,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული წელს გიორგი ჭაუჭიძე გახდა. განათლების კოალიციის ინიციატივითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ წელს უკვე მესამედ გაიცა. კონკურსი წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - The Global Teacher Prize - ნაწილია.
წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი ქალაქ მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ისტორიას ასწავლის. გიორგი ოც წელზე მეტია, რაც მასწავლებელია, აქედან თხუთმეტი წლის განმავლობაში არაქართულენოვან სკოლებში, ძირითადად, ეთნიკურ სომხებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ასწავლის. ინტერვიუს დროს გიორგი ჭაუჭიძე გვესაუბრა განათლების სისტემის აქტუალურ საკითხებზე, საგაკვეთილო პროცესში თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბების მცდელობებსა და არაქართულენოვანი სკოლების მთავარ პრობლემებზე.
დაჯილდოებაზე აღნიშნეთ, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს თავად უნდა აჩვენოს თავისუფლების მაგალითები და მასში თავისუფლების მარცვალი გააღვივოს... თქვენი წარმოდგენით, როგორი უნდა უნდა იყოს თავისუფალი მასწავლებელი?
მასწავლებლის თავისუფლება ორად შეგვიძლია გავყოთ. პირველი, როდესაც მასწავლებელი თავისუფალია პიროვნულად, ნებისმიერ საკითხზე შეუძლია აზრის თავისუფლად გამოთქმა და, რაც მთავარია, საკუთარი აზრის დაცვა; და მეორე, ეს არის მასწავლებლის, როგორც სასწავლო პროცესის წარმმართველის, თავისუფლება. ჩვენ - მასწავლებლები არ უნდა შევიზღუდოთ სახელმძღვანელოებით, კურიკულუმებით, გეგმებით, დირექტივებით, რეკომენდაციებით და, ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, ლაღად წარვმართოთ სასწავლო პროცესი. ამ დროს გვჭირდება ის პიროვნული თავისუფლება, რომელიც სახელმძღვანელოების, გეგმების, სხვადასხვა სახის დირექტივისა და ინსტრუქციების გავლენისგან გამოსვლის საშუალებას მოგვცემს.
საგაკვეთილო პროცესში როგორ იქმნება თავისუფალი გარემო? მასწავლებლისთვის არ არის რთული ამის მიღწევა?
საგაკვეთილო პროცესში თავისუფლების მიღწევა და თავისუფალი გარემოს შექმნა რთული პროცესია, როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლისთვის, რადგან სწავლება ორივე მხარისგან ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. თუ ამ საკითხს მოსწავლის თვალით შევხედავთ, ეს, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, რადგან მოსწავლეს სწავლისთვის დიდი ძალისხმევის გაღება სჭირდება, რასაც ბავშვები ყოველთვის სიამოვნებით არ აკეთებენ. მასწავლებლისთვისაც რთულია, ისე დაგეგმოს გაკვეთილი, რომ მოსწავლე გაკვეთილზე იყოს თავისუფალი და, ამავდროულად, საგაკვეთილო პროცესში ჩართული. ასეთი გაკვეთილი არის საინტერესო და სასიამოვნო მოსწავლისთვის. თუ მასწავლებელი წინასწარ კარგად მოემზადება გაკვეთილისთვის და გზადაგზა, მოსწავლეზე დაკვირვებით შეეცდება მასალის მოდიფიცირებას და მის საგანმანათლებლო ინტერესზე მორგებას, ის სწავლისთვის თავისუფალ გარემოს შექმნის.
ჩვენი განათლების სისტემა არის ორიენტირებული ასეთი თავისუფალი საგაკვეთილო პროცესის შექმნაზე?
ჩვენი განათლების სისტემა სახელმძღვანელოებზეა ორიენტირებული. სამწუხაროდ, სახელმძღვანელოები, დღეს არსებული მდგომარეობით, ამას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ, თავისუფალი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად, მასწავლებელს დამატებით კიდევ ბევრი რამის მოფიქრება სჭირდება. ტრადიციული გაგებით, სწავლება შეიძლება „კარგად“ წარიმართოს ისეთი მოსწავლეებისთვის, რომელნიც უფრო „გაჩერებული“ არიან გაკვეთილებზე, ვიდრე საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართულნი. მაგალითად, როგორ შეიძლება პირველკლასელი გაკვეთილზე გააჩერო? თუკი ბავშვს წინასწარ მიაჩვევ იმას, რომ გაკვეთილზე უნდა იჯდეს ჩუმად და ხმის ამოუღებლად, და თუ ამ წესის დარღვევისთვის ის მასწავლებლის (ან მშობლის) საყვედურს დაიმსახურებს, ასეთი წესრიგის დამყარება საგაკვეთილო პროცესში რთული არ არის; რთულია, როდესაც პროცედურები და წესები საკლასო ოთახში მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთშეთანხმებით დგინდება. მოსწავლეები ასეთ გარემოში უფრო მეტად გრძნობენ თავისუფლებას, ამჟღავნებენ თავიანთ შესაძლებლობებს და იღებენ უფრო მეტ ცოდნას.
15 წელზე მეტია, რაც არაქართულენოვან სკოლებში ასწავლით. თქვენი დაკვირვებით, რა არის ამ სკოლების მთავარი პრობლემა?
