ღმერთთან მოჭიდავე იაკობივით და ბევრის მკადრებელი აქილევსივით, მეც გადავწყვიტე, უზენაეს ძალებს შევჭიდებოდი.
ამიტომ მიშა შევარჩიე.
ალბათ იტყვით, ეგ რა ჩემი ფეხების ღმერთიაო, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყნის მოსახლეობის 15 პროცენტს (ან შეიძლება გაცილებით მეტს) გაღმერთებული ჰყავს. - ესეიგი, ღმერთია.
ჩემს ბავშვობაში ორი კაცი რომ გეუბნებოდა, ჩაიდანი ხარო, გინდა თუ არა ორთქლიუნდა გამოგეშვა (გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ); აქ კიდე, ორი კაცი კი არა, მთელი 15 ან შეიძლება გაცილებით მეტი პროცენტი მიბიძგებს ამისკენ.
ასე რომ, გთავაზობთ ტოპ 5 ჩართვას, სადაც ის მექანიზმიც ჩანს, თუ როგორ შეტოპა მიშკამ ღმერთობამდე, ახლა კი იმის დაჯერებაც აშინებს, რომ ღმერთები ადრე თუ გვიან იხოცებიან, და როცა ღმერთები ნამდვილად იხოცებიან, მათ აღარავინ გლოვობს.
5.
მიშკა და წმინდა გიორგი.
„პოლიტიკა ჩვენს სმარტფონებში“ - მისი უნარების გათვალისწინებით არ არის გასაკვირი, რომ ეს დევიზი ყველაზე უკეთ მოირგო და სხვებთან შედარებით სწრაფად ადაპტირდა თანამედროვე ტექნოლოგიებთან.
ამჯერად 8 აგვისტოზე მოუწია საუბარი, სამგლოვიარო ფერის პერანგით გამოგვეცხადა და, მიუხედავად იმისა, რომ მთავარსარდლის მიწაზე ფორთხვის გამო საერთაშორისოდ თავი მოგვეჭრა, მაინც ისე საუბრობს, თითქოს 2008 წელს რაღაც მოვიგეთ.
საკმაო ხნის წინ დაიწყო მიზნობრივ სეგმენტზე მუშაობა, რომელსაც მორწმუნე ქრისტიანები წარმოადგენენ. „ლეგიონია მათი სახელი“. მრავლად არიან და, მიუხედავად უამრავი წარმართული გამოვლინებისა, მაინც ქრისტიანებად მიიჩნევენ თავს.
აღმოჩნდა, რომ ბოკერიას წლების განმავლობაში გაცილებით დიდი ძალა და ენერგია ჰქონია დახარჯული ლიბერალების მისამხრობად, განსაკუთრებით ახალგაზრდული ფრთის.
ამიტომ ამ ბრძოლაში ჩაბმას, უფრო დიდ სეგმენტზე მუშაობა და თარხან-მოურავთან დატაკება ამჯობინა. რომელიმე მსუყე სეგმენტისთვის უნდა ჩაევლო ხელი და ძირძველ მეთოდებს მიუბრუნდა. ძირძველს იმიტომ, რომ მის პარტიას დღემდე ნაციონალური მოძრაობა ჰქვია, რომელიც, როგორც ზეპირი გადმოცემით ვიცით, კობა დავითაშვილის მოფიქრებულია.
სხვადასხვა ჩართვაში ნელ-ნელა იწყებს გაქრისტიანებას. ჯერ სანთელი დავანთეო, ჯვარიც მკიდიაო. პირჯვრის გადასახვაზეც უვარჯიშია, ბოლოს თქვა, 600 ტაძარი ავაშენეო და ხალხს ეჭვიც გაუჩნდა, ამას პატრიარქობა ხომ არ უნდაო.
ასე გამოგვეცხადა აგვისტოში წმინდა გიორგის ხატის წინ (დაწერილის თუ დახატულის, ვერ გავერკვიე).
