანგრიოთ ევროატლანტიკური ცივილიზაციის სამხედრო „ფართან“ ურთიერთქმედების მთელი „არქიტექტურა“, რომელიც ვერ წყვეტს და ვერც გადაგვიწყვეტს ყველა პრობლემას, თუმცა მაინც არ აძლევს საშუალებას აგრესორს, გადმოლახოს „წითელი ხაზები“. მაშასადამე, ტოვებს შანსს სამომავლო გარღვევისა, - როგორც კი ობიექტურად ცვალებადი გეოპოლიტიკური მოცემულობანი რეალურად შეიცვლება ჩვენს რეგიონში.
დიპლომატიას თავისი „ენა“ აქვს. ძალიან რთული, დახვეწილი და რაფინირებული.
საქართველოს მეხუთედ ეწვივნენ NATO-ს უმაღლესი ორგანოს, „ჩრდილოატლანტიკური საბჭოს“ წევრები. ოფიციალურად, ეს არის „NATO-ს საბჭოს ვიზიტი საქართველოში“, მაგრამ ამჯერად არ არის „NATO-ს საბჭოს გასვლითი სხდომა საქართველოში“.
ამ ნიუანსს დიდი მნიშვნელობა აქვს. „NATO-ს საბჭომ“ გასვლითი სხდომა ელჩების, ანუ წევრი სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენელთა დონეზე საქართველოში გამართა მხოლოდ ერთხელ: 2008 წლის შემოდგომაზე, ესე იგი, აგვისტოს აგრესიიდან მცირე ხნის შემდეგ. ამით გააფრთხილა მოსკოვი, რომ ამ აგრესიის შედეგად დამდგარ ძალთა წონასწორობას მიიჩნევს იმ „წითელ ხაზად“, რომელსაც მოსკოვი ვერ გადმოლახავს. ყოველ შემთხვევაში, სერიოზული და მისთვის მიუღებელი გართულების გარეშე.
მას შემდეგ, „ჩრდილოატლანტიკური საბჭო“ ოთხჯერ ეწვია საქართველოს ვიზიტით. ამჯერადაც, ამ „დიპლომატიური ფორმატის“ ფონზე გაიმართა NATO-საქართველოს ერთობლივი კომისიის სხდომა. „ევროატლანტიკურ კავშირს“ (ალიანსის კიდევ ერთი არაოფიციალური სახელწოდებაა - „მოკავშირეებთან“ (Allies) ერთად) წარმოადგენდა არა გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, არამედ მისი მოადგილე როუზ გეტმიულერი. რა თქმა უნდა, უფრო დაბალი რანგია, ვიდრე გენმდივანი, მაგრამ აქაც ნიუანსებს აქვს არსებითი მნიშვნელობა: ეს ქალბატონი ათწლეულებია ძალზე გავლენიან ფიგურად არის აღიარებული ალიანსის უმაღლეს იერარქიაში. იცვლებიან გენერალური მდივნები, როუზ გეტმიულერი კი რჩება. ჯერ კიდევ შორეულ 1990-იან წლებში იგი ექსპერტად იყო მიწვეული ბრიუსელის შტაბ-ბინაში და თანდათან განვლო იერარქიული საფეხურები.
რატომ არ ჩამოვიდა ამჯერად თვით გენერალური მდივანი? ამ საკითხზე გადაჭრით მსჯელობა ძნელია; შეიძლება მხოლოდ ფრთხილად ვივარაუდოთ ორი ალბათობა: მიუხედავად აგრესიული „ბორდერიზაციისა“, იგი 1984 წლის ე.წ. „საბჭოთა საზღვრებს“ არ სცილდება, ამდენად, ბრიუსელი მას ჯერჯერობით „წითელი ხაზის გადმოკვეთად“ არ მიიჩნევს; ან მეორე მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ იმავე უმაღლესმა იერარქიამ ნაჩქარევად და უდროოდ მიიჩნია ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის წინადადება NATO-ს წესდების მეხუთე, ფუძემდებლური მუხლის რეფორმის თაობაზე საქართველოს გამო. ეს ინიციატივა ადრეც გვსმენია, ყოფილი გენერალური მდივნის გამონათქვამი მაინც სხვა რანგისა და წონის მოვლენად ფასდება. ამიტომაც მოჰყვა სამხრეთ კავკასიაში NATO-ს მუდმივი წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის საკმაოდ მკვახე პასუხი.
