ჰამიდ სადიკოვი, ახალგაზრდა გარდაბნელი მასწავლებელი საზოგადოებამ 12 ოქტომბერს გაიცნო. ჰამიდის ამბავი ასე დაიწყო: მან, სოციალურ ქსელში საკუთარი მოსწავლის მოტაცების ფაქტი და საკუთარ თემში გოგონების მოტაცების მანკიერი ტრადიცია მკაცრად გააკრიტიკა. თაზაქენდში მასწავლებლის კრიტიკამ მოტაცებული გოგონას თანასოფლელები გააღიზიანა და, ზეწოლის შედეგად, მათ ჰამიდი აიძულეს ბოდიში მოეხადა. ადგილობრივებმა ბოდიშის მოხდის ფაქტი მობილურით გადაიღეს, ფეისბუქზე ატვირთეს და ადგილობრივ მოსახლეობაში დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელეს.
25 წლის მასწავლებელი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ კალინინოს საჯარო სკოლაში გეოგრაფიას და სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ჰამიდი საკუთარ მოსწავლეებს ხშირად ელაპარაკება თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებზე. „ლიბერალი” დაინტერესდა ახალგაზრდა მასწავლებლის საქმიანობით, მისი სწავლების მიდგომებით და იმითაც, გოგონების მოტაცების გარდა, კიდევ რა პრობლემები აქვს გარდაბანს, რომელიც თბილისიდან არც ისე შორსაა.
მოგვიყევით, როგორ დაუკავშირეთ ცხოვრება სკოლას?
გარდაბანში სკოლის დამთავრების შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსზე ჩავაბარე. გრანტიც მქონდა და ერთი წლის შემდეგ სოციალურ -პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ავირჩიე. ჩემი პირველი კავშირი კალინინოს სკოლასთან მაშინ დაიწყო, როდესაც ერთი თვით ჩავანაცვლე ისტორიის მასწავლებელი. ის ერთი თვე, რომელიც ბავშვებთან გავატარე, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. მომეწონა სკოლის გარემო, ბავშვების თბილი დამოკიდებულება. ერთი თვის შემდეგ კი მაგისტრატურაში დავიწყე სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით და მაშინ გავიგე რომ მასწავლებლის სახლმა ახალი პროექტისთვის დამხმარე მასწავლებლის ვაკანსია გამოაცხადა. გამიხარდა, რომ კიდევ გამიჩნდა სკოლაში დარუნების საშუალება და მომინდა დავბრუნებულვიყავი იმ სკოლაში, სადაც 1 თვით ვიყავი დროებითი მასწავლებელი. დავრეგისტრირდი ვაკანსიაზე, გავედი და ისევ კალინინოს სკოლა ავირჩიე, რადგან ჩემთვის ნაცნობი გარემო იყო. მეორე წელი დაიწყო, რაც ამ პროექტის ფარგლებში ვარ კალინინოს სკოლაში და აქაურობა ძალიან მომწონს.
ახალგაზრდა მასწავლებლის და მოსწავლეების ურთიერთობა როგორია?
უფრო თავისუფალი და უფრო ლაღი ურთიერთობა აქვთ ჩემთან, თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრებს და არ ერიდებათ აზრის გამოთქმის. ჩემთან ძალიან გულწრფელები არიან, მაგალითად, თუ მოსწავლემ არ იცის გაკვეთილი, მეუბნება რომ ვერ ისწავლა ან არ ისწავლა, არ მომატყუებს. ჯგუფური მუშაობის დროს უფრო მხიარულობენ და არ ერიდებათ ჩემი, უფროს მასწავლებლებთან უფრო თავშეკავებულები არიან.
სწავლების დროს რა საშუალებებს მიმართავთ მოსწავლეების დასაინტერესებლად?
