გელა ჩარკვიანის ახალი წიგნი მცირე მოცულობის რომანია. დახვეწილი იუმორით და დიდი სევდით სავსე. საკუთარ საიდუმლოებებზე დაგაფიქრებს და მთვარისკენაც გაგახედებს.
წიგნი ორ ნაწილად იყოფა. საქართველოს დამოუკიდებლობამდე და დამოუკიდებლობის შემდეგ. თხრობა ოთხმოციანებიდან იწყება. იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ქეიფებით, ჩუმი ოცნებით თავისუფლებაზე და პატარა საიდუმლოთი. მთავარი გმირი ლევან გურჩიანი უკვე დაბრუნებულია ლონდონიდან, მეუღლესა და ორ შვილთან ერთად საბურთალოზე ცხოვრობს.
ყველაფერი ორ სივრცეში იხატება. პირველი არის გარე სამყარო, რომელსაც ლევანის მეგობრები და სამსახური წარმოადგენენ. სწორედ მეგობრებთან და თანამშრომლებთან საუბარში იკვეთება ქვეყნის პოლიტიკური კურსი.
საუბარი კამათშიც გადაიზრდება ხოლმე და ისეთ საკითხებს შეეხება, ჩვენს დროშიც ცხარე კამათის საგანი რომ გამხდარა. პირდაპირ ოთხმოციანებიდან გადმოყო ხელი და კარგი სილა გაარტყა დღევანდელ მრავალშვილიან მონარქისტებსა და რუსეთუმეებს, რომელთაც მოგვიანებით „მისტირასტებს“ უწოდებს. ანუ ხალხს, რომლებიც საბჭოთა კავშირს მისტირიან.
ოდნავ ხელოვნურობა დაჰკრავს პოლიტიკურ იდეოლოგიათა გარჩევებს, ცოტათი პლატონის დიალოგებსაც ემსგავსება, სადაც კითხვა მხოლოდ იმიტომ ისმება, რომ მთავარმა გმირმა თავისი ჰიპოთეზა ზუსტად ჩამოაყალიბოს. სწორედ აქ ისმის ყველაზე მკვეთრად ავტორის ხმა და ჩანს მისი პოლიტიკური გემოვნება.
სამაგიეროდ, ძალიან ბუნებრივი და საოცრად ინტიმურია ცოლთან დიალოგები, გაყინულ მანქანაში, ან ძილის წინ საბნის ქვეშ, განვლილ დღეს რომ მიმოიხილავენ და, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არავის განიკითხავენ. მხოლოდ იუმორია და ღიმილი, რადგან მათი ღმერთი თავისუფლებაა.
მეორე სივრცე სახლია, სადაც ახალი წევრი მოდის. იდეალურად დახატული ქართველი პოლიტიკოსის სახე. უფრო სწორად კი, პოლიტიკაში გარეული ადამიანის სახე. ჰქვია თინა და მოდის იმისთვის, რომ პატარა ნათია დაიტოვოს, სანამ ლევანი და მარინა სახლში არ არიან.
თინა მოწყვეტილია ფესვებს და ყოველგვარ ცოდნას ადამიანთა მოდგმის შესახებ. ლევანის შვილის, გიგა გურჩიანის და მისი მეგობრების გასაუბრება თინასთან ავლიპ ზურაბაშვილის ცნობილ ინტერვიუს ემსგავსება ერთ-ერთ პაციენტთან.
სამაგიეროდ, თინამ იცის, რა არის მისი იარაღი და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით იწყებს მამრებზე ზეწოლას. ხანდახან ქვეწოლას, დგომას და ა.შ. მრავალფეროვნად არის ამ სფეროში დახელოვნებული.
ერთადერთი კაცი, რომელზეც ვერ ზემოქმედებს ლევან გურჩიანია, რადგან ლევანზე მხოლოდ მისი ცოლი მოქმედებს, როგორც წმინდა სასიყვარულო კუთხით - ერთობისა და თავგანწირვის თვალსაზრისით, ისე ფიზიოლოგიურადაც. თუ გარე ძალების ჩარევით მაინც აღმოჩნდა უცხო ქალთან, მისი ტესტოსტერონი მხოლოდ მაშინ იღვიძებს, როცა მეუღლეზე ფიქრს იწყებს.
საბჭოთა კავშირში სექსი იყო! თანაც როგორი.
