ქურთებით დასახლებულ ჩრდილოეთ სირიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ამ ტერიტორიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა გადაწყვიტა. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, აშშ-მ ისლამური სახელმწიფოს ხალიფატი სრულად დაამარცხა და ამით ახლო აღმოსავლეთში საკუთარი სამხედრო მოვალეობა ამოწურა, თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ უშუალო სამხედრო როლის გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების არმიას რეგიონში სიმბოლური მნიშნველობაც აკისრია.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სწრაფადვე უპასუხა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და საკუთარი ჯარები ჩრდილოეთ სირიაში იმ მოტივით შეიყვანა, რომ იქ ტერორისტებად შერაცხულ ქურთებს გასწორებოდა. ამ გადაწყვეტილებას ჯერ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა, ხოლო შემდგომ დონალ ტრამპის პასუხიც მოჰყვა, რომელმაც მისი თურქი კოლეგის ქმედებები დაგმო და მკაცრი ეკონომიკური სანქციები დააანონსა. მისი განკარგულებით ასევე ოფიციალური დელეგაცია შეიქმნა, რომელიც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მეთაურობით თურქეთში სასწრაფოდ უნდა გამგზავრებულიყო.
მოვლენათა ქრონოლოგია
14 ოქტომბერი - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულების საფუძველზე, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინამ ორ თურქულ სამინისტროსა და სამ მინისტრს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. პოტენციურად ისინი იმ მესამე პირებსა და საფინანსო ინსტიტუტებზე გავრცელდებოდა, რომლებიც ზემოაღნიშნულ პირებთან ითანამშრომლებდნენ.
ამავე დღეს, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ოფიციალური დიპლომატიური ვიზიტი დააანონსა, რომლის ფარგლებში, ის, ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პენსი და აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო’ბრაიანი პრეზიდენტ ერდოღანთან მოსალაპარაკებლად თურქეთს 17 ოქტომბერს ესტუმრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე, ქურთების დემოკრატიულმა ძალებმა, რომლებიც წლების განმანვლობაში აშშ-ს მოკავშირეებად ითვლებოდნენ, სამხედრო დახმარებისათვის აშშ-ს მტერს, ბაშარ-ალ-ასადს მიმართეს და დადებითი პასუხიც მიიღეს.
15 ოქტომბერი - თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ამერიკულ მედია გამოცემაში „The Wall Street Journal“ წერილს აქვეყნებს, სადაც ევროპული ქვეყნების პირველ პირებს გულგრილობაში ბრალს სდებს და ამით სირიაში საკუთარ მოქმედებებს ამართლებს.
აღსანიშნავია, რომ სირიის ჰუმანიტარული კრიზისის დასაწყისიდან, თურქეთმა 3.6 მილიონი სირიელი ლტოლვილი მიიღო და მათი განათლებისთვის, ჯანდაცვისთვისა და საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის, ამ დრომდე, 40 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.
ერდოღანი აღნიშნავს, რომ თურქეთმა საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და იმის კვალობაზე, რომ ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად ევროპული სახელმწიფოები არაფერს აკეთებენ, მან გადაწყვიტა რომ სირიის პრობლემა თვითონ უნდა მოეგვარებინა.
ამავე დღეს, აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტისას, ერდოღანმა განაცხადა რომ სირიაში ცეცხლი არ შეწყდებოდა იქამდე, სანამ თურქეთი 260 კილომეტრის სიგრძის უსაფთხო ზონას არ შექმნიდა.
აღსანიშნავია, რომ ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა „The New York Times“ წერს, რომ ის სამხედრო ბაზები, რომლებსაც წლების განმავლობაში ამერიკელი სამხედროები აკონტროლებდნენ, ახლა რუსი სამხედროებს დაუკავებიათ.
16 ოქტომბერი - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის თურქეთში მიმავალ ამერიკულ დელეგაციას არ შეხვდებოდა, რადგან მას მხოლოდ მისი რანგის პოლიტიკოსთან, ანუ დონალდ ტრამპთან, სურდა საუბარი. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება ერდოღანმა მალევე შეცვალა.
