Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"რბილი შეხება" ხილვებთან

08 ოქტომბერი 2019
რეჟისორ დანიელე ფინცი პასკას მიერ შეთხზული ჩეხოვი თბილისის სართაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

ამბიციური რეჟისორების მარადიული ლტოლვა თუ ცდუნება, დაინახონ ჩეხოვი ახალ განზომილებაში, იოლი გასაგებია. დროთა განმავლობაში მისი დახვეწილი და გამძლე დრამატურგია თითქოს არანაკლებ გამძლე, ჰერმეტულ და დახვეწილად მოხატულ სივრცეში გამოკეტეს, რომლის გასაღები დაკარგულია... შესაძლოა, სწორედ პერფექციონისტული სურვილი უბიძგებდა თავის დროზე სახელოვან მიხეილ თუმანიშვილს, რომ წლების განმავლობაში დაუსრულებელი „ალუბლის ბაღის“ გასაღები მოენახა.

ბრუკის, სტრელერის, ნეკროშუსის, შტაინის, ლუბიმოვის კლასიკური და ყოვლისმომცველი ინტერპრეტაციების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლი „დონკა: წერილები ჩეხოვს“, დიდი რუსი მწერლის თემებზე შეთხზულ თავისუფალ ვარიაციებს უფრო ჰგავს, ვიდრე მყარი და სიუჟეტური სტრუქტურის მქონე სპექტაკლს.

უცნაური, ჰაეროვანი, მელანქოლიური და ჯადოსნურ-საცირკო ატმოსფეროთი გაჯერებული წარმოდგენის რეჟისორია დანიელე ფინცი პასკა - შვეიცარიელი რეჟისორი, სცენარისტი, ქორეოგრაფი და კლოუნი, რომელმაც 25-ზე მეტი წარმოდგენა შექმნა ლოზანაში, მის მიერ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაარსებულ Teatro Sunil-თან ერთად. მისი საავტორო თეატრი მართლაც განსაკუთრებულია ჯამბაზებით, ეკვილიბრისტებით, მუსიკოსებითა და დრამატული მსახიობებით, რომლებიც სცენაზე სპეციალური ტექნიკით მუშაობენ. ტყუილად არ უწოდა ფინცი პასკამ მის მიერ დაარსებულ თეატრს „რბილი შეხების თეატრი“.

ყბადაღებული და კლასიკური „ჩეხოვის ატმოსფერო“, რომელსაც, როგორც წესი, რეჟისორები მისი პიესების ან მოთხრობის ტექსტისგან აშენებენ, ამჯერად გამძაფრებულია ვიზუალური და საცირკო ატმოსფეროთი: მსახიობები საქანელებზე ქანაობენ, ჟონგლიორები ბურთებით თამაშობენ, სამი ჰაეროვანი ქალი (სავარაუდოდ სამი და) ყინულოვანი ჭაღის გასწვრივ საოცარ კულბიტებს აკეთებენ. ჩრდილების თეატრის მომნუსხველი პოეტურობა მოულოდნელად იცვლება პენოპლასტისგან „გაკეთებული“ ციგურების სცენით... თეთრსამოსიან ქალებსა და კაცებს სცენაზე მოსრიალე საწოლებში ვიხილავთ, სცენას „პალატა N6“-ის ტექსტის ფრაგმენტი ედება. საერთოდ, სიტყვების, ფრაზების და შესატყვისი მოქმედების კავშირი ხილვებსა და ფანტასმაგორიულ სანახაობას ჰგავს; დაახლოებით ისე, როგორც ფელინის ფილმებში. რამდენიმე სცენა კი შესაძლოა, ვიაჩესლავ პოლუნინის ძალიან ცნობილ „თოვლის შოუს“ პოეტურ სევდაც გაგახსენოთ.

და მაინც, ყველაზე მეტად, ფინცი პასკას „დონკა“ ევროპული დეკადენტური კულტურის, პოეტური ცირკისა და ჩეხოვის ტრაგიკომიკური ტექსტების სინთეზს გვაგონებს, რომლის მიღმა საკუთრივ რეჟისორის პოზიციაც იკითხება  - რაც შეიძლება გააფართოოს ჩეხოვის ტექსტობრივი თუ წარმოსახვითი სამყარო ახალი, ნატიფი ვიზუალური შეგრძნებებით და ინტუიციით. სიკვდილი, როგორც სიცოცხლესთან მუდმივი თამაში, მოთხრობილია განსხვავებულ და კონტრასტულ ტონალობაში. მაგალითად, ექიმები მოულოდნელად დრამატულად წაიმღერებენ ჩებუტიკინის ცნობილ სახუმარო ფრაზას „ტარა-რა-ბუმ, ტარა-რა-ბუმ“. ახალგაზრდა ქალები კი სამგლოვიარო კაბებში (გადაძახილი მაშასთან, „თოლიაში“) მხიარულად დასრიალებენ სცენაზე, როგორც ყინულის ბილიკზე...

დანიელე ფინცი პასკამ ჩეხოვის სამყაროს ერთდროულად მხიარული საცირკო სანახაობის, ელეგიური წამოსახვისა და ინტიმური დღიურების სიფაქიზე შესძინა. თითქმის ორი საათის განმავლობაში ჩვენ ვუსმენთ აკორდეონის ხმებს, ძველ რომანსებს და ტრადიციულ გუნდებს, ხოლო ჩეხოვის პერსონაჟები - მარადიული სტუდენტები, მედიკოსები, მეოცნებე შეყვარებულები თუ მგლოვიარე გოგოები - ლამის ახალ იპოსტასში წარმოგვიდგებიან. ის ახალგაზრდა „ჩეხონტეს“ ბასრი იუმორის მნიშვნელობასაც გვაგრძნობინებს და უკვე შვეიცარიის კლინიკაში, მომაკვდავი დიდი დრამატურგის მასშტაბსაც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^