სხვათა შორის, ბატონი აპატურაი, ისევე როგორც როუზ გეტმიულერი ბრიუსელის დიდი ხნის „ბინადარია“: 1990-იან წლებში, ეს ინდური წარმოშობის კანადელი რამდენიმე გენერალური მდივნის პრესოფიცერი იყო. ანუ, მანაც ძალიან კარგად იცის, თუ რაზე მსჯელობს და რას მიიჩნევს დასაშვებად ამ ეტაპზე (!) NATO-ს ელიტა, რომლის ინტერესებსაც „აღმასრულებელი იერარქია“ გამოხატავს.
საერთოდ რომ მსჯელობს და ვარიანტებს განიხილავს - ესეც უდავოდ დადებითი ფაქტია. სხვაგვარად, ასე „შემთხვევით“ და „არაფრისგან“ არასდროს ხდება: თუნდაც ყოფილი გენერალური მდივანი კონტროვერსიულ ინიციატივას გვთავაზობდეს.
დიპლომატიური ღონისძიებებისათვის დამახასიათებელი პოლიტესისა და ფრაზეოლოგიის მიღმა უნდა შეგვეძლოს ნამდვილი მესიჯების „ამოკრეფა“. ქალბატონმა გეტმიულერმა განაცხადა: „ერთხელაც იქნება, საქართველო NATO-ს წევრი გახდება და მე ველი ამ დღეს“. მანვე „უნიკალური“ უწოდა საქართველო-NATO-ს 30-წლიან პარტნიორობას.
ერთი შეხედვით თითქოს უცნაურია „30 წლის“ ხსენება ამ კონტექსტში, თუმცა არა მგონია, ესოდენ გამოცდილ დიპლომატს და მოღვაწეს უბრალოდ შეშლოდა: მან ამით დიპლომატიურ ენაზე თქვა, რომ ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, რაც 1989 წელს დაიწყო, სწორედაც „ევროატლანტიკურ სივრცესთან“, მათ შორის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პარტნიორობას გულისხმობდა იმთავითვე.
შესაძლოა, ქალბატონ როუზს არ ახსოვს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს: როდესაც 9 აპრილის ჯალათმა, პირსისხლიანმა გენერალმა როდიონოვმა, სსრკ სახალხო დეპუტატთა პირველ ყრილობაზე (1989 წლის მაისი) მის მიერ დარბეული მიტინგის ლოზუნგები წაიკითხა ბრალმდებლის ტონით, ერთ-ერთი მათგანი იყო მიმართვა NATO-ს - „შემოიყვანოს ჯარები საქართველოში“.
იგულისხმა თუ არა ეს გენმდივნის მოადგილემ, როდესაც „30 წელი“ ახსენა? ძნელი სათქმელია, თუმცა რაც ითქვა, ნამდვილად ითქვა.
ბუნებრივია, NATO-საქართველოს ურთიერთობებში უდიდესი წვლილი შეიტანეს იმ გმირმა, სულმნათმა ბიჭებმა, რომლებიც შორეულ ავღანეთში თავისი ქვეყნისთვის (ხაზს ვუსვამ: თავისი ქვეყნისთვის!) დაიღუპნენ. მათი ხსენება და მადლიერების გამოხატვა რეფრენად გასდევდა არა მხოლოდ როუზ გეტმიულერის, არამედ ყველა სხვა სტუმრის გამოსვლას თბილისსა თუ ბათუმში. ეს უკვე მხოლოდ „მორალური დომინანტი“ როდია - პოლიტიკური ფაქტორიცაა, გამომდინარე ალიანსის წმინდად პრაგმატული, მუდმივი ინტერესებიდან: NATO არის „მოკავშირეობა“. ამიტომაცაა მისი არაოფიციალური სახელწოდება „Allies“. და ამ ღირებულების უგულებელყოფა პრაგმატულად დაუშვებელია, განურჩევლად იმისა, ოფიციალურია ეს მოკავშირეობა, თუ (ჯერ) არ არის გაფორმებული შესაბამისი სტატუსით.
რაც შეეხება ბათუმში გამართულ NATO-საქართველოს სხდომას: მნიშვნელოვანი ნაბიჯია თუნდაც იმის დეკლარირება, რომ იწყება მუშაობა უელსის სამიტზე მიღებული „თანამშრომლობის არსებითი პაკეტის“ განახლებაზე. ისევ და ისევ, დიპლომატიურ ენაზე ეს მიანიშნებს საქართველოსთან ალიანსის ურთიერთობათა დინამიკურობაზე (არა სტატიკურობაზე), რაც სერიოზული „გზავნილია“ მტერ-მოყვრისთვის.