„მორწმუნენოო, მორწმუნენოო, ის გვეტყვიიის“ - ადრინდელი ჰიტია. ამის შემხედვარე ვღიღინებ ხოლმე. მიშკას და წმინდა გიორგის დამოკიდებულება კი სულ სხვა ამბავია.
ერთხელ მოიხსენია, როგორც ყველაზე კარგი ტიპი წმინდანებს შორის. - ჯიგარიაო, არ დაუყოლებია, მაგრამ კაიაო, ყველაზე წესიერი ეგ არის მაგათ შორისო. ასე, გვერდზე უბნელივით ახასიათებს და წინაც ამოუდგა. შენ წადი, ამათ მე შევაჩერებო!
მიშკა იცნობს თავის გამოზრდილ ელექტორატს, ამიტომ ზუსტად იცის, რომ ნებისმიერ გზავნილს შეჭამენ. მათ შორის წმინდა გიორგის, თავის დრაკონიანად.
4.
მასტერკლასი მიშას შესრულებით. - ჩართვა კაფედან. ჩვეულებრივი კაფედან, რომელიც ან სავაჭრო ცენტრშია, ან სულაც აეროპორტში. მის ჩაცმულობაზე კი ვარდების რევოლუციის დღეები გამახსენდა, მთელი ეგ პერიოდი რომ გაქუცული კურტკით იარა. არა იმიტომ, რომ მეტი არ ჰქონდა, ან ძვირადღირებული ლაბადით არ შეეძლო ქუჩაში გასულიყო... უბრალოდ, რეგიონებიდან დაძრულ რამდენიმე ათას ადამიანს უნდა ეგრძნო, რომ ეს კაცი მათიანია. აქ კი ნებისმიერ დეტალს შეუძლია დიდი როლი ითამაშოს.
ერთხელ, როცა პოლიტიკური ვაჭარი სახალხოდ სიტყვით გამოდიოდა, დიდი, მოზრდილი პომიდორი გაუქანეს, ათასლარიანი კოსტუმით მოხვედი და სიღარიბეზე გველაპარაკებიო.
აი, ასეთი შეცდომა დაუშვა.
მიშა კიდე ასეთ შეცდომებს არ უშვებს.
სადაც მიდის, იქაურ ქუდს იხურავს.
თან ცდილობს, ყველას თავის ენაზე ელაპარაკოს. უკრაინულის სწავლაში ბევრი ჩავარდნაც ჰქონდა, სამაგიეროდ, ხალხს სიამოვნებს, თავის ენაზე რომ ელაპარაკებიან, ჩვენც ხომ გვსიამოვნებდა, ჰოლანდიელი პირველი ლედი რომ ქართულად მეტყველებდა?
ამიტომ მოკრძალებულად გამოიყურება, მაინცდამაინც „როლექსისკენ“ თუ არ გაგექცა თვალი.
საუბარს ტრადიციულად, წარსულში მოპოვებული გამარჯვებით იწყებს. ამ შემთხვევაში ჰყვება კრიმინალებზე. კრიმინალის დამარცხება მის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევა.
მართალია, მენტალობა ვერ დაამარცხა, იმიტომ რომ მეტწილად ძალადობით დაუპირისპირდა და არა განათლებით, მართალია, რეკეტიორებად თავისივე პარტია აქცია, ნეთესაურ-კლანური განშტოებებით, მაგრამ ფაქტია, რომ ვისაც კრიმინალი დაარქვა, ის დაამარცხა კიდეც.
ყოველი ყაჩაღობის მერე, ქვეყანაში რომ მოხდება, ის აუცილებლად იწყებს მანიპულირებას, ასეთებს ადრე ვერავინ ბედავდაო. - ანუ გვეუბნება: კი, ტყავს ვაძრობდით, სამაგიეროდ, თქვენ მშვიდად იყავითო.
ვინ იყო მშვიდად, ეგ კიდევ საკითხავია...
