Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეოთხედფინალის მოლოდინში

18 ოქტომბერი 2019

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს რვა გუნდი შემორჩა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალის დრო დამდგარა. ოთხივე შეხვედრა თავისებურად განსაკუთრებული და ეშხიანია. თითოეულზე ბევრის დაწერა შეიძლება, თუმცა აქ რამდენიმე საყურადღებო ნიუანსზე მოგითხრობთ. ამაზე მეტი შესავალი აღარაა საჭირო, გადავიდეთ საქმეზე.

ავსტრალია - ინგლისი

მოდი, 2003 წლის მსოფლიო თასის ფინალს საერთოდ შევეშვათ. ვილკინსონის არეკნსაც. იქ სხვა ხალხი თამაშობდა და სხვა დრო იყო. მაგრამ 2015 წლის ამბებს რა ვუყოთ?! ნისლიან ალბიონზე, ჩემპიონობის მომლოდინე ინგლისელი მაყურებლის თვალწინ, გადაჭედილ სტადიონზე მაიკლ ჩეიკას ავსტრალიამ კუდით ქვა ასროლინა სტიუარტ ლანკასტერის ინგლისს და ჯგუფში ჩატოვა. უბრალოდ კი არ მოუგო, მთელი პლეიოფი ტელევიზორში აყურებინა ამაყ ბრიტებს. ამის გამო შერცხვენილ გუნდს რაც დაემართებოდა, არაა ძნელი მისახვედრი: პრესამ ერთაოზივით ჰაერში სამჯერ ააგდო და უკან ორჯერ დაუშვა. ისე კი არა, ჩვენთან რომ წერენ ხოლმე: „წავაგეთ, მაგრამ 57-ედან 73-ე წუთამდე კარგად ვითამაშეთო“. ჟურნალისტებმა პატიოსნად შეასრულეს პირში მაძრახის როლი, ბიჭიან-ბატონიანად ყველას აუწონ-გაუზომეს ცოდვები და კუპრში უკრეს თავი. 

ინგლისის რაგბის კავშირმაც, რა ექნა, მისაღები მიიღო და საქმის გამოსწორებას შეუდგა. პირველ რიგში, ლანკასტერი გაუშვა და ედი ჯონსი მოიყვანა, რომელმაც სავარჯიშო პროცესი ახალ დონეზე აიყვანა, გარკვეულ დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღებით დაიწყო მუშაობა, რამდენიმე ძველი ლიდერი დაითხოვა და ახლები წამოსწია წინ. შედეგმაც არ დააყოვნა - ძალიან მალე ინგლისმა რევანში აიღო ავსტრალიაზე და ტესტ სერია მოუგო, თუმცა ეს არ იყო სრულფასოვანი სამაგიერო. ამისთვის ვარდებს კიდევ სამი წელი დასჭირდათ მოცდა და, აჰა შანსიც, ინგლისი და ავსტრალია მეოთხედფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს. 

მართალია ტიტანების ჯახია, მაგრამ ამ მომენტისთვის ინგლისი მაინც უკეთესი გუნდია. უფრო მაღალ საშემსრულებლო დონეზე მყოფი, უკეთესი საკვანძო პოზიციებით, უკეთესი სათამაშო გეგმით და საქვეყნოდ გაცხადებული მიზნით - მოიგოს მსოფლიო თასი. ავსტრალიას კი რა აქვს? მწვრთნელი, რომელიც ყველა თამაშის შემდეგ წუწუნებს, ჩამოუყალიბებელი სურათი საკვანძო პოზიციებზე, მოთამაშეები, რომლებიც წლებია ნაკრებში არ გამოჩენილან და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი ჭირ-ვარამი. და მაინც, ეს კლასიკაა, რომელიც ცუდი არასოდეს გამოდის, ამიტომ მნახველს სიამოვნების მეტს არაფერს მოუტანს.

