Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ელის აბასთუმნის ობსერვატორიას?

17 ოქტომბერი 2019

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყოფა და განათლების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ) ჩამოყალიბდება. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც 30 სექტემბერს გამოიცა და ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ობსერვატორია განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაექვემდებარება. გადაწყვეტილება ძალაში დადგენილების გამოქვეყნებისთანავე შევიდა. 

ამ თემაზე ვრცლად ვესაუბრეთ ილიას უნივერსიტეტის პროფესორს და აბასთუმნის ობსერვატორიის მკვლევარს - გია ჯავახიშვილს.

დადგენილების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იცოდით თუ არა რომ მთავრობა მსგავს ცვლილებას გეგმავდა?

ერთი კვირით ადრე ეს ამბავი დირექტორს აცნობეს და მისგან გავიგე. როგორც ვიცი, საუბარი შედგა მინისტრის მოადგილეს, ილიას რექტორსა და ობსერვატორიის დირექტორს შორის. სიმართლე გითხრათ, მეგონა რომ ეს გაწელილი პროცესი იქნებოდა და ცვლილება ასე მალე არ განხორციელდებოდა. 

მანამდე ობსერვატორიის თანამშრომლებთან კონსულტაციები არ ყოფილა?

დირექტორთან რამდენად გაიარეს კონსულტაცია ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ თანამშრომლებს არავინ გასაუბრებია. 

არის საუბარი, რომ ილიას უნივერსიტეტს აბასთუმნის ობსერვატორიასთან კვლავ ექნება კავშირი. რას იტყვით ამის შესახებ?

ჩვენი მოთხოვნაა, რომ სამინისტრომ უზრუნველყოს სწავლების პროცესი. 2007 წელს ჩვენ მივუერთდით ილიას უნივერსიტეტს. მანამდე, როცა ობსერვატორია დამოუკიდებელი იყო,  ერთი თვე ვიყავი დირექტორი და უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ სიტუაცია განსხვავებული იყო მანამ სანამ ჩვენ ვიყავით დამოუკიდებლები და მას შემდეგ, რაც ილიას უნივერსიტეტს შევუერთდით. შეერთებამდე ჩვენ მოსწავლეები არ გვყოლია. ჩვენ, პრაქტიკულად, 90-იანი წლების შემდეგ ახალი თანამშრომელი არ მიგვიღია. სხვა სასწავლებლებში ასტრონომია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, არც ისწავლებოდა. ჩვენი ილიას უნივერსიტეტთან გაერთიანებისას ასტრონომიის სწავლება თსუ-შიც აღარ მიმდინარეობდა. მიერთების შემდეგ ჩვენ ილიაში აღვადგინეთ სწავლება და დღეს უკვე 20-მდე მაგისტრანტ-დოქტორანტი ახალგაზრდა გვყავს და ისინი ჩვენი თანამშრომლებიც ხდებიან. 

ილიას უნივერსიტეტთან შეერთება ბევრ რამეში დაგვეხმარა. 2007 წლამდე 20 წლის მანძილზე ობსერვატორიაში ქვა ქვაზე არ დადებულა, არაფერი გაკეთებულა. ილიამ გამოყო საკმაოდ სოლიდური თანხა და 14 შენობის რესტავრაცია შევძელით. ვაპირებდით კიდევ სხვა შენობების განახლებასაც, მაგრამ აგვისტოს ომი დაგვემთხვა, ტექნიკური პრობლემები შეგვექმნა და გავჩერდით. დღესდღეობით მსოფლიო ბანკის თაოსნობით მიმდინარეობს რამდენიმე შენობის და გზის რესტავრაცია. 

ბუღალტერიის და შესყიდვების პასუხისმგებლობა მოხსნილი გქვონდა და ილიას გავლით ვაკეთებდით. დაცვის ნახევარი თანხის გადახდასაც ისინი უზრუნველყოფენ. თუ ამ ყველაფრის საკუთარ თავზე აღება ობსერვატორიას მოუწევს, ვფიქრობ, დიდად კარგი არ იქნება. 

თქვენი აზრით, რატომ გადაწყდა ობსერვატორიის ილიას უნივერსიტეტისგან გამოყოფა?

არ ვიცი. და უნდა ვთქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ვარ. 2013 წელს ერთხელ, დროებით, უკვე გამოეყო ობსერვატორია უნივერსიტეტს, რასაც ცუდი შედეგები მოჰყვა. 8 თვის განმავლობაში დენის ფულის გადახდის საშუალებაც არ გვქონდა. ეს რისკები შეიძლება ახლაც არსებობდეს. ვფიქრობ, სანამ რამის გადაწყვეტას დავაპირებთ მანამდე კარგად უნდა გავიაზროთ ამან რა შედეგები შეიძლება მოიტანოს. ჩვენ უნდა გვქონდეს იმის გარანტია, რომ არ შეწყდება სწავლა და მეცნიერული მუშაობა.

არსებობს თუ არა ობსერვატორიის განვითარების გრძელვადიანი გეგმა?

კონკრეტულად ასეთი გრძელვადიანი გეგმა არ ყოფილა. გეგმა იყო ის, რომ გვინდოდა ახალი ტელესკოპი. ამაში კი უნდა ჩართულიყო სახელმწიფო, რადგან ამხელა თანხები უნივერსიტეტს არ ექნებოდა. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ობესრვატორია მუდმივად ახლდებოდა. მაგალითად ვიყიდეთ პატარა ტელესკოპი, რომელსაც სასწავლო და კვლევითი მიზნით ვიყენებდით. ჩვენ ვცდილობთ, რომ სტუდენტები მუდმივად ჩართულნი იყვნენ პრაქტიკულ სამუშაოებში.

საინტერესოა, გარდა სწავლებისა და სამეცნიერო კვლევებისა კიდევ რა ღონისძიებები ტარდება ობსერვატორიაში?

წლევანდელი მონაცემები არ მაქვს, მაგრამ შარშან დაახლოებით 10-15 ათასი კაცი ესტუმრა ობსერვატორიას. ექსკურსიები ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა მიხვდება თუ ეს დაწესებულება რამხელა მნიშვნელობისაა. სამწუხაროა, რომ ბევრმა არ იცის, რომ ასტრონომიის განხრით დასაქმება არა მხოლოდ ნასაში, არამედ ჩვენთანაცაა შესაძლებელი. 

ბოლო პერიოდია ვრცელდება ინფორმაცია აბასთუმანში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ. ეს ხომ არ შეუქმნის საფრთხეს ობსერვატორიას?

საბედნიეროდ ობსერვატორია არის დასახლებიდან 300 მეტრით ზემოთ და ამ მხრივ საფრთხე დიდად არ გვემუქრება, მაგრამ ფრთხილად მაინც უნდა ვიყოთ. სინათლის დაბინძურების შემცირებაზე თითოეულ ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^