როდესაც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსში გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება, ჩემი ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ ჩემი მონაწილეობით, (გამარჯვებაზე არც მქონდა პრეტენზია) არაქართულენოვანი სკოლის განათლების თემა და პრობლემები უფრო ფართოდ გამეცნო საზოგადოებისთვის.
არაქართულენოვან სკოლებში მთავარი პრობლემაა ის, რომ მასწავლებელთა დიდი ნაწილისთვის სახელმწიფო ენა მიუწვდომელია და ისინი ვერ ახერხებენ ქართულ ენაზე ინფორმაციის მოძიებას და შესწავლას, თუნდაც პროფესიული ლიტერატურის გაცნობას და ა. შ. ენის არცოდნის გამო არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის არ არის ხელმისაწვდომი ის პროფესიული გამოცდები, რომლებსაც მასწავლებლები აბარებენ, რათა კარიერული საფეხური აიმაღლონ (მოგეხსენებათ, ეს გამოცდები ქართულ ენაზე ტარდება და მასწავლებელთა დიდმა ნაწილმა სათანადოდ არ იცის ქართული).
ეს ფაქტორი, ალბათ, კიდევ უფრო აძნელებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სრულფასოვან რეალიზაციას და ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში...
მე ხშირად ვამბობ ამას, ჩვენ - ქართული სახელმწიფო და ქართველი საზოგადოება, მაშინ გავიმართებით წელში, როდესაც შევძლებთ ჩვენი საზოგადოების ნაწილის, ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვნად რეალიზებას. როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მონაწილეობენ, სწავლობენ, უახლოვდებიან და ეცნობიან ეთნიკურ ქართულ ფენომენებს, ასევე ეთნიკური ქართველებიც უნდა ეცნობოდნენ, უყურებდნენ, იყვარებდნენ ეთნიკური უმცირესობებების ფენომენებს. ჩვენში არსებობს ამის პოტენციალი და მდიდარი, ისტორიული გამოცდილება, როგორიც ევროპასაც კი არ გააჩნია. მულტიკულტურალიზმი არ არის ჩვენზე ვინმესგან თავს მოხვეული, პირიქით, ამის ათასწლეულობითი გამოცდილება გვაქვს. ოღონდ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მშვიდად ვიქნებით და ეს გამოცდილება თავისით იმუშავებს, ამას სჭირდება ყოველდღიური სწავლა და მუშაობა. რომ ვთქვათ ასე: ვაჟა გვყავს და ვინ უნდა გვასწავლოს ტოლერანტობაო, ეს ხომ ღიმილის მომგვრელი იქნება?! დამეგობრებას, დაახლოებას, ტოლერანტობას ყოველდღიური ძალისხმევა სჭირდება, ვაჟას ფენომენი თავისით არ იმუშავებს... ამ მიზნის მისაღწევად, ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი კი სკოლაა.
მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენი წარმატება ამ მიმართულებით დეოკუპაციის გზაზე ჩვენს წარმატებასაც განაპირობებს. ეს მულტიკულტურალური გამოცდილება საუკეთესოდ იმუშავებს მომავალში ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთანაც, როდესაც ამის საშუალება მოგვეცემა.
როგორი გამოცდილება შეგძინათ, პიროვნული თვალსაზრისით, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის სოციო-კულტურულ გარემოში ცხოვრებამ და 15-წლიანმა მოღვაწეობამ?
როგორც მასწავლებელი, გავიზარდე და როგორც მოქალაქე, ჩამოვყალიბდი მას შემდეგ, რაც მუშაობა არაქართულენოვან სკოლებში დავიწყე. სხვისი კულტურული განსხვავებულობის მიღება და გააზრება, უცხო ენის გაცნობა და შესწავლა საკუთარი თავის უკეთ შესწავლასაც ნიშნავს. ამ გამოცდილებით ახლა უფრო მდიდარ მოქალაქედ და პიროვნებად ვგრძნობ თავს. თავდაპირველად, ვმუშაობდი ეთნიკური სომხებით დასახლებულ თემში, ახლა ვმუშაობ ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ თემში და, შესაბამისად, ჩემი პიროვნება გახდა უფრო მრავალფეროვანი, შეიძლება ითქვას უფრო კომპეტენტური. თავიდან, მეც ასე ვუყურებდი ამ საკითხს, რიხით და რაღაცნაირი ხრინწით ნათქვამი შეკითხვა რომ წარმოიდგინოთ: „რატომ არ იციან ჩვენმა მოქალაქეებმა ქართული ენა?“ შემდეგ კი, როდესაც უშუალოდ შევისწავლე, გავიცანი და დავუახლოვდი უმცირესობების წარმომადგენლებს, გავაცნობიერე, რომ ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, ქედმაღლურად ვუყურებდეთ ან რაღაც „სიკეთეს“ ვართმევდეთ ენის არცოდნის გამო ჩვენს მოქალაქეებს. ჩემთვის ახლა აზერბაიჯანული ან სომხური ენა, ან მათი სიმღერები, რიტუალები, კერძები თუ მათი ყოფა ძალიან ძვირფასი გახდა. ადრე, სომხური ენაც ვისწავლე, ახლა ვცდილობ და დაინტერესებული ვარ, აზერბაიჯანულიც ვისწავლო. ნელ-ნელა ასე გადავლახე ჩემი წილი გაუცხოება, რაც თავიდან მქონდა.