დაახლოებით ისე გამოსდის, გუანტანამოს პატიმრების წამების ვიდეოკადრების გავრცელების მერე რომ დიკ ჩეინი ამბობს, ტერორისტების წამება თქვენი მშვიდად ყოფნის საფასურიაო.
ეს ის საკითხია, რომლის შესახებაც ყოველთვის იარსებებს ორი აზრი.
ის საკითხია, რომლითაც - რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობაში იყო - მაინც მოახერხებ ხალხის გარკვეული ნაწილის მიმხრობას.
მერე იწყებს საუბარს ქართველობაზე, ტრადიციებზე, ქართულ ფასეულობებზე და ისევ ცდილობს ქართველი ხალხის გულის გასახარი ნიშიდან მიჯირყვნოს ევრონაცები.
მის მარჯვნივ კი, მთელი ამ ჩართვის განმავლობაში, მუდმივად თვალში გვხვდება პატარა გზავნილი. – Feel Good, Enjoy.
3.
იწყება ჩართვით მანქანიდან და გრძელდება პრეზენტაციით. ილიაუნელი თინეიჯერივით გამოწყობილა, ერთი ეგ არის, რომ ღიპს ვერსად მალავს, ამიტომ დიდი შეუსაბამობაა მის აღნაგობასა და ჩაცმულობას შორის.
ეს ტექსტიც ბევრჯერ მოგვისმენია. საქართველოს ევროპეიზაცია, მერე სინგაპურიზაცია, ახლა პოლონეთიზაცია. იმ დამმუხტველი მუსიკის ფონზე, არჩევნების მოახლოებისას რომ გვასმენინებდნენ.
პოლონეთიდან გვახარბებს და გვაჯერებს, რომ ყველაფერი შეგვიძლია, ოღონდ - მხოლოდ მასთან ერთად. მის გარეშე დაღუპულები ვართ.
ჩვენ გვექნება მსოფლიოში ყველაზე დიდი პარკი!
ჩვენ გვექნება ევროპაში საუკეთესო საავადმყოფო!
ჩვენ გვექნება მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო ბაზა!
ჩვენ გვექნება მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ველოსიპედი!
ჩვენ გვექნება მსოფლიოში საუკეთესო „პროჟექტორი“!
ასე ამომიტივტივდა ის მცირეოდენი „მსოფლიოში საუკეთესო“, რომელსაც დროდადრო რომ ისროდა ხოლმე და ისეთი რწმენითა და ბედნიერებით აკეთებდა ამას, მემგონი, აზრიც აღარ ჰქონდა, გააკეთებდა თუ არა, მთავარია, რომ სჯეროდა.
მიშასთვის საქართველო საყვარელ სათამაშოს ჰგავს, ხელიდან რომ გამოჰგლიჯა ტრიუკების ოსტატმა. დაიწყო ჯღავილი და ელის, როდის დაუბრუნებენ, მაგრამ ტრიუკების მოყვარულიც მაგრად ერთობა და არაფრის დიდებით არ აპირებს დაბრუნებას.
2.
ჩართვა ამსტერდამიდან. დგას ასე ყვითელ კურტკაში გამოწყობილი პინგვინივით და ველოსიპედი არასასურველი ბავშვივით უჭირავს. ძალიან რომ ეზიზღება, მაგრამ კამერის წინ მოსაქნევად ვერ იმეტებს.
ბოლო დროს ტექსტები აქვს ერთფეროვანი, სამაგიეროდ, კადრები საუბრობენ მის ნაცვლად. მდინარის პირას, ლამაზ კორპუსებთან მდგომი, მოძღვრავს ხალხს ევროპასა და ბედნიერებაზე.
ულოცავს აჭარლებს ასლანის გაქცევის დღეობას. აჭარა მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვებაა. ბათუმის გათავისუფლება და რეაბილიტაცია.მართალია,არანაირი გეგმის მიხედვით არ წარმართულა, მაგრამ, რაც იყო, იმას ბევრად სჯობს.