ოთხმოციანები იწურება. თინამ გაწეული შრომის შედეგად ბინა დაითრია. ლევანი შვილს ვეღარ იჭერს, არც ცდილობს დაჭერას, როცა აქციებზე გარბის. მისთვის თავისუფლება მთავარი ფასეულობაა, რის გარეშეც ყველაფერს აზრი ეკარგება. ამიტომ შვილსაც აღარ აჩერებს.
სულ რამდენიმე სიტყვაა ნათქვამი გამსახურდიაზე, მაგრამ პორტრეტი მაინც იხატება. სკოლის მერხიდან დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, რომლის მთელ ცხოვრებასაც თითქოს მისიად გასდევდა ქვეყნის გათავისუფლება, მერე კი აღმოჩნდა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა და გათავისუფლებული ქვეყნის მართვა სულ სხვადასხვა რამეა.
აქვე ჩნდება აზრი, რომ ისედაც მოვიპოვებდით დამოუკიდებლობას. ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. არადა, ჯერ კიდევ ოთხმოციანების მიწურულს ხალხი ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.
შენ გჯერა ამის? - მიმართავენ ლევანს გაფართოებული თვალებით. საუბრობენ ისე, როგორც რაღაც სასწაულზე. მოპოვების მერე კი ამბობენ იმას, რასაც ხშირად ამბობენ დღესაც. ეგ გარდაუვალი იყო და ისედაც მოხდებოდაო.
ლევან გურჩიანი საზოგადოების განვითარების ძალიან საინტერესო ფორმულას გვთავაზობს. აქამდე ვიცნობდით მოსაზრებას, რის მიხედვითაც საზოგადოების განვითარება იზომება იმით, თუ როგორ ეპყრობიან პატიმრებს. ან იზომება ხელის სისუფთავის შესაბამისად.
აი ლევან გურჩიანი კი ფიქრობს, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა იმ ქვეყანასთან გაჯიბრება, სადაც წლიური ტემპერატურის დაფიქსირება 1659 წელს დაიწყო, ძაღლების ჩხუბი კი 1835 წელს აიკრძალა.
მოდის ოთხმოცდაათიანები. მთელი თავისი ბრწყინვალებით. როგორც ერთხელ ჭილაძემ აღნიშნა, თავისუფლებამ კი არ მოიტანა ეს სიბინძურე, არამედ გამოავლინა.
ლევანი ხვდება ხალხს, რომლებიც მარტივად ისვრიან ტალახს. ებრაული ანდაზის არ იყოს, პეტრეს ნათქვამი პავლეზე პეტრეზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე პავლეზე. - ჩვენში ეს ანდაზა არ ძველდება. ალბათ იმიტომ, რომ ხალხია იგივე და ამ რომანშიც ისმის ერთი სასოწარკვეთა, ჩვენი თაობა უნდა წავიდეს, რომ წინსვლის პერსპექტივა მოგვეცესო.
თინა, რომელიც დაღმა მწვერვალისკენ გზას განაგრძობს, ლევანს ესტუმრება. როგორღაც მოახერხებს და წყობიდან გამოიყვანს. დაიკარგება ის სილაღე, რაც მის მიმართ არსებობდა და თავის მომაბეზრებლიდან საძულველი ხდება. ამიტომ ლევანი ტკბილ სიტყვას ეტყვის და სახლიდან მიაბრძანებს.
სწორედ ამის შემდეგ შედგება ტრადიციულად ძალიან საინტერესო დიალოგი ცოლთან, რომლის დროსაც იდეალურად იხატება ავტორის დამოკიდებულება იმ პოლიტიკური სახის მიმართ, რომელსაც თინა წარმოადგენს თავისი ბუნებით.
მერე იწყება ომი და ლევანი ისევ ვერ აჩერებს შვილს. ისე აღზარდა, რომ ვერ გააჩერებს. არ ღალატობს არც საკუთარ თავს, არც შვილის პატივისცემას. იცის, რომ დასაღუპად უშვებს, რადგან ომში წასულზე პირველი ფიქრი სწორედ სიკვდილია. უთქმელი და დაფარული.
მერე კი სიცოცხლეც აღარ უნდა. ცოლი ასე ხედავს. მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი. თან სიკვდილი უნდა, თან არ უნდაო.
აღმოჩნდა, რომ შვილის დაკარგვის მერე თავისუფლებაც მუქთად გრჩება. სამაგიეროდ, ამაყი ხარ და ეს სიამაყეც გეზიზღება.
სულ ბოლოს კი იმ საიდუმლოსაც გაგვიმხელს, მთელი ცხოვრება რომ ჩუმად ატარა, ჭაღარა მთვარესთან ერთად.