ახალი ზელანდია - ირლანდია

ბოლო დროის ორი საუკეთესო გუნდი - სისტემურად ჩამოყალიბებული, ტაქტიკურად გამართული, საკვანძო პოზიციებზე სრულფასოვნად დაკომპლექტებული. ირლანდიამ ახალზელანდიელებს მაშინ შეჰბედა დამარცხება, როცა ამას მსოფლიოში ვერავინ ახერხებდა და სარეკორდო მოგებათა სერია შეუჩერა. დღეს „ოლ ბლექსი“ ისეთი მონსტრი აღარაა, მაგრამ მაინც „ოლ ბლექსია“. ისე, არც ირლანდიაა იგივე. იაპონიასთან წააგო, რის გამოც ბევრმა საჩემპიონო მარათონიდან ჩამოწერა და, თუ უკან დაბრუნება სურს, პლანეტის ყველაზე სარაგბო ნაციას უნდა აჯობოს. ეს გუნდები ერთმანეთთან 1905 წლიდან თამაშობენ, და რაც უნდა საოცარი იყოს, ირლანდიამ პირველად 2016 წელს მოიგო. სამყურებმა ჩიკაგოში ისეთი რაგბი ითამაშეს, ავ თვალს რომ არ ენახვებოდა. მაშინ შავებსაც ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ მეტოქის თავზეხელაღებულ შეტევებს უბრალოდ ვერაფერი დაუპირისპირეს. გადამწყვეტი, ალბათ, აქაც შეტევა იქნება, თანაც ირლანდიის შეტევა. „ოლ ბლექსი“ ბურთით ხელში ინერტულობას არავის პატიობს, ამიტომ თუ ევროპელები დაცვის გვარიანად შეწუხებას ვერ შეძლებენ და ინიციატივას მეტოქეს დაუთმობენ, ახალი ზელანდია ამ შეხვედრას საკმაოდ მალე აქცევს ფორმალობად. თავის მხრივ, კივების მწვრთნელის ახალი ექსპერიმენტი, ბოდენ ბარეტის ფულბეკად გადასროლა, სწორედ ამ შეხვედრაში გაივლის ნამდვილ შემოწმებას. ბოლო-ბოლო ჩვენც გავიგებთ, ღირდა თუ არა, კამფეტივით გუნდის ჩემპიონატის მიჯნაზე არევ-დარევა. რაც არ უნდა მოხდეს, ამ შეხვედრაში გარანტირებული გვაქვს დახვეწილი საშემსრულებლო ოსტატობა და უმაღლესი სინჯის რაგბი.

    

უელსი - საფრანგეთი

ერთი შეხედვით ყველაზე „მშვიდი“ მეოთხედფინალური მატჩია. მას წინ არ უძღვის დამაინტრიგებელი პრეისტორია, რომელიც შეხვედრას განსაკუთრებულ ეშხს შემატებდა. მაგრამ რაში სჭირდება ინტრიგის გამოგონება მატჩს, სადაც ფრანგები თამაშობენ. ლურჯები თავისი სახელგანთქმული ყველივით არიან: ბრის პირველად რომ შეხედავ, გული მაინცდამაინც არ მიგივა, ობი აქვს მოდებული და მადას სულაც არ აღძრავს, მაგრამ ერთი თუ ჩაკბიჩე, მერე ხვდები, რომ გემრიელი პროდუქტია. ასევე თამაშობს საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატებს: ჩამოიყვანს გაუგებარ შემადგენლობას, წააგებს ჯგუფის თამაშს ტონგასთან ან ვინმე ეგეთთან, მიიყვანს თავს კატასტროფამდე, რის ვაივაგლახით გაძვრება პლეიოფში და უცებ... მეოთხედფინალში „ოლ ბლექსს“ მოინელებს ან ფინალამდე მივა და იქ ერთ ქულას დათმობს, ან... ან... ან... წელსაც ასე დაიწყო, არგენტინასთან თითქმის მოგებული მატჩი თითქმის წააგო, კამილ ლოპესის არეკნმა უშველა, თორემ ახლა შოტლანდიას დაუმშვენებდა გვერდს ტელევიზორთან. ინგლისთან თამაში ტაიფუნის გამო არ მოუწია და საბოლოო ჯამში მეორე ადგილიდან გავიდა პლეიოფში. იქ კი მისი მეტოქე უელსია - 6 ერის მოქმედი ჩემპიონი. მსოფლიო თასის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი გუნდი. მისი ამოუცნობობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ არ ვიცით, მართლა ასეთი მაგარია, თუ შესაბამის მეტოქეს არ შეხვედრია, რომ ნამდვილი ძალა ეჩვენებინა. შეტევა ყოველთვის უყვარდათ, წელს დაცვაც ზესაიმედო ჰყავთ და დიდი მიზნებიც გააჩნიათ. წესით, ამ წყვილის ფავორიტებად სწორედ ისინი მიიჩნევიან, მაგრამ იმასაც გააჩნია, ფრანგებს როგორი ბრი აქვთ ჩამოტანილი იაპონიაში. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ოიტას სტადიონზე ერთმანეთს ორი აისბერგი შეეჯახება, ამიტომ ამ წყვილის გამარჯვებულს ტიტანიკები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.

