Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩალათას იაპონური წერილები: არც ისე ბედნიერნი

07 ოქტომბერი 2019

ჩემს ძველ მეგობარს, გიორგი მეზვრიშვილს, რომელიც 2003 წლიდან მსოფლიო თასზე დასწრებაზე ოცნებობს, მაგრამ დღემდე ვერ მოუხერხებია.

ეჰ, ჩემო გიო, ეს რა გვიყვეს კაცო! მოგვჭრეს თავი საერთაშორისო მასშტაბით უნამუსო კუნძულელებმა. თამაშიდან ოთხი დღე გავიდა და წესით ვალიდოლი უკვე გადაგდებული უნდა გქონდეს, ამიტომ გავბედავ და შემოგთავაზებ საღად შევხედოთ იმას, რაც მოხდა. პირველ რიგში ის ვიკითხოთ, იყო თუ არა კანონზომიერი ფიჯისთან ასე უსახელოდ წაგება და ერთხმად ვუპასუხოთ, რომ იყო. მერე ის ვიკითხოთ, რატომ იყო კანონზომიერი და ჩამოვყაროთ ყველა ის მიზეზი, რაც თავში მოგვივა. და ბოლოს, იქნებ ისიც ვთქვათ რა არის გამოსავალი ამ სულელური ჩიხიდან. 

ვიდრე ამ უმადურ საქმეს მოვკიდებთ ხელს ოსაკაზე მინდა მოგიყვე. მთელი ბავშვობა ზღაპრების კითხვაში გავატარე და აქ ბევრჯერ ვარ ნამყოფი. სანამ ტოიოტას და სონის გავიგებდი, ჯერ კიოტო და ოსაკა გავიცანი. იაპონური ზღაპრების გმირები, ძირითადად ამ ქალაქებს შორის მოძრაობენ და ეს ადგილები ჩემთვის ჩვენი ბავშვობის ბიწმენდივითაა (აჰა, ისევ ის გამახსენდა, მაჩხაანელი რომ ტოკიოს მონახულებას გადაწყვეტს). კარგად მესმის, რომ თანამედროვე იაპონური ქალაქი არც სამურაების სავანეა და არც კუროსავას ფილმების ყაიდაზეა მოწყობილი, ამიტომ ხასიათი რომ არ წამხდომოდა, ჩამოსვლისთანავე წავედი და რამდენიმე საათი ოსაკას სასახლის ბაღში გავატარე. 600 ალუბლის ხე, გიო, 600 მიზეზი იმისთვის, რომ აქ კიდევ ბევრჯერ ჩამოხვიდე. დავდიოდი ბაღში და ნელნელა ვაპარებდი თვალს ცივილიზაციისკენ, რომ ზღაპრული ოსაკადან თანამდეროვე ოსაკაში უმტკივნეულოდ გადავსულიყავი. იმ ოსაკაში, სადაც რამდენიმე საათში ფიჯელებისგან მაგარი ალიყური უნდა მიგვეღო.

ისე, მილტონ ჰეიგის პირველი მაგარი ალიყური სწორედ იაპონიას უკავშირდება. შარშან საკურებმა ამ მიწაზე 28:0 მოგვიგეს და მეგობრულად გვაგრძნობინეს: მსოფლიო თასამდე ერთი წელი რჩება, გასაჭირში ხართ და თავს მიხედეთო. მანამდე ერთი კვირით ადრე, ფიჯელებმაც გაგვაფრთხილეს - მთლად ყოჩაღად ვერა ხართ და მსოფლიოზე დაგიბრიყვებთო. ერთი წელი გავიდა და ყველა წინ წავიდა: იაპონიამ ისე მოუმატა, ირლანდია დააგდო ბეჭებზე და რიგგარეშე მიწისძვრა გამოიწვია ამომავალი მზის ქვეყანაში. ფიჯიმაც მაგარი გუნდი დააყენა და ბობოლებს თუ ვერ უგებს, ისე მაინც ბურთაობს კაცს რომ აუგი არ წამოსცდება. ეგ კი არა ურუგვაის და რუსეთსაც კი არ შეურცხვენიათ თავი და მუღამით თამაშობენ. და ჩვენ? ჩვენ რა შეგვრჩა? ლოზუნგები და ჰეშთეგები. მათ მიღმა კი გადაქანცული და შებოჭილი გუნდი, რომელიც თავის თავს არ ჰგავს. 

თამაშის შემდეგ მთვრალმა შოტლანდიელებმა (რომლებიც იქ რატომ იყვნენ, კაცმა არ იცის) მითხრეს, არ იდარდო, ვის არ მოსვლიაო და კარაოკეში დამპატიჟეს. ვიცოდი, რომ ნასვამ სქოთებთან ურთიერთობა ლინგვისტური თავგადასავალია, მაგრამ მათთან ერთად სიმღერა ნამდვილი ოდისეა ყოფილა. შენ ხომ იცი, რომ კარგა ხანი გართობის ამ სფეროში ვიმუშავე და ჭირივით მეჯავრება, მაგრამ იაპონიაში კარაოკეში არწასვლა პირდაპირ ჯოჯოხეთის მეცხრე წრეში მოხვედრის ტოლფასია, ამიტომ გადავდე თავი და წავყევი. წავყევი და მართლა ჯოჯოხეთში მოვხვდი. წარმოიდგინე  უბანი, სადაც ყველა მხრიდან მთვრალი, უსმენო და უხმო ადამიანების ხრიალი მოდის. თან კარაოკეს მთავარი „ღირსება“ რა არის იცი? - ყველას ჰგონია, რომ გადასარევად მღერის.