ვცდილობ ბავშვები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში და მარტო სახელმძღვანელოზე არ იყვნენ ორიენტირებული. არიან ბავშვები, რომლებიც სტაბილურად მეცადინეობენ, კითხულობენ, ემზადებიან, მაგრამ არიან კიდევ სხვა ბავშვები, რომლებსაც სხვა კუთხით სჭირდებათ განვითარება და დახმარება და მხოლოდ წიგნით ვერ დააინტერესებ. ასეთი შემთხვევების დროს ვცდილობ განსაკუთრებულად მივუდგე თითოეულ მათგანს და დავაინტერესო სხვადასხვა საშუალებით. ერთ ჩემს მოსწავლეს ხატვა უყვარს და როდესაც გეოგრაფიის გაკვეთილზე შევდივარ, ვეუბნები, რომ რუკები დახატოს. ყოველ ახალ თემაზე გადასვლისას ის რუკებს ხატავს. მეც ვხედავ, რომ მასთან ცოდნის გადაცემის ასეთი ფორმა უკეთ აღწევს მიზანს. ვხედავ, როგორ იყალიბებს ცოდნას ხატვის საშუალებით, როგორ გაიაზრა რუკა, როგორ გაიაზრა მისი ფიზიკური მხარეები, რეგიონების ადგილმდებარეობა, მოსაზღვრე მეზობლები და ა.შ. ინდივიდუალური მიდგომა სწავლების პროცესში ძალიან ამართლებს.
სამოქალაქო განათლებასაც ასწავლით. რას ეუბნებით თქვენს მოსწავლეებს, რისი ცოდნა დასჭირდებათ ცხოვრებაში?
ჩემს მოსწავლეებს ვასწავლი რა არის სამოქალაქო განათლება, რა არის კანონმდებლობა, რა არის ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები და ა.შ. მაგალითად, ვეკითხები მოსწავლეს :”14 წლის ხარ, როგორ ფიქრობ რა უფლებები გაქვს?” . მოსწავლე მპასუხობს- რომ აქვს განათლების მიღების უფლება, სრულფასოვანი კვების უფლება, ცხოვრების უფლება, გართობის უფლება, მეგობრებთან დროის გატარების უფლება, საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება და ა.შ. ვფიქრობ, ამ პრინციპების სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რადგან ამ ცოდნით ფორმირდება ის, როგორც სრულფასოვანი მოქალაქე და ასე უყალიბდება მოქალაქეობრივი განცდა. როდესაც, მოსწავლეს აქვს ცოდნა საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ, იგი უკეთ იაზრებს, თუ რა პასუხისმგებლობები აქვს სახელმწიფოს წინაშე და სახელმწიფოს რა პასუხისმგებლობები აქვს მის, როგორც მოქალაქის წინაშე; მან იცის, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას იგი, და რომ სახელმწიფოში ყველას გვაქვს თანაბარი უფლება, მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური, ასაკობრივი და სქესის ნიშნით განსხვავებისა.
გიფიქრიათ, როგორი მოსწავლე უნდა გაზარდოს სკოლამ და მასწავლებელმა?
სკოლამ და მასწავლებელმა უნდა გაზარდოს თავისუფალი აზროვნების ადამიანი, რომელსაც ექნება კარგად ჩამოყალიბებული სააზროვნო სისტემა, იქნება კრიტიკული და სწორად შეაფასებს რეალურ მდგომარეობას, ექნება სწორი დამოკიდებულება გარემოსადმი და საზოგადოებისადმი. სკოლა და მასწავლებელი უნდა დაეხმაროს ბავშვს იმაში, რომ მან გაიაზროს მისი არსებობა და მისი ადგილი საზოგადოებაში. ეს მასწავლებელს მაშინ გამოუვა, როდესაც ის არ იქნება მხოლოდ ინფორმაციის გადამცემი და შეეცდება, პირველ რიგში მოსწავლეებს აზროვნება ასწავლოს და დამოუკიდებელი შეხედულებები ჩამოუყალიბოს.
რა პრობლემებს აწყდებით სწავლების პროცესში და ხომ არ გაფერხებთ ეს პრობლემები პროფესიული განვითარების გზაზე?