აქ მიშკას ელექტორატის ერთ-ერთი მამხილებელი პრიმიტიული კრიტერიუმიც კარგად ვლინდება. - ისინი არ გინიხილავენ არაფერს პერსპექტივის მიხედვით. არ სვამენ კითხვას, მაქსიმუმ რისი გაკეთება შეგვეძლო?
შესაფასებლად ყოველთვის იღებენ ყველაზე უარესს. როგორც წესი, 90-იანების პერიოდიდან და სვამენ ისტერიულ კითხვას. - აბა ის ჯობდა? დანგრეული. დამწვარი. შელახული. მიწასთან გასწორებული.
არა, არ ჯობდა.
ამიტომ მივიღეთ საზღვაო ლას-ვეგასი. არა იმიტომ, რომ ეს ბათუმის და მთლიანად აჭარის ტურისტული პოტენციალის გონივრული რეალიზებაა. არამედ იმიტომ, რომ ასლანის ბათუმს ესეც ბევრად სჯობს და კმაყოფილებისთვის საკმარისია.
ასევე მივიღეთ უფსკრული ზღვასთან მცხოვრებ მოსახლეობასა და მისგან დაშორებულ დასახლებას შორის. იდეაშიც კი არავის უფიქრია მათზე. არც მომდევნო მმართველობას შეუცვლია პოლიტიკა და შედეგად მივიღეთ 2017 წლის ბუნტი, რომლის საფუძველი სწორედ სოციალური პირობები გახდა.
როცა ქალაქი, ასე თუ ისე, თანაბრად მძიმე ან კარგ მდგომარეობაშია, რომელიმე მხარეს უკმაყოფილება და მითუმეტეს აგრესია არ გროვდება. მაგრამ ზღვას მოწყვეტილ ნახევარს ცხვირწინ დაუდეს და აყურებინეს,რა არის კარგი ცხოვრება, მატერიალური უზრუნველყოფა, ფართის გაქირავებით მიღებული დიდი შემოსავალი. ეს კი უსამართლობის განცდას ზრდის.
პაისი ათონელის სიტყვები რომ მოვიყვანო, ძალიან უხეში, მაგრამ აზრობრივად სწორი შედარებაც გამოვა:
სამოთხეში მყოფნი ვერ ხედავენ ტანჯულებს ჯოჯოხეთში, რადგან, რომ ხედავდნენ, ნეტარებაში ვეღარ იქნებოდნენო.
მაგრამ ჯოჯოხეთში მყოფნი ხედავენ სამოთხეში მყოფთ და ვინ იცის, იქნებ ეს არის მათი მთავარი სასჯელიო.
უბრალოდ მოვახდინოთ ამ სიტყვების მატერიალიზება და მივხვდებით, რამ იფეთქა ასე ძლიერად 2017 წელს.
ახლა სიმშვიდეა, რადგან სტადიონი შენდება, ბათუმის „დინამო“ სერიოზულ პროექტად იქცა და, პურმა თუ ვერა, სანახაობამ მაინც ჩააცხრო სიტუაცია.
როგორც ტურიზმის სპეციალისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ არსად მინახავს პრეზიდენტი რეკლამას უწევდეს თავის ტურისტულ პროდუქტს. მიშკა ერთადერთი იყო. ეს კი ტურისტებზე ძალიან მოქმედებს.
მასაც მეტი არაფერი სჭირდებოდა, არც სწორი განვითარება, არც შენების გეგმური პროცესი. მთავარია, რომ ასლანის ბათუმზე ბევრად მაგარია! ეს უკვე საკმარისია რეკლამისთვის.
შემოდგომის მიწურულს ჯერ მთიდან დაეშვა თხილამურებით, მერე კი ტბაში ჩახტა საცურაოდ, თან ისე, რომ ღიმილი არ მოსცილებია სახიდან. მთელი ერთი თვე მკურნალობდა ფილტვების ანთებას, სამაგიეროდ, რეკლამა მაგარი გამოვიდა.
ესეც თავგანწირვა!
1.