ასევე, თურქეთის პრეზიდენტმა ვაშინგტონში მისი ვიზიტის შესახებ ისაუბრა, რომელიც 13 ნოემბერსა არის ჩანიშნული. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ის ამ ვიზიტის აუცილებლობაზე დაფიქრდებოდა, რადგან მისი თქმით ის სასსაუბრო ნარატივები, რომლებიც აშშ-ს კონგრესში მისი პერსონის, ოჯახის წევრებისა და მინისტრების წინააღმდეგ ვრცელდება თურქეთის მთავრობისთვის შეურაცხყოფელია.
ამ დღეს ასევე გასაჯაროვდა წერილი, რომელიც დონალდ ტრამპმა მის თურქ კოლეგას 9 ოქტომბერს გაუგზავნა. ამ წერილში დონალდ ტრამპი, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სანქციებით აშინებს და ურჩევს, რომ ის გონს მოეგოს და რეგიონში სისხლისღვრა არ დაუშვას.
17 ოქტომბერი - „ბიბისიმ“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპის წერილი ნაგვის ურნაში მოისროლა.
ამავე დღეს, პრეზიდენტ ერდოღანის მთავარმა მრჩეველმა გულნურ აყბეთმა განაცხადა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მისი ამერიკელი კოლეგის წერილს, სირიაში დაწყებული სპეცოპერაციით უპასუხა.
რაზე შეთანხმდნენ აშშ და თურქეთი?
ბევრი მითქმა-მოთქმის მიუხედავად, ამერიკული და თურქული დელეგაციები ერთმანეთს მაინც შეხვდნენ და ხუთსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად ერთობლივი ცამეტპუნქტიანი შეთანხმების ხელნაწერი გაავრცელეს.
საგულისხმოა რამდენიმე დეტალი:
- აშშ და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ ისინი, „ნატოს“ წევრი სახელმწიფოები, ადამიანების სიცოცხლისა და სხვა უნივერსალური უფლებების დასაცავად, ალიანსის წესდებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს 2254-ე რეზოლუციის მიხედვით მოიქცეოდნენ და რომ ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებდნენ.
- თურქულმა მხარემ ჩრდილოეთ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაცია 120 საათით შეაჩერა, რათა ამ დროს, თურქეთში ტერორისტებად შერაცხულ ქურთების დემოკრატიული ძალების შენაერთებს ეს ტერიტორია დაეტოვებინათ. აღსანიშნავია, რომ ქურთული შენაერთების გაყვანის შემდგომ, თურქული ექსპანსია სრულიად უნდა დასრულდეს.
- სამხედრო მოქმედებების შეჩერების საპირწონედ, ამერიკული მხარემ თურქეთისთვის რამდენიმე დღის წინ დაკისრებული ეკონომიკური სანქციები უნდა მოხსნას.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ღიად თანამშრომლობს ქურთების დემოკრატიული ძალების ხელისუფლებასთან, რათა მათი სამხედროების გაყვანა რეგიონიდან შეთანხმებით გათვალისწინებული ვადების განმანვლობაში მოხდეს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 120 საათიანი, ანუ 5-დღიანი პერიოდი სწორედ მაშინ სრულდება, როცა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 22 ოქტომბერს შეხვდება.
საერთაშორისო შეფასებები
17 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში, „The New York Times“-ი აღნიშნავს, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის დადებული შეთანხმებით, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა ყველა მოგებული დარჩა, მათ შორის რუსეთი და ირანი.
საინტერესოა ამ წერილის ნარატივი, რომელიც იმ ვიდეოს ეფუძნება, რომელშიც ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტი იმ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება ქალაქ მენჯიბში, რომელიც ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე დღით ადრე დატოვეს. ოფიციალურმა მოსკოვმა ასევე დაადასტურა რომ რუსული სამხედროები სირიისა და თურქეთის საზღვარზე პატრულირებენ.
ჯერ-ჯერობით გაურკვეველია თუ რა დროის განმანვლობაში გაჩერდებიან რუსი სამხედროები ქურთებით დასახლებული ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე, თუმცა ნათელია, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდგომ, ახლო აღმოსავლეთის „მცველის“ როლი, შეიძლება რუსეთმა მოირგოს.
ჩრდილოეთ სირიაში განვითარებული კრიზისი, რომელშიც სულ მცირე ოთხი სუვერენული და ორი არაღიარებული ქვეყანა - ქურთებისა და ისლამური სახელმწიფოები - არიან ჩართულნი, ხუთი დღით შეჩერდა. დამატებითი დეტალები 22 ოქტომბერს გაირკვევა, როცა რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
ჩრდილოეთ სირიის კრიზისის წინა დღეების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.