Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი გახარიას ვიზიტი სომხეთში: „ბალანსი“ და მისი შუქ-ჩრდილები

16 ოქტომბერი 2019

საქართველოს ახალი პრემიერმინისტრის მეორე საგარეო ვიზიტი ერევანში შედგა. პირველად გიორგი გახარია ბაქოს ეწვია, რაც არავისთვის, მათ შორის არც სომხეთის ხელმძღვანელობისთვის, გასაკვირი არ იქნებოდა: ბაქოსა და თბილისს სტრატეგიული ინტერესები - რეგიონული მნიშვნელობის საკომუნიკაციო პროექტები და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში პოზიციათა მსგავსება აერთიანებთ. მაშინ, როდესაც სომხეთი ჩვენს რეგიონში მოსკოვის უახლოესი (ერთადერთი) მოკავშირე და რუსეთის ინიციირებულ  ინტეგრაციულ პროექტთა  აქტიური მონაწილეა დღემდე - მიუხედავად ხელისუფლების „რევოლუციური“ შეცვლისა და ნიკოლ ფაშინიანის გაპრემიერებისა.

ამას ემატება ისიც, რომ  სომხეთი სახელმწიფოებრივად დაინტერესებულია „ერთა თვითგამორკვევის“ პრიორიტეტულობით „ტერიტორიული მთლიანობის“ პოსტულატის მიმართ, რათა ყარაბაღის მრავალწლიანი კონფლიქტი სწორედ ამ პრიორიტეტის საფუძველზე გადაწყდეს. საქართველოს ინტერესი აქ საპირისპიროა; თუმცა პრემიერ გახარიას სასახელოდ უნდა ითქვას: ესოდენ „დელიკატურ“  თემაზე საუბრისას მან საზრისთა მიზანშეწონილ წყობასა და ზუსტ აქცენტს მიაგნო, როდესაც თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობა, „...რომელსაც სომხეთი მხარს უჭერს, ჩვენთვის  კრიტიკულად  მნიშვნელოვანია  და  ამისთვის  მადლობაც  მოვახსენეთ სომეხ კოლეგებს“.

დავაკვირდეთ: არა ზოგადად ტერიტორიული მთლიანობა, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, „რომელსაც სომხეთი მხარს უჭერს“. ეს ფორმულირება ერევნისათვის სრულიად მისაღებია. ბაქოში ამგვარი „ეკვილიბრიუმი“ (წონასწორობა) შესაძლოა არც მოეწონოთ, თუმცა პირდაპირ სასაყვედურო ან „სათქმელი“ არაფერი ექნებათ.

აქვე, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს: ლტოლვილთა თაობაზე გაეროს გენერალური ასამბლეის ბოლო რეზოლუციის კენჭისყრისას, სომხეთმა წინააღმდეგ კი არ მისცა ხმა (როგორც წინა წლებში), არამედ თავი შეიკავა, რამაც მოსკოვში „ყრუ“, თუმცა მაინც შესამჩნევი უკმაყოფილება გამოიწვია.

თბილისი დიდი ხანია ცდილობს დაიცვას „ბალანსი“ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში და თუ რაიმეს შეიძლება ეწოდოს „მემკვიდრეობითი“ განვლილი 30 წლის განმავლობაში, მიუხედავად ხელისუფლებათა ცვლილებისა, - სწორედ „თანაბარდაშორებულობის“ ამ პოლიტიკას. ეს არ არის „ნეიტრალიტეტი“, მით უმეტეს, არ არის და არც შეიძლება იყოს „შუამავლობა“, რისი რესურსიც ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია.

როგორც ყოველთვის, სომხეთის ხელისუფალთა მთავარი ინტერესი ქართველ ლიდერებთან შეხვედრისას სატრანსპორტო-სატრანზიტო პრობლემატიკაა. „აფხაზეთის რკინიგზისა“ და „ცხინვალის დერეფნის“ პროექტები  ერევანში უკვე აღარ აღიქმება სერიოზულად, რაკი ცხადია, რომ სეპარატისტები არანაირ „შვეიცარიელ დამკვირვებლებს“ იქ არ შეუშვებენ მანამ, სანამ თბილისი არ აღიარებს მათ არარსებულ „დამოუკიდებლობას“, ანუ არასდროს!

სამაგიეროდ, არის კიდევ ერთი პროექტი - „ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზისა“, რაზეც ერევანი დიდი ხანია მუშაობს ქართველ კოლეგებთან, თუმცა გარკვეული პასუხი ვერ მიიღო, რაკი ეს პროექტიც დიდ შიდაპოლიტიკურ რისკებს უკავშირდება; თანაც - 2020 წლის არჩევნების წინ.

სხვა მხრივ, სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის გასულ წელს 390 მილიონი დოლარი იყო, რაც  ბევრი არაა, თუმცა არც მიზერია, თუ ქართული და სომხური ეკონომიკის „ბავშვურ“ მასშტაბებს გავითვალისწინებთ; 2019 წელს უკვე მილიონამდე სომეხმა იმოგზაურა საქართველოში ან საქართველოს გავლით; იმპორტის 75% სომხეთში საქართველოს კომუნიკაციებით აღწევს, დანარჩენი 25% - ირანისა. ესეც ბევრის მთქმელი ციფრებია.

ამ „ინტერესთა კომპლექსის“ ფონზე, მცირე დიპლომატიური კაზუსები მაინც გარდაუვალია. მაგალითად, სწორედ გახარიას ერევანში ჩასვლის დღეს  სომხეთის „საგარეომ“ განაცხადა, რომ ელის ქართული მხარის „განმარტებას“, თუ რატომ არ შეუშვეს სომეხი ჟურნალისტები ჯავახეთში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სომხური ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეა. განმარტება  არ ყოფილა და ალბათ არც იქნება, რადგან რეალური მიზეზების აშკარად გაცხადება ზემოთ რამდენჯერმე ხსენებულ „წონასწორობასა“ და „ბალანსს“ დაარღვევს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^