ასევე საყურადღებოა აქცენტი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, სანაპირო დაცვის საშუალებათა დათვალიერება და იმის დემონსტრირება, რომ რაკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სამი ქვეყანა (თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი) შავიზღვისპირა სახელმწიფოა, საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობა, ფორმულით „29+2“, სავსებით შესაძლებელია. ამის შესახებ არა მხოლოდ ბათუმში, არამედ ბრიუსელშიც უკვე იყო საუბარი ოფიციალურ დონეზე და უეჭველად განიხილება მომავალ სამიტებზეც.
ამაზე მეტს NATO დღეს საქართველოს ვერ შესთავაზებს. მაგრამ ის „პოლიტიკური ინფრასტრუქტურაც“ კი, რასაც ალიანსი ჩვენს ქვეყანაში ამჟამად ქმნის, გარკვეულწილად უკვე ასრულებს „შემაკავებელი ჯებირის“ ფუნქციას რუსეთის მიმართ, რათა მან 2008 წელს დადგენილი „წითელი ხაზი“ არ გადმოკვეთოს.
მკაფიო მაგალითია სოფელ წნელისთან აგვისტოში განვითარებული მოვლენები, როდესაც ცხინვალის ხელისუფლებამ ჯერ ულტიმატუმის ფორმით მოითხოვა საპოლიციო საგუშაგოს აღება, შემდეგ კი ეს ულტიმატუმი დაივიწყა. ამას რომ ბრიუსელის ბრძანებით არ გააკეთებდა, ცხადია.
თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლებასაც სიფრთხილე მართებს ამგვარ სიტუაციებში, რათა არ წამოვეგოთ პროვოკაციებს და თავად არ გადავკვეთოთ ის „წითელი ხაზი“, რომელიც უხილავად (ზოგჯერ კი ხილულად) ყოფს ქვეყნის თავისუფალ ტერიტორიას ოკუპირებულისაგან.
სამწუხაროდ, საზოგადო აღქმის თვალსაზრისით, NATO-ს ჩვენში სრულიად არარეალური მოლოდინები უკავშირდება, რაც ამ ორგანიზაციის დეფორმირებული (ხშირად მიზანმიმართულად დეფორმირებული) აღქმითაა განპირობებული.
მაგალითად, ხშირად ისმის: „NATO-ს ჯარები“ ან „NATO-ს ბაზები... არადა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არანაირი „ჯარები“ არ ჰყავს და, ბუნებრივია, ვერც „სამხედრო ბაზებს“ დააფუძნებს სადმე. NATO არის ერთგვარი ჩარჩო (Framework). შესაბამისად, მხოლოდ პოლიტიკურ, ზოგჯერ გეოპოლიტიკურ „ფონს“ ქმნის, რომელზეც მისი ძლიერი და შემძლე აქტორები იწყებენ შემდეგ მოქმედებას (On the ground).
ბუნებრივია, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც ნამდვილად ძალუძს, სიტუაციის მომწიფებისა და პრაგმატული ინტერესის შემთხვევაში, ისარგებლოს ამ „ფონით“, ესე იგი, იმ „პოლიტიკური ინფრასტრუქტურით“, რომელიც რეალურად უკვე არსებობს ჩვენს ქვეყანაში.
დღესვე არსებობს! განურჩევლად იმისა, აქვს საქართველოს ოფიციალურად MAP თუ არა.
ეს არცაა არსებითი იმდენად, რამდენადაც ხსენებული „მატრიცა“, რომელიც თანდათან იქსოვება აი ასეთი, თითქოსდა „რუტინული“ და ზოგიერთთა აზრით „არაფრის მომცემი“ ვიზიტებით. ოღონდ, როგორც კი (იმედი ვიქონიოთ) ამის მრისხანე გეოპოლიტიკური აუცილებლობა დაუდგებათ „მოკავშირეებს“, NATO-ს ლიდერი სახელმწიფოები აღარც „მეხუთე პუნქტს“ მიანიჭებენ გადამწყვეტ მნიშვნელობას და არც „საგზაო რუკას“. თუმცა დღეს ამის არც შესაძლებლობაა, არც (მათთვის) პრაგმატული აუცილებლობა. ამიტომაც, „დიდი ატლანტიკური ალიანსი“ საქართველოში შემოსულია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია და რამდენადაც მას სჭირდება.
არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, ჩვენთვის ესეც არ არის ცოტა. პირიქით, ძალიან ბევრია, თუ გავითვალისწინებთ, რა გეგმები და ზრახვები აქვს (აღარც მალავს) კრემლს პოსტსაბჭოური სივრცის, მათ შორის საქართველოს მიმართ.