Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვის მიენიჭა 2019 წლის ნობელის პრემია?

16 ოქტომბერი 2019

2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების დასახელების ცერემონია 7-14 ოქტომბერს შვედეთსა და ნორვეგიაში გაიმართა. „ლიბერალი“ წარმოგიდგენთ წლევანდელ ლაურეატებსა და მათ ღვაწლს კაცობრიობის წინაშე. აგრეთვე გაგახსენებთ სხვა წლების ნობელიანტებსაც.

პრემია ფიზიოლოგიასა ან მედიცინაში

2019 წლის პრემია თანაბრად გადაეცა მეცნიერთა ტრიოს: ამერიკელ უილიამ კელინის (ჰარვარდის უნივერსიტეტი), ბრიტანელ სერ პიტერ რეტკლიფს (ოქსფორდის უნივერსიტეტი) და ამერიკელ გრეგ სემენსას (ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი) - მათ აღმოაჩინეს და აღწერეს, თუ როგორ აღიქვამენ და ეგუებიან უჯრედები ჟანგბადის ცვლილებას გარემოში. იმის მიუხედავად, რომ ჟანგბადი აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმის არსებობისთვის, ის მექანიკური პროცესი, რომლითაც უჯრედები ჟანგბადს აღიქვამენ, დღემდე უცნობი იყო. ნობელის კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს აღმოჩენა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ისეთ დაავადებებთან საბრძოლველად, როგორიცაა ანემია და კიბო.

ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიასა ან მედიცინაში სხვადასხვა დროს გახდნენ: სერ რონალდ როსი - 1902 წელს აღმოაჩინა, რომ მალარიის ვირუსი Anopheles ჯიშის კოღოს გადაჰქონდა. თავისი აღმოჩენით მან საფუძველი ჩაუყარა ამ დაავადებასთან ბრძოლას; ფრედერიკ ბანტინგი და ჯონ მაკლეოდი - 1923 წელს ინსულინი აღმოაჩინეს და ამით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს; სერ ალექსანდერ ფლემინგი, ერნსტ ჩეინი და სერ ჰოვარდ ფლორეი - 1945 წელს ნობელის პრემია პირველი ანტიბიოტიკის, პენიცილინის აღმოჩენისთვის მიიღეს.

პრემია ფიზიკაში

2019 წელს ნობელის პრემია ფიზიკის დარგში გადაეცა მკლევართა ტრიოს, რომელთაგან ერთმა, თანამედროვე კოსმოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად აღიარებულმა კანადელ-ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა ჯეიმზ პიბლზმა (პრინსტონის უნივერსიტეტი) პრემიის ნახევარი მიიღო, ხოლო ორ შვეიცარიელ ასტრონომს მაიკლ მეიორსა (ჟენევის უნივერსიტეტი) და დიდიე ქუელოს (კემბრიჯის უნივერსიტეტი) პრემიის მეორე ნახევარი თანაბრად გაუნაწილეს.

ჯეიმზ პიბლზი კოსმოსს სამოცი წლის განმავლობაში იკვლევდა და ნაშრომისთვის, რომელსაც ოც წელიწადზე მეტი მოანდომა, საბოლოოდ ნობელის პრემიაც მიიღო. პიბლზი სწორედ ის მეცნიერია, რომელმაც იმ მიკროტალღოვანი ფონური გამოსხივების შესახებ დაწერა, რომელიც დიდი აფეთქებიდან ოთხასი ათასი წლის შემდეგ უნდა არსებულიყო. ამ თეორიამ სხვა მეცნიერები სამყაროში ცნობილისა და უცნობის თანაფარდობის შესახებ დააფიქრა, რის მერეც დადგინდა, რომ სამყაროს 95% ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი ბნელი მატერიაა.

შვეიცარიელმა მკლევრებმა მეიორმა და ქუელომ ნობელის პრემია იმ ეგზოპლანეტის აღმოჩენისთვის მიიღეს, რომელიც პეგასის თანავარსკვლავედიდან 50 სინათლის წელიწადითაა დაშორებული. ეგზოპლანეტა მზის გარშემო ორბიტაზე ტრიალებს, თუმცა არ ეკუთვნის ჩვენს მზის სისტემას.

დავით შაფაქიძე, ასტროფიზიკოსი: „მიკროტალღოვანი ფონური გამოსხივება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამყაროს წარმოშობის დეტალებზე გვაწვდის ინფორმაციას, ხოლო შვეიცარიელი მეცნიერები პირველები იყვნენ, რომლებმაც სხვა მზის სისტემაში იუპიტერისხელა პლანეტა აღმოაჩინეს. ამით დედამიწის გარდა სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის შესახებ ახალ ცნობები შევიტყვეთ“.

ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში სხვადასხვა დროს გახდნენ: ალბერტ აინშტაინი, რომელმაც 1921 წლის პრემია თეორიულ ფიზიკაში მისი მნიშვნელოვანი ნაშრომებისა და ფოტოელექტრული ეფექტის კანონის დადგენისთვის მიიღო; ნილს ბორი, რომელიც 1922 წელს ატომების აგებულებისა და მათი რადიაციის კვლევისთვის დააჯილდოვეს; ჯეიმზ ჩადვიკი, რომელმაც 1935 წლის ნობელის პრემია ნეიტრონის აღმოჩენისთვის დაიმსახურა.

პრემია ქიმიაში

2019 წლის პრემია ქიმიაში თანაბრად გადაეცა მეცნიერთა ტრიოს: ამერიკელ ჯონ გუდინაფს (ტეხასის უნივერსიტეტი, ოსტინი), ბრიტანელ სტენლი უიტინგემს (ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და იაპონელ აკირა იოშინოს (მეიჯოს უნივერსიტეტი, ნაგოია) ლითიუმის ელემენტების შექმნისთვის, რომელთაც გაცილებით ბევრი ენერგიის შენახვა შუძლიათ, ვიდრე ტრადიციულ წიაღისეულ საწვავს. ლითიუმის ელემენტები თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან ისინი გვხვდება ყველაფერში სმარტფონებიდან ელექტრომანქანებამდე. ნობელის კომიტეტის შეფასებით, ახალი ნობელიანტების აღმოჩენა კაცობრიობას განსაკუთრებულად წაადგება, რადგან ეს პირველი ნაბიჯია იმ უსადენო სამყაროსკენ, რომელშიც წიაღისეული საწვავის მაგივრად ადამიანი მზისა და ქარის ენერგიას გამოიყენებს.

ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიაში სხვადასხვა დროს გახდნენ: ერნესტ რეზერფორდი, რომელიც რადიაციულ ქიმიაში მისი კვლევისთვის 1908 წელს დააჯილდოვეს; მარი კიური, რომელსაც ნობელის პრემია 1911 წელს მიენიჭა რადიუმისა და პოლონიუმის აღმოჩენისთვის; ფრედერიკ სანგერი - მან 1958 წლის ნობელის პრემია ინსულინის მოლეკულური სტრუქტურის დადგენისთვის მიიღო.

პრემია ლიტერატურაში

2019 წელს ლიტერატურის დარგში ერთდროულად ორი ნობელის პრემია გაიცა, რადგან ნობელის პრემიის კომიტეტმა შარშანდელი გამარჯვებულიც წელს დააჯილდოვა. ყველას გვახსოვს, 2018 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გაუქმება იმ სოციალური ფონის გამო გადაწყდა, რომელიც ნობელის კომიტეტთან დაახლოებული პირის, ჟან კლოდ არნოს სექსუალურ ძალადობაში მხილებას მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ არნოს წინააღმდეგ თვრამეტმა ქალმა მისცა ჩვენება.

2018 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიენიჭა პოლონელ მწერალ ქალს ოლგა ტოკარჩუკს - ნობელის კომიტეტი მოიხიბლა „მისი თხრობითი წარმოსახვის უნარითა და ენციკლოპედიური გრძნობით, რომლითაც ავტორი ცხოვრებისეულ საზღვრებს კვეთს“. ტოკარჩუკი კომერციულად საკმაოდ წარმატებული მწერალია, რომლის წიგნები, მრავალ დიდ სალიტერატურო ენაზე თარგმნილი, მსოფლიოს მასშტაბით იყიდება. ტოკარჩუკი თანამედროვე პოლონური ლიტერატურის გამორჩეულ ავტორად არის აღიარებული.

2019 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში გადაეცა ავსტრიელ ავტორს, დრამატურგსა და მთარგმნელს პეტერ ჰანდკეს, რომელმაც თავის „მნიშვნელოვან ნაშრომებში ადამიანურობის პერიფერიებსა და სპეციფიკურობას თავისი ლინგვისტური გამჭრიახობით იკვლევს“. ნობელის პრემიამდე ჰანდკე კაფკას პრესტიჟული პრემიის ლაურეატიც გახდა.

ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში სხვადასხვა დროს გახდნენ: ერნესტ ჰემინგუეი - 1954 წელს; ჯონ სტაინბეკი - 1962 წელს; გაბრიელ გარსია მარკესი - 1982 წელს; ბობ დილანი - 2016 წელს.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ 1932 წლის ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში წარდგენილი იყო ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე, რომელიც დღემდე რჩება ერთადერთ ქართველ მწერლად, რომელიც ნობელის პრემიის ნომინანტთა სიაში მოხვდა. სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ნობელის პრემიაზე ასევე წარდგენილი იყვნენ მწერლები ოთარ ჭილაძე და ჭაბუა ამირეჯიბი და პოეტი დავით მაღრაძე, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად წარდგენიდან მხოლოდ ორმოცდაათი წლის შემდეგ გახდება ცნობილი.

პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში

2019 წლის ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში მიენიჭა ეთიოპიის პრემიერმინისტრ აბი აჰმედს, რომელმაც თავის ქვეყანასა და მოსაზღვრე ერიტრეას შორის არსებულ მრავალწლიან ომს ბოლო მოუღო. უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ აჰმედმა სამშვიდობო მოლაპარაკებები თანამდებობაზე დანიშნვნიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ დაიწყო.