კუს ტბა
ჯერ კიდევ იმდროინდელი ჩართვაა, სოციალური ქსელები და სმარტფონები რომ არ იყო ქვეყანას მოდებული, ეგ კი არა, კომპიუტერები და ინტერნეტიც კი არ ყოფილა.
90-იანების მიწურულს ჩანდა, რომ მომავალი მიშკასნაირი ქამელეონების იყო, გარდასახვის წარმოუდგენელი უნარით რომ გამოირჩეოდნენ.
პოლიტიკისთვის იყო დაბადებული!
ჯორჯთაუნი დავამთავრე, პარლამენტში აღმოვჩნდი, წონაშიც მოვიმატე და ამიტომ აგერ, კუს ტბაზეც დავდივარო.
ბევრი რამ არის თვალში საცემი.
პირველი ის, რომ ვერცერთ იმდროინდელ პოლიტიკოსს ვერ ნახავდით, დილით ვინმეს ლოგინიდან აეკრო და კუს ტბაზე აეყვანა. ალბათ ეგონათ, რომ ხალხი ამას არ შეჭამდა - როგორც უყვართ ხოლმე თქმა.
მიშკა კი თავის ელექტორატს (რომელიც მოგვიანებით თავადვე აღზარდა) თავიდანვე კარგად იცნობდა და იცოდა, რომ ეს ხალხი იმედით იკვებება. ყველაფერს შეჭამენ.
სანამ კუს ტბაზე წიხლებით გაიქცევა და მაღალ ნახტომში გაზაფხულის ფოთლებს წაეთამაშება, მანამდე ამბობს იმას, რის გამოც ეს ჩართვა პირველ ადგილზე აღმოჩნდა.
ჟურნალისტსა და ოპერატორს, რომლებიც გადასაღები ადგილით დიდად კმაყოფილი ვერ არიან, მიმართავს შემდეგი სიტყვებით - რა ვქნა? ჩემი იდეა ხომ არ ყოფილაო.
სწორედ აქ ჩანს ის სახე, რომელსაც უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ. არ ვიცი, ვისი იდეა იყო ტბაზე სირბილი, ჟურნალისტის, მიშკას იმიჯმეიკერის, პიარმენეჯერის თუ თემურა ალასანიასი, მაგრამ ფაქტია, რომ არ დაიზარა და დილით ადრე ლოგინიდან ავარდა, მაშინ როცა იმდროინდელი პოლიტიკოსების უმრავლესობა, სავარაუდოდ, ნაბახუსევზე იყო.
იმასაც ამბობს, ხშირად დავრბივარო, მაგრამ 70-იანი წლების საფეხბურთო გუნდის შორტებსადა მუხლებამდე აქაჩულ გეტრებში ისე გამოიყურება, მაინცდამაინც დამაჯერებელი არ არის მისი სიტყვა.
ალბათ, როცა ეს სიუჟეტი ეთერში გავიდა, კოლეგებმა დასცინეს. არა მხოლოდ კოლეგებმა. მიშკას ეგ ყოველთვის ფეხებზე ეკიდა. ინტელიგენცია ჯერ კიდევ მაშინ ჰყავდა ჩარეცხილი, სანამ გაპრეზიდენტდებოდა. არ ვიცი, რატომ... აწყენინეს ალბათ რაღაც ან მისი განსაკუთრებული ჭამის მანერის გამო ვერ მიიღეს თავის წრეში.
მოკლედ, ეს კადრები ნამდვილი პოლიტრელიკვიაა.
დასასრულს, დასკვნის სახით დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიჭიერია, ქარიზმატული, ენერგიული, ხალხი კიდია და ნამუსი არა აქვს, ანუ არაფერი ხელს არ უშლის იმაში, რომ ცხრანაირად გარდაიქმნას.
ოღონდ სიცილზე და კულტურაზე მაინც იყიდება.
ვერც სიცილი დაამუღამა და ვერც კულტურა. წმინდა გიორგის წინ დგომა კიდე, მემგონი, ცოტათი მოძველდა კიდეც.