მუდმივად ვცდილობ დამატებითი ლიტერატურა მოვიტანო სკოლაში და წავიკითხო, მაგრამ აზერბაიჯანულენოვანი მასწავლებლებისთვის ერთი პრობლემა უკვე წლებია დგას. ეს სახელმძღვანელოების პრობლემაა. 2008 წლის შემდეგ სახელმძღვანელოები არ ითარგმნება. მაგალითად, აზერბაიჯანულ ენაზე მეექვსე კლასიდან ზემოთ სახელმძღვანელოები 2008 წლის შემდეგ აღარ გადათარგმნილა. ჩვენ ისევ ძველი მონაცემებით ვასწავლით ბავშვებს, როდესაც, 12 წლის წლის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. ეს ახალი მონაცემები უნდა იცოდეს ბავშვმა. ვისაც არ მოაქვს დამატებითი ლიტერატურა, ძველი წყაროების მიხედვით ასწავლის და მოსწავლეს ჰგონია, რომ დღესაც იგივე რეალობაა რაც 2008-ში იყო. მე ახლა ქართული სკოლების სახელმძღვანელოებიდან ხშირად ვთარგმნი მასალებს, რომ ეს განსხვავება გადავფარო.
გარდა ნაადრევი ქორწინებისა, კიდევ რა პრობლემები აქვს გარდაბანს, იქაურ საზოგადოებას, რაზეც ხმამაღლა არ საუბრობენ და არ გვსმენია?
გარდაბანში ერთ ადგილსაც ვერ ნახავთ, სადაც ახალგაზრდები თავისუფლად იკრიბებიან. მარნეულს რომ შევადაროთ გარდაბნის სოციალური ცხოვრება, მარნეულში არის ბევრი ორგანიზაცია, მართალია არასამთავრობოების ხარჯზე, მაგრამ მაინც არსებობს ახალგაზრდების თავშეყრისთვის საინტერესო ადგილები. ასეთი ადგილები რომ არსებობდეს გარდაბანში, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ მისვლა და მათთვის სასურველ თემაზე, ეს ძალიან კარგი იქნებოდა თავისუფლად საუბარი. ჩვენ ხომ არც კინო გვაქვს და არც თეატრი; გვაქვს კულტურის სახლი, სადაც ტარდება სადღესასწაულო ღონისძიებები, მაგრამ მაინც ვერ იზიდავს ახალგაზრდებს. სკოლაში მუშაობისას, ერთხელ დავუკავშირდი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და თავიანთ პროექტებში ჩვენი სკოლის რამდენიმე მოსწავლის ჩართვა ვთხოვე. მეორე დღესვე დამირეკეს და რამდენიმე მოსწავლე აქტივობებში ჩაერთო. მათი პროგრამის ფარგლებში იყვნენ პარლამენტში, იქ ფოტოები გადაიღეს და გაიცნეს სხვა ახალგაზრდებიც. გარდაბანში ახალგაზრდებისთვის ბევრი ასეთი აქტივობა რომ იყოს, ეს ძალიან დაეხმარებოდა ჩვენს რეგიონს. ვერც იმას ვიტყვი, რომ გარდაბანში აქტიური ახალგაზრდები არ გვყავს. გვყავს, მაგრამ თბილისში მიდიან, სწავლობენ, თბილისში არიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტებში. იცით, რა არის კიდევ პრობლემა?! აი, მაგალითად გარდაბნის ახალგაზრდები თბილისში ეცნობიან ერთმანეთს , იმიტომ რომ აქ არ არის ისეთი ადგილი რომ ერთი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებმა ადგილზე გაიცნონ ერთმანეთი. თბილისში, როდესაც აბარებენ უნივერსიტეტში იქ გებულობენ, რომ თურმე გარდაბნელი ყოფილა, თურმე აქამდეც შეეძლოთ ერთმანეთის გაცნობა და დამეგობრება…