იაპონია - სამხრეთი აფრიკა

თავის კარგ სიმღერაში ძია ლეონარდ კოენი მღერის: 

„ჩამორეკეთ ზარები, რომლებიც ჯერ კიდევ რეკავენ,

დაივიწყეთ თქვენი სრულყოფილი შეთავაზებები,

ბზარი ყველაფერს უჩნდება

და ზუსტად იქიდან შედის შიგნით სინათლე“. 

(თარგმანის ხარისხზე გამოკიდებას არ ვართ)

იაპონიამ დიდ მონოლითს გაუჩინა ბზარი. მსოფლიო რაგბიში ჩამოყალიბებული ელიტურ-სნობური ნაჭუჭი გაარღვია და შიგნით ახალი სინათლე შეუშვა. ჯგუფურ ეტაპზე ჯერ ირლანდიას მოუგო, მერე შოტლანდიაც მიაყოლა და პირველი ადგილით გავიდა მეოთხედფინალში. კი არ გაძვრა, ან გაიპარა, თავაწეული გავიდა. ალბათ, კაცი არ მოიძებნება, ვინც საკურების წარმატებას შემთხვევითობას დაარქმევს, იმდენად დამაჯერებელი იყო მათი გამარჯვებები. 

განსაკუთრებით ემოციური ბოლო მატჩი გამოდგა. ირლანდიის დამარცხების მიუხედავად, ჯეიმი ჯოზეფის გუნდი შესაძლოა მაინც ჩარჩენილიყო ჯგუფში, ამიტომ მასპინძლები იძულებულნი გახდნენ ერთი სენსაცია მეორით გაემყარებინათ. ადგნენ და სქოთებიც არ დაინდეს, ესეც შენი 6 ერი!.. შეხვედრა რომ მორჩა, იაპონელთა კაპიტანმა მაიკლ ლიჩმა მთელი სტადიონის გასაგონად თქვა : „ჩვენ წარმოვადგენთ აზიას, ჩვენ წარმოვადგენთ იაპონიას, ჩვენ წარმოვადგენთ თიერ 2-ს და ყველაფერს გავიღებთ შემდეგი მატჩების მოსაგებად“. თიერ 2-ს წარმოვადგენთო - ამას ხაზი უნდა გავუსვათ. არ ვიცი, რაგბის რომელმა კარლ მარქსმა დაჰყო კლასებად სარაგბო ქვეყნები, მაგრამ ცხადია, რომ ეს ელიტური იერარქია ძალიან უსამართლოა. საკურებმა ამ დაჭაობებულ სისტემას უპანჩურეს და ლიჩმაც, მაგარმა კაცმა, წუწუნი კი არ დაიწყო - გამოვსწორდით და ფრთის ქვეშ მიგვიღეთო, ბობოლებს შეახსენა, რომ მეორეხარისხოვანთა რიგებიდან ამოჰკრეს ჭიტლაყი.

იაპონიას წინ სამხრეთი აფრიკა ელის. მართალია ბოკე წელს ძალიან ძლიერია და ფავორიტადაც დამსახურებულად განიხილება, მაგრამ იაპონელები არავითარ შემთხვევაში არ გავლენ მოედანზე იმ განცდით, რომ პროგრამა მაქსიმუმი უკვე შესრულებული აქვთ. ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო შეტევა (იაპონიის) ერთ-ერთ საუკეთესო დაცვას შეასკდება და გამარჯვებულიც სადღაც მანდ გაირკვევა. აფრიკა შეეცდება თავისი მიმხდომი დაცვით სიჩქარე არ ააკრეფინოს და სივრცე შეუზღუდოს მეტოქის სუპერმენ უკანახაზელებს, მასპინძლები კი ძალებს არ დაიშურებენ, რომ უშველებელ აფრიკელ ფორვარდებს ბურთი წინ არ წააღებინონ. გარდა ნახევარფინალის საგზურისა, ამ გუნდებს შორის ჯახს კიდევ ორი საინტერესო ფაქტორი ამწვავებს: ბოკემ ოთხი წლის წინ, ინგლისში გამართულ მსოფლიო თასზე სწორედ იაპონიასთან წააგო და რევანშიც ასაღები აქვს, იაპონელებს კი ბრაზს ის უმატებს, რომ მათი „სანვულვზი“ სწორედ აფრიკელების პრეტენზიების გამო გააგდეს სუპერ რაგბიდან. მოკლედ, ამ მატჩის გამოტოვება არ შეიძლება.

საერთოდაც, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება კანონით უნდა ისჯებოდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^