ჩვენც ასე გვეგონა, ქართველებს, რომ შერკინებაში გადასარევად ვაწვებოდით და გარკვეული დროის მანძილზე ასეც იყო. თუმცა ყოველთვის მიჩნდებოდა ხოლმე კითხვა: რა იქნება მაშინ, როდესაც  ვეღარ მივაწვებით? როგორც ჩანს აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ამ კითხვაზე პასუხი მიმეღო - არაფერიც არ იქნება. თურმე აქ მთავრდებოდა ჩვენი გუნდის ძალა და დანარჩენს ჩვენ თვითონ ვიგონებდით. როგორც ჩანს ზაფხულის შეკრებაზეც ზუსტად ამაზე გაკეთდა აქცენტი და სათამაშო მრავალფეროვნებაზე არავინ იზრუნა. იმის მაგივრად პრობლემის არსზე გვეფიქრა და მივმხვდარიყავით, რომ რაღაცას საფუძველშივე არასწორად ვაკეთებთ, არსებულის გაშალაშინება დავიწყეთ. შეიძლება ნამეტანი აღმოსავლური სიბრძნესავით ჟღერს, მაგრამ ეს რას ჰგავს იცი? ალუმინის ხმალს გულმოდგინედ რომ გალესავ და მერე უბრალო ფოლადის ხმალი ერთი მოქნევით გაგიტეხავს. ამხელა დრო, ენერგია, ნერვები და ფული დაიხარჯა იმაში, რომ ოქროს ბიჭებისგან გაურკვეველი დანიშნულების აგრეგატი შექმნილიყო. 

კარგია რომ მომდევნო მატჩამდე დიდი დროა, სულის მოთქმას და შეგუებას შევძლებთ. მე ცოტათი აქაურობას შევერევი, ხალხში ავითქვიფები რომ არ მიცნონ და რამე არ მომაძახონ თავის ბარბაროსულ ენაზე, აქაოდა ფიჯიმ როგორ გათრიათო. ოსაკას რომ მოვივლი და ბოლო-ბოლო სუშის გავსინჯავ, მერე დავკრავ ფეხს და შიზუოკას მივაშურებ, ვნახოთ ერთი რა ფერია იქაური ალუბალი. ჯერ იქ არ წაგვიგია ქართველებს, ამიტომ ვერ მიცნობენ. მშვენიერი ზღვისპირა ქალაქი ყოფილა, როგორც გავიგე, ულამაზესი ტაძრებით და სალოცავებით. საერთოდ ზღვაზე რომ მივდივარ გული მისკდება ხოლმე, ალერგიული ვარ ნესტის მიმართ, ბათუმში სამ დღეზე მეტს ვერ ვჩერდები, მერე ნელ-ნელა დახრჩობას ვიწყებ. აქ კიდე სულ ერთია, გინდა ზღვაზე იყავი, გინდა მთაში, ისეთი ტენიანობაა თავი ფინურ აბანოში გგონია. წამალს წამალზე ვყლაპავ და მერე სულ მეძინება. იმედია ძილიდან ძილამდე მოვასწრებ რაღაცეების ნახვას. 

ბოლო მატჩი ავსტრალიასთანაა და მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს: გუნდმა საკუთარ ჯიგარს მოუსმინოს და ისე ითამაშოს. მხოლოდ ბრძოლაში კი არ იყოს ბედნიერი, არამედ თამაშშიც (ისე, ეს სლოგანი მოსაშორებელია, სტალინგრადთან ხომ არ ვართ ეს ოხერი!). საერთოდ ქართველებმა არ ვიცით თამაშის ფასი და შედარებით დაბალი კატეგორიის მოვლენა გვგონია. ამ დროს საწყალი ჰაიზინგა იმის მტკიცებაში მოკვდა თამაში ადამიანური ბუნების უმნიშვნელოვანესი ნაწილიაო. თამაშს კიდევ, ჩემო გიო, სიმსუბუქე ამშვენებს. სიმსუბუქე ხელებში, გონებაში, ნერვებში. ეს დალოცვილი რაგბი კი ჰგავს ერთი შეხედვით ქვის სამტეხლოს, მაგრამ სინამდვილეში ლაღი გული და ცქრიალა გონება სჭირდება. ბიჭების უმრავლესობას ვიცნობ და ვიცი, რომ ორივე აქვთ, მხოლოდ თავისუფლება უნდა მისცენ და დარწმუნებული ვარ, შედეგის მიუხედავად, საწუწუწუნო არაფერი გვექნება. 

მელიტონაზეც მინდოდა მომეწერა, მაგრამ ამ ბარათს აღარ დავამძიმებ, იმ კაცსაც თავისი გასაჭირი აქვს. მასზე და მის შემცვლელზე საუბრის დრო ახლა დგება და მომდევნო წერილებში ჩემს აზრსაც გაგანდობ. მანამდე ყოჩაღად იყავი, თუ არ გამოვჩნდი არ შეგეშინდეს, ე.ი ალერგიის წამალი დავლიე და მძინავს. ჩემპიონატს უყურე, კაი რაგბით ისიამოვნე, ბევრი არ დალიო და გული არ გაიტეხო, როცა ჩამოვალ კენდამას ჩამოგიტან (რა ჯანდაბად გინდა, მაგრამ მაინც).

შენი მეგობარი,

ნიკა ჩალათაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^