თავის ანდერძში ალფრედ ნობელმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომელსაც მშვიდობის განმტკიცების დარგში ნობელის პრემია უნდა მიენიჭოს, ანუ პრემია ეკუთვნის „იმ ადამიანს, რომელმაც სხვებზე მეტად იშრომა ერებს შორის მეგობრობის განმტკიცებისთვის, მუდმივი ჯარების შემცირებისა ან გაუქმებისთვის და მსოფლიო სამშვიდობო კონგრესების ჩამოყალიბებისა და მათთვის ხელშეწყობისთვის“.

ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცების დარგში სხვადასხვა დროს გახდნენ: წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომელსაც პრემია სამჯერ, 1917, 1944 და 1963 წლებში გადაეცა; აშშ-ის პრეზიდენტი ვუდრო უილსონი, რომელმაც 1919 წლის ნობელის პრემია „ერთა ლიგის“ შექმნისთვის მიიღო; მარტინ ლუთერ კინგი-უმცროსი, რომელიც ნობელიანტი 1964 წელს გახდა; მიხაილ გორბაჩოვი, რომელსაც ნობელის პრემია 1990 წელს გადაეცა.

პრემია ეკონომიკაში

ნობელის პრემია ეკონომიკაში ალფრედ ნობელის ხსოვნას ეძღვნება. 2019 წელს პრემია თანაბრად ერგო სამ მეცნიერს: ინდოელ-ამერიკელ აბჰიჯით ბანერჯის (MIT), ფრანგ ეკონომისტ ქალს ესთერ დაფლოსა (MIT) და ამერიკელ მაიკლ კრემერს (ჰარვარდის უნივერსიტეტი) იმ ექსპერიმენტული მიდგომისთვის, რომელიც მათ შექმნეს მსოფლიო სიღარიბესთან საბრძოლველად.

ესთერ დაფლო, აბჰიჯით ბანერჯის მეუღლე, მეორე ქალია, რომელიც ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიას დაეუფლა; ამას გარდა, ის ამ დარგში ყველაზე ახალგაზრდა ნობელიანტია.

ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკის დარგში სხვადასხვა დროს გახდნენ: მილტონ ფრიდმანი, რომელმაც 1976 წლის პრემია მოხმარების ანალიზისა და ეკონომიკური სტაბილიზაციის პოლიტიკის სირთულეების კვლევისთვის მიიღო; ჯონ ნეში, რომელსაც 1994 წლის პრემია თამაშის თეორიაში ეკვილიბრიუმის აღმოჩენისთვის გადაეცა; ჯორჯ აკერლოფი, მაიკლ სპენსი და ჯოზეფ სტიგლიცი, რომელთაც 2001 წლის ნობელის პრემია ბაზრების ასიმეტრიულ ინფორმაციაზე კვლევისთვის მიენიჭათ.

1885 წლის 27 ნოემბერს შვედმა ბიზნესმენმა ალფრედ ნობელმა ხელი მოაწერა თავის ანდერძს, რითაც ნობელის პრემიას ჩაუყარა საფუძველი. ნობელი ყოველმხრივ წარმატებული ადამიანი იყო, რომელიც ბიზნესის გარდა ქიმიით, ინჟინერიითა და ფილანტროპიით იყო გატაცებული. ალფრედ ნობელის სახელზე არსებობს 355 პატენტი, რომელთაგან ყველაზე ცნობილი დინამიტია. თუმცა, დღესდღეობით, ალფრედ ნობელის სახელს უფრო ხშირად იმ პრემიას უკავშირებენ, რომელსაც 1901 წლიდან შვედეთსა და ნორვეგიაში ყოველწლიურად გასცემენ ხუთ დარგში. ესენია: ფიზიოლოგია ან მედიცინა, ფიზიკა, ქიმია, ლიტერატურა და მშვიდობის განმტკიცება. 1968 წელს შვედეთის ეროვნულმა ბანკმა დააწესა პრემია ეკონომიკის დარგში, რომელიც ალფრედ ნობელის ხსოვნას ეძღვნება.

პრემიების ასეთი განაწილება სწორედ ალფრედ ნობელს ეკუთვნის, რომელმაც ეს იდეა თავის ანდერძში ნათლად ჩამოაყალიბა: „მე, ქვემო ხელისმომწერი, ალფრედ ბერნჰარდ ნობელი, ვაცხადებ ჩემს საბოლოო ანდერძს იმ ქონების მიმართ, რომელიც გამაჩნია ჩემი გარდაცვალების დროისთვის. მთელი ჩემი დარჩენილი ქონება უნდა განაწილდეს შემდეგნაირად: ჩემმა ანდერძის აღმსრულებლებმა კაპიტალი ფასიან ქაღალდებად უნდა აქციონ და შექმნან ფონდი, რომლის პროცენტებიც გაუნაწილდება პრემიის სახით მათ, ვინც გასული წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სარგებელი მოუტანა კაცობრიობას“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^